თამთა ჩაჩანიძე
14.04.2025

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილ გალუზინი აცხადებს, რომ მოსკოვი მზადაა საქართველოსთან "დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს" და მზადაა "იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება".

ამ განცხადებას თბილისისგან მყისიერი პასუხი მოჰყვა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ურთიერთობების აღდგენას ერთი ბარიერი უდგას წინ და ეს ოკუპაციაა და "რუსეთს შეუძლია ეს ბარიერი ძალიან მარტივად მოხსნას".

"საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან მტკიცე და შეუვალი პოზიცია, რომ სანამ სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე იქნება რუსეთის ორი ე.წ. საელჩო სოხუმსა და ცხინვალში, მანამდე არანაირ დიპლომატიურ-პოლიტიკურ დიალოგზე არ იქნება საუბარი",- განაცხადა "რეზონანსთან" ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ.

"პაპუაშვილის პასუხი იმდენად სწრაფად იყო, რომ ხალხის რეაქციას რომ ამოწმებდნენ, მაშინ ფეხს აითრევდნენ, ან ერთი დღე მაინც არ უპასუხებდნენ. პირიქით, შეეშინდათ ხალხის რეაქცია არ ყოფილიყო უარყოფითი და განცხადება სწრაფადვე გააკეთეს",- განაცხადა ყოფილმა სახელწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან"

რას ნიშნავს რუსეთის საგარეო უწყების მორიგი განცხადება საქართველოზე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოსკოვიდან ეს ახალი არაა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თავად რუსეთზეა დამოკიდებული და დაწყება მაშინ, როდესაც დაიწყებს დეოკუპაციის პროცესს.

"ეს მოსკოვიდან ახალი განცხადება არაა, მრავალი წლის განმავლობაში, ძალიან ხშირად ისმის, რომ პოლიტიკურ და დიპლომატიურ დონეზე ურთიერთობა აღსადგენია, მაგრამ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს ძალიან მტკიცე და შეუვალი პოზიცია, რომ სანამ სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე იქნება რუსეთის ორი ე.წ. საელჩო სოხუმსა და ცხინვალში, მანამდე არანაირ დიპლომატიურ-პოლიტიკურ დიალოგზე არ იქნება საუბარი.

"რასაკვირველია, საქართველოს ოფიციალურ მხარეს აქვს რუსეთთან კომუნიკაცია, ეს იქნება ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი, ასევე "აბაშიძე-კარასინის" ფორმატი და ვხედავთ, რომ სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები წლიდან წლამდე ვითარდება, მაგრამ როცა მოსკოვი დიპლომატიური აღდგენის აუცილებლობაზე იტყვის, ოფიციალური თბილისიდან მყისიერი პასუხი მოჰვება ხოლმე და პარლამენტის თავმჯდომარე პასუხი უკვე გასცა.

"ძალიან ადვილია ამის დაწყება, როგორც კი დეოკუპაცია დაიწყება. ასე, რომ აქ სიახლე არაფერია და ლავროვის მოადგილე იტყვის, კრემლიდან, თუ სახელმწიფო სათათბიროდან, ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მოლაპარაკების დაწყება მოსკოვის კონკრეტულ ქმედებებზეა დამოკიდებული",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ხალხის რეაქციის შეეშინდა და მყისიერი პასუხი გასცა, მისი თქმით, "ოცნება" ამ წუთში მზად არაა ამ წინადადების საპასუხოდ და ადგილობრივ არჩევნებს დაელოდებიან როგორ ჩაივლის.

"მართლაც წელიწადი არ გავა, რომ რუსეთის რომელიმე ჩინოვნიკმა მინიშნება არ გააკეთოს და მერე საქართველოდან მიდის ძალიან მკაცრი პასუხი, რომ ეს არ მოხდება ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, გალუზინმა მორიგჯერ შეამოწმა, აბა რამდენად მზადაა საქართველო დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინოს და პაპუაშვილმა მყისიერად უპასუხა.

"ქართულ ოცნებას" არ სჩვევია ასე (მყისიერად პასუხი) დიდხანს-დიდხანს ფეხს ითხრევს ხოლმე, ან არ პასუხობს, ან გვიან, ახლა კი უცებ უპასუხა, ამიტომ ეს მომზადებული პასუხი იყო, დიდხანს არ უფრიქრიათ და ეს თემა ისევ ამოიწურა.

"ქართულ ოცნებას" რომ პასუხი დაეგვიანებინა, ან არ გაეცა, ეს უკვე საჯარო შეტყობინება იქნებოდა მათთვის დადებითი. დარწმუნებული ვარ, სადმე კულუარულად ხვდებიან, მაგრამ, ამ დროს საჯარო განცხადებას თავისი აზრი აქვს, თუ რამდენად "ქართული ოცნება" იცვლის პოზიციას, პაპუაშვილის პასუხმა აჩვენა, რომ ამ წუთში "ოცნება" მზად არაა პოზიცია შეიცვალოს. როგორც ჩანს, უახლოეს ხანში, სულ ცოტა ადგილობრივ არჩევნებამდე არ უნდა ველოდოთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას.

