
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მომავალში საქართველოს მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება "მოხერხდა თუ არა ამერიკაში "დიფ სთეითის" დამარცხება".
რაზეა დამოკიდებული აშშ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენა, რა ინტერესი არსებობს ვაშინტონის მხრიდან ჩვენდამი და რა პოლიტიკას გაატარებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია?
ანალიტიკოსების აზრით, წინა ვადისგან განსხვავებით, ახლა პტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაცილებით გაიზრდება, რადგან ახლა სულ სხვა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ამოცანები აქვს აშშ-ს ახალ ხელისუფლებას. მათი შეფასებით, ეს ინტერესი შეიძლება მაისი-ივნისის თვეში გამოიკვეთოს.
ანალიტიკოსები დასძეენენ, რომ აშშ-ს საქართველოს მიმართ ინტერესი აქვს, სულ მცირე შავი ზღვის აუზისა და სატრანზიტო როლის გამო.
რაზეა დამოკიდებული საქართველო აშშ-ს ურთიერთობების აღდგენა
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ- საქართველოს ურთიერთობის აღდგენა დამოკიდებულია "დიფ სთეითის" პრობლემაზე".
"დიფ სთეითის" პრობლემა სწორედ ხელისუფლების ცვლილების პრობლემაა მაშინ, როცა სისტემა ინერციით ძველებურია. ანუ, სისტემა ლიბერალების ხელშია, რომლის თავშია კონსერვატიული ტრამპი და მისი ჯგუფი. ეს პარტიული განსხვავება მათ დაუნდობელი ბრძოლისკენ უბიძგებს, ამ ბრძოლის ნიშნებს ვხედავთ და ამაზეა დამოკიდებული საქართველოსთან ურთოერთობის აღდგენა, დაამარცხებს თუ არა ტრამი "დიფ სთეითს".
"ჩვენ ამერიკასთან ურთიერთობა გაგვირთულდა, რადგან მსოფლიო კონსერვატიულ მოძრაობას შევუერთდით. ბრძოლა ადრეც იყო, მაგრამ რადგან ჩვენ შევუერთდით, აქ ლიბერალებმა ხელისუფლების შეცვლა გადაწყვიტეს. შესაბამისად, თუკი ლიბერალები დამარცხდებიან, ჩვენი კონსერვატიულობა უკვე ტრამპის ხელისუფლების გემოვნებაში ჩაჯდება და ამერიკისთვის გამაღიზიანებელი აღარ იქნება.
"თუ ლიბერალები გაიმარჯვებენ, რაც ჯერჯერობოთ ძალიან საეჭვოა, მაშინ ლიბერალებისთვის საქართველო ისევ მიუღებელი იქნება და ისევ საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე იქნება ლაპარაკი იმ ხალხით, ვინც მათ სურთ და მათ წინა ხელისუფლება სურთ.
ისევ დემოკრატები რომ ყოფილიყვნენ აშშ-ს ხელისუფლებაში, ჩვენთან ურთიერთობა ძალიან დამძიმდებოდა, მოსახლეობას დააყენებდნენ იმ ალტერნატივის წინაშე, რომ მათ ან ლიბერალების მიერ არჩეული ვარიანტი მიეღოთ, ან უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყვნენ, სანქციები აქეთკენ იყო მიმართული და იყო შესავალი იმისა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო",- განაცხადა საყვარელიძემ.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მდინარაძის განცხადება წინასწარ თავის დაზღვევას ჰგავს, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაციამ მათი კრიტიკა გააგრძელა, მერე იტყვიან, რომ "დიფ სთეითი" ვერ დაამარცხა.
"ეს წინასწარ თავის დაზღვევას ჰყავს, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაციამაც კრიტიკა გააგრძელა თქვან, რომ აი, ტრამპმა "დიფ სთეითი" ვერ დაამარცხაო. გებელსის მთავარი იდეა იყო - დიდი ტყუილი უნდა თქვა, რომ სიმართლეს ჰგავდესო, დაახლოებით ასე საუბრობს მდინარაძე. როგორ ჩანს დღევანდელი დე ფატქო რეჟიმი ცდილობს ტრამპს კუდი უქიცინოს, რომ მათკენ გამოიხედოს.
