თამთა ჩაჩანიძე
13.03.2025

"ქართული ოცნება" კვლავ აცხადებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში გარე ძალები ერევიან და განსაკუთრებით ბოლო სამ წლის განმავლობაში ქვეყნის ომში ჩართვაც კი სურდათ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, გარდა ამისა, გარე ძალები საარჩევნო კამპანიაშიც ერეოდნენ და პირდაპირ ხელს ადებს ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩისნკის.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ვენის კონვენცია გულისხმობს იმას, რომ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. მან ელჩებს მოუწოდა, საკუთარ დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ. თავად ელჩებისგან გამოხმაურება ჯერ არ ყოფილა.

ანალიტიკოსთა ნაწილი "ოცნების" მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ "გარედან ჩარევის არაერთი შემთხვევა იყო". ნაწილი კი აცხადებს, რომ მოსაზრება, რომ არჩევნები დემოკრატიული გზით უნდა ჩატარდეს, ხალხის ნება უნდა იყოს გამოხატული და ევროინტეგრაციის მხრივ პროგრესი იყოს მიღწეული, "ეს შიდა საქმეებში ჩარევას არ ნიშნავს".

ერევიან თუ არა საქართველოს შიდა საქმეებში

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გარე ჩარევის არაერთი შემთხვევა იყო არაერთი ელჩის, თუ დასავლელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში.

"გარე ჩარევის არაერთი შემთხვევა იყო უცხოელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების მხრიდან. გარდა იმისა, რომ ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკი ელექტორატის არჩევანში ერეოდა, საარჩევნო პროცესში და კამპანიაში ერეოდა გერმანიის ელჩი, ასევე ვხედავთ, რომ საფრანგეთის ელჩი მართლმსაჯულებაშიც ერევა - დემონსტრაციულად ესწრებოდა მზია ამაღლობელის პროცესს.

"რაც მთავარია, ვნახეთ, რომ რადიკალური პროტესტის გამოხატვისას, პარლამენტთან რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და დეპუტატები იდგნენ. ვინმეს წარმოუდგენია, რომ მაგალითად პოლონეთში, ფრანგი პოლიტიკოსი ჩავიდეს ოპოზიციის მიტინგზე გამოსასვლელად? ან პოლონელი ჩავიდეს გერმანიაში ოპოზიციონერების მხარდასაჭერად? ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს, პოლიტიკურ მუშაობასაც და დიპლომატიურ სამსახურსაც.

"ის პირები, რომლებიც საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან, გვარს და სახელს მნიშვნელობა არ აქვს, პოლიტიკური ქცევის კოდექსს არღვევენ და რაც მთავარია, არღვევენ ვენის კონვენციას დიპლომატიური სამსახურის შესახებ. ეს აბსოლუტურად მოუღებელია, როგორც საქართველოში, ისე ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში.

"თუმცა, ამას თავის მიზეზი აქვს იქიდან გამომდინარე, რომ 9 წლის განმავლობაში, სააკაშვილის რეჟიმის დროს, ეს პრაქტიკა ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. უცხოელ აქტორებს მიაჩნდათ, რომ საქართველო ვასალი ქვეყანაა, რაღაც არასამთავრობო ფონდი თუ, არასამთავრობო ორგანიზაციული პერიფერიული სისტემა, სადაც შეიძლებოდა თავისუფალი აქტოვობა, დირექტივების მიცემა, ინსტრუქციების გაცემა ისე, რომ წინააღმდეგობა არ შეექმნებოდათ.

"ცხადია ეს ტენდენცია გარკვეული პერიოდი გაგრძელდა, როდესაც "ქართული ოცნება" მოვიდა სათავეში, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და თავის კალაპოტში დაბრუნდა დაახლოებით ოთხიოდე წლის წინ, როდესაც ქვეყანა და ხელისუფლება გაძლიერდა, რომელიც ხალხმა კანონიერად აირჩია. უკვე, როდესაც საზოგადოებისა და ხელისუფლების ხმა უნისონშია, იქ ვერანაირი დამუნათება, თითის ქნევა და დარიგება ვერ მოქმედებს.

"უკვე სასაცილოდ გაიხადეს საქმე, ადრე წარმოუდგენელი იყო ასეთი რამ, რომ ევროპარლამენტარი, ბუნდესტაგის წევრი, ევროჩინოსანი დასაცინი და აბუჩადასაგდები სიტყვები ყოფილიყო. ეს ვინ გააკეთა? ზუსტადაც ამ დასავლელმა აქტორებმა, რომლებმაც საერთოდ გააფერმკრთალეს მათი ფუნქციებისა და უფლებამოვალეობების როლი. ქართველი ერის წინააღმდეგ ამ დესტრუქციულ საქმიანობას რაც უფრო მეტად გააგრძელებენ, მით უფრო ცუდი შედეგი ექნება მათთვის.

