მარიამ ვეკუა
18.03.2025

სპროტესტო აქციების მონაწილეთა მასობრივი დაჯარიმების შემდეგ, ხელისუფლებამ ახლა იმ ფონდების ანგარიშები დააყადაღა, რომლებიც დაჯარიმებულ აქტივისტებს ფინანსურად ეხმარებოდნენ. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ფონდებით ხდებოდა ძალადობის მხარდაჭერა და წახალისება, ხოლო ოპოზიციაში ამბობენ, რომ „ოცნება" პროტესტის ჩახშობას მაქსიმალურად ცდილობს. რამდენად იმოქმედებს ფონდების დაყადაღება მიმდინარე საპროტესტო აქციებზე?

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში განახორციელა ა(ა)იპ „ნანუკას ფონდი"-ს , ა(ა)იპ „ფროსფერითი"-ს, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7"-ს, ა(ა)იპ „სირცხვილია" და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი"-ს საბანკო ანგარიშების და მათზე არსებული ფულადი სახსრების დაყადაღება.

ფონდების დაყადაღების შესახებ ინფორმაცია 17 მარტს „ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელმა ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალური ქსელით გაავრცელა. მისი ცნობით, დაყადაღების ფორმალური საფუძველი „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვატო შაქარიშვილის სარჩელი გახდა.

„მეგობრებო, ამ ადამინის შეტანილი სარჩელის საფუძველზე დაგვაყადაღეს (ოფიციალურად), თორემ სინამდვილეში მიზეზი ყველამ იცის", - წერს ჟორჟოლიანი.

შაქარიშვილი „ოცნების" მხარდამჭერი „ნეიტრალური საქართველოს" ლიდერია.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ „ოცნების" ერთდერთი მიზანი საპროტესტო მუხტის დაგდებაა, ხოლო პროკურატურის ოფიციალური განცხადება კი 1937 წლის რიტორიკას იმეორებს. ოპოზიციაში საუბრობენ რეპრესიებზე, რომელსაც „ოცნება" ამ გადაწყვეტილებით აგრძელებს.

მმართველი პარტიის ლიდერები კი ხაზგასმით ამბობენ, რომ ჯარიმას პრევენციული მიზანი აქვს, ხოლო ფონდები სახელმწიფოს ჩამოშლასა და ძალადობის წახალისებას ცდილობენ.

საინტერესოა ისიც, რომ ყველა ფონდის საქმე ერთ მუხლში გააერთიანეს. ფონდის დამფუძნებლები სამართლებრივ დავაში შესვლას არ აპირებენ.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ „ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების ინტენსივობის შესამცირებლად მიიღო. თუმცა განსხვავებულად აფასებენ მმართველი პარტიის ინიციატივას - ნაწილი ამბობს, რომ ფონდების მიზანი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების წახალისება იყო, ხოლო მმართველი პარტიის გადაწყვეტილება დროულია. ნაწილი კი „ოცნების" არგუმენტებს დეზინფორმაციულს უწოდებს და ფონდების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს.

ოფიციალური ბრალდება

პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს ფონდები ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს მიმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირების წსახალისებლად და მხარდასაჭერად და თანხების გამოყენება „დანაშაულებისთვის საჭირო ინვენტარებისა და საშუალებების შესაძენადაც" ხდებოდა.

პროკურატურის განცხადებაში საუბარია სისხლის სამართლის კონკრეტულ მუხლებზე, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება - 318-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 318-ე მუხლის მეორე ნაწილზე, 319-ე მუხლზე და 321 (პრიმა) მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტზე, რომელიც უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას გულისხმობს.

აქვე წერია, რომ ნახსენებმა 5-მა ფონდმა, რომელთაც ყადაღა დაედო, 2024 წლის 28 ნოემბრიდან,ანუ, უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

პროკურატურის ცნობით, ეს თანხები იხარჯებოდა აქციის მონაწილეების სხვადასხვა საშუალებებით აღჭურვაზე, „რათა სპეციალური საპოლიციო ღონისძიებებისას სამართალდამცავებზე ძალადობრივი შეტევა ყოფილიყო ეფექტური".

„მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული ე.წ. „ფონდები", მიღებული ფინანსური რესურსების ძირითად ნაწილს წარმართავდნენ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისებისთვის, ისევე როგორც ამ დანაშაულების ჩასადენად საჭირო ინვენტარის და საშუალებების შეძენისთვის, კერძოდ მითითებული „ფონდებიდან" ხდებოდა თანხების მიღება/გაცემა, მათ შორის ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებული შემდეგი დანიშნულებით: ,,აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის", ,,რაც საჭიროა ბრძოლისთვის", ,,აქციებისთვის ინვენტარის შეძენა", ,,პიროტექნიკის შესაძენად", ,,აირწინაღის შეძენა წინა ხაზის ბავშვებისთვის" და სხვა.

