თამთა ჩაჩანიძე
08.05.2025

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისი ოფიციალურად გამოაცხადა. მისი შეფასებით, შეერთებული შტატების ძალისხმევა რომ არა, "მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვება ვერ მოხდებოდა", თავის მხრივ რუსეთში 9 მაისისთვის ემზადებიან, თუმცა იმის გამო, რომ კიევი უსაფრთხოების გარანტიებს ვერ გასცემს, რამდენიმე ლიდერმა მოსკოვში ვიზიტი გააუქმა და მათ წითელ მოედანზე ვეღარ ვიხილავთ. ახლა მთავარი კითხვა მაინც ისაა, რამდენად გამოუვა ვლადიმერ პუტინს დაანონსებული აღლუმი.

რაც შეეხება საქართველოს, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, დაგეგმილია აქცია-მსვლელობა ევროპის დღესთან დაკავშირებით, სადაც იქნებიან მიმდინარე პროტესტის მონაწილეებიც და ოპოზიციური პარტიებიც. თავის მხრივ, 9 მაისი ოფიციალურად უქმე დღედაა გამოცხადებული და ეწოდება ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რომელსაც საქართველოს მთავრობა აღნიშნავს ყოველწლიურად.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გამარჯვების ორი თარიღის აღნიშვნა მაინც გლობალური პოლიტიკის გავლენის გამოა, მათ შორის საქართველოში.

9 მაისი საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაციები 9 მაისს 17:00 საათიდან ევროპის მოედანზე აქცია მსვლელობას გეგმავენ. მსვლელობები დაიწყება საქართველოს პარლამენტის შენობიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, ავლაბრის მეტროსადგურიდან, პროტესტის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან ევროპის დღის აღსანიშნავად.

"75 წლის წინ სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი ევროკავშირს - სახელმწიფოების ისტორიაში ყველაზე წარმატებულ და მძლავრ პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაერთიანებას, სადაც ყველა ქვეყანა და ყველა მოქალაქე თავისუფალია: დაცულია ძალადობისგან, უსამართლობისა და სიღარიბისგან, დაცულია იმისგან რომ არ დევნიან, სადარბაზოებში არ უსწორდებიან, სამსახურებიდან უკანონოდ ათავისუფლებენ, აქვთ ღირსეული ცხოვრების პირობები და არ ცხოვრობენ უსამართლობაში.

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ რეალობაა პოლიტიკური რეპრესიები, წამება, ოპონენტებზე ფიზიკური თავდასხმის ორგანიზება და მოძალადეთა დაუსჯელობა, პოლიტიკური პატიმრები, დაკავებული და ნაცემი ჟურნალისტები, კორუფცია და უსამართლო სასამართლო, სიღარიბე. გვჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, უსაფრთხოების და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და, რაც მთავარია ვიცით, რომ ხალხის ნება ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. ამიტომ 2025 წლის 9 მაისს, ქართველები ევროპის დღეს ვხვდებით ერთად ევროპის მოედანზე უცვლელი მოთხოვნებით", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩისნკი აცხადებს, რომ ყოველწლიურად 9 მაისს ევროპის დრეს აღნიშნავს ევროკავშირი, რასთან დაკავსირებითაც ელჩი მოსახლეობას "ექსპო ჯორჯიაში" ეპატიჟება.

„ყოველწლიურად, 9 მაისს, ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. 75 წლის შემდეგ, ევროპის დღე, 1950 წელს რობერ შუმანის დეკლარაციით დაწყებული ევროპული პროექტის შესანიშნავი წარმატების დასტურია. ევროკავშირმა ამჟამინდელ 27 წევრ სახელმწიფოს მშვიდობა, დემოკრატია და კეთილდღეობა მოუტანა.

