
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ნახსენები არ იყო არც „ქართული ოცნება" და არც საქართველო, კონგრესმენმა ჯო უილსონმა კი პროვოკაციული კითხვა დასვა. ირწმუნებიან, რომ მარკო რუბიო ზოგადად ლაპარაკობდა და კონკრეტულად საქართველოს მთავრობა არ უგულისხმია. ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ „ოცნება" უბრალოდ თავს იმშვიდებს და შემდგომი ნაბიჯი იქნება „მეგობარი აქტის" საბოლოოდ მიღება, რაც ხელისუფლებას დიდ პრობლემებს შეუქმნის.
კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტზე რუბიო-უილსონის გასაუბრების ტექსტი 22 მაისს საქართველოში ამერიკის საელჩომაც გამოაქვეყნა.
„კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვა: „თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება სახელმწიფო დეპარტამენტის დასახმარებლად, რომ ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას საქართველოს ხალხის სახელით დაეკისროს რეალური პასუხისმგებლობა?"
„სახელმწიფო მდივანი რუბიო: „დავუბრუნდები, რაც ჩემს შესავალ განცხადებაში ვთქვი, შეერთებული შტატების მიზანი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამიტომ, ამით ვიხელმძღვანელებთ და ვიკითხავთ, არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ამ მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამჟამად ეს საკითხი შეფასების პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ გზებს. ახლა კონკრეტული განცხადება არ მაქვს, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი განხილვის პროცესშია.
„კიდევ ერთხელ, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ წარმომადგენლობას, რომ მივიღოთ რეკომენდაციები იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელზეც მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას ყველაზე მეტად ექნება რეაგირება",- ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუბიოს განცხადების თარგმანი დამახინჯებული იყო.
„ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადების თარგმანი, ოპოზიციურ პროპაგანდისტულ მედიაში ტრადიციულად დამახინჯებული იყო. მას კონკრეტულად არც „ქართული ოცნება" უხსენებია და არც საქართველო. ის ლაპარაკობდა ზოგადად რეგიონში ანტიამერიკულ განწყობებზე. ამერიკის პირველმა დიპლომატმა ილაპარაკა ის, რაც უნდა თქვას ამ თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა - მისი უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მისი ქვეყნის ინტერესების წინ წაწევაა, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის საქართველოსი და ა.შ.
„ის, რომ დამახინჯებული პროპაგანდით დატვირთული ჯო უილსონის სამარცხვინო ტირადას რუბიომ ზოგადი პასუხი გასცა, მეტყველებს იმაზე, რომ სახდეპის მკვეთრი საგარეო პოლიტიკა სტრატეგიულ პარტნიორ საქართველოსთან დეკლარირებულად ჯერ ჩამოყალიბებული არაა. არ მჯერა იმის, რომ რუბიო კონგრესში მოუმზადებელი მივიდა და მას შესაბამისი ჩანაწერები არ ექნებოდა იმ დოკუმენტებში, რომლებსაც მას თანამშემწეები მიაწოდებდნენ. და მეორე, ის, რომ მან კონკრეტული პასუხი არ გასცა „ნაცმოძრაობის" ფასიან ლობისტობაში შემჩნეულ უილსონს.
„ზოგადი პასუხი და კონკრეტიული შეკითხვებისგან თავის არიდება, დიპლომატიაში ერთგვარი ხერხია, მან ვითარება არ გაამწვავა, როგორც ეს ანგარებიან კონგრესმენს უნდოდა და ზოგადად უპასუხა, რომ არის გარკვეული გადახედვა-განხილვა. რუბიოს განცხადებას კონტექსტიდან ამოგლეჯილად რომ არ შევხედოთ, მისი სხვა ფრაზებიდანაც ჩანდა, რომ ბევრ გლობალურ საკითხზე ვაშინგტონს ჩამოყალიბებული პოზიცია ჯერ არ გააჩნია, მაგრამ ეს გასაგებიცაა, რადგან ერთ-ერთი გლობალური გამოწვევა არ დასრულებულა - უკრაინაში ომი, რაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული საერთაშორისო გავლენების გადასანაწილებლად.
„ვინმეს მოსწონს თუ არა, გლობალურ პოლიტიკაში წარმმართველი ძალები არიან - ვაშინგტონი, პეკინი და მოსკოვი. ზუსტად ამ სამ ზესახელმწიფოს შორის გარკვეული გარიგება-მოლაპარაკებების შედეგად გაირკვევა შედგომი საკითხები. ნუ ეწყინებათ გინდ საქართველოში, გინდ სხვაგან, რომ სამხრეთ კავკასია და საქართველო ტრამპის ადმინისტრაციაში პრიორიტეტული არაა, მთავარია, სხვადასხვა გლობალური საკითხები მოაგვარონ და შემდეგ უკვე ქვესაკითხების გადახედვაზეც გადავლენ. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ნაცრადიკალებში ასეთი ყალბი გამარჯვება იუმორს და დაცინვას იწვევს", - განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი დარწმუნებულია, რომ რუბიომ ფაქტი „ოცნებასთან" დაკავშირებით დააფიქსირა და არა რეგიონის რომელიმე სხვა ქვეყნის ძალასთან.
„არ მიკვირს, რომ „ოცნება" თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს რუბიოს ნათქვამს, ყველაფერი ძალიან მარტივად და ნათლად იყო ნათქვამი. შეიძლება უილსონის გამონათქვამი გაიმეორა, რომ „ქართული ოცნება" არამეგობრული ძალააო, მაგრამ ფაქტი „ოცნებასთან" დაკავშირებით დააფიქსირა და არა რომელიმე სხვა ქვეყნის პოლიტიკურ ძალებთან მიმართებაში და უბრალოდ ამას დაამატა ის, რომ ჯერჯერობით რა სანქციებს მიიღებენ, ეს არ აქვთ გადაწყვეტილი. ამაზე ფიქრობენ, მუშაობენ და სწორედ ამის ჩამოყალიბებაში სჭირდებათ საელჩოს თანამშრომლები და ადგილობრივი ოფისები, მათ მიაწოდონ არგუმენტირება, რომ ამ წინადადებების ზემოქმედება იყოს ხელისუფლებაზე მაქსიმალურად მტკივნეული.
