
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, „საერთო საკოორდინაციო ფრონტის" შექმნის ინიციატივით გამოდის, ხოლო 31 მარტს დიდ აქციას აანონსებს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციის წევრები ავრცელებენ. თუმცა, ოპოზიციის ნაწილი ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანების იდეას კვლავ სკეპტიკურად უყურებს.
„საერთო წინააღმდეგობის ფრონტის" ჩამოყალიბება ასევე საეჭვოდ მიაჩნია ანალიტიკოსთა უმრავლესობას. ამ პესიმიზმის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ბოლო პერიოდში ზურაბიშვილის გარშემო ოპოზიციის გაერთიანების სამი მცდელობა უკვე იყო, თუმცა ყველა წარუმატებლად დასრულდა.
რაც შეეხება 31 მარტის აქციას და ზოგადად, მასშტაბური საპროტესტო აქტივობების მიზანმიმართულად სიმბოლურ თარიღებზე დამთხვევას, აქ ანალიტიკოსთა მოსაზრებები განსხვავებულია. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ოპოზიციას არაფერს მისცემს; მეორე ნაწილის აზრით კი, სიმბოლური თარიღების შერჩევა მნიშვნელოვანია საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის შესანარჩუნებლად.
სალომე ზურაბიშვილმა 10 მარტს ოპოზიციის წარმომადგენლებთან მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ ის „საერთო წინააღმდეგობის ფრონტის" ჩამოყალიბებას გეგმავს, სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ასევე, 31 მარტს დიდი აქციის ჩატარებას განიხილავს.
31 მარტს 34 წლი სრულდება საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან, რომლის შედეგებიც შემდეგ საფუძლად დაელო საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები სწორედ სიმბოლურ თარიღებზე ცდილობენ მხარდამჭერთა მაქსიმალურად მობილიზებას. მაგალითად ასეთივე დიდი აქციები იყო დაგეგმილი 18 თებერვალს - ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, 25 თებერვალს - საქართველოს ოკუპაციის დღეს და 7 მარტს - უწყვეტი ქუჩის პროტესტის მე-100 დღეს.
რას ფიქრობენ ზურაბიშვილზე ოპოზიციაში
ოპოზიციის ნაწილისთვის სალომე ზურაბიშვილი „ლიდერობის სტანდარტებს" ვერ აკმაყოფილებს, შესაბამისად, მასთან ერთად ერთობაში მონაწილეობას არ განიხილავენ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ცოტნე კობერიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური ერთობის ლიდერი ვერ იქნება, რადგან მაშინ, როცა აქციებს რადიკალური სახე ჰქონდა მიღებული, ზურაბიშვილი ახალგაზრდების გვერდით არ იდგა.
„მე არ მგონია, რომ პროცესის ლიდერად უნდა მივიჩნიო ადამიანი, რომელიც, როცა აქციებს ყველაზე რადიკალური ფორმა ჰქონდა მიღებული და რომელიც ყველაზე მეტად მგონია, რომ ხელისუფლებას წნეხში აყენებდა, ჩემს გვერდით არ ყოფილა, როცა გამიხედავს.
„სალომე ზურაბიშვილმა აიღო პასუხისმგებლობა და ვისაც როგორ უნდა, ისე შეაფასოს. ჩემთვის ის იმ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რომ პროცესის ლიდერად წარმოვიდგინო", - განაცხადა კობერიძემ.
კობერიძე აქვე აღნიშნავს, რომ ეს პირადად მისი პოზიციაა და არა კოალიციის. თუმცა, აღსანიშნავია რომ ამავე კოალიციის ლიდერებმა - ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ არც ისე დიდი ხნის წინ თავადაც მინიშნებით გააკრიტიკეს სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ თავის დამოკიდებულებაში არათანმიმდევრულობის გამო - როდესაც მეხუთე პრეზიდენტი თავის დროზე აქტიურად ცდილობდა ტრამპთან პირადი კონტაქტების დამყარებას და მის ინაუგურაციაზე დასწრებას პოლიტიკურ წარმატებად მიიჩნევდა, ხოლო შემდეგ კი ღიად დაიწყო ტრამპის კრიტიკა, რაც, ოპოზიციის ნაწილისა და "კოალიცია ცვლილებების" წარმომადგენელთა აზრითაც, „ქართული ოცნების" წისქვილზე ასხამს წყალს.
„გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ასევე სკეპტიკურად უყურებს მეხუთე პრეზიდენტის წამოწყებას.