ევროპის დღეს, ჩვენს საერთო ისტორიაზე ვფიქრობთ და მოუთმენლად ველით მომავალს, რომლის შექმნაც საქართველოსთან ერთად გვსურს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს და მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას. ევროპის დღის აღსანიშნავად ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად „ექსპო ჯორჯიაში" გეპატიჟებით", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეები ცდილობენ 9 მაისი ევროპულ თარიღად აქციონ.

"9 მაისს ჩვენი ოფიციოზი აღნიშნავს, როგორც საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღედ, არ ვიცი ეს ვინ შემოიტანა, მაგრამ, ფაქტია, რომ აღინიშნება. მეორეს მხრივ, 9 მაისს ოპოზიცია და საზოგადოება ევროპის სოლიდარობის და ინტეგრაციის დღედ აღნიშნავენ. ამითაც ჩანს დაპირისპირების ნიშნები.

რაშისტულმა ძალებმა პირიქით, კონფერენცია ჩაატარეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომ რუსეთთან პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი და დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს.

"პრორუს ძალებს ძველი 9 მაისის ეფექტის დაბრუნება უნდათ, თუმცა პროტესტის მონაწილეები ცდილობენ ეს დღე ევროპული გახადონ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეებმა სცადეს, რომ ამ დღეს რუსული ელფერი აღარ მისცემოდა.

"ჩვენ ხომ ერთმანეთს ვეჯიბრებით ხოლმე იმაში, ვინ უფრო ანტირუსული იქნება და 9 მაისი მაინც რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან დაკავშირებული დღეა და ამიტომ სცადეს, რომ ეს აეცდინათ და ფაშიზმზე გამარჯვების კვალიფიკაცია აღარ მისცემოდა და ევროპის დრის ფარგლებში შეიტანეს. ეს ახსნაა აქვს ამას, თორემ ლოგიკურად რა მნიშვნელობა აქვს, ქვეყანას რა ტრადიციაც აქვს, თან სავალდებულო არის ხოლმე, რომ ომის ვეტერნებს როგორადაც ესახებათ ომის ფინალი, ისეთი იყოს კვალიფიკაცია",-განაცხადა საყვარელიძემ.

აშშ-ს პრეზიდენტმა არა 9, არამედ 8 მაისი გამოაცხადა გამარჯვების დღედ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ ოფიციალურად გამოაცხადა. თეთრი სახლის განცხადების მიხედვით, ტრამპი განმარტავს, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ამერიკა ზეიმობს შეიარაღებული ძალების შეუდარებელ სიძლიერეს, სიმტკიცესა და ძალას.

„ვალდებულებას ვიღებთ, დავიცვათ თავისუფლების ჩვენი წმინდა მემკვიდრეობითი უფლება ყველა საფრთხისაგან, როგორც უცხოურისგან, ასევე შიდა სახელმწიფოებრივისგან. 1941 წლის 7 დეკემბერს, პერლ ჰარბორზე თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები სამართლიანად ჩაება იმ ბრძოლაში, რაც შემდგომში იქცა სიკეთესა და ბოროტებას შორის მარადიული ბრძოლის აპოგეად.

250 000-ზე მეტმა ამერიკელმა დაკარგა სიცოცხლე ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს, და ყოველდღე, ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც უდიდესი მსხვერპლი გაიღო საკუთარი ერისთვის, თავისუფლებისთვის და დასავლური ცივილიზაციის გადარჩენისთვის. ამერიკელი ჯარისკაცების მსხვერპლის გარეშე ეს ომი არ იქნებოდა მოგებული და დღევანდელი მსოფლიო რადიკალურად განსხვავებული იქნებოდა", - აღნიშნავს ტრამპი განცხადებაში.

ტრამპის თქმით, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში უაზროდ დაკარგული მილიონობით სული არის შეხსენება, თუ რატომ უნდა ისწრაფოდნენ მშვიდობისკენ ძლიერების მეშვეობით.

