„თებერვალ-მარტში ავიაკომპანიებს რეისების აგორება მოუწევთ, რაც მათთვის ზარალის მომტანი უფრო იქნება“
რეზონანსი
02.02.2021

ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში რეგულარული ავიამიმოსვლა იწყება. დაწესებული შეზღუდვა ორი დღეა, მოიხსნა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავიაკომპანიები ახლო მომავალში გამოცოცხლდებიან და ძველებურად განაგრძობენ მუშაობას. პირველი ეტაპისთვის ფრენის სიხშირე ნაკლები იქნება, რაც ავიაბილეთების ფასის ზრდას გამოიწვევს. საინტერესოა, რა გავლენას მოახდენს გადაადგილებაზე გაზრდილი ტარიფი და შეიძლება თუ არა, შემცირდეს მგზავრთა რიცხვი.

ავიამიმოსვლის აღდგენამ, წესით, სარგებელი უნდა მოუტანოს ავიაკომპანიებს, თუმცა პირველ თვეებში ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, მგზავრთა სიმცირის გამო, ბილეთის ფასი საკმაოდ გაზრდილი იქნება, რაც, დიდი ალბათობით, გადაადგილების მსურველთა რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს.

როგორც ავიაციის სფეროს ექსპერტი და „ჰაბ ჯორჯიის" გამგეობის წევრი გიორგი კოდუა „რეზონანსთან“ აღნიშნავს, რეგულარულ მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა კარგია, თუმცა მომავალში ავიაბილეთებს რა ფასი ექნება, უცნობია, რადგან ეს თვითონ ავიაკომპანიებმა უნდა დაადგინონ. ყველაფერი მგზავრთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

„ავიაკომპანიის პრეროგატივაა, სამადგილიან რიგში ორ ადამიანს დასვამს თუ - სამს. ეს არ იზღუდება რეგულაციით და არის თავად ავიაკომპანიის გადასაწყვეტი, რა რეგულაციებს შეიმუშავებს. ევროკავშირიდან არანაირი კონკრეტული რეგულაცია არ დაწესებულა.

ბილეთის ფასს რაც შეეხება, ამასაც თვითონ ავიაკომპანია ადგენს. ზოგადად გაიზრდება, მაგრამ შემდგომში რაც მეტი სიხშირე იქნება, მით უფრო მეტად დავარდება ფასი. ლოგიკურად, სანამ იქნება ცოტა რეისი, შესაბამისად, ფასიც იქნება მაღალი.

თუ ავიაკომპანია კვირაში ორჯერ იფრენს კონკრეტული მიმართულებით, შეიძლება, ფასი 500-600 დოლარამდეც გაიზარდოს, მაგრამ თუ ყოველდღიურ რეჟიმში შეასრულებს რეისებს, შესაძლოა, 250-300 დოლარამდეც ჩამოვიდეს", - განუცხადა „რეზონანსს“ კოდუამ და დასძინა, რომ თებერვალი-მარტის პერიოდი ნაკლებად დატვირთული იქნება, თუმცა ეს არა მარტო პანდემიისა და შეჩერებული მიმოსვლის გამო მოხდება, არამედ ტრადიციულადაც ასეა.

„თებერვალ-მარტში არ მგონია, რომ ველოდოთ მგზავრთა ნაკადს, ტრადიციულად ისედაც ასე ხდება ხოლმე. ავიაციის ბაზარზე ეს 2 თვე გამოირჩევა დაბალი დატვირთვით, რადგან ახალი წლის შემდეგ ყველა სახლში რჩება და აღარ არის საზოგადოება მოგზაურობაზე ორიენტირებული. მარტის ბოლოსთვის გამოცოცხლება შეინიშნება ხოლმე, რის გამოც ავიაციაში ზაფხულის სეზონს ჩვენ ვაანონსებთ 29 მარტიდან  და ამ დროს შეიძლება, მგზავრთა ნაკადმაც მოიმატოს.

ზაფხულის სეზონის გათვალისწინებით სიხშირე გაიზრდება, რა თქმა უნდა, თუ მთავრობაც შეუწყობს ამას ხელს, რაც გამოიწვევს ბილეთების გაიაფებასაც. მარტო ავიაციის გახსნა არაფერს ნიშნავს, თუ ქვეყანა თავიდან ბოლომდე არ გაიხსნება, რადგან მგზავრს, რომელიც ჩამოდის ქვეყანაში, მხოლოდ ბილეთი ხომ არ უნდა. მას სურს, მიიღოს სერვისი. თუ რესტორნები, სასტუმროები და მსგავსი ტიპის ობიექტები არ გააგრძელებენ ძველებურად მუშაობას, მგზავრი ნაკლებად ჩამოვა და ეს კიდევ უარესია, რადგან შესაძლებელია, ავიაკომპანია უფრო დიდ ვალში ჩააგდოს. ავიაკომპანიები მიმოსვლას რომ დაიწყებენ, მგზავრები თუ არ ეყოლებათ, ეს მათი ზარალი იქნება.

თებერვალ-მარტში ავიაკომპანიებს რეისების აგორება მოუწევთ, რაც მათთვის ზარალის მომტანი უფრო იქნება. ამ თვეებში რაიმე მოგებაზე საუბარი არასერიოზულია“, - დასძინა კოდუამ.

ავიაკომპანიები უნდა დააკვირდნენ მოთხოვნებს და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები, რადგან ისედაც ეკონომიკურად დაუძლურებულ კომპანიებს უფრო მეტი ზიანი არ მიადგეთ და საბოლოოდ საქმიანობის შეჩერება არ მოუწიოთ. ეს ყველაფერი ასე  სწრაფად ვერ მოხდება.

ამ ეტაპისთვის არ არის ცნობილი, თუ რა ტიპის უსაფრთხოების ნორმებს დაადგენენ და რა სიახლეებს გააცნობენ მომხმარებლებს კომპანიები, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ავიაბილეთების ფასი გაზრდილი იქნება.

ავიაბილეთების გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს ავიასფეროს ექსპერტი იასე ზაუტაშვილი, რომელიც ამბობს, რომ რთულია ანალიზის გაკეთება მაშინ, როცა არ ვიცით, ევროპის რომელმა ქალაქებმა გაუხსნეს  საქართველოს ცა.

„ვერ მოგატყუებთ და ვერ ვიტყვი, რომ ვიცი, რამდენი პროცენტით შეიძლება, გაძვირდეს ავიაბილეთების ფასი მას შემდეგ, რაც რეგულარულ ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. არ მქონია კონტაქტი შესაბამის ავიაკომპანიებთან და ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუმცა მოთხოვნა იმდენად დიდი იქნება საჰაერო გადაზიდვებზე, რომ თვითმფრინავის ბილეთის ფასზე იმოქმედებს.

მართალია, საქართველომ გააუქმა შეზღუდვები, მაგრამ ევროპის რომელმა ქალაქებმა გაუხსნეს, თავის მხრივ, ცა ქართულ ან არაქართულ კომპანიებს, ეს ხომ ზუსტად არ ვიცით. ასევე, არ არის ცნობილი, რა მარშრუტებს სთავაზობენ ავიაკომპანიები მოქალაქეებს. აქედან გამომდინარე, მიჭირს ანალიზის გაკეთება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ზაუტაშვილმა.

„ჰელისკი ჯორჯიის“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის წესების გამარტივებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო ადრეც უნდა მიეღოთ. მისი აზრით, მგზავრთა ნაკადი იქნება მცირე, რაც ავტომატურად გამოიწვევს ავიაბილეთების ფასის მატებას, ეს კი საქართველოს კონკურენტუნარიანობას, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბლა დასწევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×