ნატალია ჯვარიძე
11.03.2025

ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს შორის პირადი დაპირისპირებაა და ეს პოლიტიკურ პროცესებზეც აისახება. ამის შესახებ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ. გარდა ამისა, მმართველ პარტიასთან დაპირისპირებაში ოპოზიციის წარუმატებლობის ერთ-ერთ მთავარ მიზეად სწორედ ამ შიდა კონფლიქტებს ასახელებენ. აქვს თუ არა ოპოზიციას ამ შიდა დაპირისპირების დაძლევის რესურსი და რა მოხდება, თუკი ამას ვერ შეძლებენ?

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის თქმით, ოპოზიციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ერთად ფოტოს გადაღებასაც კი ერიდებიან და ეს სერიოზული პრობლემაა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ არიან პარტიები, რომლებიც ერთმანეთთან არ სხდებიან - ის თუ მოვა, წავალ... მგელი და ცხვარივით ვართ, ეს არ არის სწორი მიდგომა...

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთად უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია, პათეტიკის გარეშე ვამბობ. როგორც ხელისუფლება გვიპირისპირდება ორგანიზებულად და მწყობრად, ასევე პოლიტიკურმა პარტიებმა, რომელმაც გაყალბების მიუხედავად ძალიან მაგარი შედეგი აჩვენეს, უნდა დავუპირისპირდეთ ორგანიზებულად. სურათს რომ ვერ იღებენ ლიდერები ერთად და ერთად არ დგებიან, ეს არის სერიოზული პრობლემა. ამაზე თუ არ ვილაპარაკეთ, ეს პრობლემა არ მოგვარდება", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რამდენად მწვავეა პერსონალური კონფლიქტები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის თქმით, შესაძლოა ოპოზიციაში დაპირისპირება არა, მაგრამ გარკვეული უთანხმოება და აზრთა სხვადასხვაობა იყოს, თუნდაც ლიდერებს შორის. მისივე თქმით, დაპირისპირება უფრო მოსალოდნელია გახარიას პარტიასთან ჰქონდეთ.

„ოპოზიციაში უფრო შესაძლოა იყოს გარკვეული უთანხმოებები და აზრთა სხვადასხვაობები, ვიდრე დაპირისპირებები. უთანხმოებები შეიძლება არსებობდეს გარკვეულ სტრატეგიულ თუ ტაქტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. დაპირისპირება თუ იქნება, უფრო გიორგი გახარიას პარტიასთან, რადგან ის დამოუკიდებელ მოთამაშედ წარმოაჩენს თავს.

„ყველაფერი გამოჩნდება 31 მარტიდან დაწყებული პროცესების შემდეგ, ვინაიდან, შესაძლებელია, რომ საუბარი იყოს ახალი პოლიტიკურ ცენტრის ჩამოყალიბებაზე და იქ გამოვლინდება ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ერთობის საკითხი. მე ასე მგონია და არ ვიცი, შეიძლება კულუარებში რაღაც უთანხმოებები არის კიდევ. ყველაფერი შეიძლება იყოს, ლიდერებს შორის უთანხოებაც, მაგრამ ეს გასაკვირიც არაა, რადგან განსხვავებული აზრი სადაცაა, იქ ასეთი ფაქტებიც ხდება", - აღნიშნა ჩიტაძემ.

ანალიტიკოს პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების პრიორიტეტი პირადი ინტერესებია და ცალკეულ ლიდერებს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზიც ეს არის.

„რა თქმა უნდა, ზოგჯერ კონკრეტული ინტერესები და ფიქრი იმაზე, რომ ცალკ-ცალკე ყველანი წააგებენ, წინა პლანზე გამოდის და გარკვეული კონფიგურაციები იქმნება ხოლმე. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვხედავდით პოლიტიკოსები ერთმანეთს როგორ ლანძღავდნენ და უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდნენ. თუნდათ დღევანდელი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი როგორ ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, რა არ უთქვამთ მისთვის, მაგალითად, ნიკა გვარამიას.

„საქმე ისაა, რომ ეს არ არის ოპოზიცია და სრულებით არ შეესაბამება იმ განმარტებას, რაც არის. ეს ადამიანები სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პირად ინტერესებს აყენებენ. გამდიდრება, ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერი გზით, რითაც შემდეგ ეროვნულ ინტერესებს დაუპირისპირებენ. თავშივე აქვთ კითხვა - თუ გავიმარჯვებთ, მაშინ მე ვინ ვიქნები? ამიტომაც ვერ ერთიანდებიან.

„ძალაუფლებისა და გამდიდრების ასეთი დიდი სურვილი იწვევს კონფლიქტს და დაპირისპირებას. არავითარი საერთო იდეა და პროგრამა მათ არ გააჩნიათ. მართლა რომ სჯეროდეთ, რომ ხელისეუფლებამ გზას გადაუხვია და სწამდეთ, რომ ისინი ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანენ, იმუშავებდნენ, ყველა თავისას გაიღებდა და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. თუმცა ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ რა ერგებათ იქიდან, სადაც იქნებიან, რაც ყველაფერს შლის. ამიტომაც არიან ამ დღეში", - აღნიშნა მამრაძემ.

