არავინ იცის, შეზღუდვები როგორი სიმკაცრის იქნება და რამდენხანს გაგრძელდება, ამიტომ ეკონომიკური პროგნოზები აბსურდია
გვანცა წულაია
31.03.2021

საქართველოში უახლოეს დღეებში შეზღუდვების მორიგი ეტაპი ამოქმედდება. რეგულაციების გატარება თავდაპირველად სოფლებიდან დაიწყება, შემდეგ კი, დიდი ალბათობით, წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში და ქალაქებშიც დაწესდება. საგანგაშოდ მძიმე იქნება ლოქდაუნის მორიგი ეტაპი ეკონომიკისთვის. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა, ქვეყანაში რეგულაციების გატარების წინაპირობა ნამდვილად არ არსებობს და ამ გზით მხოლოდ უმძიმეს შედეგს მივიღებთ. 

აჭარა, გურია და იმერეთის სოფლები იქნება პირველი, სადაც შეზღუდვების მესამე ეტაპი ამოქმედდება. ამ ეტაპზე უცნობია, რა სახის რეგულაციების გატარებას აპირებს მთავრობა, თუმცა ცნობილია, რომ ამოქმედდება წერტილოვანი აკრძალვები. 

„წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა - ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც" გვაქვს მატება. იქ, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს ეკონომიკა შეზღუდვების მესამე ეტაპს ვეღარ გაუძლებს, თუმცა მიუხედავად ამისა, მთავრობა და ქვეყნის წამყავნი ეპიდემიოლოგები მესამე ტალღაზე საუბარს დღითი დღე უმატებენ. ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ინფიცირების შემთხვევები კვლავ გაიზრდება, შესაძლოა, ქვეყანაში შეზღუდვები განახლდეს.

„ბოლო 3 დღეში ახალი შემთხვევების ზრდის ტენდენცია აღინიშნება. საბედნიეროდ, ჯერ სიკვდილიანობა საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, გუშინ იყო გარდაცვალების 5 შემთხვევა, მაგრამ 616 ინფიცირება გვაქვს, გუშინწინ იყო 676 მაშინ, როდესაც წინა დღეებში 200-300-ზე მეტი არ იყო. ეს ძალიან საყურადღებო სიგნალია, თუმცა ჯერ საგანგაშო არ არის. ეს არ ნიშნავს მესამე ტალღას, მაგრამ თუ არ მოვეგებით გონს, არ დავუბრუნდებით სიფრთხილის ზომებს, რომელიც გვქონდა - მხედველობაში მაქვს პირბადეების მასობრივი ტარება, სოციალური დისტანცირება და ხალხმრავალი შეკრებები - მესამე ტალღისგან არც ჩვენ ვიქნებით გამონაკლისი", - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ და დასძინა, რომ კომენდანტის საათის გაუქმება ადრე განიხილებოდა, თუმცა ამ ეტაპზე ამ შეზღუდვის მოხსნა მიზანშეწონილი არ არის.

ვითარებას დრამტულ ელფერს სძენს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძეც. მისი აზრით, დღევანდელი ეპიდმდგომარეობა ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში. 

„არც საზოგადოებას და არც მთავრობას არ უნდა, რომ ჩაკეტვას და შეზღუდვებს მიმართოს. დღევანდელი მდგომარეობით მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვნად არის შემცირებული პირბადის გამოყენება, არ ვიცავთ სოციალურ დისტანციას და პირადი ჰიგიენის ზომები არაა შესაბამისად დაცული. კვლავ გვაქვს მრავალკაციანი ქორწილები, ქელეხები და ეს ყველაფერი აისახება ეპიდმდგომარეობაზე. დღევანდელი ვითრება ნამდვილად საყურადღებოა, განსაკუთრებით რამდენიმე რეგიონში, როგორიც არის გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და იქვე მნიშვნელოვანია თბილისიც. 

მხოლოდ მოსახლეობის აქტიურობით ყველა ღონისძიების მიმართ მთავრობა შეძლებს დაძლიოს ეს კრიტიკული პერიოდი და თანაბრად გავიაროთ მესამე ტალღა. ჩვენ არ ვიქნებით მომხრე არანაირი ჩაკეტვების, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანია ის ეკონომიკური აქტივობა, რომელიც მოქალაქეების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე მოქმედებს“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მობრუნება, საიმედო აღმოჩნდა ბიზნესისთვის, რადგან მთავრობის მეთაურმა გაპრემიერებიდან რადენიმე დღეში დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი გააუქმა. ახლა ბიზნესს განვითარებაში ხელს კომენდანტის საათი უშლის, რის გადაწევასაც კერძო სექტორი დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ეს მოთხოვნა უკვე ფაქტია, რომ არ დაკმაყოფილდება. მეტიც, კერძო სექტორი ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, რადგან ქვეყანაში მალე შეზღუდვების მორიგი ეტაპი ამოქმედდება. 

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო კრიზისიდან გამოსვლის კონკრეტულ ხედვას და ლარის კურსს.

შეხვედის შემდეგ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ თუ კორონავირუსის გამო ქვეყანაში ხელახალი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა დადგა, ბიზნესმა ეს წინასწარ უნდა იცოდეს.

