ასეთ მოულოდნელ ვარდნას არავინ ელოდა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უეცრად ხელები ჩამოუშვა
გვანცა წულაია
30.03.2021

ეროვნული ვალუტის თავბრუდამხვევი დევალვაცია გრძელდება. ბოლოს „ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარის ღირებულებამ 3.44 ლარს მიაღწია, ხოლო ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 3.50-ს გადააჭარბა. დღეს მოქმედი კურსი 2021 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება ჯერ კიდევ გაგრძელდება და არ არის გამორიცხული, ისტორიული ანტირეკორდიც დამყარდეს.

პირველ იანვარს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსით დოლარის ღირებულება 3.2766-ს შეადგენდა, 1-ელ თებერვალს _ 3.3026-ს, 1-ელ მარტს  _ 3.3255-ს, 25 მარტს, დღის ბოლოს 3.36-ს მიაღწია, გუშინ კი 3.41-ს გადააჭარბა. რეალური გაცვლითი კურსი კიდევ უფრო მაღალია და 3.50-ის ფარგლებშია.

საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა სპეკულაციის ელემენტს არ გამორიცხავს და ხაზს უსვამს, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების მიზეზი ყოველთვის იცის, თუმცა ამ ინფორმაციას არასდროს ასაჯაროებს. 

„ლარის გაუფასურებაში მოულოდნელი არაფერია, განსაკუთრებით - საქართველოს ეროვნული ბანკისათვის, რომელმაც ყოველთვის იცის, რატომ მყარდება ანდა უფასურდება ლარი. სამწუხაროდ, ის ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეროვნულმა ბანკმა უცხოური ქვეყნის კომპანიებს ნება დართო, მიიღონ მონაწილეობა ლარის ვაჭრობაში და შესაბამისად, კურსის დადგენაში მათი მონაცემებიც არის შესული. აქედან გამომდინარე, სპეკულაციის ელემენტის გამორიცხვა ნამდვილად არ შეიძლება. 

გარდა ამისა, ქვეყანაში უცხოური ვალუტა ნაკლებად შემოდის. კომერციულ ბანკებში უცხოური ვალუტის ქრონიკულ დეფიციტს განაპირობებს მასზე მოთხოვნის ზრდა, რაც პირდაპირ იწვევს კურსის ვარდნას”, - განაცხადა ელიავამ „რეზონანსთან” და დასძინა, რომ ეროვნული ვალუტა გაუფასურების პროცესში სისტემატურად იქნება, თუმცა ეს მოხდება ეტაპობრივად. 

„საქართველოში ლარის გაცვლითი კურსის დასტაბილურების რამდენიმე გზა არსებობს. არის სავალუტო ინტერვენციები, ანუ კომერციული ბანკებისთვის დამატებითი ვალუტის მიწოდება. სხვა გზები უფრო გრძელვადიანია. ეს არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, მაკროეკონომიკური გარემოს სტაბილურობა და ქვეყანაში უცხოური ფულადი ნაკადების მატება.  

ახლა, რაც ეროვნულ ბანკს შეუძლია გააკეთოს, ეს არის სავალუტო ინტერვენციების მეშვეობით დამატებითი უცხოური ვალუტის მიწოდება კომერციული ბანკებითვის. სებ-ი ამას აკეთებდა ერთი წლის განმავლობაში. ის, ფაქტობრივად, ხარჯავდა მთავრობის მიერ აღებულ ვალს. დიდი ალბათობით, მისი ბოლომდე ამოწურვის შემდეგ, ეროვნული ბანკი რეზერვებს, სამწუხაროდ, აღარ დახარჯავს და, როგორც ადრე ყოფილა, მიატოვებს ქვეყნის ეკონომიკასა და ლარის კურსს, რის შედეგადაც ბუნებრივია, გაიზრდება ინფლაციის მაჩვენებელი და ფასები, პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასა და პირველადი მოხმარების საგნებზე. 

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ლარი სისტემატურად იქნება ვარდნის პროცესში, უბრალოდ, ეს იქნება ეტაპობრივი - მძიმე ვარდნა,  შემდგომ - ლატენტური პერიოდი და შემდგომ ისევ ვარდნის გაგრძელება. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ ლარი ოდესმე თავის ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, ეს იმედი ბოლომდე უნდა ჰქონდეს გადაწურული”, - დასძინა ლია ელიავამ „რეზონანსთან”.  

