
„ოპოზიციონერები უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია - დგამენ შოუს, რომ დაპირისპირება აქვთ, მაგრამ როგორც კი დავალება მოუვათ, გაერთიანდებიან", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მათი მთავარი პრობლემა გამოკვეთილი ლიდერის არ ყოლაა და ამიტომ ვერ ერთიანდებიან.
„ამ პოლიტიკურ ჯგუფში, რასაც ოპოზიცია ჰქვია, მკაფიო ლიდერი არ იკვეთება. გაერთიანებისთვის კი მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი ლიდერია საჭირო", - განაცხადა ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე სპეკპიტიკურად უყურებს გაერთიანების იდეას და ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ბევრი კითხვები ჩნდება: „როგორც ჩანს, მნიშვნელოვნი ფაქტორია ის, რომ არ არის ადამიანი, ლიდერი, რომლის ირგვლივაც რაღაცნაირი გაერთიანება მოხდება. თუმცა აქაც ჩნდება კითხვები, რა გაერთიანება იქნება? ვთქვათ გაერთიანდნენ, როგორი იქნება მისი შემადგენლობა? რადგან აზრთა სხვადასხვაობაა...".
არჩილ გოდულაძის თქმით, ოპოზიციონერები „უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია".
„არც პაატა მანჯგალაძეს, არც ალეკო ელისაშვილს, არც სალომე სამადაშვილს და არც სხვა ბევრ სახელ და გვარს არავინ არ ეკითხება ვინ სად გაერთიანდება, ვინ ვის გაუწყრება, გაუბრაზდება და სხვა პარტიის სახელით იმოქმედებს. მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ეს მათი გადასაწყვეტი არ არის - ეს ადამიანები ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენლები და ჯაშუშები არიან.
მიღებულ დავალებაზე კი ჯაშუშის ერთადერთი პასუხი ის არის "რამდენად სწრაფად უნდა შევასრულო დავალება". მათ არავინ არ ეკითხება იმას გააკეთებენ თუ არა - დავალება მიღებულია და უნდა შესრულდეს დათქმულ დროსა და ადგილას. ეს არის მათი მოცემულობა და ამიტომ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები უსამშობლოებთან ერთად უბედურები არიან, რადგან აგენტის ბედი ძალიან უბედურია.
„ეს ადამიანები ახლა ცდილობენ, რომ რაღაც შოუ დადგან - ზუსტად იგივე მოცემულობაა, რაც არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით. ახლა თითქოს დგამენ იმ შოუს, რომ ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ და ინტერესებს ვერ იყოფენ, მაგრამ, როგორც კი დავალება მოუვათ ზუსტად ისე გაერთიანდებიან, როგორც 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გაერთიანდნენ.
გვახსოვს, ალეკო ელისაშვილი როგორ აგინებდა ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ შემდეგ გამოგვეცხადა და ერთმანეთს ისე „გადაეფსკვნენ", როგორც ბავშვობის ძმაკაცები. რა პრობლემაა? - მათთვის არც ნათქვამ სიტყვას აქვს აზრი, არც მოქმედებას - მთავარი დავალებაა.
დავალება მიიღეს, რომ უნდა გაერთიანებულიყვნენ და გაერთიანდნენ. ასეთივე მოცემულობა იქნება მომავალში, ამიტომ, როცა ადამიანი ჯაშუშობაზე აწერს ხელს, ის კარგავს საკუთარ თავს, იდენტობას, სინდისს, ნამუსს და ადამიანობას", - განაცხადა გორდულაძემ.
რატომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია რამაზ საყვარელიძის თქმით, გაერთიანებას შედეგი უნდა მოჰყვებოდეს, ოპოზიციის შემთხვევაში კი რთული სათქმელია ექნება თუ არა რამე აზრი.
„საერთოდ გაერთიანება იოლი საქმე არაა. სახელმწიფოების, ადამიანების და პოლიტიკური პარტიების გაერთიანებებს პირობები უნდა, კერძოდ - ამას შედეგი უნდა მოჰყვებოდეს.
ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას მოჰყვება თუ არა მათთვის სასურველი შედეგი, კაცმა არ იცის. ეს იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, ანუ სასურველი შედეგის ძიებისას აიძულებს ხოლმე მათ ვიღაცის გარშემო გაერთიანებას. ასეთ სიტუაციაში მეტ-ნაკლებად გამოკვეთილი ლიდერია საჭირო.
სახელმწიფოების მაგალითი, რომ ავიღოთ, ამერიკის გარშემო გაერთიანდა ევროპა ხომ? რადგან ამერიკა ძლიერი ქვეყანაა. ამ პოლიტიკურ ჯგუფში, რასაც ოპოზიცია ჰქვია, მკაფიო ლიდერი არ იკვეთება. ადრე „ნაციონალური მოძრაობა" იყო ლიდერი პარტია, რომელსაც თავი მოჰქონდა და მას ეწებებოდნენ დანარჩენები. ახლა უცებ ნიკა გვარამიას პარტიამ გაუსწრო.
აირია მონასტერი და გაუგებარია ხმებს ვინ მოიტანს. თან ხმების მოტანაშიც ისაა გაუგაბარი, რომ გაერთიანდნენ, დავუშვათ, სხვებს აწყობს ეს, მაგრამ ვისიც იქნება ეს ხმები, იმას უნდა სხვებს აჩუქოს ხმები? ადრე იყო სიტუაცია და „ნაცმოძრაობამ" თქვა, ჩემი ხმები მე მექნება და თქვენ ვინც რას მოახერხებთ თქვენთვის გააკეთეთო.
ასე რომ, ასეთი გაერთიანება ინტერესების საფუძველზე უნდა მოხდეს. გაერთიანების ინტერესი შეიძლება ყველას არ ჰქონდეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".
ვახტანგ ძაბირაძის აზრით, უკეთესი იქნება თუ ოპოზიცია ორ ბლოკად დაიყოფა, ვიდრე მთლიანად გაერთიანდეს, რადგან შესაძლოა ამომრჩევლები დაკარგონ.
„როგორც ჩანს, მნიშვნელოვნი ფაქტორია ის, რომ არ არის ადამიანი, ლიდერი, რომლის ირგვლივაც რაღაცნაირი გაერთიანება მოხდება. თუმცა, აქაც ჩნდება კითხვები, რა გაერთიანება იქნება? ვთქვათ გაერთიანდნენ, როგორი იქნება მისი შემადგენლობა? რადგან აზრთა სხვადასხვაობაა.
თუ მთელი ოპოზიცია ერთ პარტიულ ბლოკად ყალიბდება, მაშინ საკითხავია ელექტორატის ის ნაწილი, რომლისთვისაც „ნაცმოძრაობა" კატეგორიულად მიუღებელია, რამდენად უჭერს მხარს ამ ბლოკს? ან საერთოდ წავა არჩევნებზე, თუ არა?
ამიტომ, როცა გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ალბათ უფრო სწორი იქნება რაღაცნაირად, ოპოზიციის კოორდინინაცია მოხდეს და ამით შეძლოს მუშაობა, ნუ, ჯერჯერობით მაინც, რათა ხელისუფლება აიძულოს წავიდეს რიგგარეშე არჩევნებზე.
სხვამხრივ, მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ერთიანი სიის შექმნას, არამგონია ამან დადებითად იმუშაოს. მე მგონია, თუ ოპოზიცია ორ პოლუსად დალაგდება, ეს უფრო მომგებიანი შეიძლება იყოს. თუმცაღა, იმ შემთხვევაში, თუ ამ ორ პოლუსს ექნება მჭიდრო კოორდინირებული ქმედებები", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".