„მე მტკიცედ ვარ მოწადინებული, შევწყვიტო წლების განმავლობაში დაუსრულებელი უცხოური ომები და თავიდან ავირიდო სიცოცხლის შემდგომი დანაკარგი. ჩემს საინაუგურაციო მიმართვაში როგორც განვაცხადე, ჩვენ შევაფასებთ ჩვენს წარმატებას არა მხოლოდ მოგებული ბრძოლებით, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავასრულებთ. ჩემი უდიდესი მემკვიდრეობა იქნება მშვიდობისმყოფელის მემკვიდრეობა", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ასევე მადლობას უხდის დიდებული თაობის ყველა პატრიოტს, ვინც დატოვა საკუთარი სახლი და ოჯახი, რათა ებრძოლა ამერიკის თავისუფლებისთვის შორეულ მიწებზე.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონასთან" აცხადებს, რომ განსხვავებული თარიღების აღნიშვნის რამდენიმე მიზეზია.

"ტრამპმა 8 მაისი იმიტომ გამოაცხადა, რომ ამ დღეს მოხდა ცნობილი კაპიტულაციის აქტის ხელმოწერა. ხელი ღამის 11 საათზე მოეწერა და საბჭოთა კავშირში მაშინ ღამის პირველი საათი იყო და ამიტომ ერთ-ერთი მიზეზი ესაა. მეორე მომენტია, რუსეთი 9 მაისს აღნიშნავს, რადგან საბჭოთა არმია შევიდა პრაღაში და ნაცისტური გერმანიის ბოლო დაჯგუფება აიღო.

"რუსეთსა და მასთან დაახლოებულ სახელწიფოებში 9, ხოლო დასავლეთის სახელმწიფოებში 8 მაისი აღინიშება. მესამე ვარიანტი, ცივი ომისა და ტრიპოლარული სამყაროს პერიოდში პერიოდში ორი ანტაგონისტურად განწყობილი ბლოკის დაპირისპირების შედეგია და ამანაც თავისი გავლენა იქონია, როცა ორივე მხარე განსხვავებულად ზეიმობდა",- განაცხადა მაისაიამ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-მა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის მართლაც დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა განსხვავებული თარიღების აღნიშვნა მაინც პოლიტიკურია.

"ამერიკამ მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში, თუმცა 8 მაისის გამოცხადება მაინც პოლიტიკის თამაში მგონია, კერძოდ, რადგან ტრამპს საყვედურობდნენ, რომ პუტინის მარიონეტი ხარო, ამიტომ პუტინური ვერსია გვერდზე გადადო და უფრო ევროპული ვერსია აირჩია 8 მაისი",- განაცხადა საყვარელიძემ.

9 მაისი რუსეთში

ამ დროისთვის ცნობილია, რომ გამარჯვების აღლუმზე, რომელიც 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გაიმართება, 27 ქვეყნიდან ლიდერს ელოდებიან, მათ შორის: ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ბურკინა ფასოს, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ბრაზილიის, ვიეტნამის, ვენესუელის, გვინეა-ბისაუს, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, ყაზახეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ყირგიზეთის, კონგოს, კუბის, მონღოლეთის, მიანმარის, პალესტინის, სერბეთის, სლოვაკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ეკვატორული გვინეის, ეთიოპიის ლიდერებს.

ინდოეთს, ინდონეზიას, ნიკარაგუას, ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ აფრიკას ასევე წარმოადგენენ მაღალი რანგის დელეგატები, მაგრამ არა ლიდერები.