"ამის ფინალი ისაა, რომ თითის ქნევისა და ინსტრუქციების უკანწაღება და თანასწორ, სუვერენულ ქვეყანსთან საუბარი მოუწევთ. მათი დასავლური ჭირვეულობა რამდენ ხანს გაგრძელდება, ამის ზუსტი პროგნოზი არ შეიძლება, მაგრამ დაღმასვლისკენ რომ მიდის და ეს ბოლო მანევრებია, რომ როგორმე შეატორტმანონ ხელისუფლება, ეს აშკარაა. თანდათან კიდევ უფრო გამოჩნდება, რომ ქართული ერი ფეხზე მყარად დგას, რასაკვირველია, ელექტორატის დაკვეთას შეასრულებს ხელისუფლება, რომ "ნაცმოძრაობა" გაასამართლოს.

"ევროკრატიას კიდევ ერთი არასასიამოვნო სიურპრიზი ელის 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას სამარცხვინო ფიასკო ელის. შემდეგ იქნება სტანდარტული შეშფოთება-აღშფოთება, ვითომ გაყალბება, ვითომ რაღაცამ გაჟონა, მაგრამ სჯობს შეეგუონ რეალობას, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება არ მოქმედებს არცერთი ქვეყნისა და ორგანიზაციის ინსტრუქციებითა და მითითებებით",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გარე ძალები, რომლებსაც პაპუაშვილი გულისხმობს, საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევიან, პატივს სცემენ ტეროტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

"გარე ძალები, რომლებსაც პაპუაშვილი გულისხმობს, ბუნებრივია ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და ქართულ სახელმწიფოს პატივს სცემენ და შესაბამისად, არ ერევიან. ის მოსაზრება თუ იყო, რომ არჩევნები დემოკრატიული გზით ჩატარდეს, ხალხის ნება იყოს გამოხატული და ევროინტეგრაციის მხრივ პროგრესი უნდა იყოს მიღწეული, ეს შიდა საქმეებში ჩარევას არ ნიშნავს.

"პაპუაშვილს ამით იმის თქმა უნდა, რომ ვინც "ქართულ ოცნებას" არ ეთანხმება, ყველა გარკვეული ძალების მიერ იმართება და თურმე ინსტრუქციებს და დავალებებს იღებენ, ეს ქნება ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. აქ გათვლაა იმაზე და თავიანთ ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ არა ჩვენ ძალიან კარგები ვართ და ვინც არ გვეთანხმება ის არაა თავისუფლად მოაზროვნე, მათ ან "დიფ სთეითი", "გლობალური ომის პარტია", ან მასონები მართავენო.

"გებელსის მთავარი მიდგომაა - "დააბრალე მტერს ჩემი დანაშაული". რეალურად თვითონ იმართებიან რასაც ეტყვის ბიძინა ივანიშვილი და ივანიშვილს, დიდი ალბათობით, რუსეთი, მაგრამ აბრალებენ სხვას, რომ თითქოს სხვები იმართებიან",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

რა თქვა პაპუაშვილმა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „ცხადად იყო ჩართული" ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „არავის მიუცია დიპლომატებისთვის უფლება, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩაერიონ".

„თუკი ვინმეს არ სჯერა ჩვენი, შეუძლია ისევ იმ ევროპელებს დაუჯეროს. ცოტა ხნის წინ, მაგალითად, გერმანიაში, არჩევნების წინ, როდესაც ილონ მასკი აკეთებდა განცხადებას პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ვნახეთ, რომ კანცლერის დონეზეც ყველა გამოეხმაურა. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში და შიდა პოლიტიკაში ჩარევა ილონ მასკის მხრიდან, რომელიც საჯარო პირია და ბევრ საკითხზე ისედაც საუბრობდა ხოლმე მანამდეც.

ზუსტად იგივე გერმანული პოლიტიკური ჯგუფები ხომ უფრო უარესი მეთოდებით ერეოდნენ საქართველოს საარჩევნო ბატალიებში და საქართველოს შიდა პოლიტიკაში? ასეთი ბევრი ვნახეთ ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.

"გერმანიას თუ ავიღებთ, მაგალითად, მიხაილ როთი ან ვიოლა ფონ კრამონი, რომლებიც პირდაპირ ოპოზიციის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობდნენ. რაც შეეხება დიპლომატებს, პირდაპირ იყო ჩართული ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი წინასაარჩევნო კამპანიაში. გაიხსენეთ მისი გამოსვლები, მისი აქცენტები. ხან თხრობით გველაპარაკებოდა, ხან ლექსებით.

