გვანცა ღვედაშვილი
30.08.2017

 საქართველოს ტერიტორიებზე ხანძარი ისევ გაჩნდა. ამჯერად ახალი კერები საგარეჯოს რაიონ სოფელ მანავში, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირსა და აბასთუმნის ტყეში ფიქსირდება. კონკრეტულ მიზეზებზე საუბარს ჯერ ისევ თავს არიდებენ შსს-ში. როგორც მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, ახლა მთავარი ამოცანა ხანძრების ლიკვიდაციაა, გამომწვევ მიზეზებს კი სწორედ ამის შემდგომ გააანალიზებენ.

"კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი 4 ძირითად მიზეზს ასახელებს. ესენია: ტყეების დეგრადაცია, განათლების პრობლემა, არაგეგმური სატყეო-სამეურნეო საქმიანობა და რეაგირება.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "112"-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე ათეულობით მეხანძრე-მაშველი, შესაბამის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ოპერატიულად მივიდა.

მათივე ცნობით, ცეცხლის ქრობის პროცესს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 100-ზე მეტი თანამშრომელი ახორციელებდა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 170 თანამშრომელი ჩაერთო.

"შსს-ს მეხანძრე-მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ხანძრის დროულად ლოკალიზებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელეს. ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ცალკეული კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში.

ხანძარი გაჩნდა აბასთუმნის ტყეშიც, რომელიც, არაოფიციალური ინფორმაციით, 5 ჰეტრამდე გავრცელდა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული, თუმცა, როგორც ადგილზე ამბობენ, ხანძარია დაახლოებით 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე. ამასთან, ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ასევე ახალციხის რაიონის სოფელ სვირიდან გაიგზავნა ვერტმფრენიც.

ხანძარი გაჩნდა საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში, რომლის შედეგადაც დაახლოებით, სამი ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. თუმცა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა მუშაობდა.

რა არის ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზები და რა პერევენციულ ზომებს უნდა მიმართავდეს ხელისუფლება, ამის შესახებ "რეზონანსი" "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორ რეზო გეთიაშვილს გაესაუბრა.

"ახლა ტყის ხანძრების გამომწვევი ფაქტორების გააქტიურების პერიოდი გვაქვს. ამაში შედის როგორც კლიმატური პირობები, რადგან ჩვენი ხანძრების ძირითადი ნაწილი ჩნდება ივლისის მეორე ნახევრიდან აგვისტოს განმავლობაში. ეს არის ყველაზე მშრალი სეზონი, ამასთან, ხანძარი ძირითადად ჩნდება აღმოსავლეთ საქართველოში და იშვიათ შემთხვევაში - სხვაგან, სადაც წიწვოვანი ტყეებია. ეს არის ბუნებრივი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის მერე არის ძალიან ბევრი მიზეზი, რომლებიც დაკავშირებულია არასწორ მართვასთან, განათლებასთან, ტყეების დეგრადაციასა და ანტროპოგენურ ზეწოლასთან, რასაც ვერ დავარქმევთ ბუნებრივ ხასიათს.

"ხანძრების გამომწვევი პირველი და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ტყეების დეგრადაცია, რადგან ჭარბია ანთროპოგენური წნეხი. საუბარია ენერგეტიკულ და სოციალურ ზეწოლაზე, რაც გაათმაგებულია. ეკოსისტემები იმ დონეზეა უკვე დეგრადირებული, რომ მათ აღარ აქვთ თავიანთი ბუნებრივი ხასიათი და არ შეუძლიათ, წინააღმდეგობა გაუწიონ ბუნებრივ კატასტროფებს. ანუ თუ ჯანსაღ ტყეს წარმოვიდგენთ, სადაც დიდი ოდენობით მწვანე საფარი, ტენიანობა და ა.შ. არის, აქ ხანძრის გაჩენის ალბათობა ნაკლებია, მისი გავრცელების საფრთხე კი - კიდევ უფრო მცირე. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში დეგრადირებული ეკოსისტემა გვაქვს, სადაც გაჩეხილია ტყეები, ბალახი ისევეა გადამწვარი, როგორც უტყეო ადგილებში და პრინციპში, უკვე ხრიოკი ადგილებია. არის დიდი ოდენობით მკვდარი ბიომასა, ხმელი ბალახეულის გარდა იქ არის ძირნაყარი ხე-ტყის ბიომასა და ეს ყველაფერი უკვე წარმოშობს ხანძრის გაჩენისა და გავრცელების ძალიან მაღალ რისკს;

"მეორე მიზეზი არის განათლების პრობლემა. დიდი ხანია, საუბარი მიმდინარეობს, რომ სკოლებში უნდა დაინერგოს გარემოსდაცვითი და სამოქალაქო განათლება, რაც ჩანასახოვან ეტაპზეა და რისი დანერგვაც აუცილებელია, რადგან ადამიანები, რომლებიც ტყეში ხვდებიან, უნდა იქცეოდნენ ადეკვატურად, უნდა იცოდნენ, როგორ მოიქცნენ და როგორ არ უნდა გახდნენ მაპროვოცირებელნი, თუნდაც ისეთი დიდი კატასტროფისა, როგორიც ხანძარია. დაუშვებელია კოცონის დანთება და მისი დატოვება ან არასრულად ჩაქრობა, ნარჩენების დაყრა და ა.შ;

