მარიამ ვეკუა
24.05.2025

ოპოზიციური ბოიკოტის დარღვევისა და მმართველი გუნდისთვის ქვორუმის უზრუნველყოფაში მონაწილეობისთვის, პარტია „ლელო - ძლიერმა საქართველომ" თავისი რიგებიდან თბილისის საკრებულოს წევრი მიხეილ კაკაურიძე გარიცხა. ანალიტკოსების ნაწილი ამბობს, რომ ეს პრეცედენტი ოპოზიციის იმიჯზე ნეგატიურად ვერ იმოქმედებს და პირიქით, გამოაჩენს „ვინ ვინ არის"; მეორე ნაწილის აზრით კი, მსგავსი შემთხვევები ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად მასობრივ სახეს მიიღებს და ბევრი ოპოზიციონერი დაპუტატი ეცდება „ოცნებასთან" გარიგებას.

თბილისის საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ ზურაბ აბაშიძის ასარჩევად 23 მაისს „ქართულ ოცნებას" ქვორუმი არ გააჩნდა - მინიმალური ზღვარი 26 წევრს შეადგენს, სხდომაზე კი საკრებულოს 25 წევრი იყო გამოცხადებული. ოპოზიციური ბოიკოტის მიუხედავად, სხდომას „ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელი მიხეილ კაკაურიძე დაესწრო და მისმა ერთმა ხმამ პროცესზე გადამწყვეტი მნიშველობა იქონია - ქვორუმი შედგა.

„როგორც „ძლიერი საქართველოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან", - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, თბილისის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების" შემადგენლობა კვორუმის არქონის გამო ვერ ხსნიდა სხდომას, სადაც უნდა მომხდარიყო საკრებულოს ახალი თავმჯდომარის არჩევა და ვიცე-მერის ახალი კანდიდატურის დამტკიცება.

„სამწუხაროდ, საერთო ოპოზიციური ბოიკოტის და მკაფიო მოწოდების მიუხედავად, „ძლიერი საქართველოს" გლდანის შტაბის წარმომადგენელმა და საკრებულოს წევრმა მიხეილ კაკაურიძემ, რომელიც 2024 წელს შემოგვიერთდა, დაარღვია აღნიშნული ბოიკოტი და დაეხმარა „ქართულ ოცნებას" კვორუმის შექმნაში, რის გამოც როგორც „ძლიერი საქართველოს" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და თბილისის შტაბის ხელმძღვანელმა, მივიღე გადაწყვეტილება შევწყვიტოთ თანამშრომლობა მიხეილ კაკაურიძესთან და ის გაირიცხოს ჩვენი რიგებიდან", - წერს ბუაძე.

შეგახსნებთ, „ძლიერი საქართველო" და თბილისის საკრებულოში ოპოზიციის სრული შემადგენლობა 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმყოფება პოლიტიკურ ბოიკოტში და არ მონაწილეობს საკრებულოს სხდომებში. ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება „ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭომ, 2024 წლის ნოემბერში მიიღო.

ზურაბ აბაშიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ უკვე დაინიშნა. კენჭისყრა საკრებულოს სხდომაზე პარასკევს გაიმართა. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ წინა თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ თბილისის ვიცე-მერის პოსტი დაიკავა.

ზოგი ჭირი მარგებელია?

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ კაკაურიძეს მსგავსად ბევრი დეპუტატი მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ადგილობრივ არჩევნებამდე.

„ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ გახშირდება ასეთი შემთხვევები, ყველა პარტიაში გამოჩნდებიან ეროვნული სულის მატარებელი ადამიანები. როცა ხედავენ ეს ადამიანები, რომ მათი პარტიის ხელმძღვანელები დამოკიდებულნი არიან გარე ძალებზე (რასაც ეტყვიან, იმას ასრულებენ), რა თქმა უნდა, ამ ადამიანებში იღვიძებს პროტესტის გრძნობა და აკეთებენ იმას, რაც გააკეთა ამ „ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა.

