თამთა ჩაჩანიძე
23.05.2025

29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესია ჩანიშნული, თუმცა ის არც სასამართლოზე გამოცხადებას აპირებს, არც გირაოს გადახდას და "არც პატიმრობისთვის მომზადებას". 22 მაისს გირაოს არგადახდის გამო ამავე კოალიციის წევრი ზურაბ „გირჩი" ჯაფარიძე დააკავეს, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.

„დღეს გახარია პრემიერ-მინისტრი აღარაა და შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები რაც მაშინ უნდა მიღებულიყო და რაზეც გახარია ყოყმანობდა... დღევანდელი ხელისუფლება სავარაუდოდ ასეთ რამეს არ დაუშვებს. ნიკანორ მელია კონკრეტულად რას იზამს, ოფისში ჩაიკეტება,პოლიციელებს დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს თუ ა.შ. ეს ნაკლებად საინტერესოა, ვფიქრობ, მას მაინც მიიყვანენ იქ, სადაც უნდა მიიყვანონ.",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

„ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ეს დევნა ნამდვილად არ არის" და თუ ვინმეს პატიმრობის არიდება სურს, "სამართლებრივად უნდა მოიქცეს".

„ეს არის სრულიად შეგნებული გადაწყვეტილება და სურვილი რადიკალებისა, დადგან რაღაც სპექტაკლი, კიდევ ერთხელ საკუთარ პატრონებს მისცენ საფუძვლები, ისაუბრონ სრულიად უსამართლო და კონტექსტიდან ამოვარდნილ თემებზე, თითქოს საქართველოში ვინმე ვინმეს დევნის და შეასაღონ საზოგადოებას, მოატყუონ საზოგადოება, თითქოს აქ არის რაიმე ფორმით ვინმეს დევნა. დევნა ნამდვილად არ არის, ეს არის კანონით არსებული დანაწესის შესრულება და თუკი ვინმეს სურს, რომ თავიდან აირიდოს მსგავსი ქმედება სამართლებრივ სახელმწიფოში, უნდა მოიქცეს სამართლებრივად," - განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია კი აღნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების საქმიანობის შესახებ წულუკიანის კომისიაზე დაიბარეს ზურა-გირჩი ჯაფარიძე და ნიკა მელია, რომლებიც მაშინ პოლიტიკაში საერთოდ არ იყვნენ, ამის პარალელურად კი, "ოცნების" კომისია წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არც ახსენებს.

„ენის ტლიკინს შეეშვით და სამარცხვინო ბოდვას, ვითომ ციხე კურორტია... კარგად ვხედავთ ყველაფერს. მე გასაგებია და წინა ხელისუფლების ამბებზე „ჯაფარას" და მელიას რომ იბარებენ კომისიაზე და ამის მერე ერთი დაიჭირეს და მეორეს მალე დაიჭერენ, საერთოდ რომ არ ყოფილან მაშინ პოლიტიკაში, იმ ხალხს, ამის პარალელურად კი, წინა ხელისუფლების ზოგიერთ სუპერგავლენიან პოლიტიკოსს არ ახსენებს ქოცების კომისია, ამას ვხედავთ კიდეც და რა ჰქვია, ისიც ვიცით. დადუმდით ახლა... თორემ მდუმარების აღთქმა კი არ მაქვს მართლა დადებული!" - წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე".

უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის საგამოძიებო თეა წულუკიანის კომისიაში არგამოცხადების გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და გირაო შეეფარდა ირაკლი ოქრუაშვილს 20 ათასი ლარის ოდენობით, რომელმაც არ გადაიხადა და 14 მაისს დააპატიმრეს. ასევე სხდომათა დარბაზშივე დააკავეს ზურაბ ჯაფარიძე 20 ათასი ლარის გადაუხდელობის გამო. ნიკა მელიას გირაოს ოდენობა 50 ათას ლარს შეადგენს. 30 ათასი ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებს არც ნიკა გვარამია, მისი პროცესი 7 ივნისსაა ჩანიშნული.

