მარიამ ვეკუა
23.05.2025

ერთი თარიღი, ორი ინტერვიუ და განსხვავებული პრიზმები - პრეზიდენტმა ყაველაშვილმა და ექსპრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 22 მაისს, პარალელურ სატელევიზიო ეთერში ქვეყნის საგარეო კურსი, მარკო რუბიოს გზავნილი, ევროკავშირთან დიალოგი, მთავრობის იზოლაცია და 26 მაისის პოლიტიკური ფონი სრულიად სხვადასხვა კუთხით წარადგინეს - ერთმა „გადატვირთვაზე" ისაუბრა, მეორემ კი „კრახზე" გაამახვილა ყურადღება.

ყაველაშვილმა თქვა, რომ ახლაც საუბრობენ აშშ-სა და საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობის გადატვირთვაზე, ხოლო რუბიოს კომენტარი ცხადყოფს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია ჯერჯერობით საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე მუშაობს.

„ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა. გუშინ მარკო რუბიოს პასუხებში, როდესაც კითხვა დაუსვა მას ჯო უილსონმა, გამოიკვეთა, რომ აუცილებელია აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია. ხელისუფლებებს შორის უნდა ხდებოდეს პირდაპირი ურთიერთობა და არა არასამთავრობო სექტორის ან კონგრესმენის მეშვეობით. ამერიკული კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, რომ ლობისტურმა კომპანიებმა დააფინანსონ რომელიმე კონგრესმენი და სათავისო საკითხები გაიტანონ და ისაუბრონ ამაზე. ის ხალხი, რომელიც ამერიკის საელჩოსთან დროშებით და ტრამპის ტრაფარეტებით მივიდა რამდენიმე დღის წინ, იგივეა, ვინც ტრამპის არჩევას ეწინააღმდეგებოდა.

„აშშ-სთან ღირებულებითი თანხვედრის აფიშირება საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და მყარად ვდგავართ ამ ღირებულებებზე. ამასვე მოვუწოდებდით ქვეყნებს."

ასე არ ფიქრობს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ რუბიოს კომენტარი „ოცნებისთვის" დიდი დარტყმა იყო.

„ეს არის ძალიან დიდი დარტყმა ქართული ოცნებისთვის და ჩანს იმასთან მიმართებითაც, როცა ვხედავთ ამდენ რეაქციას. ასე სწრაფად - საერთო მესიჯბოქსი დატრიალდა, ძალიან სწრაფად და ეს ნიშნავს, რომ ძალიან შეწუხდნენ, მიიღეს დარტყმა და აუცილებელი გახდა, გაემართათ კამპანია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ აეხსნათ თავიანთი მომხრეებისთვის, რომ არც ისე ცუდად არის საქმე."

ზურაბიშვილის თქმით, „ოცნებას" მცდელობები, დაალაგოს პოლიტიკური ურთიერთობა, ფუჭია. საზოგადოებას უქმნიან მოლოდინს თავის მომხრეებს. ვიღაც ლობისტები აიყვანეს, იხადეს თანხები, მაგრამ არც ტრამპთან და არც რუბიოსთან არაფერი გამოუვიდათ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ უნარები ამერიკასთან რამე დაალაგონ." - განაცხადა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ჯო უილსონის კითხვაზე მარკო რუბიოს საქართველოს ხელისუფლებაზე კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებია. მან ზოგად კონტექსტში რიტორიკული კითხვა დასვა: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს." რუბიომ დაამატა, რომ საქართველოს საკითხი განხილვის პროცესშია და წინასწარ კომენტარს ვერ გააკეთებს.

ოპტიმიზმი vs. სკეპტიციზმი

მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციებს გვიწყობენ, ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია, - თქვა ყაველაშვილმა "იმედის" ეთერში.

წამყვანის კითხვას, როგორ ფასდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახლა - გაყინულია თუ შეინიშნება რაიმე ტენდენცია ყინულის დნობის თვალსაზრისით - მან უპასუხა:

„ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება გულწრფელი და ღიაა. ღია ვართ, თუ იქნება ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. ამისთვის მზად ვართ. მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გეუბნებიან, ერთის მხრივ, ვითანამშრომლოთო, თან კი რევოლუციებს გვიწყობენ. მარტივია, რომ სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საგარეო მინისტრი თუ სხვა ვინმე," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა კი "ფორმულას" ეთერში ყურადღება გაამახვილა პრემიერ ირაკლი კობახიძის ვიზიტზე უნგრეთში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე. როგორც აღნიშნა, ის, რომ კობახიძეს ევროპელი ლიდერები ესალმებოდნენ, ურთიერთობის დალაგებას არ ნიშნავს.

