მარიამ ვეკუა
14.04.2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია 14 აპრილს, 12 საათზე, საპარლამენტო საგამოძიებო სხდომაზე გამოცხადდა. „გავრილოვის ღამე - 20 ივნისის აქცია", „პრემიერობიდან გადადგომის მიზეზები", „გადადგომამდე აშშ-ის ელჩთან შეხვედრა" - მხოლოდ ნაწილია იმ სკანდალური განცხადებებისა, რომელიც კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა და თითქმის 6 საათი გაგრძელდა.

ოპოზიციური პარტიები გახარიას კომისიაში მისვლას ნეგატიურად აფასებენ. ამბობენ, რომ როცა „მონაწილეობ ფარსში, ფარსის ნაწილი ხარ".

კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, გახარიას მადლობა გადაუხადა, რომ ის აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმაციას, რადგან სხდომაზე გამოცხადდა.

„მადლობა, რომ მობრძანდით. როგორც ჩანს, აღიარეთ საქართველოს პარლამენტი და თითოეული ჩვენგანი, ჩვენ, ჩვენი დეპუტატის უფლებამოსილებებში," - განაცხადა სხდომის დასაწყისში წულუკიანმა.

გახარიას თქმით, მისი სხდომაზე გამოცხადება არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო კომისიასა თუ პარლამენტს აღიარებს.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ამ კომისიას ვაღიარებ. მე რომ ამ კომისიას ვაღიარებდე, ჩვენ აქ ორი ადგილი გვაქვს და ჩვენი წარმომადგენლები აქ იქნებოდნენ. მაგრამ მე ვაღიარებ იმას, რომ ამ კომისიის ჰიბრიდული ზემოქმედების ძალა საქართველოს მოქალაქეებზე, სამწუხაროდ, მუშაობს," - უპასუხა გახარიამ წულუკიანს.

20 ივნისის ღამე

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მასთან ერთად უნდა გამოკითხოს ბიძინა ივანიშვილი, გენერალური პროკურორი, სუს-ის ხელმძღვანელი და „გავრილოვის ჩამომყვანი".

„ვთვლი უბრალოდ, რომ ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს ივანიშვილი. ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად, ამ კომისიამ უნდა გამოჰკითხოს გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი - ადამიანი, რომელმაც აიღო ყველა სახის გარანტია და პასუხისმგებლობა თავის თავზე, რომ გავრილოვის ჩამოყვანის შედეგად შექმნილი რისკები არ იქნებოდა დამაზიანებელი და იქნებოდა მართვადი. და ამის შემდგომ დაჯდა და გაიპარა."

გახარიამ სხდომაზე ხაზგასმით თქვა, რომ რუს პოლიტიკოსს, სერგეი გავრილოვს, მასპინძლობა ირაკლი კობახიძემ გაუწია. მოგვიანებით კი კობახიძემ საქართველო დატოვა.

სხდომის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მაშინ კობახიძე ქვეყანაში არ იმყოფებოდა და პასუხისმგებლობა პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს ეკისრებოდა.

„ზაქარია ქუცნაშვილი იყო 20 ივნისის ღონისძიების მასპინძელი და მან, თქვენგან განსხვავებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და არავის აღარ უნახავს პოლიტიკურ ველზე. ქუცნაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე, არა თვალის დათხრაზე," - განაცხადა წულუკიანმა.

გახარიამ დასძინა, რომ კობახიძემ შემდეგ ქვეყანა დატოვა.

ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ნებართვა

გახარიამ დეტალურად ისაუბრა 20 ივნისის ღამეზე. კითხვაზე - გასცა თუ არა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება - უპასუხა: „თქვენ [ალბათ] მალევე შეიტყვეთ, რომ რეზინის ტყვიები იყო გამოყენებული. როდესაც თქვენ ეს შეიტყვეთ, როგორი იყო თქვენი რეაქცია?" - მიმართა წულუკიანმა გახარიას.

