
აშშ-ს საელჩო აცხადებს, რომ 7 მაისს გამოქვეყნებულ განგაშის შეტყობინებაში ნახსნები სამი სავაჭრო ცენტრიდან საფეთქებელი მოწყობილობები არცერთში არ აღმოჩნდა, ამიტომაც მოლებში მისგვლისგან თავის შეკავებაზე რეკომენდაციას აუქმებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ საელჩომ განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე გააკეთა.
7 მაისს დაახლოებით 19:00 საათისთვის ამერიკის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ მიიღეს შეტყობინება თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში სავარაუდო ბომბის არსებობის შესახებ, ესენია: "ისთ ფოინთი", ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა; „გალერია თბილისი" , რუსთაველის 2/4; თბილისის სავაჭრო სივრცე - „თბილისი მოლი", დავით აღმაშენებლის 16.
ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თბილისის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონული ოფისი "საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, მოერიდონ ამ ადგილებს შემდგომ გაფრთხილებამდე".
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა. უწყების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის "შესაბამისი დანაყოფები მუშაობენ მორიგ ცრუ შეტყობინებაზე". სუს-მა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს მოუწოდა, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან.
აღსანიშნავია, რომ თბილისის სამ დიდ სავაჭრო ცენტრში, რომლებშიც ბომბის საფრთხის შესახებაც აშშ-ის საელჩომ დაწერა, ევაკუაცია არ გამოცხადებულა.
რას ნიშნავს აშშ-ს საელჩოს მიერ განგაშის შეტყობინების გავრცელება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ შესაძლოა მართლაც იყო ინფორმაცია, თუმცა გაუარესებული ურთიერთობების გამო, შესაბამის სამსახურებთან ვერ მოხდა კომუნიკაცია აშშ-ს საელჩოსგან.
"არაა გამორიცხული, რომ მართლაც რაღაც ინფირმაცია იყო. შარშან, მოსკოვის ოლქში განხორციელებულ ტერაქტამდე ერთი თვით ადრე, აშშ-მა გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება დაპირისპირების მიუხედავად, რომ ტერაქტი იყო მოსალოდნელი. შესაძლოა აქაც დესტრუქციული ძალის მიერ ყურადღების გადატანისთვის რაიმე მზადდებოდა, ან შესაძლოა ცრუ განგაშიც ყოფილიყო",- განაცხადა ჩიტაძემ.
კითხვაზე, რატომ არ შეიძლებოდა ჰქონოდა აშშ-ს საელჩოს საქართველოს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია, ჩიტაძემ გვითხრა:
"იქიდან გამომდინარე, რომ გამწვავებულია ურთიერთობები, არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამის უწყებებთან საელჩოს მხრიდან კონტაქტი არ იყო და ამიტომაც გააკეთა განცხადება",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აშშ-ს განცხაება დიპლომატიურ საქმიანობასთან შეუსაბამოა, მითუმეტეს, რომ ეს შეთანხმებული არ იყო საქართველოს შესაბამის სამსაუხრებთან.
"ამ განცხადებას ორი დატვირთვა აქვს, ერთია, რომ უპასუხისმგებლოა და დიპლომატიური მისიის საქმიანობაში ვერანაირად ვერ ჯდება, ამან პირდაპირ, თუ ირიბად წააქეზა ცრუ განგაშის შემტყობინებელი და რაც მთავარია, წააქეზა ანტისახელმწიფოებრივი ნაცპროპაგანდა, რადგან საელჩოს განცხადების გამოქვეყნებიდან ძალიან სწრაფად ცნობილი ტოქსიკური ე.წ. ნაცჟურნალისტები მოლებთან გამოცხადდნენ, ხალხს აპანიკებდნენ და ხელოვნურ დაძაბულობას ქმნიდნენ.
"ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ქვეყნის საელჩო ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, რომ სიგნალი შემოვიდა და რეაგირება მოხდეს. შეუთანხმებლად ასეთი საჯარო განცხადების გაჟეთება უპასუხისმგებლობაა და პირდაპირ უღირსობასთანაა დაკავშირებული, ამასთანავე აქეზებს რადიკალურ ოპოზიციას, აქ სხვა ინსინუაციები არ არსებობს. ეს სერიოზული საკითხი - ტერორიზმის საფრთხეზე და არა ის, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს საელჩო ქარდებით გვეშაირებოდა.
"ელჩმა დანიგანმა და მისმა ამერიკელმა მრჩევლებმა კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, "ეფ-ბი-აი" და აშშ-ს სხვა სპეცსამსახურები უმაღლეს ქულებს უწერენ ქართველ კოლეგებს და წლიდან წლამდე აღნიშნავენ, რომ საქართველო ტერორიზმისგან თავისუფალია და უსაფრთხო ქვეყნების ტოპ სიაშია.
