"კვირის ბოლომდე შემეძლება დეტალებზე საუბარი, რამდენად არის მისი გახანგრძლივების აუცილებლობა“
ნინა გარდაფხაძე
01.02.2021

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთარში 4 თვის კომუნალური გადასახადებისგან მოსახლეობა გათავისუფლებულია. მთლიანი ხარჯი ბიუჯეტიდან ფინანსდება.  მეტად მნიშნვნელოვანი პროგრამის დრო უკვე იწურება და თებერვალში დასრულდება კიდეც, თუმცა ეკონომიკის ამუშავებამდე ჯერ შორია. შესაბამისად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისე შემოსავლის გარეშე სახლში გამოკეტილი რჩება. ამ დროს წინ კიდევ ერთი ცივი თვე, მარტია. ,,ბიზნესრეზონანსი“ დაინტერესდა, რამდენად აუცილებელია მოსახლეობისთვის კიდევ ერთი თვით, სუბსიდირების გაგრძელება და როგორ მოახერხებენ ნაწილობრივ ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში, სამსახურდაკარგული ადამიანები გადასახადების გადახდას. 

კომუნალური გადასახადების სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება ოქტომბრის ბოლოს პრემიერმა გიორგი გახარიამ გაახმოვანა. მთავრობის გეგმის მიხედვით სრულად დაიფარება ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის გადასახადი. ეს  გადაწყვეტილება ეხება მათ, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე საათზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 კუბუ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს. ასეთი ოჯახები გატავისუფლებულნი არიან წყლისა და დასუფტავების გადასახადისგანაც.

მაშინ, როცა პრემიერი ინიციატივით გამოვიდა, მთავრობა კერ კიდევ გადაჭრით ამბობდა, რომ ლოქდაუნი არ იქნებოდა. საუბარი იყო მხოლოდ წერტილოვან შეზღუდვებზე და ისიც არა ამ ხანგრძლივობით. არჩევნების მეორე ტურის დასრულების შემდეგ მთავრობას, ურთულესი ეპიდვითარების გამო, ქვეყნის კიდევ ერთხელ ჩაკეტვა მოუწია და თანაც თითქმის სრულად. შეიცვალა შეზღუდვების მოხსნის თარიღიც. პირვანდელი ვადა, 16 იანვარი იყო, როცა ბიზნესი უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ეს ვადა ჯერ 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა, ხოლო შემდეგ კი - პირველ მარტამდე. სწორედ ეკონომიკის სრულად ამუშავების ვადის თანდათან გადაწევამ მოსახლეობისა და ეკონომისტების დიდ ნაწილში კვლავ ეჭვი გამოიწვია - რამდენად გააუქმებს გაზაფხულის დასაწყისიდანვე ხელისუფლება შეზღუდვებს და გახსნის ქვეყნას? 

ადამიანები, რომლებსაც კვლავ არ გააჩნიათ სამსახური და შესაბამისად, შემოსავალიც, მარტიდან რთულ პირობებში აღმოჩნდებიან. მათ ნებისმიერ დამატებით ხარჯთან გამკლავება გაუჭირდება. მოსახლეობის დიდ ნაწილს პირველი ხელფასი საუკეთესო შემთხვევაში მარტში დაერიცხება, მანამდე კი გადასახადების გადახდა მოუწევთ.

,,პირველ ეკონომიკურ შეზღუდვებს ბარები და კაფე-რესტორნები ,,შეეწირა“. სანამ საგანგებო რეჟიმი ამოქმედდებოდა, კლიენტებმა ისედაც მნიშვნელოვნად იკლო, რაც ლოგიკურიცაა. კომენდანტის საათის ამოქმედების შემდეგ კი საერთოდ ჩავიკეტეთ. მას შემდეგ ყველა ამ რეჟიმში ვართ. ივლისშიც კი, პრაქტიკულად, არ გვყავდა კლიენტები, გარდა აჭარის რეგიონში მომუშავე ობიექტებისა. ახლა იმასაც ვერ გვეუბნებიან, როდის გავიხსნებით. 