"ერთ-ერთი ბერკეტი საგარეო კუთხით იყო "იუ-ეს-ეიდი" და ეს როგორც თავად ტრამპი ამბობს, მოაგვარა და სხვა რაიმე "დიფ სთეითზე" ლაპარაკი ზედმეტია. აშშ- საქართველოს ურთიერთობის აღდგენა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ჯერჯერობით ტრამპმა საქართველოსთვის ვერ მოიცალა, ის ჯერ დიდ პროექტებშია ჩართული და ალბათ მაის-ივნისში მოიცლის ჩვენთვის.
"ახლა მსოფლიო ფაქტიურად ოთხპოლუსიანი გახდა - ევროკავშირი, ჩინეთი, აშშ, რუსეთი. ტრამპის ადმინისტრაციისთვის ჩვენთან ჩინელების ჩართულობა შესაძლოა მიუღებელი და ერთგვარო წითელი ხაზი იყოს და ალბათ ამიტომაც აქ ჩინეთთან ურთიერთობაზე ისე აღარ საუბრობენ, როგორც ადრე.
თან ჩინეთს არ უყვარს ისეთი ქვეყნები, რომლებიც მას "აგდებენ" ხოლმე და შესაძლოა პეკინისგან სერიოზული სანქციები წამოვიდეს არანაკლებ ძლიერი, ვიდრე ამერიკული, ივანიშვილის ხელისუფლებას ჩინეთის გადაკიდება ნამდვილად არ აწყობს.
"ოცნება" თავადაა ქართული "დიფ სთეითი", რომელიც ერთგვარი უსაფრთხოების დილემის წინაშე აღმოჩდა, რომელმაც არ იცის საით წავიდეს - "მარჯვნივ წახვალ ცხენს დაკარგავ და ხრამში გადავარდები, მარცხნივ წახვალ - თავს", ასეა ახლა მათი საქმე",- განაცხადა მაისაიამ.
რა სტრატეგიული ინტერესი არსებობს აშშ-ს მხრიდან საქართველოს მიმართ
როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" ამბობს, აშშ-ს საქართველოს მიმართ სტრატეგიული ინტერესი აქვს, სულ მცირე შავი ზღვის აუზისა და სატრანზიტო როლის გამო.
"გინდ ლიბერალებისა და გინდ კონსერვატორების შემთხვევაში, სტრატეგიული ადგილმდებარეობაა განმსაზღვრელი. რადგან ახლა ხელისუფლება კონსერვატიული ორიენტაციისაა, ამიტომ ლიბერალებს უნდოდათ ხელისუფლების შეცვლა, რომ საქართველოში მათთვის მისაღები ჯგუფი მოსულიყო და მომავალში ეს სტრატეგიული წერტილი ლიბერალების კონტროლის ქვეშ ყოფილიყო.
"ალბათ, ანალოგიურად კონსერვატორებსაც ექნებათ იგივე სურვილი, რომ სტრატეგიული წერტილი მათი კონტროლის ქვეშ იყოს. ამჟამად არის ინტერესის სფერო შავი ზღვა და სანტრანზიტო როლი, თუმცა გააჩნია მსოფლიო როგორ გადანაწილდება.
„სატრანზიტო, ეს შორეული აღმოსავლეთიდან, ერთ დროს ლაპარაკი იყო არამარტო აღმოსავლეთ-დასავლეთ, არამედ ჩრდილოეთ-სამხრეთ ტრანზიტზეც. ასეთი მეტაფორაც კი გაჩნდა მაშინ, რომ საქართველო საერთაშორისო კომუნიკაციების ჯვარზეა გაკრულიო, ეგ ჯვარი არსად წასულა, მაგრამ იცვლებიან ხოლმე ისინი, ვინც ჯვრის ამა თუ იმ კიდესთან დგანან და გააჩნია რა ხასიათი ექნებათ კიდესთან მდგომებს",- განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინტერესი აქვს აშშ-ს საქართველოსთან მიმართებაში.
"ჯერჯერობით ტრამპის ადმინისტრაციას ჩვენდამი ინტერესი არ გამოუკვეთია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ პირველი ვადისგან განსხვავებით ტრამპი აპირებს განავითაროს ცენტრალური აზრიის, ავღანეთის მიმართულება, კასპიის რესურსების ათვისება. ამასთან არის ირანის ფაქტორი, ასევე აშშ-ს ახალი გეოეკონომიკური პროქეტი დასავლეთი-სამხრეთის მიმართულება - ანტვერპენი-მუმბაის სატრანზიტო კორიდორის გაჭრა, სადაც საქართველოს როლი და ადგილი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. ასევე, ჩინეთის ინტერესების ბლოკირება ანაკლიის პორტში და ჩინური ინტერესის ბლოკირება ევროკავშირის მიმართულებით",- განაცხადა მაისაიამ.
