თამთა ჩაჩანიძე
11.03.2025

ოპოზიციონერები ბოლო დროს სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აქციები თვითდინებით შედეგს არ მოიტანს და საჭიროა წინა ფლანგზე წამოვიდნენ პოლიტიკური ლიდერები. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური ძალები, სავარაუდოდ, ემზადებიან, რომ თავად ჩაუდგნენ სათავეში საპროტესტო მოძრაობას. ხოლო რა შედეგს მოიტანს მათი გააქტიურება, ეს სხვადასხვა ფაქტორებზე იქნება დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია თითქმის ერთი თვე ცდილობდა მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორებას, თუმცა უშედეგოდ. მასშტაბური გამოსვლები მხოლოდ პრემიერ კობახიძის 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ დაიწყო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლამდე არ მოახდენს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის ინიცირებას.

მას შემდეგ აქციები ყოველდღე იმართება და რუსთაველის გამზირიც პრაქტიკულად ყოველ საღამოს იკეტება. თავად ოპოზიციის წარმომადგენელთა აღიარებით, პროტესტის ასეთი ხანგრძლივობა და მასშტაბურობა სწორედ იმან განაპირობა, რომ ამის სათავეში ოპოზიციური პარტიები კი არ დგანან, არამედ „რიგითი მოქალაქე". ეს გარემოება ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის თვალსაჩინო ზრდის მაგალითადაც იქნა მიჩნეული.

თუმცა, ბოლო პერიოდში იგივე ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან სულ უფრო აქტიურად კეთდება განცხადებები, აქციების ასე გაგრძელებას არანაირი აზრი აღარ აქვს და ეს ყველაფერი უშედეგო იქნება, თუ პროტესტი სათავეში, საზოგადოებრივი მოძრაობების ნაცვლად, უშუალოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები არ ჩადგებიან.

ბოლო განცხადება ამაზე ორშაბათს „სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა:

„მართლა რთულ ვითარებაში ვართ და შელამაზებაა, რომ ეს აქციები თვითდინებით რამეს იზამს, არა, პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობაა, რომ დასხდნენ ერთად და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.

„ეს პოლიტიკური პროცესი ვერ იქნება იმ ხალხის იმედად, რომელიც დადის აქციებზე, (ჩვენც დავდივართ) ჯარიმებს უწერენ და აკავებენ. საჭიროა წინა ფლანგზე გამოვიდნენ პოლიტიკური ლიდერები და აიღონ პასუხისმგებლობა, პარტიებმა აიღონ პასუხისმგებლობა. ერთმა პარტიამ კი არ აიღოს, არამედ აქ არის პარტიების პასუხისმგებლობა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსთან".

ცდილობს თუ არა ოპოზიცია პროტესტს სათავეში ჩაუდგეს

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიცია ცდილობს პროტესტის სათავეში ჩაუდგეს, თუმცა მთავარი კითხვაა რამდენად გამოუვა ეს და რა სახით გააკეთებენ ამას.

„ოპოზიციის განცხადებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ ეცდებიან ამ პროტესტს ჩაუდგნენ სათავეში და მისცენ პოლიტიკური მიმართულება. რამდენად გამოუვა ეს და რამდენად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ამაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ გაერთიანდებიან და როგორი იქნება ერთიანი პლატფორმა; მეორე - ვინ იქნება ამ ერთიანი პლატფორმის რეალური წარმმართველი; და მესამე - მიიღებენ კი დღევანდელი პროტესტანტები ამ გაერთიანებულ ოპოზიციას, თუ ეს არ იქნება გაერთიანებული ოპოზიცია?

„როდესაც რეალურად გვეცოდინება ეს ერთიანი პლატფორმის ჯგუფი ვინ იქნება და რას წარმოადგენს, მერე შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, თუ რამდენად მისაღები იქნება ასეთი გაერთიანება იმ ჯგუფისთვის, რომელიც აგერ ასი დღეა რუსთაველზე ყოველ საღამოს ათენებს და აღამებს", - განაცხადა ძაბირაძემ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას აქციების სადავეების ხელში აღებისთვის სასურველი წინაპირობები ჯერ არ აქვს და ამიტომაც ამისგან თავს იკავებს.

