ნატალია ჯვარიძე
19.03.2025

„ოპოზიციამ ცოტა აიშვა - საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ერთმანეთსაც კი არ აძლევენ და უბრუნდებიან იმ რეჟიმს, როდესაც ერთმანეთს უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

შარმანაშვილის თქმით, თუკი ოპოზიციის წარმომადგენლები მიიღებენ საბოლოო დირექტივას, რომ ისევ ერთად იყვნენ, ერთმანეთის კრიტიკას დაივიწყებენ და „საერთო გათამაშებას დაიწყებენ".

„ცოტა აიშვა ოპოზიციამ. ვინაიდან, მათი ხელმძღვანელებისგან და მათი პატრონებისგან საბოლოო გადაწყვეტილება არ მოსულა, რადგან მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების თაობაზე თვითონაც დაბნეულები არიან იქ, მათ დაიწყეს დამოუკიდებლად რაღაც საკითხების გადაწყვეტა და კარგად დაინახა მთელმა საქართველომ, რა ერთიანები, პრინციპულები და პროევროპელები არიან ისინი.

ე.ი. საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას ერთმანეთსაც კი არ აძლევენ და უბრუნდებიან იმ რეჟიმს, როდესაც უკანასკნელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ერთმანეთს.

ჩვენ ამას ვვარაუდობდით და ვამბობდით კიდეც, რომ ესენი ცოტა ხანში, დაუბრუნდებიან იმ რეჟიმს, როგორც კი ის ხელი მოაკლდებოდათ ან მოდუნდებოდა, რომლითაც ისინი იმართებიან. რა თქმა უნდა, ისინი თუ მიიღებენ საბოლოო დირექტივას, რომ ისევ ერთად იყვნენ, ამ ყველაფერს, რასაც ვუყურებთ, დაივიწყებენ; ერთმანეთის კრიტიკასაც დაივიწყებენ და რაღაცა საერთო გათამაშებას დაიწყებენ.

თუ არ მიუვათ [დირექტივა] ასევე გააგრძელებენ. ეს არის ურთიერთგამომრიცხავი ადამიანების ერთობა, რომლებიც წარმოადგენენ უცხოური გავლენის აგენტებს", - განაცხადა შარმანაშვილმა.

რა უშლის ხელს ოპოზიციის გაერთიანებას

გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ოპოზიციაში ბევრი პრობლემაა, რაც ხელს უშლის გაერთიანებაში.

„ჩემი შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ჭარბი ამბიციები აქვთ და მიაჩნიათ, რომ თითოეული მათგანი ლიდერია. დავაკვირდეთ, დასავლეთის ქვეყნებს, როდესაც პოლიტიკოსი გამოდის ტიტრებში ან სტატიაში იწერება, რომ ის არის ამა და ამ პარტიის წარმომადგენელი. ჩვენთან ყველა პარტიაში ლიდერია, როგორ შეიძლება ეს?

ამავე დროს, ეს ჭარბი ამბიცია ხელს უშლის კოორდინაციაში, რადგან ამბობენ, რომ ეს პოლიტიკოსი მეორე ოპოზიციონერთან ტელეეთერში არ დაჯდება, იძახიან, მეუხერხულება ამასთან დებატები და ა.შ. კულუარებიდან გვესმის, რომ კამერების მიღმა ერთმანეთს ლანძღავენ.

ასე რომ, ამ დაქსაქსულობით წარმატებას ვერანაირად აღწევენ. ასევე, მათ აქვთ ცაში აწეული მიზნები, რომ მოკლე ვადაში მიზანს მიაღწევენ და რაღაც ულტიმატუმებს აყენებენ. საბოლოოდ კი, ის მხარდაჭერა, რაც 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებისთვის ჰქონდათ, ფაქტობრივად წაშლილია.

თან მათ ამომრჩევლებსაც არ სურთ, რომ ქუჩაში იყოს დაპირისპირება, პოლიციასთან შეტაკება და ა.შ. ისიც უნდა ითქვას, რომ იმ ოთხმა ბარიერგადალახულმა პარტიამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა, როცა მანდატებზე უარი თქვეს, ვინაიდან საპარლამენტო ტრიბუნის დაკარგვა ძალიან ცუდია, როგორც შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ასევე საერთაშორისო ურთიერთობაში და მითუმეტეს, მედია პოპულარიზაციაში.

გასაგებია, რომ საკუთარი რადიკალური ტელევიზიებიდან ლაპარაკობენ, მაგრამ სად დეპუტატის სტატუსი და სად თვითშეჩერებული პარლამენტარის პოზიცია. ამ ყველაფრის ერთობლიობა, ასევე არაპოპულალური ლიდერები, ძველი პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს ნამდვილად აღარ არიან აქტუალურები და ოპოზიციაში ახალგაზრდა პოლიტიკოსების შეფერხება იძლევა იმ შედეგს, რაც არის", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×