შესაძლოა თუ არა ტრამპის ადმინისტრაცის პირობებში ინტერესი შემცირდეს
ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, თუ ყურადღება და ინტერესი უარყოფითი იქნება, მაშინ "შემცირება სჯობს".
"ბაიდენის პერიოდში ყურადღებას უარყოფითი მნიშვნელობით გვაქცევდნენ - გვაკრიტიკებდნენ და ჯოჯოხეთის კარში გვატარებდნენ და უარყოფითი ყურადღება თუ შემცირდება, მემგონი სჯობს, თუმცა ვხედავთ, რომ ლიბერალიზმის ცენტრმა ახლა ევროპაში გადმოინაცვლა და ევროპაა აგრესიული საქართველოს მიმართ მეტ-ნაკლებად, ისინი ისეთი მობილიზებულები აღარ არიან, რადგან არ სცხელათ საქართველოსთვის, თორემ ის "წვრილფეხობა" - ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც თავიანთი მასშტაბებით ევროპულ პოლიტიკაში ამინდს ვერ ქმნიან, ისინი დაუნდობლად იკბინებიან.
"თუკი აღმოჩნდება, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ბოლომდე გაიმარჯვა და ევროპისკენაც ტრამპი-ორბანის ხაზიც გადმოვიდა, მაშინ საქართველო მნიშვნელოვანი გახდება, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ოღონდ აქამდე ჯერ კიდევ ბევრი საკითხია გასარკვევი, მათ შორის ისიც რა ურთიერთობა დალაგდება აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციას და ჩინეთს შორის",- განაცხადა საყვარელიძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპის პირველი ვადისგან განსხვავებით, ახლა გაცილებით გაიზრდება ინტერესი.
"მემგონი პირველი ვადისგან განსხვავებით, ტრამპის ადმინისტრაციას ახლა სულ სხვა გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკიური ამოცანები აქვს. ახლა საქართველოს საკითხი უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ამასთან უკრაინის კონტექსტშიცაა მიბმული ჩვენი თემა.
ამასთან, თუ ტრამპს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესი ჩაუვარდა და მას რუსეთზე წნეხი და ეკონომიკური ხვრელების გადაკეტვა მოუწია, ამ კონტექტში ამერიკამ კარგად იცის როგორ გადაკეტოს უკანონო შავი ხვრელი.
"ის, რომ ამდენი ხანი ჩვენს შესახებ არ ჰქონია განცხადება, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ მოგვაქცევს ყურადღებას, ტრამპის ინტერესი მაისი-ივნისის თვეში დადგება",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
რას წერს მამუკა მდინარაძე
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „დღეს ჩვენ "დიფ სთეით"-ის რებრენდინგის მომსწრენი ვართ-მაგალითად, თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NED-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა" აიღეს საკუთარ თავზე".
მისივე თქმით, "დიფ სთეით"-ის რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები, უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს.
„მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია...
"ბოლო პერიოდში საქართველოსთან და ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან მიმართებით ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა განსაკუთრებულ აგრესიას გამოხატავს, მათ შორის კი, ყველაზე უხეში და სიცრუეზე აგებული რიტორიკით ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნები გამოირჩევიან. ისინი უხეშად ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ახალისებენ რადიკალიზმს, ღიად უჭერენ მხარს ხელოვნურ პროტესტს და პირდაპირ ცდილობენ, მაქსიმალურად წაახალისონ რადიკალური პროცესები, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობა, მისი აგენტურით შეცვლა და ხელისუფლებაზე სრული კონტროლის დამყარებაა.
"თუმცა, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაზუსტოთ, რომ არ არსებობს არანაირი ლიეტუვის, ესტონეთისა თუ შვედეთის ხელისუფლება. არ არსებობს ამ ქვეყნების არანაირი საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან ცალკე მდგარი რომელიმე უწყება. ამ ქვეყნებს სრულად აქვთ წართმეული სუვერენიტეტი და ხელისუფლებები. ფორმალური თანამდებობის პირები არა მათი ქვეყნის ინტერესების, არამედ გლობალური ომის პარტიის, "დიფ სთეით"-ის კარნახით მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, საქართველოსადმი ამ ქვეყნების თავდასხმა უნდა განვიხილოთ არა როგორც რომელიმე ქვეყნის ქმედება, არამედ "დიფ სთეით"-ის პირდაპირი მცდელობა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს.
