
ევროკავშირი უვიზო რეჟიმის წესებს ცვლის. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივება, რაც ბრიუსელს გაუადვილებს უვიზო რეჟიმის გაუქმებას 61 ქვეყნისთვის, რომლებიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ. მათ შორის არის საქართველოც.
„ეს დიდი ხანია მზადდებოდა... ეხება ყველა კანდიდატ ქვეყანას და რასაკვირველია, საქართველოსაც. თუ ქვეყანაში სიტუაცია გაუარესდება, გამორიცხული არაა ეს საკითხი დადგეს“, - განაცხადა ანალიტიკოსმა კორნელი კაკაჩიამ ამ საკითხზე „რეზონანსთან“ საუბრისას.
„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ მომზადებულ სტატიაშია ნათქვამია, რომ გასულ კვირას გაიმართა მოლაპარაკებები ევროკომისიის, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შორის და სამივე ინსტიტუტი ცდილობს ამ საკითხზე შეთანხმებას პოლონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში მიაღწიოს. შესაბამისად, შესაძლოა ახალი კანონი უკვე შემოდგომის დასაწყისში ამოქმედდეს.
სტატიაში ნათქვამია, რომ არსებითად, ბლოკი ბევრად უფრო მკაცრი ხდება ვიზალიბერალიზაციის მიმართ, რაც ასახავს უფრო ფართო ცვლილებას: პირველი, ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა; და მეორე, პოტენციურად გამოიყენოს სავიზო პოლიტიკა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი მესამე ქვეყნებზე ზეწოლის მიზნით.
კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ევროპაში არის ქვეყნები და ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ეწინააღმდეგება, თუმცა თუ ვითარება გაუარესდება, ისინიც კი თავს აღარ შეიკავებენ.
„ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მზადდებოდა. უბრალოდ, წინა ევროპალმანეტმა ვერ მიიღო და ელოდებოდნენ ახალი ვეროპარლამეტის არჩევნებს. ახლა უკვე მოიცალეს ამისთვის. ეს ნიშნავს, რომ ვისთანაც გახსნილია თავისუფალი მიმოსვლა, თუ ამ ქვეყნებში იქნება შეუსაბამობები, ანუ რა ვალდებულებებიც იყო აღებული, თუნდაც ადამიანის უფლებები, დემოკრატია და სხვა თემები, 15 ქვეყანა თუ გამოჩნა, რომლებსაც ენდომებათ ამ საკითხის დაყენება და შემდგომ გადაწყვეტილების მიღება, თავისუფლად შეეძლებათ.
„ეს არ ეხება მარტო საქართველოს, ყველა კანდიდატ ქვეყანაზეა საუბარი. თუმცა, საქართველოც არ უნდა გამოვრიცხოთ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისშია. თუ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება - აიკრძალება ოპოზიციური პარტიები, მედია და სახელმწიფო წავა დიქტატურისკენ, გამორიცხული არაა ვიზალიზებერალიზაციის გაუქმების საკითხი დადგეს. მითუმეტეს, რომ ამაზე უკვე საუბრობენ ევროპარლამენტში.
„ევროპაში არიან სახელმწიფოები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ამაზე მსჯელობენ და მათ ქართველი ხალხის დაჩაგვრა არ სურთ. ამიტომ ჯერჯერობით თავს იკავებენ. შემდეგ კი, თუ ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ წავა, ბუნებრივია, ის ნაწილიც კი, რომელიც რაღაცნაირად თავს იკავებდა და მხარს უჭერდა თავისუფლად გადაადგილებას ევროპაში, აზრს შეიცვლის“, - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან“.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ეს შესწორებები შევა, საქართველოსაც აუცილებლად შეეხება.
„მსოფლიოში ახალი პოლიტიკური წესრიგის დამყარება მიდის. ჯერჯერობით არ ჩამოყალიბებულა, როგორ გააგრძელებს მსოფლიო არსებობას, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძველი პოზიციები შეირყა.
„ამას იმიტომ ვამბობ, რომ ევროპაზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებმა - როგორც ეკონომიკურმა, ისე პოლიტიკურმა და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც - ძალიან დიდი გავლენა იქონია. ამასთანავე, რუსების აგრესიამ და მოსალოდნელმა საფრთხემ არც თუ ისე უსაფუძვლო პრობლემები გაუჩინა ევროპას. შესაბამისად, ევროპა უფრო მომთხოვნი გახდა თავისი პარტნიორების მიმართ.
„ასეთი გამარტივებული წესით გადაწყვეტილება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა იმ ფონზე, რომ თავად ევროკავშირში აღმოჩნდა ისეთი ქვეყნები, რომლებიც გადაწყვეტილებებს ბლოკავენ და ფაქტობრივად, ევროკავშირს უმოქმედოდ ამყოფებენ. შესაბამისად, ასეთი გადაწყვეტილების მიღების და შესწორების შეტანა მოსალოდნელი იყო. მე თუ მკითხავ, აუცილებელიც კია, რადგან როდესაც ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25 ხელს აწერს რაღაც გადაწყვეტილებას და მათთვის მისაღებია, იქ ორი ქვეყნის უარი არ უნდა იყოს შემაკავებელი ფაქტორი. თუმცა, ეს მათი საშინაო საქმეა.
„რასაკვრიველია, თუ ეს შესწორებები შეიტანეს, ეს საქართველოზე გავრცელდება. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, მაგრამ მოსალოდნელია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან“.