
14 აპრილს პარტია „გახარია საქართველოსთვის" დამფუძნებლის, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიაში მისვლამ ოპოზიციაში აღშფოთება გამოიწვია. ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი შეცდომა იყო და შესაძლოა მმართველმა გუნდმა ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს. „ოცნება" კი კმაყოფილია - ყოფილი პრემიერის კომისიაზე გაკეთებულ განცხადებებს „აგენტის აღსარებას" უწოდებენ და ამბობენ, რომ 14 აპრილის სხდომამ მისი დანაშაულებები გამოააშკარავა.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტში ვიცე-სპიკერ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შემდეგ, „კოალიცია ცვლილებებისათვის" და „ერთიანობა - ნაციონალური მოძღაობის" ლიდერებმა წინასწარვე საჯაროდ განაცხადეს, რომ არ ითანამშრომლებენ კომისიასთან, რადგანაც მას, ისევე როგორც ახალ პარლამენტს, არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
ხოლო კიდევ ერთი ბარიერგადალახული პოლიტიკური ძალის, კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სწორედ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ამჟამად საქმე არის აღძრული და მათ გირაო აქვთ შეფარდებული.
ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკის საპასუხოდ, „გახარია საქართველოსთვის" მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გარშემო შექმნილი ოპოზიციური ერთობის დატოვებით იმუქრება. პარტიის წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ „არც სალომე ზურაბიშვილის ფორმატიდან გამოსვლა არის პრობლემა".
საინტერესოა, რომ 14 აპრილს საუბრის დასაწყისში საპარლამენტო საგამოძიებოს კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკინმა გიორგი გახარაიას მადლობაც გადაუხადა, რომ სხდომაზე მოვიდა, რითაც პარლამენტის და, შესაბამისად, კომისიის უფლებამოსილება აღიარა.
აღიარება თუ არაღიარება
ანალიტიკოსმა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან" განაცხადა, რომ გიორგი გახარიას სხდომაზე მისვლა პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება იყო.
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია აღიარება-არაღიარების აკვიატება, რაც გავრცელებულია ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, გახარიას მხრიდან ეს ცალსახად პარლამენტის აღიარებაა. თუმცა რატომ არ უნდა იყოს აღიარება, ან დანარჩენ ოპოზიციას რა უნდა, რომ ასე ბეჯითად აწვება არაღიარების პოლიტიკას?
„ფაქტია, გახარიამ საზოგადოებამდე მიიტანა თავისი პოზიცია, არგუმენტები და სხვათა შორის, მომხრეებიც გაუჩნდა, როგორც სოციალური ქსელებიდან შეიძლება დავასკვნათ. დანარჩენ ოპოზიციონერთა არსებობა უკვე კაცმა არ იცის - სადღაც სხედან და ვფიქრობ, არც ის აინტერესებს საზოგადოებას, ისინი აღიარებენ თუ არა. ეს არაღიარების პოლიტიკა საკუთარი ამომრჩევლის უპატივცემულობაა, თუკი ამომრჩეველს შეუძლია მიხვდეს, რომ თავად მათ მიაყენეს შეურაცხყოფა," - განაცხადა საყვარელიძემ.
კითხვაზე, არის თუ არა ოპოზიციონერთა კრიტიკა გახარიას მიმართ სამართლიანი, საყვარელიძე გვპასუხობს, რომ თავად ოპოზიციის პოზიცია, რომ არ უნდა იყოს პარლამენტი აღიარებული, სწორედ ესაა არასამართლიანი.
„რაც შეეხება ოპოზიციონერთა კრიტიკას გახარიას მიმართ, ვიტყოდი, რომ თავად ოპოზიციონერთა პოზიციაა არასამართლიანი - ისინი არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, მაშინ როცა უნდა მიიღო იმ სახელმწიფოს თამაშის წესები, რომელშიც ცხოვრობ, და როგორც ოპოზიციონერმა, უნდა იმოქმედო ხელისუფლების წინააღმდეგ. ასე რომ, გახარიას მიმართ ეს პრეტენზიაც - რომ არ უნდა აღიაროს, არ უნდა იყოს (პარლამენტში) - უსამართლოა", - განაცხადა საყვარელიძემ.
კრიტიკა და პასუხი
ოპოზიციონერების ნაწილი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას საპარლამენტო საგამოძიებო სხდომაზე მისვლა „ფუნდამენტური შეცდომა" იყო, რადგან შესაძლოა ეს ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციად იქნას აღქმული.
„ფარსში როცა მონაწილეობ, ფარსის ნაწილი ხარ! - პარლამენტში და კომისიაში მონაწილეობა არის „ოცნების" გაპრავება", წერტილი!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაწერა.
მისი თანაპარტიელი „ლელოდან" გრიგოლ გეგელია კი ამბობს, რომ კომისიას ლეგიტიმურობას ვერაფერი შექმნის, თუმცა გახარიას მისვლა კომისიის წინ არ იყო სწორად გადადგმული ნაბიჯი.