„დიახ, შევიტყვე და ამის შემდგომ რეაქცია იყო ბრძანების გაცემა, რომ რეზინის ტყვიების სროლა მაქსიმალურად ყველას შეეწყვიტა. ყველა უკიდურესად, კატეგორიულად იყო გაფრთხილებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ ან მოქალაქეების სიცოცხლეს პირდაპირი რისკი ემუქრებოდა, პოლიციის კანონის შესაბამისად ემოქმედათ. ეს იყო. ეს ბრძანება მე გადავეცი, გავეცი ჩემს მოადგილეებს," - უპასუხა გიორგი გახარიამ.

20 ივნისის ღამეს რაც მოხდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ჩემზეა - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის" სხდომაზე განაცხადა.

გახარიამ დასძინა, რომ ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენების ბრძანება მან გასცა და არა მისმა მოადგილეებმა.

როგორ შეძლო გავრილოვმა საქართველოში შემოსვლა

ყოფილმა შს მინისტრმა დეტალურად აღწერა 20 ივნისის ღამესა და რუსი პოლიტიკოსის ქვეყანაში შემოსვლა. მისი თქმით, იყო შანტაჟი (არ დაუკონკრეტებია ვისი მხრიდან), რომ თუ რუს პოლიტიკოსს საქართველოში არ შემოუშვებდნენ, მაშინ საქართველო საერთაშორისო სკანდალში გაეხვეოდა.

„როდესაც ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება იგეგმებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოვიდა რუსეთის მოქალაქეების სია, რომლის შემოსვლაც იყო დაგეგმილი. მაშინ ჩვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ისევე როგორც სუს-მა, კატეგორიული უარი განვაცხადეთ ამ ხალხის შემოსვლაზე. იქ იყო დაახლოებით 10 თუ 12 კაცი. ბევრად უფრო ოდიოზური გვარები იყო, ვიდრე გავრილოვი. ეს ხალხი ყველა „დაბრაკული" იყო," - განაცხადა გახარიამ.

„მერე თქვეს, რომ ვიღაცა სხვა იქნებოდა ამ კონფერენციის ხელმძღვანელი. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ამათ საღამოს მოუწყვეს ის რაღაცა რესტორანში ქეიფი, ღვინო დალიეს, ჭიქები უჭახუნეს, დაჯდნენ თვითმფრინავში და წავიდნენ," - განაცხადა გახარიამ.

"მელია იყო დასაკავებელი და დავაკავეთ"

გახარიამ ხაზგასმით თქვა, რომ ივნისის აქციის დროს ნიკა მელია დასაკავებელი იყო.

ცნობისთვის, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დააკავეს და ტერიტორიიდან წაიყვანეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს. მოგვიანებით, 2021 წლის 7 სექტემბერს, მასზე ამნისტია გავრცელდა.

„ოპერატიული მასალა იყო - იყო შეიარაღებული ჯგუფები, რეგიონიდან ჩამოყვანილი ხალხი, იყო ბარიკადები და ა.შ."

„მე იმ დროსაც ვამბობდი, რომ მელია იყო დასაჭერი იმ ფორმით, რომ მელიას ამნისტირება არ ყოფილიყო საჭირო, არანაირი ამნისტიის მოთხოვნის რესურსი არ დაგვეტოვებინა - ისე უნდა გაგვეკეთებინა ეს არა როგორც პოლიტიკური აქტი, არამედ ჩვეულებრივი კრიმინალის დაკავება," - განაცხადა გახარიამ.

ჩორჩანას საქმე

შეგახსენებთ, სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნას დაძაბულობა მოჰყვა. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი პოსტის დაშლას მოითხოვდა, ქართული მხარე კი აცხადებდა, რომ თავად გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს მისსავე კონტროლირებად ტერიტორიაზე.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის, შეკითხვას, რომელიც სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნას და ამ ამბის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის შეუტყობინებლობას შეეხებოდა, გახარიამ უპასუხა, რომ მისი ეს გადაწყვეტილება იყო შეთანხმებული.

