საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ბაზრობების ამოშავების თარიღი გადმოიწევს
გვანცა წულაია
27.01.2021

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა, ვადაზე ადრე მოიხსნას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე, რასაც მოსახლეობა ყოველდღე უფრო აქტიურად ითხოვს. გახსნის მიახლოებითი თარიღი კი, „რეზონანსის“ ინფორმაციით, 1-ლი მარტის ნაცვლად 15 თებერვალი იქნება.

განსაკუთრებული მოთხოვნა ახლა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა გადატანილი. ხალხი, როგორც საქალაქთაშორისო, ისე მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას ითხოვს, რასაც ბოლო დღეებია არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა. სწორედ ამიტომ, დიდი ალბათობით, აღნიშნული მოთხოვნა მთავრობის მხრიდან გათვალისიწინებული იქნება და მუნიციპალური ტრანსპორტი 1-ლი მარტის ნაცვლად, 15 თებერვალს გაიხსნება. 

გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებაზე უკვე საუბრობენ მთავრობაშიც. როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა დაჩქარდება თუ კი, უახლოეს ერთ კვირაში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-იან ნიშნულს ჩამოსცდება. 

„როგორც კი დაინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს, დავაჩქაროთ. მაგალითად, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ. 

დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებას უწოდებს სატრანსპორტო სფეროს სფეციალისტი ვასო ურუშაძე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვას და აცხადებს, რომ გადაადგილების საჭიროება ძალიან ბევრისთვის არის დაკავშირებული სიცოცხლესთან და ჯანმრთელობასთან, რადგან ქვეყანაში გვყავს ძალიან ბევრი პენსიონერი, სოციალურად დაუცველი და მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. 

"მათ არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ჰყავდეს პირადი ავტომობილი ანდა ისარგებლონ ტაქსით. არადა, სასიცოცხლოდ სჭირდებათ გადაადგილება, რომელიც რიგ შემთხვევაში დაკავშირებულია სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებასთან. არც ერთ განვითრებულ ქვეყანაში, არც ერთ დიდ ქალაქში, სადაც მობილობა მაღალია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული არ არის. ყველგან დაცულია მაღალი სტანდარტებით ჯანდაცვის რეგულაციები. აკრძლვა არის ყველაზე უკიდურესი გადაწყვეტილება. იგი, შესაძლოა, გამოყენებული იქნას, არაუმეტეს, 7-დან 10 დღემდე“, - განუცხადა „რეზონანსს“ ვასო ურუშაძემ და იმ გზებზე ისაუბრა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის ნაცვლად უნდა გაკეთებულიყო. 

„ანალიზი უნდა ყოფილიყო გაკეთებული, რა სამსახურები მუშაობას რა - არა. დღის რომელ მონაკვეთში, როგორი მობილობაა და როგორია მოთხოვნა. ამაზე დაკვირვებით მომხდარიყო ე.წ. დივერსიფიცირება. იმ საათებში, როდესაც მობილობა მაღალი იქნებოდა, დამატებულიყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მეტროპოლიტენში გაზრილიყო ინტერვალი და მკაცრად ყოფილიყო რეკომენდაციები დაცული. ამის ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსი გააჩნია, როგორც თვითმმართველ ქალაქებს, ისე თბილისის მერიას“, - დასძინა „რეზონანსთან“ ვასო ურუშაძემ. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა, თებერვლიდან გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება. ამის თაობაზე ინფორმაცია რეგიონული ინფრასტურქტურის მინისტრმა გააკეთა.

„მაგალითად, საახალწლო პერიოდში არ იყო დაშვებული საქონლის გადაცვლა, რაც პირველი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება. ასევე ამოქმდდება გასახდელებიც, ისევე როგორც გარკვეული შემსუბუქება იქნება ერთ კვადრატულ მეტრზე დაშვებულ ადამიანებთან დაკავშირებით.

ნებისმიერი გახსნა უნდა იყოს ეტაპობრივი, ფრთხილი და თუ მობილობას ვზრდით ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვით უნდა დავაკომპენსიროთ. მაშინ, როდესაც დადებითობის მაჩვენებელი შემცირდება კვირის განმავლობაში 4%-მდე შევძლებთ უფრო თამამი ნაბიჯების გადადგმას“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა. 

