
დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და გირაოს გადახდაზე უარის თქმის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს პატიმრობა შეეფარდა, გირაოს საკითხმა ოპოზიცია ორ ბანაკად გაყო: ერთნი პრაგმატულად გირაოს გადახდას უჭერენ მხარს, მეორენი პრინციპულ ბრძოლას ამჯობინებენ. „კოალიცია ცვლილებებისათვის" კატეგორიულად ეწინააღმდეგება გირაოს გადახდას, ენმ „მორალური მსაჯულობისგან" თავს იკავებს, გახარიას პარტია კი ოპონენტებს გირაოს გადახდას ურჩევს.
კოალიცია ცვლილებისთვის" წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ზურაბ გირჩს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს. პროცესი, რომელიც ეხება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასა და წაყენებულ ბრალდებას, ხმაურის ფონზე მიდიოდა. კომისიაზე ჯაფარიძე არ გამოცხადდა, ამის შემდეგ კი ჩვენების მისაცემად მაგისტრატ მოსამართლესთან დაიბარეს და ბრალდებაც ოფიციალურად წაუყენეს. საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, თუმცა მან გადახდაზე კატეგორიული „არა" თქვა. „ჩვენ მაინც მოვიგებთ" - ამ სიტყვებით დაასრულა ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერების ნაწილი ჯაფარიძის გადაწყვეტილებით ამაყობს. „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხდა: „ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს ზურაბ ჯაფარიძემ სისტემა ათრია - ასე ინჯღრევა სისტემა, გავაგრძელებთ"-
„ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც გირაო დადგენილ ვადებში გადაიხადა, თქვა, „ჩემი მხარდაჭერა ზურას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება - თავისუფლება ჯაფარას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბრძოლა ბოლომდე!"-ო.
მანამდე, ხუთშაბათს დილით „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 50 000-ლარიან გირაოს გადახდაზა თანხმობა განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია მისივე გუნდის წევრმა პაატა მანჯგალაძემ გაავრცელა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრების პასუხი გირაოს გადახდაზე კატეგორიული „არაა". ვაშაძეს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ თუ კომისიაზე არ მიდიხარ და აცხადებ, რომ ეს „პოლიტიკური ფარსია", მაშინ ასეთი გირაო არ უნდა გადაიხადო.
„როდესაც ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვი, როდესაც რეჟიმს უწოდებ რუსულ რეჟიმს, ანტიამერიკულ რეჟიმს, ხოლო არჩევნებს გაყალბებულს, ამ შემთხვევაში ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრინციპული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული", - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებასთან" ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობა ტოვებს არაპრინციპულობის შთაბეჭდილებას, რაც არ არის სასარგებლო მოძრაობისთვის.
„კოალიცია ცვლილებებისთვის" ნარატივებს არ იზიარებენ პარტია „საქართველოსთვის" წევრები. ხაზგასმით ამბობენ, რომ მათ არ სურთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ციხეში ხილვა.
„ოცნებამ" საინფორმაციო ბერკეტი და ტრიბუნა შექმნა და თუ შენ პოლიტიკური ლიდერი ხარ, გამბედაობა უნდა გეყოს, რომ მტრის მოედანზეც შეასრულო შესასრულებელი როლი, მიხვიდე და სიმართლის თქმა გაბედო. ჩვენი გუნდისთვის მთავარი პრიორიტეტი თანმიმდევრულობაა", - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის" წევრმა გიორგი შარაშიძემ.
ნაწილობრივ ამ პოზიციას იზიარებენ „ლელოს" წევრებიც. როგორც ამ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ განაცხადა, „გირაოს გადახდა არავის ათავისუფლებს პატიმრობისგან, პატიმრობის რისკი კვლავ ძალაში რჩება. შესაბამისად, ვინ როგორ მიიღებს გადაწყვეტილებას, მათზეა დამოკიდებული. ეს საკითხი აბსოლუტურად ხელოვნურადაა შემოტანილი დღის წესრიგში. შესაბამისად, უნდა გავასწოროთ ფოკუსი და ერთმანეთთან ოპონირების ნაცვლად, უნდა გავაგრძელოთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც ამ რეჟიმის დასუსტებისკენ იქნება მიმართული."
საინტერესოა, რომ ამ დაპირისპირებას ემიჯნება „ნაციონალური მოძრაობა". პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვერ იქნებიან მორალური მსაჯულები და გადაწყვეტილება ინდივიდუალურია.
„ჩვენ ვერ ვიქნებით მორალური მსაჯული ადამიანების, რომლებიც გირაოს გადაიხდიან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ბატონი ვაშაძე თუ სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურა, გირაოს გადახდის თუ არ გადახდის შემთხვევაშიც, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას მაინც გააგრძელებს", - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი პასუხი იქნება, თუ დაჯარიმებულები გირაოს არ გადაიხდიან და კომისიაზე არ გამოცხადდებიან.
„ყველა, ვინც კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს. ისინი დაიბარეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე და არ გამოცხადდნენ, თუმცა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საფუძველია. სისხლის სამართლის საქმის წიაღში მათ გირაო შეუფარდეს და აცხადებენ, რომ არ გადაიხდიან. არ გადაიხდიან გირაოს? იგივე ბედს გაიზიარებენ, რაც იმ ხალხმა გაიზიარა, ვინც არ გადაიხადა. შესაბამისად, სამართლებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოებში - ევროპაში და შეერთებულ შტატებში როგორც ხდება, ზუსტად ანალოგიურად წესის, კანონისა და სასამართლო დავალების შეუსრულებლობის მიმართ სანქცირება იქნება გამოყენებული", - აცხადებს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.