„არანაირი შანსი არ არის, რომ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით რამე გამოვიდეს. მე მოვისმინე, რომ მორიგ საკოორდინაციო შტაბს აყალიბებენ. არჩევნების წინაც იყო ასეთი შტაბები, მანამდეც სამი ასეთი შტაბი მახსენდება ქალბატონი სალომეს ინიციატივით, მაგრამ რომელმა იმუშავა და რა კოორდინაცია მოხდა? მე მგონია, რომ რაც არ უნდა იყოს ამის მიზეზი, მთელი ეს აქტივობა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ არის მცდელობა, რომ ხალხის მუხტი მოკლან", - განაცხადა რექვიაშვილმა.
ოპოზიციის მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გარშემო საერთო ფორმატი უნდა შემუშავდეს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის ჩამოყალიბება. ეს შეიძლება იყოს შინაგანი წინააღმდეგობის ფრონტი, ან საკოორდინაციო საბჭო - აქ სახელებს მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი შინაარსია: აქ უნდა იყვნენ პოლიტიკური ცენტრები, საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დგანან ქუჩაში - მათი წარმომადგენლობა უნდა აისახოს ამ საკოორდინაციო საბჭოში", - განაცხადა „ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.
ენმ-ის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ კი ხაზგასმით თქვა, რომ ზურაბიშვილის ირგვლივ ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია.
„აუცილებელია პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობა, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენა. მნიშვნელოვანია, ის რომ ასეთი საკოორდინაციო ფორმატი არსებობდეს. მათ შორის, მაქსიმალური გაერთიანება და მაქსიმალური ძალისხმევა არის ის დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სალომე ზურაბიშვილი, როგორც ოპოზიციური ერთობის ლიდერი
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აქვს შესაბამისი რესურსი, რომ გამაერთიანებლის როლი მოირგოს.
„გაერთიანება და ლიდერობა ისეთი საკითხია, რომელიც სურვილის გარდა რესურსებსაც გულისხმობს. მაგალითად, ვისაც შენთან ყოფნა უნდა, ის შენს გარშემო ერთიანდება, თუმცა ეს მისთვისაც, ამ ერთობაში მყოფისთვისაც, რაღაც დონეზე მომგებიანი უნდა იყოს. ადრე ასეთი გაერთიანება ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას", რადგან მასთან დაახლოებული პარტიები იღებდნენ ხმების გარკვეულ ნაწილს. ახლა აღარ ვლაპარაკობ სხვა დეტალებზე, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური მნიშვნელობისაა, როგორიცაა საეთერო დროის განაწილება და ა.შ. გაერთიანება მომგებიანი უნდა იყოს.
„მე ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილს არ აქვს ის ფინანსური რესურსი, რომ მსგავსი საერთო ფრონტი შექმნას, ყოველ შემთხვევაში სხვებთან შედარებით. რაც შეეხება პოლიტიკურ რესურსს - ანუ პარტიებს, რომლებიც ჩაერთვებიან არჩევნებში და ხმებს მიუტანენ ზურაბიშვილსა და მასთან დაკავშირებულ პარტიებს - ეს მოცემულობაც არ არის. რაც შეეხება საერთაშორისო კავშირებს, ეს მეტ-ნაკლებად აქვს, თუმცა მხოლოდ მათთან, ვინც მას პრეზიდენტად აღიარებს.
„ასე რომ, ამ მოცემულობით არ ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილს, როგორც ლიდერს, აქვს შესაძლებლობა ერთიანი ოპოზიციური ფრონტი ჩამოაყალიბოს", - განაცხადა საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილიც პესიმისტურადაა განწყობილი, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩანაფიქრი განხორციელდება და გამაერთიანებლის როლს მოირგებს. ის საუბრობს შესაძლო სისტემურ პრობლემებზე და აღნიშნავს, რომ „რისკი მაღალია, რომ არაფერი გამოვიდეს".
„საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ სალომე ზურაბიშვილს ეს ჩანაფიქრი არ გამოუვიდეს, რადგან მას უკვე ჰქონდა რამდენიმე მცდელობა, რომლებმაც ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ, ის, რომ ზურაბიშვილს ესეც არ გამოუვიდეს, დიდი ალბათობით, შესაძლებელია.
„არ ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ მისი ბრალი იყოს. შესაძლებელია, მის მიმართაც არსებობს პრეტენზიები. საქმე ისაა, რომ გარეთ ინფორმაცია არ გამოდის. სალომე ზურაბიშვილი არ ყვება დეტალებს, თუ რატომ არ ჰქონდა წინა მცდელობებს შედეგი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
კითხვაზე, რა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს ზურაბიშვილის ინიციატივების წარუმატებლობას, ზაქარეიშვილი გვპასუხობს, რომ შესაძლოა, არსებობდეს „სისტემური პრობლემები":
„თუ ამჯერადაც არაფერი გამოვა, გამოდის, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე და საჭიროა ეს ყველაფერი საჯაროდ ითქვას - თუ რა მიზეზებით ვერ ხერხდება კოორდინაცია მხარეებს შორის."