შიდა დაპირისპირების შედეგები

ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, ასეთი აზრთა სხვადასხვაობები და უთანხმოებები დიდწილად პრობლემა არაა, რადგან დემოკრატიული ძალების კოალიციაში ეს მისაღებია.

„ღმერთმა დაიფაროს და თუკი ოპოზიციაში არის დაპირისპირებაა, ბრძოლა რთული იქნება. თუმცაღა, მეორეს მხრივ, შესაძლოა ეს უთანხმოება დროებით იყოს და მალევე მოგვარდეს, რადგან ყველა აცნობიერებს, რომ ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ალბათობით, უმრავლესობა მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგალითად, სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

„ეს ხომ არ არის „ქართული ოცნება", სადაც ბიძინა ივანიშვილი რასაც იტყვის, ყველა ვალდებულია მის ნათქვამს დაექვემდებაროს, დაემორჩილოს? ეს შედარებით დემოკრატიული ძალების კოალიციაა და ბუნებრივია, აქ უთანხმოებებიც ხშირია. ასე რომ, შესაძლოა იყოს პატარ-პატარა კონფლიქტები და აზრთა სხვადასხვაობები, მაგრამ მთავარია დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

„მე მაინც მგონია, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა აცნობიერებს, რომ ცალკ-ცალკე, ერთიანობის გარეშე მათ გაუჭირდებათ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვა. საბოლოო ჯამში მათ შორის ერთობა მაინცაა, რადგან საერთო შეხვედრები ეწყობა, მათ შორის ლეგიტიმურ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან. ასე რომ არ იყოს, ისინი ერთად არ დასხდებოდნენ. გარდა ამისა, საზღვარგაერთ მივლინებებზეც ზოგიერთი მათგანი ერთად იყვნენ", - თქვა ჩიტაძემ.

პეტრე მამრაძის შეფასებით, ასეთი პერსონალური კონფლიქტებით ოპოზიციონერ ლიდერთა პოლიტიკური პოპულალურობა იკლებს.

„ოპოზიციას ასეთი პერსონალური შიდა კონფლიქტები პირველ რიგში იმ პრობლემას უქმნის, რომ ყველანი, პოლიტიკური პოპულალურობის თვალსაზრისით, თანდათან ერთმანეთს ძირავენ. ხშირად ქუჩაში მაჩერებენ და მეუბნებიან - ესენი ვინ ყოფილან?! ხალხის დიდი ნაწილი ხედავს, რომ მათ საკუთარი თავების იქით არაფერი აინტერსებთ. ამიტომაც არის, რომ შედეგებიც ასეთია.

„დამისახელეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თუ გამოიკვეთა მეტ-ნაკლებად რომელიმე პოპულალური ფიგურა? მე ვერ ვხედავ. ამის უკან დგას ის, რომ საზოგადოებაში არაა მუხტი და დაკვეთა ძლიერ ლიდერზე „ოცნების" საწინააღმდეგოდ. ეს რომ ყოფილიყო, უსათუოდ ვიღაც გამოჩნდებოდა", - განაცხადა მამრაძემ.

რა უნდა ქნას ოპოზიციამ

ნიკა ჩიტაძის ვარაუდით, ოპოზიცია უთანხმოებას მოაგვარებს, თუმცა, თუ ასე არ მოხდა, შესაძლოა ვიღაცებმა პარტია დატოვონ და სხვებით ჩანაცვლდნენ.

„თუ კი არსებობს ეს პატარა კრიზისი ოპოზიციაში, ალბათ მოახერხებენ დაძლევას, რადგან მათ საერთო მიზანი აქვს. თუმცაღა, თუ ეს არ მოხდა, მაშინ, სავარაუდოდ, ვიღაცა პარტიას დატოვებს, არ დაესწრება შეხვედრებს და შემდეგ ის ალტერნატიული ადამიანებით ჩანაცვლდება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

პეტრე მამრაძეც ფიქრობს, რომ გარკვეული გადაჯგუფებები იქნება.

„თუ კი ოპოზიციამ ეს პრობლემა ვერ დაძლია არც არაფერი იქნება. თუმცა, თუ უშუალოდ (ადგილობრივ) არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტეს, შესაძლოა რაღაც უმნიშვნელო გადაჯგუფებები იყოს. ვინც ბარიერი გადალახა, ამ ოთხი პარტიის სიებს ჩახედეთ - როგორ შეიკრა ეს გვარები ერთად? ისევ პირადმა ურთიერთობებმა და სულ იმის ძიებამ, თუ ვინ ვის შეეკედლოს. ეგებ შევაღწიო პარლამენტშიო - ამას ფიქრობენ. ასე რომ, გადაჯგუფებები რამდენიც გინდათ..." - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×