გარდა ამისა, მოსკოვის აღლუმზე მიწვეულნი არიან ვეტერანები აშშ-დან, ისრაელიდან, სომხეთიდან და მონღოლეთიდან. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ღონისძიებას არ დაესწრებიან უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის წარმომადგენლები.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი უკვე მოსკოვში არიან. აზერბაიჯანის მეთაური ილჰამ ალიევი და ლაოსის პრეზიდენტი თონგლუნ სისულითი მოსკოვში არ ჩავლენ. სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი კი აცხადებს, რომ მას დაბრკოლებები შეექმნა მოსკოვში გამგზავრებაზე მას შემდეგ, რაც ესტონეთმა საჰაერო სივრცე დაუხურა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კიევის განცხადებებმა დიდი ფსიქოლოგიური დარტყმის ქვეშ დააყენა მოსკოვი, თუმცა სავარაუდოდ აღლუმი მაინც ჩატარდება.

"როგოც ჩანს, ფიცო და ორბანი მოსკოვში ჩასვლაზე მანიპულირებენ. მოსკოვი ფაქტიურად პარალიზებულია, დრონების თავდასხმა რომ იქნას არიდებული, ამის გამო მთელი ქსელები იქნება გამორთული და ეს უკვე ნიშნავს, რომ პუტინის რეჟიმი ფსიქოლოგიური შიშის ქვეშაა, უკრაინის განცხადებამ ეს მომენტი უკვე შექმნა.

"კიევმა და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთს ფსიქოლოგიური ეფექტი უკვე შეუქმნეს. არ გამოვრიცხავ, რომ ლიდერები მოსკოვში უსაფრთხოებაზე გარანტიების არქონის გამო არ ჩავიდნენ, არ ჩადის აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი, თუმცა მან აზერბაიჯანული დროშის ქვშ სპეციალური ბრიგადა გააგზავნა აღლუმში მონაწილეების მისაღებად, რომელმაც ყარაბაღში შუშა აიღო.

"აზერბაიჯანმა ჭკვიანი ძალა გამოიყენა, ალიევის დაყოლიებას შეეცადა რუსეთის სენატის თავმჯდომარე მატვიენკო, პარტიარქი კირილი, მაგრამ ამან ვერ გაჭრა, ალიევი დემონსტრაციულად არ ჩავიდა. საბოლოო ჯამში, არ მგონია, რომ 9 მაისი მთლად ჩაიშალოს.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა იმ სამხედრო ბაზას დაარტყეს, სადაც 9 მაისის სააღლუმო ტექნიკა იდგა, ეს რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ პუტინი რამეს მაინც გამოიყვანს.

შიშის სინდრომი უკვე დაინერგა, რამაც ლიდებს ვიზიტი გადააფიქრებინა და ესეც მნიშვნელოვანი მომენტია უკრაინისთვის. ადრე თუ საუბარი იყო, რომ ტრამპი 9 მაისს აღლუმზე ჩავიდოდა, მან პირიქით, 8 მაისი გამოაცხადა გამარჯვების დღედ და არც უფიქრია მოსკოვში ვიზიტზე",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვშია, რაც ნაკლებსავარაუდოს ხდის, რომ კიევმა მოსკოვს დაარტყას გამარჯვების დღეს, თუმცა არც ამისი 100%-იანი გარანტია არ არსებობს.

"უკრაინამ კი განაცხადა, რომ გარანტიებს ვერ მივცემთო, მაგრამ ამავე დროს თქვეს, რომ დარტყმით არ დავარტყამთო, ალბათ იმიტომ, რომ იქ ჩინეთის ხელმძღვანელობა იქნებაო და ჩინეთთან გადამტერება არ გვინდაო.

საერთოდ ამ ტიპის ღონისძიებებზე, როცა სხვა ქვეყნები ჩამოდიან, ომის პირობებშიც შეტევა არ მიაქვთ ხოლმე, რადგან ძალაუნებურად იგულისხმება, რომ სხვა ქვეყნის ლიდერი უნდა გაწირო, რომელიც შენთან საომარ პირობებში არაა.

"ამჟამად არაფრის ნორმებს არ ვიცავთ და ომის ნორმებზეც გარანტია არ გავქვს, რომ ზელენსკი დაიცავს ამ ნორმებს. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ აღლუმი ჩატარდება",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×