...დასახელებული ორგანიზაციები პირდაპირ წარმართავენ თანხებს უკანონო ღონისძიებების დასაფინანსებლად, მოუწოდებენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისკენ. კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა, მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ტელეწამყვანი და „ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„სიგიჟეა - ყველა ერთი მუხლით გაგვაერთიანეს და მოგვადგნენ უნამუსო რუსი კაცის სარჩელით. მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივ ნაწილში ჩართვა არ მინდა, რამდენიმე დეტალს მაინც მინდა ხაზი გავუსვა. ამბობენ: „დამნაშავეების დაფინანსება" - ამ ნაწილში მე მხედველობაში ვყავარ, როდესაც დაკავებულ ბიჭებს ვუვსებ საპატიმრო ბარათებს. მათ მიერ კონტროლირებად სასამართლოსაც ჯერ კიდევ არ უთქვამს, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნანუკას ფონდი" 2020 წელს დაარსა. მისი თქმით, ფონდი აქციებში მონაწილეთა ჯარიმების დაფარვის გარდა, ყოველდღიურად ბევრ „სასიკეთო საქმეს" აკეთებდა. ჟორჟოლიანმა 17 მარტს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ შესაძლოა მასთან ჩხრეკაც განხორციელდეს.

„სირცხვილიას" დამფუძნებელი მარია გეგუჩაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ნანუკას ფონდი" და „სირცხვილია" ერთად რომ დააყადაღეს, განსაკუთრებით მეცინება. აბსურდულობის ბოლომდე შესაგრძნობად შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „სირცხვილია" დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს, მაგრამ ასეა მოუნელებელი რომ ხარ", - წერს გეგუჩაძე.

ხელისუფლების და ოპოზიციის არგუმენტები

„ქართული ოცნების" წევრები საუბრობენ გამჭვირვალობაზე და ამბობენ, რომ ფონდების მუშაობა უნდა იყოს ღია, როცა ისინი პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არიან ჩართული.

„ვფიქრობ, ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე. საზოგადოებას სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, რას და რისთვის აკეთებს. როდესაც ფონდი პირდაპირ არის ჩართული გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარებაში. მით უმეტეს, თუ ეს საქმე იმ სცენარის ნაწილია, რასაც რევოლუცია ჰქვია, რასაკვირველია, იგი დამატებით ყურადღებას იმსახურებს," - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა და ხელი შეეწყოთ ამისთვის, სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება გახლავთ. როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან - „დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას" - ეს არის სახელმწიფო ფუნქციის გაუქმების მცდელობა. ეს არანაკლები მავნებლობაა, ვიდრე თავად დანაშაულის ჩადენა, შეიძლება უფრო მეტიც. ეს არის ჩვეულებრივი დანაშაულში წამქეზებლობა. როდესაც გეუბნებიან, რომ თუ თქვენ ჩაიდენთ ამა და ამ გადაცდომას, რისთვისაც სახელმწიფოს კონკრეტული ჯარიმა აქვს დაწესებული, მე გადაგიხდით," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ოცნების" გადაწყვეტილებით „დიქტატურისკენ ორი ნაბიჯი გადაიდგა."

„ყველა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა დაზარალებულებს („ნანუკას", „გილაურის" და სხვებიც), დააყადაღეს. ჯერ ხომ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით, ახლა ვინც უხდის ამ თანხებს, ვინც უკანონო პატიმრებს ეხმარება - იმათაც აჯარიმებენ. აგერ, ნანუკა ჟორჟოლიანს მთლად გურიის დახმარებისთვის მოსთხოვენ პასუხს.

„მაგრამ, იცით, რა არის გასაკვირი? ის, რომ ამდენი „არც ესაა გასაკვირი" დაგროვდა, და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში, სამშობლოს ვკარგავთ. აი, ეს კი ნამდვილად გასაკვირია," - წერს გვარამია.

„კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ „ოცნებას" ფონდების ეშინია:

„ფონდების ეშინიათ და სწორადაც! ყველა სახის სოლიდარობის ეშინიათ და დასდევენ. ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ. მადლობა ყველა ფონდს, რომლებიც არა მხოლოდ ხალხის მხარდაჭერას, არამედ სისტემის გაბრაზებასაც ემსახურებოდნენ."

რატომ დააყადაღეს მაინცდამაინც ახლა

„რეზონასნთან" ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძე იმაზე საუბრობს, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილებე „ოცნებამ" ახლა.

„ოცნებამ" ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაგროვდა ფაქტები, რომ ეს ფონდები ემსახურებოდა იმ ქმედებების სტიმულირებასა და დაფინანსებას, რომლებიც მიმართული იყო ხელისუფლების დამხობისკენ. ეს არც იმალებოდა. წარმოიდგინეთ, ფონდები წინა ხაზზე მებრძოლებსა თუ პოლიციასთან კონფრონტაციაში შემავალ ადამიანებს აფინანსებდნენ.