„დაიცავით თუ არა ნორმა, რომელიც გაწვდებათ, რომ საგუშაგოს მოწყობა არ დაგეწყოთ თქვენით? ძლევამოსილი იყავით თუ არა? - მე თუ მეკითხებით, დაგიდასტურებთ, რომ იყავით - რა შს მინისტრი, თქვენ იყავით სუპერ ძლევამოსილი," - განაცხადა წულუკიანმა, რაზეც გახარიამ უპასუხა: „ახლაც არ ვუჩივი ძლევამოსილებას - მე მყოფნის".

ამასთან, როგორც წულუკიანმა აღნიშნა, გიორგი გახარია შს მინისტრობის დროსაც კი პრემიერ-მინისტრივით იქცეოდა.

წულუკიანის საპასუხოდ კი გახარიამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა".

„პრემიერ-მინისტრის გარეშე ამ საკითხს ვერ გავაკეთებდით. პრემიერ-მინისტრი იყო ჩემი ხელმძღვანელი, როცა ასეთ ნაბიჯებს ვდგამდი. მარტო ამას არა - სხვას ყველაფერს ვუთანხმებდი პრემიერ-მინისტრს," - განაცხადა გახარიამ.

ამ პასუხს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა, და გახარიას „მატყუარაც" რამდენჯერმე უწოდეს.

გადადგომამდე 2 დღით ადრე შეხვედრა ელჩთან

კითხვაზე, ხომ არ შეხვდა უცხოელ დიპლომატს, რომელმაც ურჩია, რომ გუნდის წინააღმდეგ თავისი პოზიციის წინააღდეგ არ წასულიყო, წულუკიანმა დააზუსტა, რომ გულისხმობდა ისეთ უცხოელებს, რომლებმაც მელიას შემდგომ გირაოს ფული შეუგროვეს.

„არავითარ შემთხვევაში, მსგავსი რამ არ ყოფილა. მე პოზიციას ვერავინ შემაცვლევინებს," - განაცხადა გახარიამ.

თუმცა მოგვიანებით, კითხვების რამდენჯერმე განმეორების შემდეგ, გახარიამ დაადასტურა, რომ ის შეხვდა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს.

კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი ნიკა მელიას დაკავების შესახებ, გახარიამ უპასუხა:

„იყო. თუმცა ითქვა, რომ ეს თქვენი საქმეა - ჩვენ არ ვერევით."

შევა თუ არა გახარია პარლამენტში

გახარიამ კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე არ გაცა. თუმცა აღნიშნა, რომ მისთვის უპირატესი სახელმწიფო ინტერესებია:

"ბატონო გიორგი, პარლამენტში შემოსვლას აპირებთ, როგორც ვატყობ..." - უთხრა წულუკიანმა გახარიას.

"ქალბატონო თეა, თუ გამიმხელთ, რით შეატყვეთ, მერე მეცოდინება. თქვენი ნებაა, როგორც გინდათ, ისე შეგიძლიათ შეაფასოთ. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს შევძლო მივეხმარო ისე, როგორც ძალმიძს და ამის იქეთ, შეიძლება ახალი პარლამენტიც იყოს, ახალი არჩევნებიც, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მე ასეთი ჭორებიც მსმენია, რომ ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას თავიანთი მანდატების აღდგენა უნდა, შეიძლება აღუდგინოთ და ისინი შემოვიდნენ", - აღნიშნა გახარიამ.

წულუკიანმა უპასუხა: „აღდგენილი ამ დღეებში მხოლოდ ლაზარე ვიცი."

კითხვაზე - გახარიას პარტიიდან შესაძლებელია თუ არა ვინმე შევიდეს პარლამენტში: „არ უნდა შეიპაროს და ფული არ უნდა აიღოს. თორემ, თავისი რწმენით თუ ამას გადაწყვეტს - მე რა ძალა მაქვს? მე ყველაფერს პრაგმატულად ვუყურებ. ვიცი, სად იზღუდება ჩემი ზემოქმედების ძალა - ან მეწყინება, ან უბრალოდ ნეიტრალურად გავატარებ," - განაცხადა გახარიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×