"მერე კი, როგორ ჩაივლის ადგილობრივი არჩევნები, როგორ შერჩებათ ხელისუფლების მითვისება, როგორ მოახერხებს ოპოზიცია "ოცნება" შეავიწროვოს, ამ და უამრავი ფაქტორიდან გამომდინარე, არჩევნების შემდეგ ახალი პერიოდი დაიწყება საქართველო-რუსეთის ურთიერთობისა და მერე შეიძლება ამ თემას ხელახლა დაუბრუნდნენ.

"პაპუაშვილის პასუხი იმდენად სწრაფად იყო, რომ ხალხის რეაქციას რომ ამოწმებდნენ, მაშინ ფეხს აითრევდნენ, ან ერთი დღე მაინც არ უპასუხებდნენ, პირიქით, შეეშინდათ ხალხის რეაქცია არ ყოფილიყო უარყოფითი და განცხადება სწრაფადვე გააკეთეს",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა "რეზონანსთან".

რუსეთის საგარეო უწყების განცხადება და საქართველოს ხელისუფლების პასუხი

"საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს შეუძლია, ძალიან მარტივად ეს ბარიერი მოხსნას", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადების საპასუხოდ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია.

„როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი. ამიტომ, ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რა არის ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას. ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია. ამიტომ, ჩვენ ველოდებით ზუსტად ამას.

"სხვა საკითხებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ერთადერთი საკითხი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ეს არის ერთადერთი ბარიერი საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების გზაზე. ამ ბარიერის მოხსნა ხელეწიფება თავად რუსეთს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის თქმით, კი, მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. მისი თქმით, რუსეთი მზადაა წავიდეს "იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება" და მათთვის "არანაირი შეზღუდვა არ არსებობს".

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არა რუსეთის ხელისუფლებამ, არამედ სააკაშვილის რეჟიმმა შეწყვიტა „მას შემდეგ, რაც ამ რეჟიმმა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, რუსი სამშვიდობოების და შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიის განხორციელება სცადა" და ახლა, საქართველოში, სააკაშვილის რეჟიმი ამის გამო ყველაზე მკაცრ კრიტიკას განიცდის.

გალუზინის თქმით, გასული წლის შემოდგომაზე, საარჩევნო კამპანიის დროს, საქართველოს ხელმძღვანელობამ ძალიან „გონივრული განცხადებები გააკეთა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდის აუცილებლობისა და შერიგების მიღწევის განზრახვის შესახებ".

„როგორც მესმის, ოფიციალურ თბილისს იგივე დამოკიდებულება აქვს აფხაზეთის მიმართ. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი სიგნალებია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიხატება კონკრეტულ ნაბიჯებში საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის", - აღნიშნა გალუზინმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება.

„ვწუხვართ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას კვლავ უკავშირებს ჩვენს პოზიციას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და მზად ვარ გავიმეორო, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება", - აღნიშნა გალუზინმა.

თუმცა, მისი მტკიცებით, რუსეთი მზად არის საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ყოვლისმომცველი განვითარება განაგრძოს.

„ამისთვის ბევრი შესაძლებლობა არსებობს. საქართველოსთვის რუსეთი კვლავ მნიშვნელოვან ბაზრად რჩება მრავალ სფეროში, განსაკუთრებით ღვინის პროდუქტებისა და ხილის. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოსთვის ენერგორესურსებისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია. რუსეთსა და საქართველოს აერთიანებს საერთო ისტორია, საერთო რწმენა, კულტურული, ჰუმანიტარული და ადამიანური კავშირები", - აღნიშნა გალუზინმა.

მისი თქმით, რუსულმა მხარემ ბოლო წლებში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

„კერძოდ, აღდგა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა რუსეთსა და საქართველოს შორის. აღდგა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის. რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, მზად ვართ, აღვადგინოთ ისინი. მზად ვართ, წავიდეთ იმდენად შორს, რამდენადაც ქართული მხარე მზად იქნება. აქ ჩვენთვის არანაირი შეზღუდვა არ არსებობს", - აღნიშნა გალუზინმა.

კითხვაზე, თუ ქართული მხრიდან სიგნალი მოვა, შესაძლებელია თუ არა დიპლომატიური და პოლიტიკური კონტაქტების აღდგენის გზაზე დადგომა, გალუზინმა უპასუხა: „დიპლომატებს ნამდვილად არ უყვართ კითხვებზე პასუხის გაცემა, რომლებიც იწყება სიტყვით „თუ". მაგრამ ამ შემთხვევაში, ვიტყოდი, რომ ალბათ მართალი ხართ".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×