ნატალია ჯვარიძე
09.05.2025

ვარშავაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე კანდიდატი ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო არ მიიწვიეს. ამას მმართველ გუნდში უსამართლობად აფასებენ, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ „ქართული ოცნების" პოლიტიკის პირობებში ეს მოსალოდნელი იყო.

ამას გარდა, ევროპის დღის აღსანიშნავად ევროკავშირის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე „ოცნების" წევრები არ მივიდნენ. როგორც თვითონ ამბობენ, არავის დაუპატიჟებია.

„იქიდან გამომდინარე, რომ პროტოკოლი არ არის დაცული, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მონაწილეობა მივიღოთ. რომ დაეცვათ პროტოკოლი, რა თქმა უნდა, აუცილებლად მივიღებდით მონაწილეობას.

„პროტოკოლია, როცა კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, ამ შემთხვევაში, მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები ავლენენ, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით იქ. ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა საბჭოური მიდგომებით", - განაცხადა კობახიძემ.

ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკამ კი თქვა, რომ პირადი მოწვევა არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლების წევრებისთვის არ გაუგზავნიათ.

„ეს ღია ღონისძიებაა და ყველა დავპატიჟეთ," - აცხადებს ელჩი.

ევროკავშირმა „ექსპო ჯორჯიაში" ღონისძიება გამართა, რომელიც ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი ასახელებს მიზეზს, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველო შეხვედრაზე: იმიტომ, რომ გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს".

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს არმიწვევა უსამართლობაა, რაც ევროპელი ჩინოვნიკების ხელით ხორციელდება.

„იცით რა არის საერთო სურათი 2022 წლის შემდეგ, როცა ჩვენ უარი ვთქვით მეორე ფრონტის გახსნაზე? ჯერ სრულიად უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, გვითხრეს უარი კანდიდატის სტატუსი მინიჭებაზე. ქართველ ხალხს უთხრეს უარი, არავითარი დასაბუთება არ ყოფილა. შემდეგ 1,5 წელი არ გვაძლევდნენ სტატუსს, შემდეგ უარი გვითხრეს მოლაპარაკებების გახსნაზე და ა.შ. ეს უსამართლობა გრძელდება. ეს არის უსამართლობა, რომელსაც ახორციელებენ ევროპელი ჩინოვნიკების ხელით, რაც არის ძალიან სამწუხარო.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თავის დროზე მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც ჩვენი მხრიდან არის საჭირო. თუ ევროპელ ჩინოვნიკებს ექნებათ განსხვავებული დავალება, ამ შემთხვევაში მიდგომა შეიცვლება. მაგრამ, ჯერჯერობით, დიფ სთეითისგან მათ აქვთ მიღებული განსხვავებული დავალება, რომ მაქსიმალურად სცადონ დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რაც სამწუხაროა.

ეს არის უსამართლობა. ჩვენი პასუხისმგებლობა როგორ იქნება, როცა ისინი ჩადიან უსამართლობას?! ჩვენი ბრალი როგორ შეიძლება იყოს 2022 წელს კანდიდატის სტატუსის არ მიღება?! ხომ ხედავთ, რომ არის ტოტალური უსამართლობა? „დიფ სთეითის" ბრალია ის უსამართლობა, რომელსაც ვხედავთ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მიმართ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ. მისივე თქმით, პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებაც არის სამწუხარო.

„ეს შეხვედრა ორგანიზებულია პოლონეთის მთავრობის მიერ. ის არის თავმჯდომარე ქვეყანა. პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებაა ასეთი, რაც არის სამწუხარო. ეს აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ პოლონეთის ხელისუფლების არასწორ დამოკიდებულებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა. პოლონეთის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მოდერნიზატორი. ასეთი მთავრობა ჰყავს დღეს პოლონეთს. ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი ქართველი ხალხის მიმართ. მთავრობისგან, რომელიც მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, რა თქმა უნდა, ასეთი არამეგობრული ნაბიჯი არ არის გასაკვირი.

„ადამიანს თუ არ უნდა, რიყეზე ისე გაივლის, ქვას ვერ დაინახავს. იმიტომ ვერ გადავარწმუნეთ, რომ აქსიომაა, ის ვინც არის სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. პოლონეთის მთავრობა თავად უნდა ჩამოყალიბდეს რა სურს, ქართველ ხალხთან სურს ურთიერთობა თუ მას სურს კორუმპირებული, წამების სისტემის შემქმნელი სააკაშვილის რეჟიმისა და ამ იდეოლოგიის მხარდაჭერა. გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს, ვიდრე წესებს, პროცედურებსა და ქართველი ხალხის ინტერესებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ „საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა".

„ორმაგი სტანდარტია ყველგან. ქართველი ხალხის დამსახურებაა, რომ ეს ხელისუფლება გვყავს. ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის არავისზე ნაკლები დემოკრატია, არანაირი დემოკრატიული უკუსვლა. ეს არის ჩვენი პოზიცია. ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს. საქართველოს მოსახლეობის არჩევანია ეს ხელისუფლება და ეცით პატივი!" - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას აზრით, „პროევროპული ხელისუფლების პირობებში ეს არ მოხდებოდა".

„ეს არის მორიგი დასტური იმის, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ძალისხმევით ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგიდან მოიხსნას.

„რა თქმა უნდა, დემოკრატიული, ნორმალური, პროევროპული ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ამ შეხვედრას არამხოლოდ დავესწრებოდით, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, არამედ საქართველოს უკვე გახსნილი ექნებოდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებაზე, რაც ნიშნავს უამრავ ევროპულ ინვესტიციას და მილიარდობით ევროზე წვდომას", - განაცხადა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×