„ეს არის ცუდი, მავნებელი, თაღლითური კომპანია, მაგრამ საქართველოში მაინც დატოვეს“
გვანცა წულაია
26.01.2021

ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისთენრ ჯორჯიას“ გარშემო სკანდალი ისევ გრძელდება. ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია თანამშრომლების მხრიდან უკმაყოფილების ადრესატი არაერთხელ გამხდარა, რადგან ისინი ვალდებულებებს არ ასრულებენ და დასაქმებულებს ანაზღაურების გარეშე ხშირად ტოვებენ. ასე მოხდა ამჯერადაც. შესაბამისად, მოტყუებული თანამშრომლები იძულებულნი არიან, საპროტესტო აქციას ხშირ-ხშირად მიმართონ.

კომპანია ვალდებულებების შეუსრულებლობასა და თანამშრომელთა უფლებების დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულეს როგორც საქართველოს პროფკავშირებმა, ისე „სოლიდარობის ქსელმა". ორივე ორგანიზაცია პრობლემის მოგვარებას დღემდე ცდილობს. 

კომპანიას დიდი ხანია, თანამშრომელთა დავალიანება აქვს, რაც გუშინ დასაქმებულებმა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. რამდენიმესაათიანი აქციის შემდეგ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერასა“ და ყოფილ თანამშრომლებს შორის ზეპირი შეთანხმება შედგა.

კომპანიის დედოფლისწყაროს ნავთობბაზის მენეჯერის, გიორგი ჯანიაშვილის ინფორმაციით, ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანება ეტაპობრივად 500-500 ლარობით ჩაერიცხებათ. რამდენად პირნათლად შესრულდება ეს პირობა, გაურკვეველია, რადგან „ფრონტერას" სიტყვები ხშირად უკან მიაქვს.

კომპანიის თაღლითურ მეთოდსა და  დარღვევებზე საუბრობენ „სოლიდარობის ქსელშიც", სადაც ამბობენ, რომ ამერიკული კომპანია, ჯერ კიდევ 2018 წლიდან მოყოლებული, თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და თანამშრომლებს ანაზღაურების გარეშე ტოვებს. 

„2018 წლის ნოემბერში ერთ-ერთი დასაქმებულის შვილმა მთხოვა, რომ მამამისს დავხმარებოდი. რეგიონში ჩავედი ბექა ნაცვლიშვილთან ერთად, თანამშრომლებს გავესაუბრე, შეხვედრასაც დავესწარი, სადაც ადგილობრივი დეპუტატიც იყო და გამგებელიც. მაშინდელ შეხვედრაზე თანამშრომლებმა გვითრეს, რომ 11 თვის ხელფასი არ ჰქონდათ აღებული. კომპანიას შეიძლება, ერთი თვის ხელფასი გადაეხადა და შემდეგი ორი თვისას აღარ იხდიდა, ანუ დავალიანება მიყოლებით არ დაგროვილა, მაგრამ 2 წლის განმავლობაში გამოვიდა 11-თვიანი ჩაგდება“, - განუცხადა „რეზონანსს" „სოლიდარობის ქსელის“ ხელმძღვანელმა, სოფო ჯაფარიძემ და დასძინა, რომ კომპანია თავისი შეხედულებებით სარგებლობს და ვალდებულებას არ ასრულებს არც თანამშრომლებთან და არც სახელმწოფოსთან. 

„როგორც კი ჩვენ ჩავერიეთ, მაშინვე გავარკვიეთ, რომ კომპანიას სახელმწიფოსთან ჰქონდა დიდი დავა საერთაშორისო არბიტრაჟში. საქართველოს მთავრობამ დავა მოიგო. აღმოჩნდა, რომ ეს არის საშინელი კომპანია, რომელიც თავის ვალდებულებებს არ არსულებდა არა მხოლოდ დამსაქმებლებთან მიმართებით, არამედ სხვადასხვა ვალდებულებასთან დაკავშირებითაც, რომელიც ჰქონდა აღებული სახელმწიფოსთან დადებულ ხელშეკრულებაში. შემდეგ მათ დაიქირავეს კონგრესმენები და დააწერინეს წერილები, თითქოს „ფრონტერას“ ჩაგრავდნენ, ეს იყო შავი პიარკამპანია. 

„ფრონტერა“ არის ცუდი, მავნებელი, თაღლითური კომპანია, მაგრამ საქართველოში მაინც დატოვეს. მე მგონია, რომ ეს ზეწოლა მოლაპარაკების ნაწილი იყო. ვვარდაუდობ, რომ ამ ყველაფერს გეოპოლიტიკური ხასიათი ჰქონდა. რადგან ამერიკული კომპანიაა, ურთიერთობის დალაგებაზე იყო საუბარი. კომპანიას თავი ისე მოაქვს, თითქოს რუსეთს ებრძვის. პოლიტიკურ შეხედულებებს იყენებენ, რომ ეკონომიკურად განვითარდნენ. ისე რომ გამოვიდეს, თითქოს საქართველოდან ამერიკული კომპანია გავაგდეთ,  ცუდი პრეცედენტი შეიქმნება და სწორედ ამით სარგებლობენ. 

არანაირ ვალდებულებას არ ასრულებენ, არ უხდიან თანამშრომლებს ანაზღაურებას, ჩემთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი შანტაჟია. ამ კომპანიას მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთანაც ჰქონდა პრობლემა. ვერ ვიტყვი, რომ ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დროს ხდება.

ამდენი ხანი გავიდა და ხელფასს ისევ ელოდება ეს ხალხი. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ ვითარების გამოსწორება, მაგრამ ისეთი თამაშებია, რომ დარწმუნებით არაფრის თქმა არ შემიძლია", - აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ „რეზონანსთან". 

კომპანიის მხრიდან დარღვევებზე საუბრობენ საქართველოს პროფკავშირებშიც. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილიც ადასტურებს, რომ „ფრონტერას“ თანამშრომლები გამომუშავებულ ანაზღაურებას ვერ იღებენ.  

„ჩვენ ვიყავით ადგილზე ჩასული და  პროფკავშირების ჩარევის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ, ხელფასებიდან დაწყებული, სხვა მრავალი დარღვევა იკვეთებოდა. ყველაფერი ყოველმხრივ მორღვეული იყო. თანამშრომლები მათ მიერ გამომუშავებულ ხელფასებს ვერ იღებდნენ და ბოლო დროს მუდმივად პროტესტის რეჟიმში არიან“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ირაკლი პერტიაშვილმა.

კომპანია „ფრონტერას“ წინააღმდეგ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საარბიტრაჟო განხილვა 2018 წლის 15 ნოემბერს დაიწყო და სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ კონტრაქტი არსებითად დაარღვია და კომპანიას მოსარჩლეებისთვის ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურება დააკისრა, რაც, ჯამში, 6 მილიონ დოლარს შეადგენს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×