
„ქართული ოცნება" განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ხშირად აკეთებს ოპოზიციის დასუსტებაზე განცხადებებს. მმართველ პარტიაში განსაკუთრებით ხაზს უსვამენ ბაიერგადალახულ პარტიებსა და ენმ - მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის დაპირისპირებას.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონსნთან" „ოცნების" მოსაზრებას იზიარებს, რომ ოპოზიცია დასუსტებულია. მისი აზრით, პირველ რიგში ეს გამოიხატება იმაში, რომ ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებაა.
„ოპოზიციის სისუსტე გამოიხატება შემდეგში - პირველი, ერთმანეთს დაუწყეს შიგნით ბრძოლა. ხაბეიშვილი და მისთანები აღიარებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი არ არისო. თავიდან კი ლაპარაკობდნენ, რომ ზურაბიშვილი ლეგიტიმური პრეზიდენტიაო. მეორე ისაა, რომ მათ თავზე ჩამოექცათ ის ცრუ ნარატივი, რომლის მიხედვითაც არავინ არ სცნობდა საქართველოს ხელისუფლებას.
„საგარეო საქმეთა მინისტრი ვნახეთ, რომ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ინდოეთში იყო, სადაც აშშ-ს დაზვერვის უფროსს შეხვდა. ამის გარდა, აშშ-ში გააუქმეს იუსაიდი და ეროვნული დემოკრატიის ფონდი, რომლისგანაც სულდგმულობდნენ და უმთავრესი, ჩვენს ქვეყანაში ის ფონდები დაუყადაღეს, რომლის მეშვეობითაც ისინი სულდგმულობდნენ და რევოლუციების იმიტაციას ახდენდნენ.
„როგორც მკვდარს ვერავინ ვერ გააცოცხლებს, ისე ეს ოპოზიცია სულს ვეღარ მოითქვამს. ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც ისტორიას ჩაბარდა, მაგის გამცოცხლებელი დედამიწის ზურგზე არავინ არაა. ოპოზიციურ ფლანგს კი ის ეშეველება, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფო რყევა შეწყდება, ისევე როგორც მეხუთე კოლონის ანგარიშები მათი პატრონის მიმართ, რომ საქართველო დაასანქცირეთ, ქვეყანა ომში ჩართეთ, ქართველ ხალხს გამოუცხადეთ ბოიკოტი და ა.შ.
„აუცილებლად შეიქმნება საქართველოში ოპოზიცია, რომელიც იქნება ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული და იმ შეცდომების მიმართ იქნება კონსტრუციული ოპონირების რეჟიმში, რომელსაც ესა თუ ის ხელისუფლება დაუშვებს",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი მიაჩნია, რომ ოპოზიციის დასუსტებაზე საუბრები რეალურად პროპაგანდის ნაწილია, რადგან თუ მართლა ასეა საქმე, ახალ არჩევნებს ჩაატარებდა და დაუმტკიცებდა ყველას, რომ განულებულია.
„ოპოზიცია რომ ასე დასუსტებული იყოს, როგორც ხელისუფლება ამას ლაპარაკობს, ახალ არჩევნებს დიდი სიამოვნებით ჩაატარებდა და მთელს მსოფლიოს დაუმტკიცებდა, რომ ქართველი ხალხი ირჩევს „ქართულ ოცნებას" და ყველაფერი რიგზეა. ამაზე უკეთესი ვარიანტი ხელისუფლებას არ ექნებოდა, მაგრამ მან მშვენივრად იცის, რომ ეს ასე არ არის.
„მართალია ოპოზიცია დღეს ვერ ახერხებეს იმას, რომ ხელისუფლება შეცვალოს და აიძულოს არჩევნები დაანიშნინოს, მაგრამ ვერც ხელისუფლება ახერხებს იმას, რომ ოპოზიციური პროტესტი ჩაახშოს და გარკვეულწილად ერთგვარი პატური სიტუაციაა შექმნილი.
„ხელისუფლება ძალიან ჩქარობს და ცდილობს, რომ ახალ-ახალი სანქციები შემოიღოს, აგერ ღალატის მუხლი შემოაქვს, ფონდებს აყადაღებს და ა.შ. ცდილობს ყველანაირი რესურსი მოუსპოს ოპოზიციას, რომ ქუჩაში პროტესტი შეწყდეს, რადგან ეშინია, რომ შესაძლოა ძალიან მალე, პოლიტიკურ პროტესტს ეკონომიკურიც დაემატოს, პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრისიზში გარდაისახოს და მაშინ ხელისუფლებას უკვე გარანტირებული აქვს კატასტროფული მარცხი.
„ამიტომ ახლა ცდილობს, რომ ყველაფერი პროპაგანდაზე, „დიფ სტეიტზე" ააგოს. იმაზე ააგოს, რომ აგერ ადგილობრივი არჩევნები მოდის, ახლა ახალი ნარატივი შემოვიდა - ვინ უნდა იყოს თურმე ქალაქის მერი. ანუ ცდილობს, რომ საზოგადოება და ძირითადად ოპოზოცია სხვა თემებზე გადაიყვანოს და პროპაგანდისტულადაც კი დღის წესრიგიდან მოხდას ახალი არჩევნები - ესაა დრეს მისი განზრახვა.
„ოპოზიცია თუ ასე სუსტი და განულებულია, უკეთესი არგუმენტი რა არის გარდა იმისა, რომ ჩაატარო ახალი არჩევნები, მოიწვიო დამკვირვებლები და შეცვალო სისტემა?!თუკი დარწმუნებული ხარ, რომ ოპოზიცია ნულია, ყველას დაუმტკიცებ ამით, რომ მართალი ხარ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".