ამ დროს ნამდვილად იყო შვება კომუნალური გადასახადების სუბსიდირები პროგრამა. სხვა არანაირი პაკეტით არ მისარგებლია და მიმაჩნია, რომ თუ  კიდევ რამდენიმე თვე გრძელდება სამსახურდაკარგულთა კომპენსაცია, ამდენივე ხნით უნდა გაგრძელდეს ეს პაკეტიც. ხალხს ჯერ არანაინი შემოსავალი არ აქვს. ამიტომ ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა თბილისელმა სალომე ცინცაძემ.

,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერსდა ენერგოომბუდსმენის პოზიციითაც, არის თუ არა იმის საჭიროება, რომ 1-2 თვით გაგრძელდეს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა.  სალომე ვარდიაშვილი აღნიშნა, რომ პროგრამას სწორედ ახლა აჯამებს და კვირის ბოლომდე ექნება სრულფასოვანი ანალიზის გაკეთების საშუალება.

,,ეს იყო სუბსიდია, რომელიც მოსახლეობას ძალიან დაეხმარა. პაკეტი რომ ქმედითი იქნებოდა, ჩანდა იმითაც, რომ არაერთი მოქალაქე გვიკავშირდებოდა, რაც აისახა კიდეც ჩვენს რეკომენდაციაშიც, რომელიც მივაწოდეთ სამინისტროს. მნიშვნელოვანი იყო, რომ დახმარების პაკეტი განხორციელდა ზამთრის თვეებში, ყველაზე პიკური გადახდისას და მაშინ, როცა ადამიანებმა დაკაგეს სამუშაო.

რეალურად ახლა ვაჯამებ პროგრამას. კვირის ბოლომდე შემეძლება დეტალებზე საუბარი, როგორი იყო პროგრამის მიმდინარეობა, ეფექტი და რამდენად არის მისი გაგრძელების აუცილებლობა“, - განუცხადა სალომე ვარდიაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსს". 

პროფესორი, პაატა აროშიძე კი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტს, უბრალოდ, არ აქვს მეტი სუბსიდირების რესურსი, თუმცა მოსახლეობას დახმარება კიდევ სჭირდება.

,,ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს. ცალსახაა, როცა ეკონომიკა დაკეტილია, ხალხს უჭირს გადასახდების გადახდა, მათ სჭირდება მხარდაჭერა. თუმცა გადასახადები არ შედის არც ბიუჯეტში და შესაბამისად, ვერც მთავრობას ექნება რესურსი, რომ პროგრამა კიდევ გააგრძელოს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ახლა პოლიტიკაც ეკონომიკაც, კულტურაც და სხვა ყველა სფეროც, მხოლოდ და მხოლოდ მედიცინის მძევალია. შეუძლებელია საგარეო ვალით და ნასესხები ფულით დაუსრულებლად გაგრძელდეს ქვეყნის ცხოვრება“, - განუცხადა პაატა აროშიძემ ,,ბიზნეს-რეზონასს“.

შეგახსნებთ, ყველა იმ ოჯახის გადასახადი, რომელიც "თელასის" აბონენტია და თვეში 37 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს, ბიუჯეტიდან იფარება. საქართველოს რეგიონებს დენს "ენერგო პრო ჯორჯია" აწვდის. ამ შემთხვევაში იფარება ის დანახარჯი, რომელიც 36 ლარამდეა.

რაც შეეხება გაზგამანაწილებელ კომპანიებს, "თბილისის ენერჯის" შემთხვევაში დაფინანსდება 92 ლარის ღირებულების მოხმარებული გაზი, "სოკარ გაზისა" და "საქორგაზის" შემთხვევაში კი დაახლოებით 113 ლარის გადასახადი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×