„სულ ეს იყო ნათქვამი და არავითარი მოგონილი საუბარი, რომ ჯერ არ ჩამოყალიბებულან და ა.შ., ამაზე რა თქმა უნდა საუბარი არაა. „ოცნება" როგორც აქამდე, ახლაც ჩვეულებრივ სტილში აგრძელებს ლაპარაკს. სანამ ტრამპი მოვიდოდა, იძახდნენ, აი, ტრამპი რომ გაიმარჯვებს, დალაგდება ურთიერთობებიო, შემდეგ ინაუგურაციის მერე დალაგდებაო, მერე ამბობდნენ, რომ არ სცალია და ა.შ. „ქართული ოცნება" მუდმივად ცდილობს, რომ ეს თემა გადაავადოს და წარმოაჩინოს ასე, ყოველ შემთხვევაში, თავის მხარდამჭერებს იმედი ჩაუსახოს, რომ „ოცნება" ამერიკასთან რაღაცას დაალაგებს.
„სამწუხაროდ ჩვენ რეალურად უკვე ისეთ ურთიერთობებში შევედით, როდესაც ამ ხელისუფლებას აშშ-სთან დალაგება, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუჭირდება. მათ თავიანთი პოლიტიკური კურსიც და შეხედულებებიც 180 გრადუსით უნდა შეცვალონ. დიფ სტეიტზე ხომ ლაპარაკი აღარაა. ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რადგან, დარწმუნებული ვარ, რომ აშშ „ოცნების" მიმართ ძალიან მკაცრიდა მომთხოვნი იქნება."
ანალიტიკოსი აცხადებს, რომ საბოლოოდ „მეგობარ აქტს" პრეზიდენტი ხელს მოაწერს.
„დარწმუნებული ვარ, მეგობარი აქტიც ძალიან სწრაფად მიიღება და პრეზიდეტიც ამას ხელს მოაწერს. გამორიცხულია, რომ რუბიოს მხოლოდ თავისი შეხედულებები გამოეხატა ამ განცხადებაში. როგორც ჩანს, ეს შეთანხმებულია ადმინისტრაციასთანაც და ზოგადად პრეზიდენტთანაც. ისედაც ცხადი იყო, რომ საქმე თანდათანობით აქეთ მიდიოდა. ევროკავშირთან ურთიერთობა ფაქტობრივად გავწყვიტეთ, გერმანიის ელჩს რას ვუშვებით, კაცმა არ იცის, ახლა ამერიკის ჯერიც დადგა და ძალიან მალე „ოცნება" ალბათ იტყვის, რომ არ გვინდა არც ამერიკა და არც დასავლეთი, მაშინ რუსეთი და ჩინეთი რჩება და ისედაც ხომ ვიცით, რომ „ოცნება" აქეთ მიდის?!"- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, მარკ რუბიოს პასუხი ნიშნავს იმას, რომ მთლიანად რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიციაა და მათი მხრიდან გარკვეული გარემოებებისა და მტკიცებულებების მოკვლევა-მოძიება ხდება.
„ეს პასუხი ნიშნავს, რომ მთლიანად რეგიონთან და კონკრეტულად საქართველოსთან დაკავშირებით ჩამოუყალიბებელი პოზიციაა და მათი მხრიდან გარკვეული გარემოებებისა და მტკიცებულებების მოკვლევა-მოძიება ხდება. თუკი ჩვენ ცალსახად შევხედავთ და გავიაზრებთ ისტორიულ ჭრილში ჩვენსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას, აქ, რა თქმა უნდა, სულ ტყუილად უხარიათ რადიკალებს, რომლებიც ზეიმობენ ამ განცხადებას...
„ბუნებრივია, რომ აშშ-ში ახალ ხელისუფლებას სხვა დიდი და მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს და ამიტომაც, რეგიონთან მიმართებით ხდება ამ საკითხების მოძიება და მათ არანაირი კონკრეტული და ცალსახა პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული. ამასვე ადასტურებს ელჩის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე. ეს რადიკალების ჟრიამული არის მათი მხრიდან იმ სიტყვების მოსმენა, რომელიც მათ სურთ და არა რეალურად რაც იყო ნათქვამი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე რომ აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციას არამხოლოდ საქართველოსთან, არამედ რეგიონთან მიმართებითაც არ აქვს მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული", - აღნიშნა მათიკაშვილმა.
„ძლიერი საქართველოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით კი, რუბიოს განცხადებას ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება.
„პირველად ითქვა სახელმწიფო მდივნის მხრიდან, რომ მიმდინარეობს აქტიური შეფასება იმ შესაძლო ზიანის, რომელიც შეიძლება მიაყენოს ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს, მნიშვნელოვან ქვეყანაში ანტიამერიკული მთავრობის ყოფნამ.
„რუბიოს განცხადება ამ თვალსაზრისით არის ძალიან მკაფიო, მნიშვნელოვანი გზავნილი და ვფიქრობ, ამას მოჰყვება შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები და განცხადებები. რეგიონში მნიშვნელოვან ქვეყანაში, ანტიამერიკული მთავრობის მიერ ამერიკის ინტერესებისადი ზიანის მიყენების შემთხვევაში ეს ანტიამერიკული მთავრობა გადაიხდის დიდ საფასურს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.