
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ლიდერის შექმნა სურთ და ზურაბიშვილით მესამე პრეზიდენტ მიხეილ საკააშილის ჩანაცვლების პროცესი მიდის, თუმცა დასძენს, რომ "ამაში სერიოზულ შეცდომებს ხედავს".
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილს სურს ოპოზიციის ლიდერის სტატუსი ჰქონდეს, როგორც ადრე სააკაშვილს. მისი თქმით, სააკაშვილმა დღეს რომ ეს ლიდერობა მოისურვოს ვერც მას გამოუვა.
"ზურაბიშვილს უნდა, რომ ოპოზიციის ლიდერის სტატუსი ჰქონდეს, როგორც სააკაშვილს ჰქონდა, თუმცა ვერ გამოსდის. მემგონი სააკაშვილმაც დღეს, რომ ეს ლიდერობა მოისურვოს, ვერც მას გამოუვა. საპყრობილეში ყოფნა ლიდერისთვის ბარიერი არაა, ვიცით ისტორიაში შემთხვევები, რომ ციხეში მყოფი ადამიანი ქვეყნის ლიდერი იყო.
"სააკაშვილმა ვერ მოახერხა ლიდერის მაგ ფუნქციის შესრულება ბოლო ხანებში და სადაც სააკაშვილმა ვერ მოახერხა, რომელსაც ლიდერობისთვის საკმაოდ ბევრი პლიუსი აქვს, ქარიზმატულობიდან დაწყებული, პოლიტიკური ინტუიციით დამთავრებული, ეგ მემგონი ქალბატონი სალომესთვის ცოტა რთული იქნება. მაგალითად ზურაბიშვილმა გამოაცხადა, რომ მთავრობის სიას წარმოვადგენო, არადა კონსტიტუციაში მთავრობის წარმოდგენის უფლება პრეზიდენტს არ აქვს, ეს პრემიერის უფლებამოსილებაა.
"კანონებიდან ასეთი უმარტივესი რამეები ქალბატონ სალომეს ეშლება. სააკაშვილსაც არ ჰქონდა ყველაფერი ჩაწიკწიკებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კანონები როგორ გამოეყენებინა, ეს იცოდა. ეს ერთ დეტალზე ვამბობ და რამდენი ასეთი რამაა.
"მე მეგონა, ზურაბიშვილი, როგორც ევროპული სტანდარტების მატარებელი პოლიტიკოსი (რითაც ამაყობს ხოლმე), ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებდა, რომ პოზიციის მიუხედავად ყველა პარლამეტში შესულიყო და ამავე ევროპული სტანდარტების შესაბამისად, პოლიტიკური ბრძოლა პარლამენტში ეწარმოებინათ.
"სიმართლე გითხრათ, არ ვთვლიდი, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩაიცვამდა რკინის ქალამანს და ქუჩაში გავიდოდა, მაგრამ მოხდა და შემდეგი ნაბიჯები რომელი ლოგიკითა და თვალსაზრისით გადაიდგმება, მაგის პროგნოზი ძალიან მიჭირს. რასაც ის აცხადებს, რომ ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა ისაა და ა.შ. ეს განცხადებები აღარაფერში არ ჯდება და დავდგეთ და ვუყუროთ რას იზამს",- განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს ანგარიშს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკვე ნაკლებად უწევენ.
"სააკაშვილს ანგარიშს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც უკვე ნაკლებად უწევენ, ხომ ხედავთ ხსენების სიხშირეც შემცირებულია და ა.შ. რაღაცნაირად სააკაშვილის ფენომენი ნელ-ნელა ქრება, ისევე, როგორც ბევრი ემოციური მოვლენა",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო, დღეს ოპოზიციის ლიდერი სალომე ზურაბიშვილია, თუნდაც საგარეო კონტაქტების თვალსაზრისით და ოპოზიციური პარტიების განწყობების გათვალისწინებით.
"დღეს გასაგებ მიზეზთა გამო, საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებას სალომე ზურაბიშვილთან აქვს კონტაქტები დამყარებული და არა მიხეილ სააკაშვილთან. ამასთან, ზურაბიშვილის ფიგურა უფრო მისაღებია გაერთიანებული ოპოზიციისთვის, მაგალითად საკაშვილი არაა მისაღები გახარიას პარტიისთვის, ან "ლელოსთვის".