გირაო გადაიხადეს "ლელოს" ლიდერებმა - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ - 50-50 ათასი ლარი. გადახდილია გივი თარგამაძის 10 ათასლარიანი ჯარიმაც. რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, მისმა თანაგუნდელმა პაატა მანჯგალაძემ "პალიტრანიუსთან" განაცხადა, რომ "გიორგი ვაშაძეს არაფერი გადაუხდია, კონკრეტული ქონება ჩადო იმის გარანტად, რომ არ გაიქცევა. ბოლომდე აპირებს ბრძოლას და შეიძლება 1-2 თვეში დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა".

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილობით მიმართავენ და მოუწოდებენ „მკაცრი შეფასება გამოხატონ საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე, ასევე, გამოიყენონ ყველა მექანიზმი „ქართული ოცნების" რეჟიმის სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის".

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციონერებმა გირაოს არგადახდა "სპეციალურად მოიფიქრეს" ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ რეაქციებისთვის.

„დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ დასავლეთის ყურადღება მიიქციონ. ჯაფარიძის დაპატიმრებაზე ვნახეთ, ყველასთვის ნაცნობი ევროპარლამენტარები და საგარეო აქტორები როგორ მყისიერად გამოეხმაურნენ და ოპოზიციისთვის სასარგებლო განცხადებები გააკეთეს. სავარაუდოდ, ნიკა მელიას საკუთარი ისტორიის შექმნა სჭირდება იმ მიმართულებით, რომ მისი პერსონის ირგვლივაც იყოს ხმაური, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ისევ და ისევ წამებულის მანტია მოისხას, როგორც ჯაფარიძემ და ახლა მელიასაც დაახლოებით იგივე სცენარით უნდა მოქმედება.

„არ ვიცი (მელიას) რა სცენარი აქვს ჩაფიქრებული, ამას პრინციპში დიდი მნიშვნელობა არც აქვს, რადგან დღეს გახარია პრემიერ-მინისტრი აღარაა და შესაბამისად, ის გადაწყვეტილებები, რაც მაშინ უნდა მიღებულიყო და რაზეც გახარია ყოყმანობდა... დღევანდელი ხელისუფლება სავარაუდოდ ასეთ რამეს არ დაუშვებს. ნიკანორ მელია კონკრეტულად რას იზამს, ოფისში ჩაიკეტება, პოლიციელებს დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს თუ ა.შ. ეს ნაკლებად საინტერესოა. ვფიქრობ, მას მაინც მიიყვანენ იქ, სადაც უნდა მიიყვანონ.

„გირაოს არგადახდა სპეციალურად იმისთვის მოიფიქრეს, რომ ერთის მხრივ საკუთარ მომხრეებში საპროტესტო მუხტი ასწიონ და რაღაცნაირად გმირის მანტია მოისხან, მეორე მხრივ უნდათ, რომ რაღაც პრინციპულობის მომენტს გაუსვან ხაზი, რომ თუკი ჩვენ პარლამენტს არალეგიტიმურად მივიჩნევთ, მაშინ რატომ უნდა მივიდეთ ამ პარლამენტის საგამოძიები კომისიაზე, არ უნდათ, რომ თავიანთი მოქმედების ლოგიკა დაარღვიონ.

„მესამე ფაქტორი არის ის, რომ დასავლეთის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქციონ და „ქართული ოცნების" მიმართ წამოვიდეს ბრალდებების მორიგი ნაკადი, რომ ოპოზიციას ავიწროებენ, ადამიანის უფლებები ირღვევა, პოლიტიკური რეპრესიებია და ა.შ. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მოკლევადიან ეფექტზე გათვლილი ქმედებებია, რადგან, მაგალითად, გიორგი ვაშაძეს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესაც შეეძლოთ არ გადაეხადათ, მაგრამ გადაიხადეს გირაო, თუ ჯარიმა, ისინი თავისუფლებაზე არიან და თავიანთი პარტიების ხელმძღვანეობას აგრძელებენ", - განახადა ანჯაფარიძემ.

კითხვაზე, რა რეაქციებია მოსალოდნელი ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზე დასავლეთიდან, ანჯაფარიძემ გვითხრა:

„ზუსტად ის რეაქციები, რასაც ახლა ცალკეული ევროპარლამენტარებისგან ვისმენთ, რომ საქრათველოში პოლიტიკური რეპრესიებია და ა.შ. სავარაუდოდ, გარკვეული დროის მერე, ევროპარლამენტი ალბათ მორიგ რეზოლუციას მიიღებს, სადაც ეს ყველაფერი აისახება."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×