„სადავეები რომ ხელში აიღო, ამისთვის სათანადო რესურსი უნდა გაგაჩნდეს, წინაპირობები უნდა გიწყობდეს ხელს. ოპოზიციას ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ის რესურსით, რაც მას აქვს - პოლიტიკური კაპიტალი, საზოგადოებაში ავტორიტეტი, ელექტორატის ნდობა და თუნდაც გარედან მხარდაჭერა - ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ოპოზიციამ ამ სიტუაციაში გარდატეხა მოახდინოს და პროცესები სათავისოდ შემოატრიალოს. ჩვენ ამის მოწმე გავხდით 26 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე და საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ იმ აქციებს, რაც ახლა რუსთაველზე მიდის, ოპოზიცია ჩაეხსნა.

„ოპოზიცია დღეს საკმაოდ მძიმე მდგმარეობაშია, თუმცა იხტიბარს არ იტეხენ. ამის ერთ-ერთი ინდიკატორი ისაა, რომ მათ დასავლეთის დედაქალაქებში ვოიაჟებს მოუხშირეს, რომ იქიდან მიიღონ მხარდაჭერა. თუ ადგილზე გაქვს სერიზული ელექტორალური მხარდაჭერა და საზოგადოება შენს მიმართ სიმპათიითაა განწყობილი, რატომ უნდა გინდოდეს საგარეო მხარდაჭერის ასეთი ინტენსიური ხარისხით მობილიზება?" - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

რა მოჰყვება აქციის სათავეში ოპოზიციის ჩადგომას

კითხვაზე, რა მოჰყვება, თუ ოპოზიციონერები აქციებს სათავეში ჩაუდგენენ, ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ გვითხრა, რომ ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას შესთავაზებს ხალხს ოპოზიცია.

„არ მგონია, რომ ამას კარდინალური განსხვავებები მოჰყვეს. სანამ ოპოზიციონერები იმის გადაწყვეტას დაიწყებენ, ჩაუდგნენ (აქციებს) სათავეში თუ არა, ალბათ რაღაც სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინონ და ეს სამოქმედო გეგმა იქნება განმსაზღვრელი, თუ რამდენად რეალური და სიცოცხლისუნარიანია ასეთი გაერთიანება, რაზედაც საუბრობენ. სხვა შემთხვევაში ასეთი ერთიანი პლატფორმის შექმნას აზრი არ აქვს.

„ოპოზიცია სათავეში ვერ ჩაუდგება პროტესტს, თუ ის მისაღები არ იქნება იმ ოპოზიციური ჯგუფისთვის, რომელიც რუსთაველზე რეალურად დგას. ამიტომ შეუძლებელია წინასწარ ლაპარაკი, პროტესტი მილევადი იქნება თუ არა, ოპოზიციის სათავეში ჩადგომის შემთხვევაში.

„ამასთანავე, ოპოზიციის ასეთი გაერთიანება მოგვცემს კი იმას, რომ ეს მიტინგები უფრო ხალხმრავალი და უფრო მიზანმიმართული გახდეს? დღეს რუსთაველზე იკრიბება ხალხი, რომელიც ახერხებს იმას, რომ რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს გადაკეტოს. და როდესაც ეს მოძრაობა შეიქმნება, ის ახალს რას იზამს? ეს კითხვები ჩნდება და ჯერ ამაზე უნდა გასცენ პასუხი. სანამ განცხადებებს გააკეთებენ, ჯერ სამუშაოა ჩასატარებელი და როგორც ვხედავ, ამ შავ სამუშაოს მაინცდამაინც არავინ ატარებს ხოლმე", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ოპოზიცია აქციებს პირველად არ მართავს და ყველამ იცის მათ რამდენი ხალხის გამოყვანაც შეუძლიათ.

„ოპოზიცია აქციებს პირველად ხომ არ აწყობს და ხალხმა ხომ ნახა, თუნდაც 2023 წლიდან მოყოლებული, როდესაც ცნობილი კანონები იქნა მიღებული და საპროტესტო აქციები იმართებოდა, ამას ძირითადად ოპოზიცია უძღვებოდა და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. სალომე ზურაბიშვილი მაშინ ასე აქტიურად არ ფიგირირებდა.

„ყველამ დაინახა ამ აქციების ლიმიტი, ანუ სად გადის მათი ზედა ზღვარი, რამდენი ხალხის გამოყვანა და რისი გაკეთება შეუძლიათ და როგორი მობილზების უნარი აქვთ. ჩემი აზრით, არჩევნებზე ოპოზიციის ჯამური შედეგები ძალიან ზუსტად ასახავს ოპოზიციის ხარდაჭერის დონეს ჩვენ საზოგადოებაში", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×