"ვფიქრობ ვოლსკის მიზანი იყო ხაზი გაესვა იმისთვის (მით უმეტეს სასამართლო პროცესი მიდიოდა სააკაშვილის წინააღმდეგ), თუ როგორი სისხლიანი დიქტატორი იყო მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილის გაიგივება უნდა 9 წელთან და პლიუს უნდა, რომ ე.წ. კოლექტიური "ნაცმოძრაობის" რიგებში ახსენოს. თითქოს "კოლექტიური ნაცმოძრაობა" ლიდერად მიხეილ სააკაშვილს აღიარებს, მაგრამ თვითონ ოპოზიციაც დარწმუნდა, რომ სააკაშვილის ფუგურა უკვე აღარ აწყობთ.
"ოცნებას" ორივეს დისკრედიტაცია უნდა, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ისე ზურაბიშვილის. სააკაშვილის დისკრედიტაცია დიდი ხანია მიდის, მაგრამ კიდევ ერთხელ ახსენებს ხალხს, რომ თითქოს 9 მილიონს ედავებიან, რაც აბსოლუტური ტყუილია. გვახსოვს ქოცური პროპაგადნა, რომ ჯერ 19 მილიარდს ედავებოდა, ახლა 9 მილიონზე ჩამოვიდნენ.
"რადგან ახლა სალომე ზურაბიშვილია ლიდერი, თითქოს ისიც ე.წ. სისხლიანი დიქტატორის ადგილმონაცვლეა და თითქოს ე.წ. სისხლიანი დიქტატურა მისთვისაც მისაღებია. სალომე ზურაბიშვილი ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ისედაც ლიდერია, თუმცა გააჩნია ვისთვის ვინაა მისაღები.
სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით, სააკაშვილს არასდროს არ უთქვამს, რომ საქართველომ ომი დაიწყო. 90-იან წლებში, მიუხედავად იმისა, რომ შევარდნაძის ოპონენტი იყო, არასდროს არ უთქვამს, რომ აფხაზეთში ომი შევარდნაძემ დაიწყო, ზურაბიშვილი კი სააკაშვილს ომის დაწყებაში ადამაშაულებდა. რეალურად ამით ბრალს საქართველოს სდებდა, დღეს ლიდერად გვევლინება, მაგრამ ქვეყანას როგორც სჭირდება დღეს გვინდა-არგვინდა ისაა გარკვეულწილად ლიდერი",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
რას აცხადებს გია ვოლსკი
"ზურაბიშვილი დღეს თავისი „ფუფალას ქოლგით" არის გამოჭენებული პოლიტიკურ ასპარეზზე - სააკაშვილი სულიერად უნდა იყოს გადანაცვლებული ზურაბიშვილში, ეს არის იდეა და ამ იდეას რამდენად შეასრულებენ, რასაკვირველია, დიდი შეკითხვის ქვეშაა", - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სალომე ზურაბიშვილით ჩანაცვლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.
„ასეთი ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რაც მოვისმინეთ ახალი „ნაცმოძრაობის" თუ ძველი „ნაცმოძრაობის" კონკრეტული ლიდერებისგან, ყველაზე რბილი აქედან იყო სააკაშვილის შეფასება, რომ ეს არის „წუნკალი დედაკაცი". ასეთი რამე თქვა ადამიანმა და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ზემოდან აქვთ ინსტრუქცია მიღებული, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარონ ლიდერად. ქარტია შეუქმნეს, რომლის მიხედვითაც არჩევნები უნდა ჩატარდეს
"ისე, რომ ამაში „ქართული ოცნება" და არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა არ იღებდეს მონაწილეობას, გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებიც ჩამოვიდოდნენ უცხოეთიდან.
ასეთი იდეა ჰქონდათ და ამ იდეას სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც იმ წუთშივე ძალიან კარგად შეიფერა ლიდერის პოზიცია და გამოაცხადა, რომ იგი გაშლის ქოლგას და ამ ქოლგის ქვეშ შეგროვდება ყველა, ვინც გუშინ მას უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებდა და რუსეთის აგენტს უწოდებდა და ისინიც, ვინც სხვა ადამიანები დაჩაგრეს და სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. მან ზურგი შეაქცია იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აირჩიეს და პრეზიდენტად მოიყვანეს.
"სალომე ზურაბიშვილით მიშა სააკაშვილის ჩანაცვლების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს მცდელობებია. რად ღირს, ვინც ამ სისხლიანი და თაღლითი ადამიანების გუნდში გაერთიანდა, ან თვითონ რად ღირს, ან მისი სიტყვა რად ღირს? ადამიანისა, რომელიც გუშინ ასეთ პოზიციაზე იყო, თითქოს იბრძოდა, თითქოს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, გალანძღეს და დღეს თავისი „ფუფალას ქოლგით" არის გამოჭენებული პოლიტიკურ ასპარეზზე. ეს რად ღირს საერთოდ?!" - განაცხადა ვოლსკიმ.