ამრიგად, სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. ეროვნული ვალუტა მორიგი ანტირეკორდისკენ მიიწევს. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე აცხადებს, ლარის კურსი სწორედ იმის გამოხატულებაა, რაც დღეს ქართულ ეკონომიკაში ხდება. დღითი დღე უფრო და უფრო უფასურდება ეროვნული ვალუტა და აუცილებელია, რომ სებ-ი პროცესში უფრო აქტიურად ჩაერიოს.  

„ლარის კურსი ასახავს იმას, რაც დღეს ეკონომიკაში ხდება. შემცირებულია ინვესტიციებისა და ექსპორტის მაჩვენებელი, ყველა იმ წყაროზე, საიდანაც ქვეყანაში დოლარი უნდა შემოედინებოდეს, პრობლემაა. ერთადერთი, დარჩენილი ვართ ემიგრანტების გადმორიცხვებზე, რომელიც, პრინციპში, მზარდია და ამის საფუძველზე არ გვაქვს უფრო დიდი გაუფასურება.

ბიუჯეტს აქვს დეფიციტი და ის, რომ ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, უკვე ყველამ ვიცით. ამ ყველაფერმა ასახვა ჰპოვა ლარის კურსზე. უნდა გავითვალისწინოთ თურქეთის ფაქტორი, სადაც ასევე, ლირა გაუფასურდა, ჩვენ პირდაპირ ვართ მიბმული მეზობელ ქვეყნებზე და ესეც თავის გავლენას ახდენს. 

აუცილებელია, რომ ეროვნული ბანკი უფრო აქტიურად ჩაერიოს, განახორციელოს ინტერვერციები, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ხდებოდეს ბაზარზე შესაბამისი დოლარის მიწოდება. მას გააჩნია შესაბამისი რეზერვები და კარგი იქნება, თუ იზრუნებს ამაზე. ცენტრალურმა ბანკმა უფრო აქტიური ინტერვერციები უნდა დაიწყოს, არა ერთჯერადი, 40-მილიონიანი, არამედ 10-20-მილიონიანი, მაგრამ უფრო აქტიური, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც გვაქვს აქტიური გაუფასურება”, - განაცხადა „რეზონანსთან” გიორგი კაპანაძემ და დასძინა, რომ დევალვაციის პროცესი ჯერ კიდევ გაგრძელდება. 

„ფაქტია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, თუნდაც ამ კვირის განმავლობაში ან ორი კვირის განმავლობაში კურსის ვარდნის პროცესი გაგრძელდება. აქ უკვე ადგილი აქვს მოლოდინს. ბიზნესი ხედავს, რომ ლარი გაუფასურდა, შესაბამისად, ვისაც საჭიროება აქვს, ყიდულობს დოლარს, სანამ კიდევ უფრო მეტად არ გაუფასურდება, ამიტომ უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელია ლარის კიდევ გაუფასურება. თუ მოხდება უფრო აქტიური ჩარევა, მეტი ინტერვერციები, მაშინ, ალბათ, კურსის დაჭერას შევძლებთ და თუ გამყარებას ვერა, გაუფასურებას მაინც შევაჩერებთ”, - დასძინა კაპანაძემ „რეზონანსთან”. 

ამასობაში, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს დამატებითი პრობლემები ექმნება. „რედიქს ჯგუფის" დამფუძნებლის, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბიზნესისთვის დამღუპველი ეფექტი აქვს.

„ლარის კურსი მცირე და საშუალო ბიზნესს კი არა, მსხვილ ბიზნესს ისე აზარალებს, რომ უკვე გაუსაძლისია. უსწრაფესად და უმკაცრესად უნდა მოხდეს რაღაც ნიშნულზე მისი დასტაბილურება", - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა და დასძინა, რომ დღეს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ლარის გამყარება სწორედ რეზერვების გაყიდვის გზით უნდა მოხდეს.  

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის აზრით კი, ლარი არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების ტკივილია.

„ტელეფონებზე ზარები არ წყდება, ჩვენი წევრები გვეკითხებიან ამის შესახებ,  აინტერესებთ, რა იქნება გამოსავალი. ხელისუფლებასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და ერთობლივ გამოსავალზე ვფიქრობთ. არის გარკვეული მაკროეკონომიკური ბერკეტები, დეტალებზე არ მინდა საუბარი. ლარის გაუფასურების მიზეზი მთელი რიგი ფაქტორებია, მათ შორის - პოლიტიკური და ეკონომიკური... ახლა მთავარია, გამოვიდეთ შოკიდან. ქვეყანაში კურსის ვარდნის გამო შექმნილი ვითარება მძიმეა და ამა თუ იმ გზით აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×