დასამუხტი სადგურების მომსახურება მალე ფასიანი ხდება და 100 კმ-ის გავლა 9 ლარი დაჯდება
გვანცა წულაია
02.02.2021

საქართველოში ელექტრომობილების შემოყვანის პოპულარიზაციას დიდი დარტყმა მიადგა. საქმე ისაა, რომ დენზე მომუშავე ავტომობილების დასამუხტი სადგურები მალე ფასიანი გახდება, მომსახურება კი წუთობრივად განისაზღვრება და, საერთო ჯამში, 100 კმ-ისთვის საჭირო ენერგიის მისაღებად მძღოლებს 8-9 ლარის გადახდა მოუწევთ. ეს უფრო მეტია, ვიდრე ჰიბრიდული მანქანებისთვის საჭირო ბენზინის ღირებულება იმავე მანძილზე. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ქვეყანაში ელექტრომობილების შემოყვანა თითქმის არავის აღარ ენდომება. 

საქართველოში მოქმედი ელექტროდამტენების სერვისის განმახორციელებელი კომპანია E-Spece თებერვლიდან მე-2 დონის დასამუხტი სადგურების ეტაპობრივი გაფასიანების პროცესს იწყებს. აღსანიშნავია, რომ  სწრაფი დამტენების მომსახურება, რომელიც ძირითადად დასავლეთ საქართველოსკენ მიმავალ მაგისტრალზეა დამონტაჟებული, მომხმარებლისთვის დიდი ხანია, ფასიანი გახდა, თუმცა მე-2 დონის დამტენებით სარგებლობა უფასოდ შეიძლებოდა. 

დასამუხტ სადგურებზე მომსახურების ღირებულება წუთობრივად განისაზღვრება. შესაბამისად, მანქანის სიმძლავრის მიხედვით, 0-დან 5 კვტ-მდე სიმძლავრის ელექტრომობილებისთვის 1 წუთის დამუხტვის საფასური 0.03 ლარი იქნება, 5-დან 10 კვტ-მდე - 0.06 ლარი, 10-დან 15 კვტ-მდე - 0.11 ლარი, 15-დან 22 კვტ-მდე - 0.17 ლარი.

დენზე მომუშავე ავტომობილები საქართველოში ისედაც ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, გაფასიანების პროცესმა კი ქართველ მძღოლებს ელექტრომობილების შეძენის სურვილი შესაძლოა, საერთოდ გაუქროს. სწორედ ამის შესახებ საუბრობს „რეზონანსთან" „რობანი მოტორსის“ ხელმძღვანელი ელგუჯა ჯამაგიძე. 

„თუ დააკვირდებით ქალაქში განთავსებულ დასამუხტ წერტილებს, ნახავთ, რომ ძალიან მცირე რაოდენობითაა. პირველ რიგში, იმიტომ, რომ დენზე მომუშავე ავტომობილები რაოდენობრივად ცოტაა; მეორე მიზეზი ისაა, რომ ელექტრო ავტოგასამართი წერტილები ჩახერგილია სხვა ძრავებზე მომუშავე მანქანებით და არ არსებობს არანაირი რეგულაცია, რომ იქ გაჩერება აკრძალულია. ამას არავინ არ აკონტროლებს. 

რაც შეეხება ელექტრომობილების დამუხტვას, ვისაც საკუთარი სახლი აქვს, მისთვის შედარებით ადვილია, რადგან დასამუხტი აპარატის გაყვანილობის დამონტაჟება შესაძლებელია, მაგრამ ვინც კორპუსში ცხოვრობს, მისთვის რთულია, რადგან თითქმის არც ერთ კორპუსთან აღნიშნული სივრცე ადაპტირებული არ არის. 

დამუხტვაზე ფასის დაწესებით ხელი შეეშლება პოპულარიზაციას. მე, მაგალითად, არ ვისურვებდი, ელექტრომობილი მყოლოდა. შვეიცარიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში ელექტრომობილების რაოდენობა ბევრია და ამ ქვეყნებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. თანაც, სახელმწიფო რაღაც დონეზე ასუბსიდირებს და იძლევა კრედიტებს, რომ მოსახლეობამ დენზე მომუშავე ავტომობილები შეისყიდოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ელგუჯა ჯამაგიძემ და დასძინა, რომ თუ ეკოლოგიის გამოსწორებაზეა საუბარი, ამაზე სახელმწიფომაც უნდა იზრუნოს. 

