თამთა ჩაჩანიძე
13.03.2025

რუსეთი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის მოთხოვნებს აყენებს, რომელიც ადრინდელის მსგავსია. მანამდე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ თუ პუტინი ერთთვიან ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, "დამანგრეველ" სანქციებს დაუწესებს რუსეთს და უკრაინას იარაღის მიწოდებას გაუზრდის.

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთში ჩავიდა საბოლოო პოზიციის გასაგებად. მანამდე ვლადიმერ პუტინმა კრემლში ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მიიღო, რის შემდეგაც ლუკაშენკომ განაცხადა, რომ "აშშ-ს გეგმა არ აქვს".

პუტინის თანაშემწემ იურიო უშაკოვმაც განაცხადა, რომ "მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი". ეს კი ანალიტიკოსთა შეფასებით, ნიშნავს საბოლოო უარს აშშ-ს შეთავაზებაზე.

ანალიტიკოსების თქმით, ახლა რუსეთს ტრამპის ადმინისტრაციისგან მძიმე სანქციები ელის სამხედრო ეკონომიკურ სფეროში, უკრაინას კი იარაღის მიწოდებას გაუზრდის მნიშვნელოვნად, რაც ნიშნავს, რომ ომი კვლავ გაგრძელდება.

რა სცენარით წავა მოვლენები

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპი უკრაინის იარაღის მიწოდებას გაუზრდის, თუმცა ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების თუნდაც დროებითმა შეჩერებამ გამოიწვია ის, რომ რუსებმა ეს "კარგად გამოიყენეს" კურსკში და ზოგადად მოლაპარაკებების კუთხით.

"პუტინი უიტკოფსაც შეხვდება და საბოლოო სიტყვას ეტყვის, მაგრამ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა ფაქტიურად უარი თქვა. ამის პარალელურად პუტინი ამას ლუკაშენკოსთან განიხილავს, ლუკაშენკომაც თქვა, რომ ამერიკას გეგმა არ აქვსო და ესეც იმას ნიშნავს, რომ უარს იტყვის საბოლოოდ პუტინი. თან, როგორც ჩანს, აშშ-ს გეგმის ის ნაწილი, რომ ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი ჩამდგარიყო უკრაინის ტერიტორიაზე, ეს კრემლისთვის თავისთავად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა.

"რუსებმა ამერიკელები კარგად გააცურეს, რადგან როგორც კი ტრამპმა შეწყვიტა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციისა და შეიარაღების მიწოდება რამდენიმე დღით, რაც გეოსტრატეგიული შეცდომა იყო, მას შემდეგ ეს რუსებმა კარგად გამოიყენეს და კურსკის რეგიონი ფაქტიურად დაიბრუნეს, შეტევაზე გადავიდნენ და აქ ოპერატიულ-ტაქტიკური უპირატესობა აქვთ.

"ჯერ ოპერატიული კუთხითაც არ აწყობს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით. ეს პუტინს კიდევაც წამოსცდა, რომ მათ ცეცხლის შეწყვეტა არ აწყობთ, რადგან უკრაინელები გადაჯგუფდებიან, იარაღს მოიმარაგებენ და განახლებული ძალით შეუტევენ და დროის მოგების ვარიანტში პუტინს ეს არ აწყობს.

"რუსებს კარტ-ბლანში აქვთ, რომელიც სამწუხაროდ დონალდ ტრამპმა მიანიჭა ნებით, თუ უნებლიედ, ეს მისი ქმედებებიდან გამომდინარეა. რუსები ისე არიან ახლა, რომ თავიანთ მოწინააღმდეგის პატარა შეცდომასაც იყენებენ, რაც გამოჩნდა კიდევაც.

"ტრამპი კი იმუქრება, მაგრამ რას გააკეთებს ძნელი სათქმელია, იარაღის მიწოდებას გააგრძელებს, მაგრამ ისეთი იარაღი გააგზავნოს, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში არ გაუგზავნიათ, რაღაც არ მგონია. შეიძლება "ატაკამს"-ი მიაწოდოს, რომელიც უკრაინელებს გაუთავდათ და ამოსავალი წერტილი ესაა",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთის უარი ნიშნავს, რომ ომი კვლავ გაგრძელდება.

"ომი ჩვეულებრივად გაგრძელდება თავისი ყველა აღმა-დაღმა სვლებით, ეს გრძელი ომია დიდხანს გაგრძელდება. ბაიდენის ადმინისტრაციის დროს უკრაინაში ბევრი რამ არ წასულა, რაც შეიძლება ახლა მიაწოდოს ტრამპმა.

აშშ იარაღის მოწოდებას გააგრძელებს უფრო ინტენსიური ტემპებით, უფრო მეტი სანქციები მოუწევს რუსეთს, მაგრამ ჯერ მაინც ვვარაუდობ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება",- განაცხადა ლაშა ბერიძემ "რეზონანსთან".

ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი თენგის ფხალაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპმა წინასწარ იცოდა რუსეთის პასუხი, თუმცა ეს პოზიციის გაძლიერებისთვის სჭირდებოდა.

მისი თქმით, ახლა მისგან მოსალოდნელია, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციები, ისე უკრაინის შეიარაღების მიწოდების გაზრდა მნიშვნელოვნად.

"მოვლენები კლასიკური სცენარის მიხედვით ვითარდება, ტრამპს სჭირდებოდა საკუთარი პოზიციის გაძლიერება. ეჭვიც არ მეპარება, იგი დარწმუნებული იყო იმაში, რომ რუსეთი უარს იტყოდა, მაგრამ მას კარგი და ძლიერი პოზიცია სჭიურდებოდა იმისათვის, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაედგა, რომელიც რუსეთს შეაკავებს და დააფიქრებს იმ ქმედებებზე, რომელსაც ის დგამს.

"ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც უნდა განვითარებულიყო. დარწმუნებული ვარ, ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგმება, იქნება არაორაზროვანი, არამედ საკმაოდ საკმაოდ მტკიცე, რაც ძირითადად დაკავშირებული იქნება ეკონომიკურ თემატიკასთან.

რუსეთს წელს ისედაც სერიოზული პრობლემები აქვს, წელს რუსული ეკონომიკის იმაზე მეტად შენელებაზე ლაპარაკობენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ ტრამპი გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც უფრო მძიმე ტვირთად დააწვება რუსეთის სამხედრო ეკონომიკას, რაც მნიშვნელოვანია, რომ მან ვერ შეძლოს ომის გაგრძელება.

"სამხედრო დახმარებას აუცილებლად გააორმაგებს, რადგან ის კონტრაქტები, რომლებიც სამხედრო საწარმოებთან იყო, არცერთი კოტრაქტი შეწყვეტილი არაა და მინიმუმ წლის ბოლომდეა და გაგრძელდება. უკრაინა მიიღებს უფრო მეტ დახმარებას, ვიდრე მას ჰქონდა და ტრამპი ყველანაირად ეცდება რუსეთი დასვას მოლაპარაკებების მაგიდასთან, მაგრამ დასვას თავის პირობებზე.

"უკრაინა ნამდვილად არაა ომში დაიტერესებული, მას ომი არ დაუწყია. პუტინს სჭირდება რაიმე ტიპის არგუმენტი, დღეს რომ ის ამ ბრძოლიდან გამოვიდეს, მას შიგნით შეექმნება საკმაოდ დიდი პრობლემები.

პუტინის პირობებით ცეცხლი არ შეწყდება, მას უნდა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები გაუფორმონ და ამას არც ამერიკა გააკეთებს, არც ევროკავშირი და არც უკრაინა. პუტინს უნდა ევროპის რუკა თავისი შეხედულებებით გადაანაწილოს, ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება-არგაფართოება თავად გადაწყვიტოს, რის უფლებასაც მას არავინ მისცემს.

"პუტინს უნდა ითამაშოს ის ზე სახელმწიფო, რომელიც არ არის. მან ამ ომში იმდენი ჩადო, რომ ასე გამოსვლა მას შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას შიგნით. თანაც დღეს რუსეთს საკუთარი ტერიტორია ბოლომდე არ აქვს გათავისუფლებული.

ის, რომ რუსეთის ნაწილები კურსკის ოლქის ქალაქ სუჯაში შევიდნენ, ეს არ ნიშნავს, რომ კურსკი მთლიანად გაათავისუფლეს, პუტინს ომი ჯერ ისევ აქვს თავის ტერიტორიაზე და მაინცდამაინც მომგებიანი პოზიცია არ აქვს, ამ წამგებიან პოზიციაში მან თავად ჩაიყენა თავი",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ "რეზონანსთან".

როგორია რუსეთის პოზიცია

მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი უკრაინასთან და დაინტერესებულია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„ვთვლით, რომ ჩვენი მიზანია ხანგრძლივი მშვიდობიანი მოგვარება. ამისკენ ვისწრაფვით, მშვიდობიანი მოგვარებისკენ, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს, ჩვენს ცნობილ შეშფოთებებს. ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში არავის სჭირდება რაღაც ნაბიჯები, რაც მშვიდობიანი ქმედებების იმიტაციას წარმოადგენს", - აღნიშნა უშაკოვმა.

მისი თქმით, მან ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია აშშ-ის მთავრობის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცთანაც გამოთქვა.

„ბუნებრივია, მე გავაკეთე კომენტარი ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებებზე და გამოვთქვი ჩვენი პოზიცია, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა დროებით სულის მოთქმა უკრაინელი სამხედროებისთვის, მეტი არაფერი", - აღნიშნა უშაკოვმა.