უკვე ცნობილია, რომ თებერვლიდან იხსნება სავაჭრო ცენტრები. „გალერეა თბილისის“ დირექტორმა პრაქტიკულად დაადასტურა, რომ 2 კვირაში ნამდვილად გადაიხედება შეზღუდვები და თანაც შემსუბუქდება. 

„ისედაც ვიცოდით, რომ იქნებოდა შეზღუდვები. გვქონდა ინფორმაცია შაბათ-კვირის, ასევე გადაადგილების აკრძალვაზე. კარგი ის არის, რომ ამ ყველაფრის გადახედვა მოხდება 2 კვირაში ერთხელ და იმის მიხედვით, თუ გაუმჯობესდება მდგომარეობა მოიხსნება შეზღუდვები ეტაპობრივად. რა თქმა უნდა, ის ორი უქმე დღე დაგვაკლდება, მაგრამ გადანაწილდება დანარჩენ დღეებზე, ნაწილობრივ მაინც,“ - განაცხადა „გალერია თბილისის“ დირექტორმა, ნიკოლოზ ცინცაძემ მთავრობის წარმომადგენლებთან გუშინდელი გამართული შეხვედრის შემდეგ. 

შემდეგი შემსუბუქება უკვე ღია და დახული ბაზრობებს დაეთმობა. როგორც დაანონსებულია, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ქალაქში, 15 თებერვლიდან ყველა ტიპის ბაზრობა გაიხსნება, თუმცა ზუსტი თარიღი, დიდი ალბათობით, დღეს დასახელდება. ბაზრობების წარმომადგენლები მთავრობასთან შეხვედრას, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამართავენ, რის შემდეგაც გახსნის გეგმა გახდება ცნობილი. 

როგორც „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია აცხადებს, ისინი გახსნისთვის მზად არიან. 

„სავარაუდოდ, შეხვედრა გვექნება და ყველაფერს გავიგებთ. გვეტყვიან რა და როგორ იქნება. სხვა რაიმე დამატებითი ინფორმაცია და სიახლე ჯერჯერობით არ არის. რაც შეეხება მზადყოფნას, ჩვენ, მუშაობის გაგრძელებისთვის ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც, ამ ეტაპზეც ასეა“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი კვარაცხელიამ. 

ამის შემდეგ კი, შესაძლოა, სამთო-სათხილამურო კორორტების ჯერიც დადგეს. მართალია, შესაძლოა, თეთრი სეზონის გახსნა, ზამთრის მიწურულს მოხდეს, მაგრამ ეს გარემოება სამთო-სათხილამურო კურორტებს ალბათ, მცირედით დაეხმარება.  რადგანაც ზამთრის სეზონი მძიმე მდგომარეობაშია, მათვის განხსა ძალიან მნიშნვნელოვანია. მართალია, სამთო-სათხილამურო კურორტებს დამსვენებელი მაინც ჰყავს, მაგრამ იქ არსებული ვითარება მაინც მძიმეა. ქვეყანაში ძალიან მცირე რაოდენობის ვიზიტორები შემოდიან, მაგრამ მათი ნაწილი სათხილამურო კურორტებს საერთოდ არც კი სტუმრობს.

ჯერჯერობით ნაადრევია, რესტორნებისა და კაფე-ბარების გახსნის საკითხი. შესაბამისად,  მიახლოებითი თარიღიც ამ ეტაპზე უცნობია. 

ცოტა ხნის წინ კი ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ დაადასტურა, რომ დროა შეზღუდვების დაჩქარებულად მოხსნაზე იფიქრონ. 

"შემიძლია მივცე რეკომენდაცია მთავრობას, რომ ცოტა მეტად დაჩქარებულად განიხილონ შეზღუდვების მოხსნა და ნუ გადალახავს წითელ ზოლს, რომლის იქითაც შეიძლება უკონტროლო გავრცელება დაიწყოს, მაგრამ ოქროს შუალედი მოვნახოთ და შევეცადოთ, სადაც მცირე შანსი მაინც არსებობს რისკების გაზრდის გარეშე მოვხსნათ შეზღუდვა", - განაცხადა ცერცვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×