
კომენდანტის საათის შემსუბუქება ჯერჯერობით არ იგეგმება. მთავრობა შეზღუდვების მოხსნის სამზადისშია და უკვე დადგენილია, რომ 2-3 კვირაში სრულად გაიხსნება როგორც ბაზრობები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, თუმცა კომენდანტის საათის თუნდაც 1 ან 2 საათით შემსუბუქებაზე დაზუსტებით არაფერია ცნობილი. სპეციალისტების, მათ შორის მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაციაში მყოფი ჯანდაცვის ექსპერტების ცნობით, მთავრობა პროცესებს დააკვირდება და თუკი ეპიდემიის მაჩვენებელი შემცირებას გააგრძელებს, ასევე სიკვდილიანობის მაჩვენებელიც დაიკლებს, შესაძლებელია კომენდანტის საათის შემსუბუქდეს. თუმცა ამ დაკვირვებამ, მინიმუმ, 14 დღე უნდა მოიცვას. მოხსნაზე კი ლაპარაკი არ იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა შეზღუდვები უქმდება, ხოლო სხვადასხვა სახის აკრძალვები მაქსიმალურად მსუბუქდება, პროტესტი მიანც მწვავეა. აქციის მონაწილეები არ აპირებენ დათმობას და დემონსტრაციების შეწყვეტას. ბევრი მათგანი შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვს, რასაც ეპიდემიოლოგები ეწინააღმდეგებიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ყველა შეზღუდვის ერთდროულად გაუქმება ქვეყანაში მდგომარეობას დაამძიმებს.
ასეთი განწყობის მიუხედავად, როგორც ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ განაცხადა, კომენდანტის საათის შემსუბუქება მაინც შესაძლებელია. მისი ინფორმაციით, მთავრობა აღნიშნულთან დაკავშირებით მსჯელობს კიდეც და დეტალები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება, როცა შეზღუდვების მორიგი მოხსნის შესახებ გაკეთდება განცხადება.
,,ამაზე ჯერ კონკრეტულად არ საუბრობენ. ჯერ კიდევ არ ვიცით, რას მოგვცემს ეს ცვლილება - ეფექტი პოზიტიური იქნება, თუ ნეგატიური. ინფიცირების დინამიკას დააკვირდებიან, ანუ რა სიტუაცია იქნება იმ ქალაქებში, სადაც შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. მთავრობა ამის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას.
როგორც წესი, კომენდანტის საათის ძირითადი დანიშნულებაა, რომ თავშეყრა არ მოხდეს, მით უმეტეს საღამოს საათებში. არ ვართ დარწმუნებულნი, რომ კაფე-რესტორნების შეზღუდვის პირობებში ღამის საათებში თავყრილობები სახლებში არ გადაინაცვლებს. ეს შემთხვევაც გასათვალისწინებელია.
საშუალოდ 14-დღიანი დაკვირვება საჭირდება, რომ სრული ეფექტი დაინახონ, რეგულაციების შემსუბუქებამ სად რა შედეგი მოგვცა, ეს არის მთავარი. ამდენად, როცა ეს ყველაფერი გაირკვევა, ცხადია, კომენდანტის საათის გადაწევასა და შემსუბუქებაზე საუბარი უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ზოიძემ.
კომენდანტის საათის ვადაზე ადრე შემსუბუქებას არ გამორიცხავს ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი გელა კვაშილავა, თუმცა იმაზეც საუბრობს, რომ ცვლილება უახლოეს დღეებში არ იგეგმება. საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა, 14-15 თებერვლიდან მოხერხდეს. ეს სწორედ ის ვადაა, რომელიც საკმარისია დაკვირვებისთვის და მთავრობას ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.
,,საუბარი მიდის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბაზრობები გაიხსნას. ამის შემდეგ უკვე კომენდანტის საათთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებაზეც იმსჯელებენ. ბევრ ქვეყაში არის პრაქტიკა, რისი გადმოღებაც შეიძლება, რათა 1 ან 2 საათით გადაიწიოს დრომ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია რა ეპიდემიური მდგომარეობა გვექნება 10-14 დღის შემდეგ, როცა შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნება. ყველაფერი შედეგის მიხედვით უნდა განისაზღვროს.
თუკი ჩემი პოზიცია გაინტერესებთ, ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელია კომენდანტის საათის ხანგრძლივობის 1 საათით შემცირება. სრულად ახლა კი არა კარგა ხანს ვერ მოიხსნება, მაგრამ შემსუბუქება კი საჭიროა, რომ ხალხმა სამსახურებიდან სახლში მშვიდად დაბრუნება შეძლოს, საჭიროების შემთხვევაში, სამსახურიდან მაღაზიებამდე მივიდეს, მით უმეტეს, როცა ცნობილია, რომ სავაჭრო სექტორის დიდი ნაწილი შაბათ-კვირას არ იმუშავებს.
წარმოიდგინეთ, სამსახურიდან დაბრუნებულ ადამიანებს მაღაზიებში მისვლის დრო აღარ დარჩებათ. ამიტომ მიმაჩნია, რომ 1 საათით შემსუბუქებაზე მთავრობამ უარი არ უნდა თქვას“, - განუცხადა გელა კვაშილვამ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.
როგორც ცნობილია, ბიზნესი ითხოვს თებერვლიდან მუშაობის უფლება ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით მისცენ. ისინი ასევე ქონებრივ გადასახადზე შეღავათებსა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენას მოითხოვენ. პარალელურად კი კომენდანტის საათის გადაწევაც სურთ.
,,ყველა მომხრეა, რომ კომენდანტის საათი შემსუბუქდეს, მთელი საქართველო ამ მოლოდინშია, ჩვენს დაგვარწმუნეს, რომ პატარ-პატარა შეღავათებს კიდევ გაგვიწევენ, მაგრამ იქნება თუ არა ეს კომენდანტის საათის შემსუბუქება, ვერ გეტყვით, ამაზე ჯერ არავინ საუბრობს“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ,,ლილო-მოლის“ დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. გამონაკლისს მხოლოდ ახალი წლისა და შობის ღამე წარმოადგენდა და სხვა შეღავათი აღარ განიხილება.
რაც შეეხება სანქციას, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.