"მესამე მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ, სატყეო სამეურნეო საქმიანობები. უკვე ათწლეულებია, ტყეები იმართება არაგეგმურად ანუ სტიქიურად წინასწარი შეფასების მართვის გეგმის შეფასებისა და მისი განხორციელების გარეშე. შესაბამისად, არ არსებობს ის ღონისძიებები, რომლებიც უნდა იყოს გაწერილი მართვის გეგმაში.

"ჩვენ თუ არ შევაფასებთ რისკებს და არ გვეცოდინება ის, თუ რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ, მართვის გეგმას ვერ მოვამზადებთ და თუ ეს უკანასკნელი არ არის, ბუნებრივია, არსად არის გაწერილი ის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს. თუმცა, ამას სჭირდება ფინანსები და ჩვენ გვაქვს შეხება ისეთ პრივიალურ პრობლემასთან, რომელსაც ბიუჯეტირება ჰქვია;

"მეოთხე მიზეზი არის რეაგირება, რისთვისაც არსებობს სტრატეგია, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა. ეს არის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სტრატეგია, სადაც გაწერილია არაერთი ღონისძიება, რომლებიც დაფინანსებას მოითხოვს, რათა მომავალში მომზადებული დავხვდეთ ისეთ საფრთხეებს, რომლებიც რეალურია.

"90-იან წლებამდე ჩვენი ყველა ტყე იმართებოდა გეგმურად, თუმცა ამის შემდგომ, ბოლო 2-3 წელიწადს თუ არ ჩავთვლით, მთლიანად შევაჩერეთ ინვენტარიზაციისა და ტყეების გეგმური მართვის პროცესი. გასულ წელს აჭარაში დასრულდა ინვენტარიზაცია, ასევე გაკეთდა სამცხე-ჯავახეთში, ბუნერივია, აქ შედის ბორჯომის ხეობაც, სადაც გვაქვს როგორც ინვენტარიზაცია, ისე მართვის გეგმა, ამიტომ შემდგომი ნაბიჯები რაც უნდა გადაიდგას, კარგად უნდა გაანალიზდეს და ამ ნაბიჯების გადადგმისთვის გამოყოფილი უნდა იყოს ფინანსები", - აცხადებს გეთიაშვილი და აქვე აღნიშნავს, რომ ხანძართან ბრძოლისას ხელისუფლების რეაგირება, ერთი მხრვ, დადებითი იყო, თუმცა, ამავდროულად, ძალიან ბევრი ხარვეზიც გამოვლინდა, რომელთა გაანალიზება მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

"პირველი, ის რომ ხანძარი ჩაქრა, ის რომ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მოხერხდა ძალების მობილიზება, რომლებმაც უზრუნველყვეს ხანძრის ჩაქრობა, ეს უკვე უნდა შეფასდეს დადებითად. მაგრამ ის, რომ ხანძარი ძალიან დიდ მასშტაბებზე გავრცლედა და ბუნებრივია, შესაძლებელი იყო მისი ადრეულ ეტაპზე შეჩერება, უკვე გარკვეული ანალიზის საგანი უნდა გახდეს. ასევე რეაგირება არ იყო სწრაფი და გარკვეულ შემთხვევებში ის ზომები, რომლებიც მივიღეთ, შეიძლება დაგვიანებული იყო.

"ზოგადად რეაგირება ნიშნავს იმას, თუ რას აკეთებ ბუნებრივი კატასტროფის საწყის პერიოდში პირველივე საათში და ამისთვის წინასწარ მომზადებული რეაგირების გეგმები არსებობს. ეს რომ ასე ყოფილიყო, მეხანძრეებს ეცოდინებოდათ, რას ნიშნავს ცეცხლის ჩაქრობა და ის, თავიდან რომ ჩათვალეს, ხანძარი ჩამქრალი იყო, წამოვიდნენ და მერე მეორედ მოხდა ხანძრის კერების გაღვივება, გარკვეულ ხარვეზებზე ნამდვილად მიუთითებს. ეს უნდა გამოვიძიოთ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვინმეს ბრალეულობა დაისვას. ნამდვილად, მადლობა არის გადასახდელი იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც ადგილზე მუშაობდა. გამოძიება უნდა ჩავატაროთ, რათა დავინახოთ სისტემური ხარვეზები. ფაქტია, რომ თუ ტყეებზე ზეწოლას გავაგრძელებთ, აუცილებლად დავდგებით ახალი, უფრო მძიმე ბუნებრივი კატასტროფების წინაშე," - აცხადებს რეზო გეთიაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×