„გიორგი გახარიამ ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა გუშინ, როდესაც ე.წ. კომისიის წინაშე წარსდგა. ამ კომისიის ლეგიტიმურობას ვერაფერი შექმნის, მაგ კუთხით პრობლემა არ გვაქვს. ის, რაც არის მკვდრადშობილი, ასეთად დარჩება. ვერც გიორგი გახარიასა და ვერც იესო ქრისტეს იქ მისვლა ამ კომისიას ვერ აქცევს ლეგიტიმურად," - განაცხადა გეგელიამ.
გახარია ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმაც გააკრიტიკა:
„მაკო გომურის თვალს ერთმანეთს აბრალებდნენ, რაც საშინელი სანახავი იყო და გახარიას არ ეყო გამბედაობა ჩამოეთვალა ნაწამები ადამიანები, შეეხსენებინა წულუკიანისთვის ის განცხადება, რომელიც გააკეთა ანწუხელიძესთან დაკავშირებით და სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენ გვაჩვენეს დაპატარავებული, დაჩმორებული, ივანიშვილის ჯიბეში მყოფი გახარია," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ამ კრიტიკის საპასუხოდ, პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრმა ბერდია სიჭინავამ ოპოზიციონერებს „ემოციების მოთოკვისკენ" მოუწოდა და აღნიშნა, რომ გახარიას კომისიაში მისვლა პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს.
„საერთოდ არ გვადარდებს ამ ადამიანებთან ურთიერთობა. კომისიასთან თანამშრომლობას ნუ გაასაღებენ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემად. ამიტომ ამ ადამიანებმა ენას კბილი დააჭირონ.
„ამ ადამიანებს ვეკითხებით, რომლებიც კომისიასთან ართანამშრომლობის გამო ბრალდებულები არიან - რატომ ითანამშრომლეს მურუსიძის სასამართლოსთან? გირაოს თუ გადაიხდიან? დაუწიონ ემოციებს და სისულელეების ყრანტალს და შეურაცხმყოფელ შეფასებებს შეეშვან", - განაცხადა სიჭინავამ.
„ოცნება" კმაყოფილია
მმართველ პარტიაში გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს „აგენტის აღსარებას" უწოდებენ და ამბობენ, რომ 14 აპრილის სხდომაზე მისი სრული ლუსტრაცია მოხდა.
„გუშინ საზოგადოება მრავალი საათის განმავლობაში, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, აგენტის აღსარებას უსმენდა. მან პრაქტიკულად, პირდაპირ თუ ირიბად, გადაუშალა გული - მოხდა მისი სრული ლუსტრაცია. გახარიამ გუშინდელ დღეს დაადასტურა ყველა ის ძალიან მძიმე ბრალდება, რომელიც მის მიმართ არსებობდა," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი წერს, რომ გახარიამ დაადასტურა, რომ ის მოქმედებდა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით.
„საცოდავი სანახავი იყო ყოფილი პრემიერი, რომელიც ერთ საკითხზე რამდენიმე წუთში სამჯერ იტყუება; მისი ჩვენებით დადასტურდა, რომ ის მოქმედებდა უცხო ქვეყნის წარმომადგენლის მითითებით და წუთების დონეზე შეთანხმებულად," - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
არაფორმალური დებატების შედეგები
რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ გახარიას კომისიაზე მისვლამ აზრთა სხვადასხვაობა საზოგადოებაშიც გამოიწვია, ხოლო გახარიამ ოპოზიციურ საზოგადოებას თავი შეახსენა.
„რაც შეეხება პიარს, ბევრი იძახის, რომ ყოჩაღ კომისიას, განსაკუთრებით - ყოჩაღ წულუკიანი; ბევრი გახარიას აქებს - ყველა იმას ხედავს, რა პოზიციაც თავად აქვს. აი, მე პირადად მივიჩნევ, რომ გახარიამ ეს სხდომა „გაახმაურა", შეახსენა თავი საზოგადოებას - ოპოზიციურ საზოგადოებას, რომელიც პოტენციურად მაინც მისთვის არის ხმის მიმცემი, ხოლო ვინც პოტენციურად ოპოზიციას ხმას არ მისცემდა, მათთვის თავის შეხსენება პიარში არ ითვლება", - ამბობს საყვარელიძე.
იგი აცხადებს, რომ პირადად მისთვის კომისიის წარმომადგენელთა განცხადებები და არგუმენტები უფრო დამაჯერებელი იყო.
„ვინ ვის აჯობა, ცოტა რთული საქმეა. თუმცა კითხვების დასმის პასუხად, გახარიას არ ჰქონდა გამართული და დამაჯერებელი პოზიცია. ხშირად ამბობდა, რომ არ ახსოვს, რაც გახარიასნაირი კარგი მეხსიერების პატრონისა და კარგად ორგანიზებული ადამიანისგან (როგორადაც მან პრემიერობის დროს საზოგადოებას თავი დაამახსოვრა) ძნელი დასაჯერებელია. მაგალითად, თუნდაც ელჩთან საუბარი რომ არ ახსოვდა. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ მისი პასუხები არ იყო გულახდილი. ასე რომ, ჩემთვის კომისიის მუშაობა უფრო დამაჯერებელი იყო", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.