
ქართული დელეგაცია ბუქარესტში ვიზიტს განაგრძნობს, საპარლამენტო დელეგაციის წეევრები აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ ღიად დასვა საკითხი, თუ რამდენად მზად იქნება ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის. ოპოზიციაში აცხადებენ რომ „ოცნება" ამ ვიზიტს გააპიარებს, როგორც ლეგიტიმაციას, აღნიშნავენ იმასაც, რომ „დასავლელმა პარტნიორებმა ყურადღება მოადუნეს".
ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ბუქარესტში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ყოფნა ლეგიტიმაციას არ ნიშნავს. „არ ვფიქრობ, რომ ეს იყო საპარლამენტო არჩევნების აღიარება," - ამბობს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე.
„მოგეხსენებათ, ევროკავშირის ფარგლებში რუმინეთიც მხარს უჭერს „ქართული ოცნებისთვის" სანქციების დაწესებას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ არსებობს კონკრეტული საპარლამენტო ჯგუფი, რომელიც რუსებთან უფრო ლოიალურად არის განწყობილი და რომელმაც „ქართული ოცნება" მიიწვია, რადგან ევროპარლამენტშიც არსებობენ პრორუსული ჯგუფები. არც რუმინეთში გაკეთებულა კონკრეტული ოფიციალური განცხადებები, რითაც აღიარებდნენ არჩევნებს ან ულოცავდნენ ქართულ მხარეს გამარჯვებას. ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში არანაირ ლეგიტიმაციასთან საქმე არ გვაქვს. ამიტომ, სამხარაძის განცხადება მოდით, მივიჩნიოთ პროპაგანდის ნაწილად," - განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი თვლის, რომ მმართველი გუნდი მულტივექტორულ პოლიტიკას წარმართვს, ხოლო ოპოზიცია მხოლოდ მმართველი გუნდის ბულინგით შემოიფარგლება.
„ვფიქრობ, ოცნებას ლეგიტიმაცია საერთაშორისო ასპარეზზე ნამდვილად არ სჭირდება. რაც შეეხება „ოცნების" ხელისუფლების ვიზიტებს, ეს მულტივექტორული საგარეო კურსის გაგრძელებაა - ყველასთან მეგობრობა, გარდა რუსეთისა. თუმცა რუსეთთანაც რომ ერთ დღეს დიალოგი გახდება აუცილებელი, უეჭველია.
„ოპოზიციას, რომელიც აბსოლუტურად გაღატაკებულია რეიტინგულად, სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ დაბულინგოს მმართველი გუნდი. თუმცა ესეც არ გამოსდის, ამიტომ სჯობს, მიხედონ თავიანთ მიმდევრებს და პოლიტიკურ გზავნილებს. აბსოლუტური პოლიტიკური აჯაფსანდალია დღეს რადიკალურ ოპოზიციაში.
„ამიტომ, ლეგიტიმაციაზე საუბარი და ის, თითქოს ბუქარესტში პარლამენტარმა სამხარაძემ და მისმა კოლეგებმა ფოტოების გადასაღებად გამოიყენეს ეს ვიზიტი, ძალიან გულუბრყვილოა. ასევე, ოპოზიციური ფლანგიდან ისიც გვესმის, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ ვერ ერკვევა, და ამიტომ სირცხვილია მათი პრეტენზიები. ასე რომ, ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის," - განაცხადა აბაშიძემ.
პოლიტიკური შეფასებები ბუქარესტიდან
ქართული დელეგაციის წევრები ბუქარესტში აცხადებენ, რომ ყველა შეხვედრაზე საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„დავუდასტურეთ რუმინულ მხარეს, რასაც ვეუბნებით ქართულ საზოგადოებასაც, რომ 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად, - თქვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ. რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბუქარესტში ვიზიტს განაგრძობს.
აღნიშნავს, რომ ქართულმა მხარემ ღიად დასვა საკითხი, თუ რამდენად იქნება ევროკავშირი არსებული გამოწვევების ფონზე ახალი წევრების მიღებისთვის.
„მოგვილოცეს არჩევნებში გამარჯვება და მზად არიან გააქტიურონ ორმხივი მუშაობა, ასევე ძალიან ღიად დავსვით კითხვა - მზად იქნება თუ არა ევროკავშირი 2030 წელს გაფართოებისთვის იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც მას დღეს აქვს, დაწყებული ეკონომიკური პრობლემებით, ასევე, მიგრაციის საკითხი, უსაფრთხოების საკითხი, ასევე უკრაინა, თავდაცვის გაძლიერება, ნატო და ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, საკმაოდ გულახდილი საუბარი გვქონდა," - განაცხადა სამხარაძემ
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ამბობს, რომ რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე.
„შეხვედრებიდან ნათელია, რომ რუმინეთი მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და მზადაა საკუთარი უნიკალური გამოცდილების გასაზიარებლად, ამ მხრივ არის სრული მზაობა," - განაცხადა მახაშვილმა.
სამოქალაქო ორგანიზაცია „ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორმა ზაზა ბიბილაშვილმა სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ „ოცნება" უამრავ რესურსს ხარჯავს რომ შექმნას სურათი, სადაც ლეგიტიმაციის პიარს აკეთებს.
„ქართული ოცნება" აურაცხელ რესურსს ხარჯავს, რომ რამენაირად შექმნას ე.წ. კარწინკა, თითქოს მას ხელს ართმევენ და ყველაფერი ჩვეულებრივადაა - რაღაც არხებით მათ შეძლეს დაბალ დონეზე, საპარლამენტო დელეგაციის გაგზავნა და იმ რამდენიმე სურათის გადაღება, რომელსაც შემდეგ გააპიარებენ როგორც ლეგიტიმაციის დასტურს," - განაცხადა ბიბლაშვილმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების" წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას, რომ რუმინულ მხარეს ჰკითხეს, თავად ევროკავშირი რამდენად იქნება მზად 2030 წელს გაფართოებისთვის, ბიბილაშვილი ამბობს, რომ ეს „ცინიკურ-რუსული პროპაგანდაა".
