
2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების, საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა. კლება კორონავირუსთან დაკავშირებული მდგომარეობით არის განპირობებული. ფაქტობრივად, ნავთობპროდუქტების თითქმის ყველა მიმართულებას დაეტყო მსოფლიიო პანდემიის გავლენა. ეს პროცესი არც საქართველოსთვის არის გამონაკლისი. იმპორტი უარყოფით ტენდენციას ინარჩუნებს და გაუმჯობესდება თუ არა ვითარება 2021 წელს, წინასწარ საუბარი ჭირს. სანამ ეპიდემიასთან დაკავშირებით მდგომარეობა არ გამოსწორდება და ქვეყანა ვირუსს საბოლოოდ არ დაამარცხებს, ყოველგვარი პროგნოზის გაკეთება ფუჭი საქმეა.
რაც შეეხება იმპორტში ცვლილებას ქვეყნების მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ აზერბაიჯანი გახდა სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი და ამ ბაზარზე მან ირანი თითქმის სრულად ჩაანაცვლა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,08 ათასი ტონა, რაც 1,26 ათასი ტონით, ანუ 6,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (20,34 ათასი ტონა) შედარებით. გარდა ამისა, როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, 2020 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 5,59 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 29,3%-იას. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 3,26 ათასი ტონა (17,1%); გერმანია - 1,66 ათასი ტონა (8,7%); ირანი - 1,28 ათასი ტონა (6,7%); და სხვ.
კლების მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს საავიაციო ნავთის იმპორტი. ფაქტობრივად, იმპორტის ეს მიმართულება ეპიდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა, რაც ტურიზმის ჩავარდნამ გამოიწვია. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 56,4 ათასი ტონა, რაც 45,4 ათასი ტონით, ანუ 44,6%-ით ნაკლებია შარშანდელ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8 ათასი ტონა) შედარებით.
2020 წელს საავიაციო ნავთის იმპორტის 78,5% (44,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,8% (8,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 3,9% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან; 1,8% (1,0 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან.
კლებაა სანავთობო ბიტუმთან დაკავშირებითაც, 2020 წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 128,7 ათასი ტონა, რაც 41,3 ათასი ტონით, ანუ 24,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (170 ათასი ტონა) შედარებით.
რაც შეეხება ოფიციალურ სტატისტიკას ქვეყნების მიხედვით, აღსანიშნავია, რომ ირანი ბიტუმის იმპორტში დიდწილად აზერბაიჯანმა ჩაანაცვლა. მასზე მოდის იმპორტის 63,8% (82,1 ათასი ტონა), შემდეგ მოდის ერაყი, საიდანაც ბიტუმის იმპორტმა 20,7% (26,6 ათასი ტონა) შადგინა. ირანის ისლამური რესპუბლიკის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 7,1%-ია (9,1 ათასი ტონა), რუსეთიდან - 5,6% (7,2 ათასი ტონა), თურქეთი - 1,9% (2,4 ათასი ტონა), სომხეთი - 0,7% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული საემიროები - 0,1% (0,2 ათასი ტონა), ხოლო ალბანეთიდან ბიტუმის იმპორტმა ყველაზე ნაკლები მაჩვენებელი - 0,1% (0,2 ათასი ტონა) შეადგინა.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აღნიშნავენ, 2020 წელს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და შესაბამისად, მოხმარების კლება ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიასა და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებთან.
კერძოდ, საავიაციო ნავთის იმპორტის კლება საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელოვან კლებასთან არის კავშირში. რაც შეეხება სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირებას, გამოწვეულია იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღარ ხდება პროდუქტის შემოტანა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი ქვეყანა გახლდათ.
,,საცხებ-საპოხი მასალების, ასევე საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირებულია. ამის ძირითადი მიზეზი ეპიდემიაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საავიაციო ნავთის იმპორტი ყველაზე მეტად დაზარალდა. მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში მნიშვნელოვნად არის შემცირებული ავიამიმოსვლა, ფაქტობრივად გაჩერებულია ტურიზმის ინდუსტრია, რის გამოც საავიაციო ნავთის ბაზარი ყველაზე დიდ დანაკარგს განიცდის“, - განუცხადეს "ბიზნეს-რეზონანსს" ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.