კრიზისი გადალახულად არ ჩაითვლება, სანამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ იგრძნობს პროგრესს
ირაკლი ლომიძე
28.01.2021

კორონავირუსის გამო შემცირებულ ეკონომიკას  კრიზისამდელი პოზიციის დასაბრუნებლად, სულ მცირე 3-4 წელი დასჭირდება. ეს დროა საჭირო იმისათვის, რომ კრიზისში მყოფმა დარგებმა მდგომარეობის სრულად გაუმჯობესება მოახერხონ და ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნონ როგორც რიგითი მოქალაქეებმა, ასევე ბიზნესმაც. ამ მდგომარეობის მისაღწევად ხელისუფლებას დიდი სიძნელეების გადალახვა დასჭირდება. 

თავისი შინაარსით მიმდინარე კრიზისი აშკარად განსხვავებულია და მისი აღდგენის ტემპიც იქნება ბევრად განსხვავებული, ვიდრე ამას ადგილი ჰქონდა წინა კრიზისების დროს. ყველაზე ხანგძლივი პერიოდი კი პრობლემის დასაძლევად აღმოჩნდა 1988 წლის შემდეგ დაწყებული კრიზისი, რასაც სტატისტიკოს არჩვაძის შეფასებით,  თითქმის 3 ათეული წელი დასჭირდა.

,,კრიზისის დაძლევა ყოველთვის დიდ დროს მოითხოვს. მიმაჩნია, რომ  საქართველოში 90-იანი წლების პრობლემები სათანადოდ დაძლეული ჯერ კიდევ არ არის, რადგან იმ პერიოდში მილიონზე მეტი ადამიანია ქვეყნიდან გასული და მათ საქართველოში სრულად დაბრუნების რესურსი და პოტენციალი ჯერაც არ არსებობს. შეიძლება, ბევრი საერთოდაც ვერ დაბრუნდეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიცვალა ეკონომიკის სტრუქტურა, მოთხოვნა ქვეყნის შიგნით და გარეთ, მაგრამ ადამიანები მაინც ვერ ბრუნდებიან“, - აღნიშნა სტატისტიკოსმა.

მისი შეფასებით, ეპიდემიის გამო საქართველოს ეკონომიკამ 4-5 წელი, ფაქტობრივად, დაკარგა. კრიზისი გადალახულად არ ჩაითვლება, სანამ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ვერ იგრძნობს  პროგრესს და მოქალაქეებს არ ექნებათ სტიმული და მოტივაცია საქართველოში საქმიანობისთვის.

,,კრიზისის დაძლევა უნდა იგრძნოს საზოგადოების ყველა წევრმა, ცვლილება უნდა აისახოს მათ შემოსავლებზე, შეივსოს დაკარგული სამუშაო ადგილები, ამ მხრივ ეკონომიკა დიდი გამოწვევის წინაშეა. მოსახლეობის დიდი ნაწილის მდგომარეობა იმდენად გაუარესებულია, რომ საერთო მაჩვენებლებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. 

შეიძლება ვთქვათ, რომ კრიზისი დაიძლევა 2024 წლიდან, ეს ის ვადაა, როცა ტურიზმი კრიზისთან გამკლავებას შეძლებს, მანამდე 3 წელი დაკარგულია. იმისთვის, რომ გაცდენილი დაკარგული დრო ავინაზღაუროთ და შევძლოთ განვითარება, მოსახლეობის რაც შეიძლება მეტმა ნაწილმა იგრძნოს პროგრესი და ჰქონდეს მეტი სტიმული და მოტივაცია საქართველოში საქმიანობისთვის. ყველაზე დიდი კრიზისი 1988 წლის  შემდეგ დაიწყო და ეკონომიკამ 35 წლით დაიხია უკან. პრაქტიკულად, ის ჩავარდნა რომ აღმოგვეფხვრა თითქმის სამი ათეული წელი დაგვჭირდა. 1988 წლის დონეზე საქართველოს ეკონომიკა თავისი მოცულობით, განსხვავებული სტრუქტურით, გავიდა მხოლოდ 2010-იანი წლების შუა პერიოდში. 

უკფრო მარტივად გამოვედით 2009 წლის კრისიდან. მაშინ 3,9%-ით შემცირდა ეკონომიკა და შემდგომ წლებში პრობლემის  დაძლევა შედარებით ადვილად მოხერხდა“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ ,,რეზონანსთან“.

კრიზისის დაძლევას შედარებით ნაკლებ პერიოდში ვარაუდობს ეკონომისტი გივი მომცელიძე. როგორც მან აღნიშნა,  2020 წლის ვარდნის ასანაზღაურებლად 2 წელი მაინც დაგვჭირდება. შეიძლება, რომ ცალკეული სფეროებში ზრდა მოხერხდეს, მაგრამ ეს იქნება სეგმენტური და საერთო მაკროეკონომიკურ ცვლილებებთან ვერ გაიგივდება.

 ,,განვითარების ძველ ტემპთან დაბრუნება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რას გააკეთებს მთავრობა კრიზისის დასაძლევად. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, მაქსიმუმ 2-3 წელიწადში ჩვენ ეკონომიკური განვითარების ეპიდემიამდელ მდგომარეობას დავუბრუნდებით. წელს კი ნამდვილად უარყოფითი შედეგი გვექნება ამდენი შეზღუდვის გამო. დანაკარგი დიდია და მისი აღდგენა ძალიან გაჭირდება. 

სტრუქტურული რეფორმაა გასატარებელი და ამ შემთხვევაში უკვე მომავალი წლიდან შეიძლება ეკონომიკა კრიზისიდან გამოსვლის გზას დაადგეს. ამ მხრივ დიდ შედეგს მოგვცემს ინვესტიციები, თუკი სწორი საგადასახადო პოლიტიკით მთავრობა მოახერხებს ინვესტორების თუნდაც მცირე ნაწილის მოზიდვას. ასეთ პირობებში შესაძლებელი გახდება ზარალის შემცირება, რათა მოსახლეობის ცალკეულმა ჯგუფებმა გაღარიბების ნაცვლად, გამდიდრებაც შეძლონ.  

მთავარია ვიცოდეთ, რომ პანდემია დასრულდება და მერე კრიზისსაც მოვერევით.  ჩემი აზრით,  2019 წლის მონაცემებს 2023 წლამდე ვერ დავუბრუნდებით. მომდევნო 2,5-3 წელი  შეიძლება საკმარისი იყოს, რომ ოჯახების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდეს“ - განუცხადა "რეზონანსს" მომცელიძემ.

მთავრობა 2021 წელს 4.3%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, თუმცა ეს პირველ კვარტალში ვერ მოხერხდება და წლის დასაწყისი ეკონომიკა ისევ რეცესიაში იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×