"ეს უმსგავსობა დაუშვებელია და მე, როგორც არაპოლიტიკოსს, შემიძლია, რომ თავისუფლად ვილაპარაკო ყოველგვარი დიპლომატიური მიკიბვ-მოკიბვის გარეშე და პირდაპირ ვიტყვი, რომ ესაა უპასუხისმგებლობა და ანტიქართული ქმედება და ასეთი განცხადება მეორედ აღარ უნდა განმეორდეს, მით უმეტეს, როდესაც ვეშინგტონში ხელისუფლება შეცვლილია და აღარ არიან ის ფსევდოლიბერალები, რომლებიც დღენიადაგ ცდილობდნენ საქართველოში სიტუაციის არევას.
"როგორც ჩანს, სახელწიფო მდივანმა რუბიომ ბოლომდე ვერ გაწმინდა სახდეპი ომის პარტიის წარმომადგენლებისგან და მისი ქვემდგომი თანამშრომლები დანიგანის ოფისს კურატორობენ, რომ ასეთი პარაზიტული განცხადებები გააკეთოს.
ვსვამ რიტორიკულ შეკითხვას - ხვალ თუ რომელიმე არასრულწლოვანმა ხულიგანმა საელჩოში ანონიმურად დარეკა, ან იმეილი გააგზავნა, რომ მაგალითად საბურთალოზე არის ბომბი, დანიგანის ოფისი რას იზამს, ამას გამოაქვეყნებს? ეს ხომ ძალიან არასერიოზულია და აღარ უნდა განმეორდეს, რაც დიპლოატის იმიჯს ნამდვილად არ შეეფერება.
"ამერიკის საელჩო იმ ქვეყნის წარმომადგენლობა არაა, რომელიც ჭორებზე და რაღაც ცრუ ზარებზე იყოს დაფუძნებული, ცოტა გონებას მოუხმონ, გაანალიზონ სიტუაცია და იმოქმედონ ისე, როგორც საჭიროა - ითანამშრომლონ ადგილობრივ ხელისუფლებასთან",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
რას აცხადებენ მმართველ პარტიაში
"აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნირი, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ისტერია დათესონ, კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში",-ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გავრცელებული განცხადება.
პაპუაშვილის განმარტებით, „აშშ-ის საელჩოს განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ ისტერიული და დეზინფორმაციული კამპანიისთვის, რაც არაერთხელ გვინახავს".
„ამერიკულ მართლმსაჯულებაში არსებობს ასეთი პრინციპი- არ შეიძლება ხალხით სავსე თეატრში იყვირო ხანძარიაო. სამწუხაროა, რომ ამ განცხადების საჯაროდ გაკეთება უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციის გარეშე მოხდა. ასეთ დროს, ნებისმიერი დიპლომატიური სამსახური უნდა იყოს ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში უსაფრთხოების შესაბამის სტრუქტურებთან და ეს კონტაქტები არსებობს. ძალიან დასანანი და გასაკვირია, რომ არაკოორდინირებულად მოხდა ამ განცხადების გავრცელება.
"შევხედეთ საერთო ჯამში, რას იწვევს ასეთი განცხადებები, მით უმეტეს, რომ აშშ-ის საელჩომ ძალიან კარგად იცის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნირი, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ისტერია დათესონ, კვლავ შფოთი შეიტანონ საზოგადოებაში.
სამწუხაროდ, აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება გახდა ნოყიერი ნიადაგი იმ ისტერიული და დეზინფორმაციული კამპანიისთვის, რომელიც არაერთხელ გვინახავს. გუშინ ვნახეთ მთელი პროპაგანდისტული მედია, ოპოზიცია როგორ ცდილობდა საზოგადოება დაეზაფრა",-განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, სუს-ის განცხადებითაც დადასტურდა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სარწმუნო არ იყო.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ ეს იყო ცრუ შეტყობინება, ზუსტად ამაზე მეტყველებს. არ იყო წინასწარი კომუნიკაცია, კოორდინაცია ამასთან დაკავშირებით, მათ შორის კონსულტაცია. დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს ასე აღარ მოხდება",-განაცხადა პაპუაშვილმა.
აშშ-ს საელჩოს განცხადებები
8 მაისს საელჩომ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საელჩოს აცნობეს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.
„7 მაისს აშშ-ის საელჩოს მიერ გაგზავნილი განგაშის შემდეგ, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გუშინ ღამით აცნობეს საელჩოს, რომ განგაშის შეტყობინებაში ნახსენები სამი სავაჭრო ცენტრიდან არცერთში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა. [აშშ-ის] რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა გააუქმა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, საელჩოს თანამშრომლებმა თავი უნდა აარიდონ ამ ადგილებს", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
რაც შეეხება საელჩის თავდაპირველ შეტყობინებას, წერია, რომ საელჩომ შეიტყო ბომბის მუქარის შესახებ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აშშ-ის საელჩომ შეიტყო თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის მუქარის შესახებ:
1) სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი - ალექსანდრე თვალჩერილიძის ქ
2) სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი - შოთა რუსთაველის 2/4
3) თბილისის სავაჭრო ზონა - დავით აღმაშენებლის 16
თბილისის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონული ოფისი საელჩოს ყველა თანამშრომელს ურჩევს, მოერიდონ ამ ადგილებს შემდგომ გაფრთხილებამდე. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ ახალ ამბებს განახლებისთვის",- ვკითხულობთ 7 მაისის განცხადებაში.