"მთავრობაში ეს რაღაც კასტაა, რომელსაც არაფერი ეხება და ყველანაირ ზღვარს გასცდნენ“
რეზონანსი
03.02.2021

ქვეყანაში არსებული 200-მდე რესტორანი დაუმორჩილებლობას აცხადებს და 6 თებერვალს თვითნებურად გაიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ ჯარიმა ძალიან დიდია, ისინი უკან დახევას არ აპირებენ. ასეთი შედეგი გამოიღო რამდენიმეთვიანმა ჩაკეტვამ. სარესტორნო ბიზნესი ერთ-ერთი სექტორია, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ხნით დაიკეტა და უდიდესი ზარალი მიიღო. 

სარესტორნო ბიზნესი უკვე დიდი ხანია, რეკომენდაციების სრული დაცვით, გახნას ითხოვს, თუმცა მთავრობა და ეპიდემოილოგები მათ თხოვნას არ ითვალისწინებენ და აცხადებენ, რომ ეს დიდი რისკის შემცველია. სწორედ არაერთი უარის მიღების გამო, გადაწყვიტა 200-მდე რესტორანმა თვითნებულად გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ მათ 10 000-ლარიანი ჯარიმა ემუქრებათ, უკან დახევას მაინც არ აპირებენ და თვითნებურ ნაბიჯს შაბათს მაინც გადადგამენ,

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აღნიშნავს, რომ რესტორნების პროტესტი არ არის სრულად დარგის პროტესტი, რადგან ის სუბიექტები, რომლებიც დაუმორჩილებლობას აპირებენ კვების ობიექტების მხოლოდ ნაწილია.

„მაქვს იმედი, რომ ამ დონეზე არ მივა ჩვენი ურთიერთობა. სანქცია, ბუნებრივია, იქნება გამოყენებული, ეს არის ფიზიკური პირის მიმართ 2 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის მიმართ - 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო კიდევ ერთხელ განმეორება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და კონკრეტული კომპანიების დალუქვას. რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად იზიარებს მთავრობის მოთხოვნებსა და მიჰყვება ეტაპობრივი გახსნის პროცესს. არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მუშაობა. ამ ორი ჯგუფის ინტერესები უნდა იყოს შეჯერებული. საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთხელ მე პირადად შევხვდები და იმედი მაქვს, რომ შაბათს ასეთი რადიკალური ნაბიჯები არ გადაიდგმება", - განაცხადა ფერაძემ.

რესტორნებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ აჭარას შეეხო, სადაც მომსახურების მიღება მხოლოდ ღია სივრცეშია დაშვებული. დანარჩენ საქართველოში ობიექტები დაკეტილია და თანაც უცნობია, ეს როდემდე გასტანს. მთავრობაში იმუქრებიან, რომ რეგულაციებს დაუმორჩილებლობას, მკაცრი რეაგირება მოჰყვება.  

„კანონის დარღვევა და ეპიდემიოლოგიური წესების მიმართა დაუმორჩილებლობა მიუღებელია და ამას მოჰყვება მკაცრი რეაგირება. პირადად ჩემი თხოვნაა და იმედიც მაქვს, რომ რესტორნები არაკანონიერი ქმედებით არ გაართულებენ დიალოგს ჩვენს შორის. გვექნება მათთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელზეც ყოველდღიურად ვმსჯელობთ“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ. 

გაფრთხილების და სანქციების მიუხედავად, რესტორნები გახსნას მაინც გეგმავენ, თუმცა მთავრობა მათ დამორჩილებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. 

„მათთან კიდევ გაიმართება დამატებითი შეხვედრები. დარწმუნებული ვარ, მისაღები იქნება ის დამატებითი ახსნა-განმარტება, რომელსაც ეკონომიკური გუნდი და ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო წარუდგენს“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

რესტორატორთა ასოციაციაში კი ამბობენ, რომ მათთვის კომუნიკაცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ამისთვის მზად არიან, თუმცა მთვრობასთან ბოლო შეხვედრებისას დეტალების გარკვევა ვერ მოხერხდა და სარესტორნო ბიზნესს გახნის სავარაუდო თარიღიც კი ვერ დაუსახელეს. 

