ნატალია ჯვარიძე
08.05.2025

მმართველი გუნდი თვითმართველობის არჩევნებისთის ემზადება და იმედს გამოთქვამს, რომ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. როგორც თვითონ ამბობენ, პარტიას სამზადისი დაწყებული აქვს, საარჩევნო კამპანიას კი რამდენიმე კვირაში ოფიციალურად გახსნის. ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ რას აპირებს ოპოზიცია - მიიღებს თუ არა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, ცნობილი არაა.

„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პარტია სრულად იქნება მობილიზებული და 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს მოიგებს. როგორც ხელისუფლებაში ამბობენ, „ქართული ოცნება" საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უწყვეტი განვითარების და ინტერესების დამცველი ერთადერთი ძალაა.

„დაწყებულია სამზადისი და კონსულტაციების მერობის და სიების კანდიდატებთან და ყველაზე მთავარი, ჩვენ უკვე უახლოეს კვირებში დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, მოვივლით ყველა რეგიონს და ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ.

ამ დრომდე უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია. თუმცა, იყო ზოგიერთი მათგანის მხრიდან ნათქვამი, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ იქამადე, სანამ ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება.

რამდენიმე ხნის წინ თანხმობა „გირჩმა" გამოაცხადა. ბარიერგადალახული პარტიებიდან კი მომავალი არჩევნებისთვის მზადების ფაქტს მხოლოდ გახარიას პარტიაში დაადასტურეს, თუმცა, ისიც განაცხადეს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და დაკავებულების გათავისუფლებაა. ეს პოზიცია მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის".

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით, ოპოზიციისთვის უმჯობესია, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

„თუ ოპოზიციას უნდა რაიმე გავლენა ჰქონდეს, უბრალოდ თავი გადაირჩინოს და საბოლოოდ კანალიზაციაში არ ჩაირეცხოს, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. ვსვამ კითხვას, არჩევნების გარდა სხვა რა მეთოდი არსებობს იმისათვის, რომ ოპოზიციური პარტია ხელისუფლებაში მოვიდეს? ერთადერთი სხვა გზა არსებობს - სამხედრო გადატრიალება, რევოლუცია, რომელსაც ქართული სახელმწიფო არცერთ შემთხევევისთვის დაუშვებს.

თუმცა, აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ოპოზიცია არარაობაა, რომელსაც წაგება გარანტირებული აქვს. სწორედ ამიტომ არ უნდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მიიღებენ მონაწილეობას ეს მათთვის არის ვაი, არ მიიღებენ და არის ვუი. ყველა შემთხვევისთვის ისინი დასრულებულები არიან", - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ.

პაატა ზაქარეიშვილიც არჩევნებში ოპოზოციის მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უსუსურობაა, როცა ამის მიზეზად ხელისუფლების არალეგიტიმაციას ასახელებენ.

„ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა ცალსახად უნდა მიიღოს. რისთვის არსებობს პარტია, თუ არჩევნებში არ მონაწილეობს? ჩემთვის სრულიად მიუღებელი პოზიციაა, როცა ზოგიერთი ფიგურანტი ამბობს, რომ არ შეიძლება მონაწილეობის მიღება და წინასაწარ აცხადებენ იმ ადამიანებს მოღალატეებად, ვინც შეიძლება თანახმა იყოს.

როდის იყო საქართველოში ლეგიტიმური მთავრობა? 30 წელია საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრებას ვაკვიდრები და ამ ხნის განმავლობაში არცერთი არჩევნები არ იყო ცნობილი, როგორც ლეგიტიმური და მერე რა? ცხოვრება გრძელდებოდა.

პირობითად, არჩევნების შემდეგ ყაველაშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალა, ან მზია ამაღლობელი, ეს იქნება ლეგიტიმური გადაწყვეტილება, თუ არალეგიტიმური? უნდა დავემორჩილოთ და უნდა გამოვიდეს სააკაშვილი ციხიდან, თუ არა? სააკაშვილმა უნდა თქვას, მე არ ვემორჩილები არალეგიტიმური პრეზიდენტის გადაწყვეტილება და ფეხები უნდა გაფშიკოს?

ანუ ძალიან ეფემერულია ლეგიტიმაცია/არალეგიტიმაცის საკითხი, როცა რეალობა უფრო სხვაა, ვიდრე ეს საკითხი.

უსუსურობის გამოვლინებაა, როცა ოპოზიცია იძახის, არჩევნებში არ მივდივართ, რადგან ხელისუფლება არალეგიტიმურიაო. ეს სისულელეაა, რადგან საქართველოში ეს სულ ხდებოდა", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ედიშერ გვენეტაძის აზრით, „საარჩევნოდ უმთავრესი ყურადღება უნდა გამახვილდეს ხალხის კეთილდღეობაზე, სოციალურ თემებზე და უმნიშველოვანესი პოლიტიკური საკითხებიდან იქნება ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო გამტკიცება. ეს იმიტომ, რომ ბოლოს და ბოლოს ხელი არ დაგვიქნიონ რომელიღაცა ქვეყნის ელჩებმა და მათი დავალებების შესრულება არ მოგვთხოვონ. ჩემი აზრით, ეს იქნება მთავარი", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

პაატა ზაქარეიშვილი კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების" საარჩევნო გზავნილებს არაფერი საერთო ექნება ადგილობრივ არჩევნებთან.

„წინასწარ მათ აზრებში ჩაძვრობა ცოტა არ იყოს რთულია, რადგან მათი ქცევა ლოგიკას არ ექვემდებარება. მათი მთავარი ამოცანა სახელმწიფო სამსახური ხომ არ არის? ეს რომ იყოს, მაშინ ვიტყოდი, რომ მათი მთავარი გზავნილი მაგალითად იქნებოდა - ყველა სოფელში წყალი და ა.შ. მათი ლოგიკა ძალაუფლების შენარჩუნებაა.

ამიტომ მათი გზავნილები არაფერი საერთოდ არ ექნება ლოგიკასთან და სახელმწიფო ინტერესებთან. შესაძლოა უცებ „გარეჯი საქართველოას" მეორე ვარიანტი შემოაგდონ, რაღაც იდიოტობა და აბსოლუტური სისულელე, რომელსაც საერთო არ ექნება ადგილობრივ არჩევნებთან. მათ ახლა სურთ, რომ ოპოზიცია არჩევნებზე არ დაუშვან, რადგან წყნარად, ყოველგვარი გაყალბების გარეშე მიითვისონ ძალაუფლება ხელმეორედ და შემდეგ უცხოეთთან ლეგიტიმაციაზე დაიწყონ საუბარი, რომ აი, ჩვენ ჩავატარეთ არჩევნები და ნახეთ, დააკვირდით და თუ რამე შენიშნვა გექნებათ გვითხარით, თუ არადა გვაღიარეთ.

გზავნილები შეიძლება ჰქონდეთ ასეთი - გაფრინდეთ მარსზე, თუ კარგად მოვიქცევით, მსოფლიოში პირველები ვიქნებით, ვინც ამას გააკეთებს, მაგრამ ეს იქნება რეალობა? რაღაც ამდაგვარი ტიპის რაღაცები ექნებათ", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×