მზადება 31 მარტისთვის - დამთხვევა, თუ ტაქტიკის ნაწილი
სალომე ზურაბიშვილთან 10 მარტს შეხვედრაზე 6 ოპოზიციური პარტია იმყოფებოდა. როგორც ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, 31 მარტისთვის დიდი აქციის მომზადება იწყება.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ოპოზიციისთვის სიმბოლურ თარიღებზე ხალხის მობილიზაცია სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მეტ-ნაკლებად აძლიერებს პროტესტს, თუმცა „მხოლოდ სიმბოლური თარიღების იმედად ყოფნა უშედეგოა".
„სიმბოლურ მომენტებზე ორიენტაცია ძალიან ეფექტიანია ადამიანების ყურადღების მიქცევისა და მათი მოტივირების კუთხით. უფრო მეტი მოტივაცია ჩნდება სპონტანურად, დაუგეგმავადაც კი, რადგან გარკვეული თარიღის სიმბოლური დატვირთვა, შესაძლოა, ადამიანებს საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატად ქუჩაში გასვლის სურვილი გაუჩინოს.
„რა თქმა უნდა, სტრატეგიულად, ოპოზიციისთვის ეს სიმბოლოები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ მათ იმედად ყოფნა არაეფექტიანი იქნება", - აცხადებს საყვარელიძე.
კითხვაზე, მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ამჯერად ხალხის დიდი რაოდენობით მობილიზაციას, საყვარელიძე პასუხობს:
„რაც შეეხება 31 მარტის აქციას, არ მგონია, რომ მასზე მასობრივი მობილიზაცია მოხდეს. რამდენჯერმე ვნახეთ დიდი მობილიზაციის ანონსი, მაგრამ შედეგი შედარებით მცირე იყო. შესაძლოა, ეს აქცია უფრო ხალხმრავალი იყოს, ვიდრე წინა აქციები, თუმცა, რასაც თბილისი „დიდ მობილიზაციას" უწოდებს, ე.ი. 120-200 ათასი ადამიანი, ამის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა", - განაცხადა საყვარელიძემ.
განსხვავებულად ფიქრობს პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 31 მარტს ქუჩაში დიდი რაოდენობით ხალხი გამოვა. თუმცა, მისი თქმით, „ოცნება" უკვე შეეჩვია დიდ შეკრებებს და ამიტომ ოპოზიციისათვის უფრო მნიშვნელოვანი „შემდეგი ნაბიჯის" განსაზღვრაა.
„მგონია, რომ 31 მარტს მართლაც ბევრი ხალხი გამოვა, რადგან შეთანხმებულ და წინასწარ დაანონსებულ თარიღებს, როგორც წესი, საზოგადოება აქტიურად პასუხობს. ამაში ეჭვი არ მეპარება.
„თუმცა ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება" ამას უკვე შეეჩვია და მისთვის დიდ მნიშვნელობას აღარ წარმოადგენს. ხალხი გამოვა, რამდენი საათი დარჩება ქუჩაში და შემდეგ ისევ სახლში დაბრუნდება - ესაა მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის, არა მხოლოდ რაოდენობა. ამიტომ, მთავარი ახლა ისაა, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, თორემ ხალხის რაოდენობა, დიდი ალბათობით, შთამბეჭდავი იქნება", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილმა 31 მარტის ისტორიულ-სიმბოლურ მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს ტაქტიკის ნაწილია.
„ვფიქრობ, სრულიად გამართლებულია, რომ ხალხი ასეთ სიმბოლურ თარიღებზე გამოდის ქუჩაში. როდესაც მათ არ აქვთ მკაფიო მიზანი - რა შედეგს უნდა მიაღწიონ, რა პერსპექტივა აქვთ, რა მოჰყვება პროტესტს - რთულია მათი ხანგრძლივი მობილიზება.
„საზოგადოების მუხტი რომ არ დაიკარგოს, აუცილებელია, რომ ეს სიმბოლური თარიღები პროტესტისთვის გამოიყენონ. ეს ტაქტიკური ნაბიჯია, რათა ოპოზიციური ენერგია ისტორიულად მნიშვნელოვან დღეებზეც შენარჩუნდეს. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".