„რესტორნების მოტივაცია არის ის, რომ გაიხსნან. სხვები თუ რეგულაციების დაცვით მუშაობენ, რატომ არ უნდა იმუშავოს რესტორნებმა? დღეს, საქართველოში არ არის აკრძალული სასტუმროების მომსახურება. მაგალითად, თბილისში, ნებისმიერ სასტუმროში, ნომრების შეძენა შესაძლებელია უმცირეს ფასად, 10-დან 30-ლარამდე, სადაც სარესტორნო მომსახურებაცაა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე. თუ იქ შესაძლებელია სარესტორნო მომსახურება და ამით კანონიც არ ირღვევა, რატომ არ არის შესაძლებელი 30 მეტრში იგივე მომსახურების მიღება იმ შენობაში, რომელსაც რესტორანი აწერია და არა სასტუმრო? ამ კითხვაზე პასუხი თუ კი არსებობს, საერთოდ არ ამოვიღებთ ხმას. 

ჩვენ კარი დაკეტილი არ გვაქვს და ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ საქმეზე ვისაუბროთ, მოვიდეს, რადგან კომუნიკაცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება იატაკქვეშა მუშაობას, კონკრეტულ მაგალითებზე ალბათ, მას უნდა ესაუბროთ, ვინც ეს განაცხადა. ფაქტია, რომ რეალურად სასტუმროში, სადაც ასევე რესტორნის მომსახურება მივიღე, იქ ჩემი სტუმრებიც ვნახე და ასევე, სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის წამომადგენელიც“, - განუცხადა რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ „რეზონანსს“. 

ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური პრობლემის და დიდხნიანი ჩაკეტვის გამო, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, რესტორანთა ნაწილმა შესაძლოა, მუშაობა საერთოდ ვერც გააგრძელონ. მათთვის უფუნქციოდ ყოფნა, საბოლოოდ დახურვის ტოლფასია. სწორედ ამ შედეგის თავიდან აცილების გამო, ითხოვენ რესტორნები გახსნას, თუმცა მათთვის სავარაუდო თარიღიც კი არავის დაუსახელებია. მთავრობაში აღნიშნავენ, რომ ეს ეპიდემოილოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბოლო დროს მკვეთრად გამოსწორდა, თუმცა ბიზნესი მაინც უპასუხოდ დარჩა. 

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე აცხადებს, რომ ისეთ ცუდ მგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ ყველაფრისთვის მზად არიან. 

„მოლაპარაკების ფაზები იწყება და უშედეგოდ მთავრდება, რეალურად კი ჩვენ ცუდ მდგომარეობაში ვართ. ხალხს ბანკში ქონება აქვს ჩადებული, რომელსაც ართმევენ. 200-ლარიან დახმარებას დაცინვაც აღარ ჰქვია. შეზღუდვისკენ მოგვიწოდებენ ისინი, ვისაც ხელფასზე ერთი თეთრიც კი არ დაკლებია.  სახლში, დისტანციურად მუშაობენ, წამოწოლილებიან არიან და გვმოძღვრავენ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ - არა. ამ ყველაფრის პარალელურად თვითონვე მართავენ ქორწილებს, დაბადეების დღეებს, ნიშნობებსაც და ა.შ. ეს რაღაც კასტაა, რომელსაც არაფერი ეხება და ეპიდემია მათ მიღმა მიმდინარეობს. ყველანაირ ზღვარს გასცდნენ“, - განუცხადა „რეზონანსს“ კოტე გაბრიჩიძემ. 

6 თებერვალს რესტორნები პროტესტის ნიშნად ნამდვილად გაიხსნებიან, თუმცა როგორც რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე აცხადებს, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას არ გეგმავენ. ეს, უბრალოდ, პროტესტის ფორმა იქნება.

