საუბარია მილიონობით ლარზე, რომლსაც ჰიპერმარკეტების ქსელი, უბრალოდ, არ იხდის
გვანცა წულაია
30.03.2021

ქართველი მწარმოებლები და დისტრიბუტორი კომპანიები ჰიპერმარკეტ „კარფურს“ სასამართლოში უჩივიან. საუბარია რამდენიმე სარჩელზე. საქმე ეხება „კარფურის“ მხრიდან მიმწოდებლებისათვის თანხების უკანონო ჩამოჭრის პრაქტიკას, რაც კომპანიებს სოლიდური თანხებით აზარალებს. თავად „კარფურში” აცხადებენ, რომ ისინი საქართველოში შემოსვლის დღიდან მაღალი სტანდარტებითა და ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით მუშაობენ.

ამ დროისთვის „კარფურის“ წინააღმდეგ სასამართლოში უკვე შესულია 4 კომპანიის სარჩელი, კვირის ბოლომდე კი მათი რიცხვი ათამდე გაიზრდება.

ქართველი მწარმოებლები და დისტრიბუტორები მსხვილ სუპერმარკეტებთან ურთიერთობის დარეგულირებას საკანონმდებლო დონეზე ითხოვენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა ქსელში შესვლის გადასახადის გაუქმება, ხოლო მეორე _ მიღება-ჩაბარებისა და დადასტურებული ანგარიშფაქტურების გარეშე თანხის ჩამოჭრის მიუღებელი პრაქტიკა.

როგორც დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, „კარფური“ თანხებს დროულად არ აბრუნებს. 

„კუთვნილ თანხებს დროულად არ გვირიცხავენ. შემდეგ გვიხსნიან, რომ გარკვეული გადასახადია გადასახდელი, რის ანგარიშფაქტურასაც აგზავნიან. ამ კომუნიკაციას შეიძლება, თვეები დასჭირდეს, რაც კომპანიებისთვის სერიოზული პრობლემაა. წარმოიდგინეთ, როდესაც კომპანიას საბრუნავი კაპიტალი არ აქვს, შემოსავალს სწორედ ჰიპერმარკეტში შეტანილი პროდუქციისგან ელოდება და ამ თანხას დროულად ვერ იღებს, ეს უდიდესი პრობლემაა. რაღაც კუთხით კანონით უნდა დარეგულირდეს, რომ არავის ჰქონდეს უფლება, მიღება-ჩაბარების აქტისა და დადასტურების ანგარიშფაქტურის გარეშე მოხდეს თანხების ჩამოჭრა.

ეს ძალაუფლება სავაჭრო ქსელების მხარეს რომაა, ყველამ კარგად იცის და განსაკუთრებით მავნედ ამას „კარფური" იყენებს. რაღაც პერიოდის შემდეგ რიგი კომპანიები გარკვეულან მდგომარეობაში, მაგრამ წარმოიდგინეთ, როდესაც რაღაც ვალდებულებები გაქვთ გასტუმრებული და ამის გამო მიდიხართ საბოლოოდ ბანკთან რესურსების მოსაძიებლად. ეს ყველაფერი სწორედ ისაა, რაც კომპანიებისთვის პროდუქტზე იძულებით ფასების მატებას იწვევს, რაც, საბოლოოდ, მომხმარებელზე მოქმედებს“, - განაცხადა ივა ჭყონიამ. 

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი თანხების დაგვიანების კონრეტულ მიზეზებს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ „კარფური“ თანამშრომლობის პროცესში საკმაოდ ჩაკეტილი კომპანიაა.

„არაკოლეგიალურები, საკმაოდ ხისტები არიან, ქედმაღლურად გიყურებენ და საერთოდ არ შემოდიან კომუნიკაციაში. ეს პრობლემა ნაკლებად აქვთ მსოფლიო ბრენდებთან. მათ საერთაშორისო ბაზარზე პირდაპირი კომუნიკაცია არ უჭირთ და რიგ შემთხვევაში, უბრალოდ, აიძულებენ, რომ კაბალური პირობებით შევიდნენ. ეს არასწორია, რადგან ადგილობრივი ქართველი რითეილერებისთვის ძალიან ცუდია.

ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ არ დაზარალდნენ ადგილობრივი მწარმოებლები, რომელთა შემოსავალი, ხშირ შემთხვევაში, ქსელური სუპერმარკეტების მიერ გადახდილი თანხებია. „კარფური" ბაზარზე იმდენად სწრაფად მზარდია, რომ სახიფათო ხდება. თუ ეს ურთიერთობები დროულად არ დალაგდა, ბევრი მცირე და საშუალო კომპანიისთვის უბრალოდ მომაკვდინებელი იქნება და ბაზარზე ოპერირებას ვეღარ შეძლებენ“, - აღნიშნა ჭყონიამ. 

კომპანიები, რომლებიც „კარფურის“ წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ, აცხადებენ, რომ ჰიპერმარკეტის მხრიდან დარღვევები უკვე წლებია, ფიქსირდება. როგორც „ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” მმართველმა პატრიორმა გიორგი ცერცვაძემ განაცხადა, „კარფური” თავის საბაზრო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს და აწესებს გაურკვეველ და გაუმჭვირვალე გადასახადებს. 

„იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი” წარმოადგენს სამ სადისტრიბუციო კომპნანიას („ლიტვური საცხობი”, „დიმეს ჯორჯია”, „ემსიბი”) სასამართლო დავაში „კარფურის” წინააღმდეგ. დადებული ხელშეკრულება ვერ პასუხობს იმ სტანდარტებს, რომლებიც აუცილებელია ხელშეკრულების ნამდვილობისთვის. გარკვეული პირობები არის ბათილი, რადგან „კარფური” თავის საბაზრო ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. აწესებს გაურკვეველ და გაუმჭვირვალე გადასახადებს კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ ისინი შევიდნენ და თავიანთი პრუდუქციის წარდგენა შეძლონ „კარფურში”. 

ჩვენი მოთხოვნა ისაა, რომ, ერთი მხრივ, მოხდეს ხელშეკრულების ბათილი მუხლების, სასამართლოს მიერ ბათილად აღიარება და, მეორე მხრივ, იმ თანხების ანაზღაურება, რომელიც „კარფურმა” უსაფუძვლოდ ჩამოაჭრა კომპანიებს და არ უბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ მათი პრუდუქცია კარგა ხანია, გაყიდულია. ამ სამი კომპანიის შემთხვევაში, დაახლოებით, ნახევარ მილიონ ლარზეა საუბარი. მათ გარდა არიან სხვებიც, რომელთაც საჩივარი შეიტანეს და როგორც ვიცი, მათთანაც სოლიდურ თანხებზეა საუბარი. მომავალში კიდევ რამდენიმე კომპანია აპირებს საჩივრის შეტანას”, - განაცხადა „რეზონანსთან” გიორგი ცერცვაძემ და დასძინა, რომ ჰიპერმარკეტ „კარფურის” მხრიდან დარღვევები უკვე წლებია, ფიქსირდება. 

„კომპანიებისგან პრობლემების შესახებ საკმაოდ დიდი ხანია, მესმის. დაახლოებით, 2-3 წელია, მე მაქვს მათთან ურთიერთობა და ისინი ამ საკითხს სულ აყენებდნენ, მაგრამ მაინც თავს არიდებდნენ სასამართლოში ჩივილს, რადგან იმედოვნებდნენ, რომ „კარფურთან” კომპრომისების მოძებნას მოახერხებდნენ. სამწუხაროდ, „კარფურმა” არანაირი კომპრომისი არ ისურვა, ამიტომ კომპანიების, სარჩელის შეტანის გარდა, სხვა გზა აღარ დარჩათ", - აღნიშნა ცერცვაძემ. 

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებმა სასამართლო დავა დაიწყეს და კიდევ რამდენიმე ამ პროცესში ჩართვას გეგმავს, თავად „კარფურში” ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ყველა ადგილობრივი კანონისა თუ რეგულაციის დაცვით ოპერირებენ. 

„ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი „კარფური“ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სხვა რეგიონულ ბაზრებზე მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2012 წლიდან საქართველოში მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს ყოველთვის ხელმისაწვდომ ფასად. ეკონომიური ფასების გრძელვადიანი სტრატეგიით, „კარფურს" აქტიურად შეაქვს წვლილი ქვეყანაში საკვებ პროდუქტებზე ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში.

ადგილობრივ თუ საერთაშორისო მომწოდებლებთან „კარფურის" მრავალწლიანი პარტნიორობის საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება, რომელიც განმარტებული, შეთანხმებული და ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ. „კარფური" არ დათანხმდება დაუსაბუთებლად ფასების ზრდას და განაგრძობს ყველა მომხმარებლის მსყიდველუნარიანობის დაცვას", - ნათქვამია „კარფურის” განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×