"საინტერესოა ისიც, რომ დღეს ჩვენ "დიფ სთეით"-ის რებრენდინგის მომსწრენი ვართ - ამ გლობალური და სახიფათო ძალის სისტემური მოდერნიზების და ძველი, გაცვეთილი და უკვე ცნობილი მეთოდების ახალი, შეფარული მეთოდებით ჩანაცვლების.
"მაგალითად, თუ აქამდე გლობალური ომის პარტია ძირითადად USAID-ის და NED-ის საშუალებით აფინანსებდა მათ კონტროლს მიღმა არსებული ეროვნული ხელისუფლებების ჩამოგდებას, ეს მისია კონკრეტული ქვეყნების მარიონეტულმა „მთავრობებმა" აიღეს საკუთარ თავზე. ეგრეთწოდებული დონორი ორგანიზაციები კონკრეტულმა ქვეყნებმა, იგივე შვედეთმა, ნორვეგიამ, ესტონეთმა და სხვა სუვერენიტეტწართმეულმა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ჩაანაცვლეს.
"შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც დახურეს USAID, NED და "დიფ სთეით"-ის კონტროლქვეშ არსებული სხვა დონორი ორგანიზაციები, ეს ფუნქცია ასევე მათი კონტროლის ქვეშ არსებულ ეგრეთწოდებულ მთავრობებს გადაულოცეს. სწორედ ამიტომ, "დიფ სთეით"-ის რებრენდინგისა და მოდერნიზაციის შემდეგ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები, უხეში ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და გამუდმებული მცდელობა, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეიცვალოს.
"საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რა დღეში ჩააგდო "დიფ სთეით"-მა ევროკავშირი, მისი ეკონომიკა და ქვეყნები. საზოგადოება ასევე კარგად ხედავს და ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც ადასტურებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გლობალურმა ძალებმა უკრაინის ხელით პროქსი ომი აწარმოეს. საბოლოო ჯამში კი შედეგად მიიღეს დასუსტებული ევროპა და განადგურებული უკრაინა.
"მეორე მხრივ, უამრავი პრობლემა შეუქმნეს რუსეთსაც, რამაც ცხადია, მისი საგრძნობი დასუსტება გამოიწვია. და რადგან საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა წინასწარ დაწერილ და ამავე დროს ჩვენთვის დამღუპველ სცენარში მონაწილეობაზე, ბუნებრივია "დიფ სთეითი" ყველა მეთოდს გამოიყენებს, რომ საქართველოში „ურჩი" ხელისუფლება შეცვალოს, მმართველობაში თავისი აგენტურა მოიყვანოს და თუ მეორე ფრონტის გახსნის აუცილებლობა აღარ იქნება, ეკონომიკურად დაანგრიოს საქართველო. ზუსტად ისე, როგორც ეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუკეთეს. თანაც, ევროპაში გლობალურ ძალებს არათუ დასუსტების და განადგურების ეტყობა რაიმე, არამედ პირიქით, ის მოდერნიზაციას განიცდის და ახალი, შეფარული და აქამდე უცნობი მეთოდებით ცდილობს მიზნების მიღწევას.
"პრეზიდენტ ტრამპს კიდევ ერთხელ და მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებას "დიფ სტეით"-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არათუ დამარცხების, არამედ მისი დასუსტების ნიშნებიც კი არ ჩანს.
"მოკლე პერიოდში უკვე გამოიკვეთება კონტურები, - ეს არის რეალური ბრძოლა "დიფ სთეით"-ის წინააღმდეგ თუ ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ფარულ პროცესებში იმ ფორმით მოდერნიზაცია და რებრენდინგი, რომ მომავალში კიდევ უფრო რთული იყოს სიმართლის გარკვევა...
"ასევე, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოს მაგალითზე, მომავალში ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის მიდგომებით და თანამშრომლობის ფორმებით გამოჩნდება, მოხერხდა თუ არა ამერიკაში "დიფ სთეით"-ის დამარცხება", - წერს მამუკა მდინარაძე.