„დღეისთვის 200-მდე რესტორანია თანახმა და ყველა ამ დღეშია, რასაც მე ვამბობ, რესტორნების სიას წინასწარ არ ვასაჯაროებთ. ეს არ იქნება ნაბიჯი, რომ რესტორნები გავხსნათ და ჩვეულ რეჟიმში დავიწყოთ მუშაობა, როგორი ფორმა ექნება ამ ყველაფერს, მოგვიანებით ვიტყვით.

ვიცოდით მთავრობა რასაც იტყოდა და ეს თავიდან ბოლომდე გააზრებული გვაქვს რას ვაკეთებთ. არ გვეშინია. ჩვენ არ ვართ უპასუხისმგებლო მოქალაქეები, უბრალოდ,  სხვა გამოსავალი არ გვაქვს. თურნავამ ისაუბრა დიალოგის შესახებ, მაგრამ როცა ბოლო „დიალოგზე“ მივედით, იქ დაგვხვდა ერთი ფურცელი, რომელზეც ჩამოთვლილი იყო ქვეყნები, სადაც რესტორნები დაკეტილი იყო.

ეს ფურცელი აგვაფარეს და გვითხრეს, რომ იქ რესტორნები დაკეტილია. ლოგიკური იქნებოდა იქ მეორე ფურცელიც ყოფილიყო, რომელზეც ეწერებოდა, თუ როგორ დასუბსიდირდა დახურული რესტორნები იმ ქვეყნებში, როგორ დაეხმარნენ მათ. ჩვენ შევეჯახეთ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის ბანკები, ჩემს თანამშრომლებს აქვთ საბანკო ვალდებულებები. კომუნალური გადასახადები გაიზარდა 30%-ით, მთავრობამ ბანკებთან არ გვიშუამდგომლა. ერთი წელია ამ რეგულაციებს მივყვებით, მაგრამ უკვე სხვა გზა აღარ გვაქვს“, - განაცხადა მერიკო გუბელაძემ „საქმის კურსში“.   

მიუხედავად იმისა, რომ რესტორნებს მუშაობა აკრძალული აქვთ, მათი ნაწილი ჩუმათ მაინც მუშაობს. ასეთ კვების ობიექტებს მთავრობის წარმომადგენლებიც სტუმრობენ. 

„გრიალებენ სასტუმროები და "რეზორტები", იატაკქვეშ მუშაობს ნახევარი თბილისის რესტორნები და მთავრობის წარმომადგენლებიც სიამოვნებით სტუმრობენ მათ. ამიტომ, შაბათს, 6 თებერვალს, თბილისის 200-მდე რესტორანი აცხადებს დაუმორჩილებლობას. ეს გამოიწვია შერჩევითმა სამართალმა და მთავრობის არაადეკვატურობამ. რესტორნები გაიხსნებიან რეგულაციების მკაცრი დაცვით!” –აღნიშნა მერიკო გუბელაძე.

გახნის რისკებზე საუბრობს განდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და ხაზს უსვამს, რომ რესტორანში ადამიანი ვერ იკეთებს პირბადეს, რაც ვირუსისგან დაცვის მთავარი საშუალებაა. 

„პირველ რიგში, გახსნა შეეხება იმ აუცილებელ ბაზისურ მომსახურებას, რომელიც საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემდეგ სკოლა, უნივერსიტეტი... ესაა ლოგიკური თანმიმდევრობა, რაც ეტაპობრივად უნდა გადავანაწილოთ და ასეცაა დაგეგმილი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მყარია, როგორც რესტორნების, ისე საქართველოს მთავრობის პოზიცია - 6 თებერვლიდან თვითნებურად გახსნილი რესტორნები დაჯარიმდებიან. ამ ეტაპზე, უცნობია, მათ შორის რაიმე შეხვედრა როდის გაიმართება, თუმცა დიალოგისთვის ორივე მხარე მზადაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×