„ეს ჩვეულებრივი ამბავია, მით უმეტეს, როდესაც უშვებენ ისეთ კატასტროფულ შეცდომებს. მხოლოდ ერთ მაგალითს დავასახელებ: დღეს ერთმა ამერიკელმა კონგრესმენმა, რენდი ფაიენმა თქვა - კარგი იქნებოდა, თუ ღაზის სექტორში ბირთვულ იარაღს გამოვიყენებთო. დარწმუნებული იყავით, მსგავსი რამ რომ თქვას ვინმემ საქართველოს მიმართ, აქაური ოპოზიციონერები ამას სიხარულით შეხვდებიან. ამას დაეთანხმება ხაზარაძე, მელია, გვარამია, ჯაფარიძე, თუმცა ამას ვერ აიტანენ მათ რიგებში მყოფი, ჯერჯერობით კვლავ გაუცნობიერებელი ადამიანები", -განაცხადა გვენეტაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის აზრით, კაკაურიძის მაგალითმა აჩვენა, რომ ოპოზიციაში „ყველა არ არის სუფთა", ეს პრეცენდენტი კი ოპოზიციაში წმენდის პროცესს ხელს შეუწყობს.

„ჩემი აზრით, ეს შემთხვევა პრობლემაა. თუმცა ზოგი ჭირი მარგებელია - ამ პრეცედენტმა გამოაჩინა, ვინ ვინ არის და ოპოზიციაც გაიწმინდება მსგავსი ადამიანებისგან. ეს საბოლოოდ ოპოზიციის იმიჯსა და საქმიანობაზე დადებითად აისახება.

„საერთო ჯამში, რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციურ სპექტრს, მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც რიგით მოქალაქეს, შეიძლება გამაჩნდეს გარკვეული პრეტენზიები მათი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით, მეორე მხრივ პატივს ვცემ იმ ქმედებებს, რასაც ახორციელებენ. ამას იმიტომ ვამბობ და იმის თქმა მინდა, რომ ოპოზიციურ სპექტრში აბსოლუტურ უმრავლესობას (გახარიას პარტიის გარდა) წარმოადგენენ ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს უფრო ღრმა ინტეგრაცია საერთაშორისო დემოკრატიულ საზოგადოებაში", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

კითხვაზე, ადგილობრივი არჩევნების წინ მსგავს ქმედება როგორ შეიძლება შეფასდეს, იგი გვპასუხობს:

„ცალკეული შემთხვევები, გეთანხმებით, არის როგორც უპრინციპობა, რაც კაკაურიძემ გამოავლინა. თუმცა საერთო ჯამში, ოპოზიციის პრინციპულობა (სამი პარტიის შემთხვევაში) კიდევ ერთხელ მკაფიოა. თუნდაც პარლამენტში არშესვლა და მაღალი ხელფასების უარყოფა, მიანიშნებს, რომ უმრავლესობა მიზანმიმართულია ბრძოლისკენ."

ბრძოლა თუ გარიგება

ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ მალე ოპოზიცია საკრებულოებში თავის დეპუტატებს ვერ გააკონტროლებს და ეს პროცესი მასობრივ სახეს მიიღებს.

„ვფიქრობ, რომ კაკაურიძის მსგავსი შემთხვევები მასობრივად გახდება. ოპოზიცია ვეღარ გააკონტროლებს თავის დეპუტატებს ვერანაირად. 800 000-მა მისცა მიიღო და 50 000 ვერ გამოჰყავს ქუჩაში. მათი როლი და ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არსებობს", - განაცხადა გვენეტაძემ.

განსხვავებულად ფიქრობს ნიკა ჩიტაძე, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიციის უმრავლესობა მზადაა ბრძოლისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კითხვას აჩენს მიმდინარე პროცესები, ვფიქრობ, უმრავლესობა (თუმცა არა ყველა) ოპოზიციაში მზად არის ბრძოლისთვის.

„კაკაურიძეს შემთხვევა არ არის მისასალმებელი და ამომრჩეველმაც, მათ შორის ჩემმა თავმაც, უნდა დააფიქსიროს აღნიშნული. თუმცა საჭიროა დავინახოთ როგორც სიკეთე, ისე ბოროტება. მხოლოდ ამ კონკრეტული პრეცედენტის დამახსოვრება მართებული არ იქნება.

„ზოგს უბრალოდ დაამახსოვრდება, რომ კაკაურიძემ მხარი დაუჭირა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას და იტყვის, რომ ოპოზიცია გაყიდულია. თუმცა ჩვენ უნდა გვახსოვდეს როგორც კარგი, ისე ცუდი", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×