
სალომე ზურაბიშვილი ისევ „წინააღმდეგობის პლატფორმის" გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ კვლავ ერთადერთ ლეგიტიმურ დამოუკიდებელ ინსტიტუტად რჩება, თუმცა ოპოზიციის ნაწილი უკმაყოფილოა მისით და მიაჩნიათ, რომ გაერთიანებისთვის საჭირო ნაბიჯები არ გადადგა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზურაბიშვილს ოპოზიციური ფლანგისთვის გეგმა „ა" „ქართული ქარტია" ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჰქონდა პუნქტობრივად გაწერილი, რომელიც 2024 წლის 26 მაისს გრანდიოზულად წარადგინა, თუმცა არც ამ გეგმამ გაამართლა ოპოზიციის გაერთიანების მხრივ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს, თავისი ლიდერობის სტატუსის გარდა, გაერთიანებისთვის რეალური პროგრამა ვერ შესთავაზა. მისი თქმით, დღეს ოპოზიციაში ვერ მოიძებნება ისეთი გამაერთიანებელი ლიდერი, რიმელიც, ქარიზმატულობასთან ერთად, პოლიტიკურად კარგი „მოჭადრაკეა".
„ოპოზიციონერებმა მე მგონი თქვეს კიდეც, რომ მთავარი მიზეზი იმისა, რომ ზურაბიშვილმა ვერცერთი გეგმა ბოლომდე ვერ მიიყვანა, იყო ის, რომ ამ პარტიებს თავისი ლიდერობის სტატუსის გარდა, ვერ შესთავაზა ისეთი პროგრამა, რომლითაც ოპოზიცია იმოქმედებდა და მეტ-ნაკლებად ეფექტურ შედეგებს მიიღებდა. და მეორე, პრეზიდენტობადაკარგულ ზურაბიშვილზე რამდენიც არ უნდა იძახონ პრეზიდენტიაო, მაინც უკვე აღარაა და იმ კავშირებში და ურთიერთობებში შესვლის რესურსი აღარ აქვს, რაც ადრე ჰქონდა. ხშირად ოპ0ზიციას მისგან სწორედ ამ კავშირებში შესვლა და მისი საშუალებით დასავლეთის ჯგუფებთან დაკავშირება აინტერესებდა და თუ ესეც ვერ მოიტანა, რაღად უნდათ ზურაბიშვილი?
„ისედაც ცნობილია, რომ მის მიმართ ნაზი გრძნობები არ აქვთ, საერთოდ არავის მიმართ არ აქვთ და ზურაბიშვილის მიმართ განსაკუთრებით. აგერ სააკაშვილს ფაქტიურად აღარ ახსენებენ, რომელიც ივანიშვილის ოპოზიციის ღერძი იყო, მაგრამ დრონი მეფობენ და დღეს ლიდერობა ყველას უნდა. გასაკვირი არაა, რომ ოპოზიციას ზურაბიშვილის უმიზეზოდ მოწვევა არ უნდოდეს ისე, რომ მას არაფერი მოჰქონდეს.
„ლიდერის ქარიზმა მაინც დაკავშირებულია უნართან, დაიყოლიოს სხვა ადამიანები. ეს არ ნიშნავს, რომ მან ყოველთვის იცის, როგორ დაიყოლიოს. მაგალითად, ირაკლი წერეთელი ძალიან ქარიზმატული იყო, რამდენიმეათასიან მიტინგებს ისე მართავდა, რომ ხელი არ აუკანკალდებოდა, მაგრამ ნატოში გაწვერიანებისა და დამოუკიდებლობის გარდა, მის რიტორიკაში და მიქმედებაში სხვა არაფერი იყო.
„პოლიტიკოსმა უფრო კონკრეტული შეთავაზებები რომ გააკეთოს, ამას მხოლოდ ქარიზმატულობა არ ჰყოფნის. ივანიშვილი ქარიზმატული აშკარად არაა, მაგრამ ჭადრაკის პარტიას კარგად თამაშობს. მოჭადრაკეები ქარიზმატული აუცილებლობით არ არიან, მაგრამ პოლიტიკოსს გათვლა და მეტოქის ნაბიჯებიდან გამომდინარე სტრატეგიის დაგეგმვა უნდა შეეძლოს.
„როგორც ბჟეზინსკიმ თქვა, გარდა ქარიზმისა, პოლიტიკოსი „მოჭადრაკეც" უნდა იყოს. დღეს ოპოზიციის ძირითადი პრობლემა ეგაა, რომ ოპოზიციაში მოლაპარაკეები ჰყავთ, მაგრამ „მოჭადრაკეები" არა. მათ შორის, სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილიც არ აღმოჩნდა „მოჭარდაკე", მას რისი რესურსიც უდაოდ ჰქონდა, ისიც ვერ გამოიყენა.
„ოპოზიციისთვის მთავარია ჰყავდეს ქარიზმატული „მოჭადრაკე" ლიდერი, შემდეგ საჭიროა, რომ გაიტანოს სტრატეგია, ბრძოლის გეგმა. ომში ლიდერი გჭირდება, მაგრამ მხედარმთავრის მთავარი ფუნქცია სტრატეგიის დალაგება გახდა, მით უმეტეს ბოლო ხანებში, როცა თვითონ მხედარმთავარი ხმლით ხელში არ იბრძვის. ნაპოლეონი არ იბრძოდა, მაგრამ სტრატეგი იყო და ომებს ჭკუით იგებდა.
„დღევანდელი პოლიტიკური ომის მოგებისთვის კი ჭკუაა საჭირო. თითქოს სააკაშვილმა 2003 წელს მოიგო, ქარიზმატულიც ნამდვილად იყო, მაგრამ „მოჭადრაკე" არა. სტრატეგია, რაც სააკაშვილის მაგიდაზე იდო და რის მიხედვითაც ის მოქმედებდა, მისგან დამოუკიდებლად იყო შექმნილი.
„აკერმანს ვახსენებთ-ხოლმე, მისი მასაწვლებელი შარპი იყო, რომელსაც 198 რეკომენდაცია ჰქონდა იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს ხავერდოვანი, მშვიდობიანი რევოლუცია. ეს ედო 2003 წლისთვის სააკაშვილს მაგიდაზე და მოქმედებდა. მით უმეტეს, იქამდე სერბეთში შარპის რეკომენდაცია გამოსცადეს და იქაურ ოპოზიციას გაამარჯვებინეს, სხვებისგან შედგენილი სცენარები იყო, სააკაშვილი კარგი შემსრულებელი აღმოჩნდა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".