ის ცხადად იყო ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო წინასაარჩევნო კამპანიაში. აფინანსებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასევე, პირდაპირ იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში",-განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ვენის კონვენცია გულისხმობს იმას, რომ დიპლომატებს ეკრძალებათ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა. მან ელჩებს მოუწოდა, საკუთარ დიპლომატიურ ჩარჩოებს დაუბრუნდნენ.

„ვინმე კლასის დამრიგებლად არის ახლა დანიშნული, რომ ყოველ დღე ჩაგვერიოს? ევროკავშირი ჩვენს პროგრესს შესაბამისი დოკუმენტებით აფასებს, მათ შორის, ყოველი წლის ოქტომბერს ქვეყნდება ასეთი დოკუმენტები, რომელიც კანდიდატი ქვეყნების პროგრესს აფასებენ. ახლა ოქტომბერს გამოქვეყნდა ასეთი დოკუმენტი, რომელშიც ჩვენ ერთი ფაქტორის გარდა, თითქმის ყველა ფაქტორში პროგრესი გვქონდა",-განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბოლო სამი წელი ყოველდღიური ჭიდილია ომსა და მშვიდობას შორის.მისი თქმით, ბევრს უნდოდა, რომ ეს ზღვარი გადაგველახა, "თუმცა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით, საზოგადოების სიბრძნითა და საქართველოს ხელისუფლების სიმტკიცით საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნა".

მისივე თქმით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების შედეგად ქვეყანას კიდევ ჰყავს 2 000-მდე უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოჯახს მიეცეს საშუალება, დაიტიროს საკუთარი ოჯახის წევრები. ამასთან, პაპუაშვილმა ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა, რომელიც უკრაინაში ომს უკავშირდებოდა.

„ასეთ მომენტებში ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს იარებზე, რომელიც 3 ათეული წლის წინ გაგვეხსნა და რომელიც თავს ყოველდღიურად გვახსენებს. ამავე დროს გვახსენებს, თუ რა ვიწროა ზღვარი მშვიდობასა და ომს შორის. ამას ჩვენ განსაკუთრებით ბოლო სამი წელი ვაკვირდებით რეგიონში. ვხედავთ იმ ტრაგედიას, რომელიც უკრაინაში ტრიალებს. ვხედავთ ახალ მგლოვიარე ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებასაც ესმის ის, რომ ამ ზღვართან ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამ ბოლო სამი წლის განმავლობაში.

"ბევრს უნდოდა, რომ ჩვენთვის ებიძგა და ეს ზღვარი გადაგველახა და ჩვენი ქვეყანა კვლავ მგლოვიარე ქვეყნად ქცეულიყო, მაგრამ საზოგადოება დადგა მტკიცედ. არ ავყევით, არავის ყალბ, ცრუ მოწოდებებს. ვნახეთ ჩვენ მხოლოდ ერთი მარგინალური ჯგუფი ჩვენი მოქალაქეებისა, რომელიც სამი წლის წინა ამ დღეებში მოითხოვდნენ, რომ მოხალისეების გაგზავნით, იარაღის მიწოდებით, საზღვრების ჩაკეტვითა და ასე შემდეგ საქართველო პირდაპირ თავით გაქანებულიყო ხელახალ ომში და აქ ყოფილიყო მეორე უკრაინა.

"ვხედავთ, რომ ეს მარგინალური ჯგუფი დღესაც თავს ახვევს თავის დღის წესრიგს საზოგადოებას ისევ და ისევ იმ თავისი უცხოელი პატრონების დავალებით, რომლებიც მაშინ ვხედავდით, როგორ შეხმატკბილებულად და სინქრონში მოქმედებდნენ. 3 წლის წინ ცალკე პარლამენტთან იმართებოდა აქციები მოხალისეების გაგზავნის, საზღვრების დაკეტვის, იარაღის გაგზავნის მოთხოვნით და ასე შემდე. ასევე ვხედავდით გარედან - უკრაინის პრეზიდენტი ერთვებოდა და ახალისებდა ზუსტად იმას, რომ გავქანებულიყავით თავით კონფლიქტში, ხან უკრაინის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მოუწოდებდა მოქალაქეებს, რომ მთავრობასთან მისულიყვნენ და მოხალისეების გაგზავნა მოეთხოვათ; ხან ღია და ხან დახურულ კაბინეტებში საუბრების დროს. ამას გადაურჩა საქართველო სამი წლის წინ და ეს მიმდინარე პროცესი იყო 3 წლის განმავლობაში.

"დღეს ვხედავთ, რომ არის იმედები, რომ მშვიდობა დადგება უკრაინაში. თუმცა, ბოლო სამი წელი ყოველდღიური ჭიდილია ომსა და მშვიდობას შორის. ბევრს უნდოდა, რომ ეს ზღვარი გადაგველახა. თუმცა, ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერით, საზოგადოების სიბრძნითა და საქართველოს ხელისუფლების სიმტკიცით საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნა", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×