კომპანია E-Spece ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და ამ პერიოდის განმავლობაში ელექტროდამტენების მფლობელებს მომსახურებას უფასოდ აწვდიდა. თავდაპირველად კომპანიისთვის საქმიანობა არაკომერციული იყო, თუმცა E-Space-ში ამბობენ, რომ ფასების დადგენა კონკურენტული გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დასამუხტი სადგურების გაფასიანება კომპანიის გეგმაში იყო გაწერილი.

დენზე მომუშავე ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის მიზეზი ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა, რომელიც ქვეყანას მართლაც სჭირდება, თუმცა საქართველოში ელექტრომობილებით დაინტერესება არც ისე დიდია, გაფასიანება კი ამ პროცესს ხელს შეუშლის. 

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე აცხადებს, რომ ამ დამუხტვაზე საფასურის დაწესება ადრე თუ გვიან გარდაუვალი იქნებოდა. 

„ზოგადი სურათი ასეთია: გვინდა თუ არ გვინდა, მომავალი მაინც ელექტრომობილებისაა, რადგან, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მთელ პლანეტას ნავთობის 50-წლიანი მარაგი აქვს. ადრე თუ გვიან, ეს მარაგი მაინც ამოიწურება და ამ მიზეზის გამო უფრო გადადიან ელექტრომობილებზე და არა მხოლოდ ეკოლოგიური ფაქტორის გამო. ამ ტენდენციას ჩვენც უნდა დავეწიოთ. 

ჯერ ადრეა, რომ საქართველოში დენზე მომუშავე ავტომობილების დამუხტვაზე  გადასახადი დაწესდეს, მაგრამ ადრე თუ გვიან ღირებულების განსაზღვრა მაინც მოუწევს, რადგან  უფასო, როგორც წესი, არაფერი არ არის. 

პრობლემა არის კიდევ ის, რომ  ქვეყანაში ელექტრომობილების პოპულარიზაცია ძალიან აქტიურად დავიწყეთ, მაგრამ პანდემიამ და ბევრმა ეკონომიკურმა გარემოებამ ეს პროცესი დაამუხრუჭა და ახლა ძალიან მოვიკოჭლებთ“, - უთხრა მევლუდ მელაძემ „რეზონანსს“. 

დღეს, ქვეყნის მასშტაბით, E-Spece-ის, დაახლოებით, 85 დამტენია ჩართული, მათ შორის _ 7 სწრაფი დამტენი, რომლებიც ძირითადად მაგისტრალზეა დამონტაჟებული და ძველ ელექტრომობილებს, დაახლოებით, 25 წუთში ტენის. დამტენების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კომპანიამ 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო.

„კომპანიის დაარსების დროს თბილისში, დაახლოებით, 4 ელექტრომობილი დადიოდა, რაც ძალიან ცოტაა, დღეისთვის კი მათი რიცხვი 2486-ია, რაც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. შესაბამისად, გაზრდილია ჩვენი დამტენების მოხმარებაც. მე-2 დონის დასამუხტი სადგურების გაფასიანება ჩვენს ქსელში ტრანზაქციებისა და დამუხტვის რაოდენობის 50%-იან კლებას გამოიწვევს. 

ე.წ. „ქალაქის დამტენები“ ცვლად დენზე მუშაობს. სხვადასხვა ელექტრომობილს განსხვავებული მუხტის მიღების საშუალება აქვს, ამიტომ სხვადასხვა ავტომობილს დასამუხტად განსხვავებული დრო სჭირდება. საშუალოდ 100 კმ-ის მუხტის ასაღებად მომხმარებელს 8-9 ლარის ელექტროენერგია დასჭირდება. თავად სისტემა განსაზღვრავს, რომელ სატარიფო ბადეში მოხვდება ელექტრომობილი, რადგან რაც უფრო მეტი დრო სჭირდება დასამუხტად, მით ნაკლებია ტარიფი, რაც მეტი სიმძლავრე აქვს, ტარიფი უფრო მეტია“, - განაცხადა E-Spece-ის დირექტორმა ავთანდილ შავიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×