ნატალია ჯვარიძე
24.05.2025

მაისი იწურება და პარლამენტში საგაზაფხულო სესია თანდათან დასასრულს უახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლო მომავალში დღის წესრიგში ავტომატურად დადგება პარტიის „გახარია საქართველოსთვის" დეპუპატების საპარლამენტო მანდატების გაუქმების საკითხი. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ჯერჯერობით გახარიას მანდატებს არ გაუუქმებს. ნაწილის აზრით კი, „ოცნება" გიორგი გახარიას პარტიას იმდენად დიდი მნიშვნელობას არ ანიჭებს, რომ კანონში ცვლილებები შეიტანოს და მანდატები შეუნარჩუნოს:

„არ არის ეს პარტია ისეთი მხადაჭერის მქონე არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, რომ მმართველი პარტიისთვის მის მანდატებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს", - განაცხადა ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

ამჟამად პარლამენტში რეალურად 89 დეპუტატია, მხოლოდ „ქართული ოცნებისა" და მისგან გამოყოფილი „ხალხის ძალის" წარმომადგენლები. კიდევ 12 დეპუტატი ჰყავს პარტიას „გახარია საქართველოსთვის", რომლებიც ჯერ არცერთ სხდომას არ დასწრებიან, თუმცა ფორმალურად ინარჩუნებენ დეპუტატის სტატუსს.

თავის დროზე, როდესაც გახარიამ უარი თქვა თავისი საარჩევნო სიის ჩახსნაზე და პარლამენტში თავისი პარტიის მანდატების გაუქმებაზე განცხადებაც არ დაწერა, ამას დანარჩენი ბარიერგადალახული პარტიების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

თავად გახარიას პარტიაში ამბობდნენ, რომ პარლამენტისათვის მანდატების გაქუმების თაობაზე ოფიციალური განცხადებით მიმართვა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობის ირიბი აღიარება იქნებოდა და ამიტომაც არ წერდნენ განცხადებას. ასევე ამბობდნენ, რომ პარლამენტის სხდომებს არ დაესწრებოდნენ და ამის გამო „ქართული ოცნება" მათ მანდატებს „ისედაც გააუქმებდა" და ამის სავარაუდო თარიღად მაისს ასახელებდნენ.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, თუკი დეპუტატი არასაპატიო მიზეზით გააცდენს კონკრეტული სესიის სხდომების ნახევარზე მეტს, ავტომატურად დადგება მისთვის საპარლამენტო მანდატის გაუქმების საკიტხი. ამჟამად პარლამენტში საგაზაფხულო სესია მიმდინარეობს და გახარიას პარტიის წევრებმა სხდომების ნახევარი უკვე გააცდინეს.

გაცდენების რუბიკონი გადალახულია

14 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გახარიას პარტიამ გაცდენების მხრივ ზღვარი გადალახა.

კერძოდ, 14 მაისს გამართული საპარლამენტო სხდომის ჩათვლით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 17 მოსმენა გაიმართა. მათგან არცერთ სხდომას არ დასწრებიან გახარიას პარტიის წევრები. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე კი მხოლოდ 16 სასესიო დღე იყო დარჩენილი, რაც თეორიულადაც გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე ნაკლები ჰქონდეთ გაცდენილი.

გიორგი გახარიას პარტიიდან ამ ეტაპისთვის სადეპუტატო მანდატს ფლობენ თავად გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, ზვიად ძიძიგური, დიმიტრი ცქიტიშვილი, როინი ქოჩორაშვილი, კახაბერ ქემოკლიძე, ბერდია სიჭინავა, ნათია მეზვრიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი, ზაზა თავაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. ისინი პარლამენტში ირიცხებიან როგორც უფრაქციო დეპუტატები.

სჭირდება თუ არა „ოცნებას" გახარიას შენარჩუნება პარლამენტში

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის ვარაუდით, „ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით გახარიას პარტიისთვის მანდატების გაუქმება არ აწყობს.

„ხელისუფლებას რომ მანდატების გაუქმება აწყობდეს, უპრობლემოდ გააუქმებდა. „ქართულ ოცნებას" შეიძლება ბევრ არაფერში აწყობდეს ის, რომ გახარიამ არ დატოვა პარლამენტი, მაგრამ იურიუდიულად მაინც ითვლება, რომ გახარიას ჯგუფი პარლამენტის ნაწილია და ასევე, პარლამენტში მინიმუმ ორი პოლიტიკური ორგანიზაციაა. არ მგონია ახლა გააუქმონ, მაგრამ როგორც კი დასჭირდებათ მანდატების ჩამორთმევა, მაშინვე გააკეთებენ. როგორც ჩანს, ახლა ამას მიზანშეწონილად არ თვლიან და რაღაც გათვლები აქვთ მომავალში. შესაძლოა ეს დაკავშირებული იყოს თვითმართველობის არჩევნებთან, რომ მონაწილეობა მიიღონ რომელიმემ.

„ქართულ ოცნებას" როგორც აწყობს, ისე იქნება. ის დიდი ხანია გასულია იმ ჩარჩოებიდან, რომ რაც კანონში წერია, ყველაფერი შეასრულონ. ხელისუფლებამ ეს კანონმდებლობა თავის თავზე მოირგო და თუ ახლა ვინმე დებატებში შევა, რატომ აუქმებთ სხვა პარტიებს და გახარიას დეპუტატებს რატომ არ უწყვეტთ მანდატებსო, სიამოვნებით აყვება პოლემიკას. რეალურად კი თვითონ ამის გამკეთებლები არ არიან", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".

პეტრე მამრაძეს კი ნაკლებად ჰგონია, რომ „ოცნებამ" მანდატები არ გააუქმებს. მისივე აზრით, გახარიას პარტია არ არის ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი.

„კანონი თუ არის ასეთი, რომ მანდატები უნდა გაუქმდეს, მაშინ საკითხავია, რომც მოინდომოს მმართველმა პარტიამ, რა უნდა გააკეთოს ისეთი, ეს რომ არ მოხდეს. მე, როგორც ყოფილ პარლამენტარს, მესმის, რომ პარლამენტს ყველაფრის შეცვლა შეუძლია, კონსტიტუციისაც კი, მთავარია ხმები ჰქონდეს. კონსტიტუციას ვერ შეცვლიან, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხზე გახარიას პარტია მიმართავს პარლამეტს თხოვნით, რომ მანდატები არ გაუუქმონ? არ მგონია. შესაბამისად, ნაკლებად ველი ისეთ ინიციატივებსა და ცვლილებებს, რომ ეს გადაარჩინონ.

„არ არის ეს პარტია ისეთი მხადაჭერის მქონე არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, რომ მმართველი პარტიისთვის მის მანდატებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×