„ინიციატივით გამოვიდა მაკრონი, ზურგიდან მივიდა კობახიძესთან, მე მგონი ვერ იცნო ვინ იყო. ალფაბიტი ისეა მოწყობილი, რომ ხშირად ვართ ერთმანეთის გვერდიგვერდ, და ყველა ასეთ შეხვედრაზე ყველას ესალმებიან. ასეთი შეხვედრები საქართველოზეა, არა კობახიძეზე, ამიტომ საქართველოს ესალმებიან და არა კობახიძეს. მეორე საკითხია, ორმხრივი იქ არის სრული იზოლაცია იმ ქვეყნებიდან. 80% ჩვენი პარტნიორები ევროპელები არიან, დემოკრატიული სამყარო არ აღიარებს ამ ხელისუფლებას და არის ხელისუფლება სრულ პოლიტიკურ იზოლაციაში," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი პოლიტიკური რეალობა?

ყაველაშვილმა განაცხადა, ახალი პოლიტიკური რეალობა შეცვლილია, რადგან გადაწყვეტილებების მიღება სხვების აზრის გარეშე, ეროვნული ინტერესებით ხდება.

„ადრე ვიყავით დამოკიდებული იმაზე, მოიწონებდა თუ არა რომელიმე ევროპარლამენტარი ან ელჩი ჩვენს გადაწყვეტილებას. გაიზარდა ჩვენი საზოგადოება და აბსოლუტურად სხვა რეალობაა საქართველოში. აღარ არის ლომჯარია და გიგაური დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანაში. კარგად ჩანს ეს ყველაფერი. რადგან იქ ერთი ქსელი და ინსტრუქციაა, სხვას ვერ ეყრდნობიან და იმავე მეთოდებით ცდილობენ ჩვენთან სიტუაციის შეცვლას. ეს ვერ მოხდება. არაერთხელ დავინახეთ, რომ შეუძლებელია ამის განხორციელება." - განაცხადა ყაველაშილმა.

სალომე ზურაბიშვილი კი ამბობს, რომ რეჟიმი საბოლოოდ ჩამოშლის გზაზეა:

„ჩამოსვლის სცენარი არის დიქტატორული ავტორიტარული რეჟიმის ბოლო. ეს კარგად ჩანს დღეს. ბიძინა ივანიშვილს არავინ ჰყავს ვისთანაც შეუძლია ისაუბროს. დიდი მოსაუბრეც არაა, მაგრამ მარჯვენა ხელი, ვინც ჰყავდა - ფინანსური მრჩეველი, ადვოკატი - ყველამ დატოვა და დაატოვებინეს თანამდებობა. რჩება მხოლოდ კობახიძე, რომელიც ხსნის გვირაბებს, მიდის ფეხბურთის მატჩებზე. ანუ ჰყავს მხოლოდ კობახიძე, რომელიც არის შემსრულებელი... რეჟიმის ჩამოშლა სახეზეა." - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა 26 მაისის ღონისძიებაზეც და აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მოლოდინი 26 მაისთან დაკავშირებით მას არ შეუქმნია. აპირებს სიტყვით გამოსვლას, ისევე როგორც 31 მარტს და მანამდე. მისი თქმით, ღონისძიება დღის მეორე ნახევრიდან დაიწყება, რათა პროვოკაციები თავიდან აიცილოს.

„მე ვთვლი, რომ უნდა გამოვიდე სიტყვით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მომენტებში, როგორიცაა 31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი. აუცილებელია ეს ტრადიცია გავაგრძელო. სხვა არაფერი მითქვამს 26 მაისზეც, გარდა იმისა, რომ გამოვიდოდი სიტყვით," - თქვა ზურაბიშვილმა.

„როგორც კი ლოკომოტივად ვჩნდები, მერე ამბობენ, რომ სურთ სხვა ლიდერი. 31 მარტს იყო აზრი, რომ ერთად მივსულიყავით და მერე დაიწყო ამის გაპროტესტებაც (ხალხის მხრიდან)." - დასძინა მან.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×