„როგორ შეიძლება 2030-ში ვინმე რამისთვის იყოს მზად, როდესაც დღეს უკლებლივ ყველა, ვინც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გვეუბნება, რომ ეს არ მოხდება, ვინაიდან ეს რეჟიმი, რომელიც დღეს საქართველოს სახელით გამოდის, დგამს ნაბიჯებს, რომელსაც ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა
ევროინტეგრაციისა და მოლაპარაკებების გახსნის შესახებ განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა: „რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„დასვლეთმა ყურადღება მოადუნა"
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა ყურადღება მოადუნეს. მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით ევროპელ ლიდერებთან გაგზავნილი წერილის შინაარსი ცნობილია. იქ ხაზგასმით წერია, რომ ევროპამ „სათანადო ყურადღება მიქციოს" საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სამი ძირითადი მიზეზის გამო: დემოკრატია, სუვერენიტეტი და სტრატეგია.
„ჩემი, საქართველოს პროევროპული პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სახელით მოგიწოდებთ, სათანადო ყურადღება დაუთმოთ საქართველოში არსებულ საგანგაშო მოვლენებს, სადაც რუსეთის მიერ შთაგონებული რეჟიმი ყოველდღიურად აფართოებს რეპრესიულ ზომებს საქართველოს დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ", - წერია წერილში.
„ძლიერი საქართველოს" წევრმა, თაზო დათუნიშვილმა, სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ დასავლელ პარტნიორებს საქართველოში ბევრი იმედგაცრუება შეხვდათ, ამიტომ ნაწილობრივ ყურადღება მოადუნეს.
„ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა საქართველოზე გარკვეულწილად ყურადღება მოადუნეს, რადგან მათ ძალიან ბევრი იმედგაცრუება შეხვდათ იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებშიც ძალიან ღიად და პირდაპირ ჩაერთნენ - იგივე, შარლ მიშელის შეთანხმებიდან დაწყებული. ამიტომ ამის არაღიარება და თვალის დახუჭვა დათვური სამსახურის გაწევა არის „ქართული ოცნებისთვის", - განაცხადა დათუნიშვილმა.
თუმცა ვითარებას განსხვავებულად აფასებს „ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი ზაზა ბიბილაშვილი. იგი აღნიშნავს, რომ ევროპის მხრიდან საქართველო ყურადღების დეფიციტს არ განიცდის. „ნუ დავარქმევთ ამას ევროპის შეტოვებას, მაგრამ ამას ბევრი ასე აღიქვამს. შესაბამისად, ამ ვითარებაში იმაზე მეტი ყურადღება საქართველოს მიმართ, ვიდრე არის, ერთი მხრივ, ალბათ, ძნელი წარმოსადგენია. მეორე მხრივ, კარგია წერილების გაგზავნა, თუმცა არსებობს ქმედება, რომელიც ავტომატურად გამოიწვევდა ყურადღებას."
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა:
„საქართველო ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას. ჩვენი ფიქრები საქართველოსთან იქნება და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით ისეთივე იქნება, როგორც მანამდე", - განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა.
რატომ მოადუნა ევროპამ ყურადღება
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ დასავლელი პარტნიორების ყურადღება მოდუნებულია და საუბრობენ მიზეზებზე. ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ დასავლეთი ახლა რუსეთ-უკრაინის ომსა და ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს, თუმცა ამბობს, რომ „ეს დროებითია"
„რაც შეეხება „ევროპის მოვლინებას", ვფიქრობ, საქართველო არ გამხდარა მეორეხარისხოვანი მათთვის. თუმცა, დღევანდელ ეტაპზე, როცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომზე, ასევე ევროპისთვის პრიორიტეტია აშშ-სთან ურთიერთობების დალაგება ამ სატარიფო ომის პირობებში. ერთი პერიოდი ევროპამ ყურადღება გადაიტანა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. შესაბამისად, ეს მოვლენა დროებითია. ევროპა მაინც დაუბრუნდება საქართველოს საკითხს, რადგან საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროკავშირის დღის წესრიგში."
კითხვაზე მოადუნა თუ არა ევროპას ყურადღება, აბაშიძე გვპასუხობს, რომ დასავლელმა პარტნიორებმა „ქართული ოცნების რყევას" აზრი არ აქვს.
„ცალკეულმა დასავლელმა ლიდერებმა დაინახეს, რომ „ქართული ოცნების" რყევას აზრი არ აქვს, რადგან მას აქვს მყარი მხარდაჭერა ელექტორატში. ეს რადიკალური პროტესტები იყო, შემდეგ მინავლდა. ასევე ხედავენ, რომ სალომე ზურაბიშვილის წონა ქართულ პოლიტიკურ ველზე არაფერს ნიშნავს. მან 19 მარტს გაგზავნა წერილი ევროპელ ლიდერებთან, რომ ევრობლოკის სამიტზე განეხილათ საქართველოს საკითხი, თუმცა ყურიც არავინ ათხოვა. ასე რომ, თუ ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააგრძელებს ამ „პრეზიდენტობანას" თამაშს, მისთვის უარესია.
„როგორც კობახიძემ თქვა, ლევან ხაბეიშვილს უფრო მეტი შორსმჭვრეტელობა აქვს, ვიდრე ცალკეულ ევროპარლამენტარებს, რომლებიც მოითხოვენ, რომ აღიარებული იყოს ე.წ. პრეზიდენტად ზურაბიშვილი", - განაცხადა აბაშიძემ.