"როიტერსი" ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების და ვაშინგტონთან ურთიერთობების აღდგენის შესახებ მოთხოვნების სია წარუდგინა. გამოცემა წერს, რომ გაურკვეველია კონკრეტულად რა შეიტანა მოსკოვმა აღნიშნულ სიაში ან მზად არის თუ არა ჩაერთოს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში მათ მიღებამდე.

"როიტერს"-ის წყაროების თქმით, კრემლმა ვრცელი პირობები წარადგინა, რომელიც უკრაინის, აშშ-სა და ნატო-ს მიმართ მოსკოვის მიერ ადრე წარდგენილი მოთხოვნების მსგავსია.

"როიტერს"-ი წერს, რომ ადრინდელი პირობები მოიცავდა მოთხოვნას, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს, შეთანხმებას უკრაინაში უცხოური ჯარების არ განლაგების შესახებ და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრეტენზიის - რომ ყირიმი და უკრაინის ოთხი რეგიონი რუსეთის კუთვნილებაა - საერთაშორისო აღიარებას.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ელოდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას, დათანხმდება თუ არა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, რისთვისაც უკრაინულმა მხარემ მზადყოფნა გამოხატა.

ამასთან, "როიტერს"-ი იხსენებს, რომ აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირები ბოლო კვირებში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების პროექტი, რომელიც ვაშინგტონმა, კიევმა და მოსკოვმა 2022 წელს სტამბოლში განიხილეს, შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ამოსავალი წერტილი გახდეს. აღნიშნულ მოლაპარაკებებზე რუსეთმა მოსთხოვა უკრაინას, უარი ეთქვა ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე და ბირთვული იარაღისგან სამუდამოდ თავისუფალი ქვეყნის სტატუსს დასთანხმებოდა. მოსკოვმა ასევე მოითხოვა ვეტოს დადება იმ ქვეყნების ქმედებებზე, რომლებსაც, ომის შემთხვევაში, უკრაინის დახმარება სურთ.

"როიტერს"-ი წერს, რომ როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფმა სტამბოლის მოლაპარაკებებს მყარი და შინაარსობრივი უწოდა და განაცხადა, რომ ის, შესაძლოა, გახდეს ორიენტირი სამშვიდობო შეთანხმებისთვის. უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა კი განაცხადა, რომ სტამბოლის შეთანხმებას ამოსავალ წერტილად არ მიიჩნევს.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევიმუშაოთ რაღაც სრულიად ახალი", - აღნიშნა კელოგმა.

რას აცხადებს ტრამპი

რუსეთზე ზეწოლა შეგვიძლია, მაგრამ იმედია, საჭირო არ გახდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ტრამპის პასუხი ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვას მოყვა იმის თაობაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ის რაიმეს გაკეთება რუსეთზე ზეწოლის მხრივ.

"კი, კი, შეგვიძლია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ საჭირო არ იქნება. რა თქმა უნდა, ზეწოლა შეგვიძლია. შეგვიძლია რუსეთთან ამის გაკეთება.

გახსოვდეთ, რომ რუსეთმა საქართველო ბუშისგან აიღო, ხო სწორია? მათ ყირიმი აიღეს ადამიანისგან სახელად - ობამა... სცადეს მთლიანად ყველაფრის მიღება ბაიდენისგან. ვინ არის ერთადერთი, ვისგანაც არაფერი აუღიათ? - ტრამპი.

რეალურად, მე ვარ ის, ვინც "ჩრდილოეთის ნაკადი - 2" შეაჩერა - გაზსადენი, ყველაზე დიდი გაზსადენი მსოფლიოში. მე გავაჩერე ის...

რაც რუსეთთან მიმართ გავაკეთე, ძალიან მკაცრი იყო, ყველაზე მკაცრი ვიყავი. ჩემგან არაფერი არ აუღიათ. აუღიათ ობამასგან, ბუშისგან და მძინარე ჯო ბაიდენისგან...

მაგრამ კი, არის რაღაცები, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, რაც სასიამოვნო არ იქნება [რუსეთისთვის] ფინანსური კუთხით. შემიძლია ფინანსურად რაღაცების გაკეთება, რაც ძალიან ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, ვინაიდან, მშვიდობის მიღწევა მსურს. მშვიდობის დანახვა მსურს.

ვნახავთ. ფინანსური კუთხით, კი, შეგვიძლია ძალიან ცუდი რაღაცების გაკეთება რუსეთისთვის, რაც გამანადგურებელი იქნება რუსეთისთვის", - განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დაიცავს თუ არა პუტინი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, თუ საერთოდ მოხდება მისი დათანხმება, ტრამპმა აღნიშნა, რომ ამაზე პუტინთან მას "ჯერ არსებითად არ უსაუბრია", მაგრამ ამერიკულ მხარეს "გარკვეული დადებითი მესიჯები მიუღია, თუმცა დადებითი მესიჯი არაფერს ნიშნავს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×