„გარდა ამისა, ეს ერთი კონკრეტული მაგალითია, თუმცა შესაძლებელია სხვა მოტივებზეც საუბარი, რომელიც შესაძლოა პროკურატურის განცხადებაში ნათქვამი არ იყოს. თუ დიდ სურათს შევხედავთ, ეს ფონდები, ფაქტია, ზღუდავდნენ სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საპროტესტო აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღკვეთისკენ. არღვევ კანონს - ჯარიმას გიხდის სხვა - გაქვს სტიმული.

„აქციების შემცირება იყო სწორედ ის, რაც „ოცნებას" სურდა. სხვა შემთხვევაში არ შემოიტანდნენ ამ ზომებს. მთავარი იყო ფინანსური წყაროების გადაკეტვა, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა ამ აქციების სტიმულირება", - განცხადა ანჯაფარიძემ.

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორის ნიკა ჩიტაძის თქმით კი, პროტესტის შესუსტების გარდა, ხელისუფლება კონკრეტული ფონდების დისკრედიტაციასაც ცდილობს.

„ბუნებრივია, „ოცნების" მიზანი საპროტესტო ტალღების მინელებაა, რადგან ადამიანებს, რომლებიც გამოდიან და აპროტესტებენ, აჯარიმებენ, ხოლო ფონდი ამას ანაზღაურებს. საპროტესტო ტალღის ჩასაკლავად სწორედ ეს ნაბიჯი იყო საჭირო, ყოველ შემთხვევაში, იმისთვისაც, რომ ადამიანებს დაეკარგოთ მანიფესტაციებში მონაწილეობიის სურვილი და მოტივაცია.

„მაგრამ აქ მნიშნელოვანია მეორ საკითხი - ფონდის დიკრედიტაცია, თითქოს ისინი აფინანსებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას, აფინასებდნენ და ახალისებდნენ დანაშაულს. ეს ყველაფერი არის „ოცნების" სადეზინფორმაციო კამპანიის ნაწილი", - აღნიშნა ჩიტაძემ.

გაგრძელდება თუ არა აქციები

ზაალ ანჯაფარიძის ვარაუდით, პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა რაიმე მნიშვნელოვანი ეფექტი არც მოყვეს, რადგან ხელისუფლების ოპონენტები იოლად მოძებნიან სხვა გზას საპროტესტო აქტივობების დასაფინანსებლად.

„არ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება პროტესტის მყისიერ შეწყვეტას გამოიწვევს, რადგან ალბათ, ის ხალხი, რომლებიც შეჰქონდათ ფული ამ ფონდებში და აფინანსებდნენ, მოიფიქრებენ სხვა გზას - და ასეთი გზა არაერთი არსებობს - რომ ეს საქმიანობა გააგრძელონ, რათა აქციები არ შეწყდეს და უწყვეტობა შენარჩუნდეს. ბოლოს და ბოლოს, ამ თანხას ნაღდი ფულით მიაწვდიან. იმის თქმა მინდა, რომ ბევრი გზა არსებობს, თუმცა, რა თქმა უნდა, „ოცნების" ეს გადაწყვეტილება აქციების ინტენსივობას დაეტყობა", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს აქციების უწყვეტად შენარჩუნებას და ელის ვაშინგტონისა და დასავლეთისგან კონკრეტულ ნაბიჯებს.

„ისინი ელოდებიან დასავლეთისგან ქმედებებს, უპირველეს ყოვლისა კი აშშ-ს პოზიცია. სწორედ ამის მეშვეობით მოხდება მათი მხარდაჭერების მოდელიერება. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს ოპოზიციას ადგილზე დიდი მხარდაჭერა არ აქვს. თუნდაც 25 თებერვლის აქცია ვერ გამოდგა შთამბეჭდავი. ვხედავთ, რომ ოპოზიცის რიგებში განხეთქილებაა. ასე რომ, ერთადერთი იმედი ამ აქციების უწყვეტობის შენარჩუნებაა. ამიტომ ახლა ოპოზიცია შეეცდება, რომ, ერთის მხრივ, აქციები შეინარჩუნონ და მეორე მხრივ იმუშავებენ დასავლეთან, რომ დასვლელები გადავიდნენ ქმედებებზე", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

ნიკა ჩიტაძის თქმით კი, აქციებზე ფონდების დაყადაღების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი გამოვა.

„არ ვფიქრობ, რომ აქციები შეწყდება. გუშინაც ბევრი ადამიანი შეიკრიბა და ასეც გაგრძელდება. ასევე საუბარია ალტერნატიული გზების შექმნაზეც, ამაზე ნანუკამაც ისაუბრა გუშინ, რათა მოხდეს მოქალაქეთა დანაკარგების კომპენსირება. ამიტომ ბრძოლა გრძელდება", - განაცხადა ჩიტაძემ

კითხვაზე, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია აქციების შენარჩუნებას, ჩიტაძე გვპასუხობს:

„გაჟღერდება კონკრეტული გეგმა. გარდა ამისა, მოდის 31 მარტი, 9 აპრილი - დღეები, რომელთაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საქართველოს ისტორიაში. ამიტომ, განსაკუთრებით ამ დღეებში, პროტესტანტთა რაოდენობა ქუჩაში მაღალი იქნება", - განცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×