„თუ ჩაკეტვა მესამედ მოხდება, ეს ბიზნესისთვის უმძიმესი იქნება, თუმცა თუკი  ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბიზნესი ამისთვის უნდა მოემზადოს. ამიტომ რაც უფრო ადრე გაცხადდება ამის შესახებ, უკეთესია, რათას ბიზნესს გადალაგების დრო ჰქონდეს. ორი ჩაკეტვა ბიზნესსა და ბანკებზე უკვე ისედაც ძალიან მძიმედ აისახა“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით რეგულაციების დიდი ნაწილი მოხსნილია, ეკონომიკა მაინც მკვეთრად შემცირებულია. რეგულაციების გატარების შემთხვევაში კი, ქვეყანა მორიგ დიდ დარტყმას მიიღებს. ამიტომ წელს დაპროგნოზებული 4.5%-იანი ეკონომიკური ზრდა ვერაფრით ვერ მოხდება. 

ეკონომიკის ექსპერტ ზვიად ხორგუაშვილის განცხადებით, შეზღუდვების კიდევ ერთხელ დაწესება პირდაპირ ნიშნავს, რომ 2021 წელი ეკონომიკურად იქნება ბევრად უფრო უარესი, ვიდრე იყო 2020. 

“ესენი წერტილოვან შეზღუდვებს უწოდებენ აბსოლუტურად ყველაფერს. მაგალითად, ორი თვის წინ ვიყავით მთლიანად ჩაკეტილები და ამასაც წერტილოვან შეზღუდვა დაარქვეს. იმედია, რომ სრული ლოქდაუნი არ იქნება, როგორც პირველ და მეორე ჯერზე მოხდა. გუშინ, ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება დაიდო და ისევ -5.5% გვაქვს, წინა თვეს 11%-ზე მეტი ვარდა გვქონდა. 2021 წლის ორ თვეში საშუალოდ, 8.8%-იანი შემცირებაა. წელს, დაანონსებულია 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა და უკვე ამ გადმოსახედიდან, ეს შეიძლება ფანტასტიკის სფეროდ ჩაითვალოს. კიდევ ერთი ლოქდაუნი და შეზღუდვების ნაკადი, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ 2021 წელი ეკონომიკურად იქნება ბევრად უფრო უარესი, ვიდრე იყო 2020. 

შეიძლება 1-2 დღე, აღდგომისთვის ჩაკეტონ საქალაქთაშორისო მიმოსვლა. ასეთი დონის შეზღუდვებზე თუ არის საუბარი, ეს შედარებით ნაკლები დარტყმა იქნება ეკონომიკისთვის, მაგრამ რას ეძახიან წერტილოვან შეზღუდვებს და რას აპირებენ, დეტალურად არ ვიცით. ერთია ჩაკეტვა და მეორეა დინებას მიჰყვე. ეს დინებას მიყოლაც არასწორია, რადგან ხელისუფლება იმისთვის გვინდა, რომ მან რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, რათა უკეთესად ვიყოთ”, - განუცხადა ზვიად ხორგუაშვილმა “რეზონანსს”. 

წინასწარი შეფასებით 2021 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.1 პროცენტი შეადგინა, იანვარში კი, 11%-იანი კლება იყო, ხოლო იანვარ-თებერვლის ეკონომიკური ვარდნა 8.3%-ია. ამ სტატისტიკური მონაცემებიდათ დგინდება, რომ ახლა ეკონომიკური ვითარება ისედაც მძიმეა. შეზღუდვების გაუქმების შემდეგაც კი უჭირს ეკონომიკას ფეხზე წამოდგომა და იმ კრიზისდან გამოსვლა, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილე მიიღო. 

ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის აზრით, თუკი წელს ეკონომიკაში მინიმალური ზრდა მაინც დაფიქსირდა, ესეც ნორმალური მაჩვენებელი იქნება.  

“ბევრჯერ მითქვამს და კიდევ იგივეს გავიმეორებ, რომ ჩემთვის ადამიანების სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაბამისად ეკონომისთვისთვის ძალიან ძნელია ვირუსის შეჩარების გამო დაწესებული შეზღუდვების ანალიზი. ჩვენ ექიმების მძევლები ვართ, მაგრამ შეზღუდვების მიუხედავად, სწორი პოლიტიკის პირობებში, შესაძლებელი იყო, რომ კორონავირუსის პერიოდი რაღაც სფეროები ამოგვექაჩა, მათ შორის ახალი სექტორები განგვენვითარებინა. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას რაიმე ახალი გაეკეთებინა და ეს დრო განვითარებისთვის გამოეყენებინა, სამწუხაროდ, აღებული სესხები იმაზე დაიხარჯა, რომ მახინჯი ეკონომიკური სტრუქტურა შეგვენერჩუნებინა.

სასტუმრეობისა და რესტორნების სუბსიდირების ნაცვლად, ბევრად უკეთესი იქნებოდა, ეს თანხები რაღაც ახალი სფეროს განვითარებას მოხმარებოდა. ჩვენ კი იმას ჩამოვეკიდეთ, რაც ისედაც დასანგრევი იყო, კრიზისი რომ არ მომხდარიყო მაინც. 

შეზღუდვები ექსპორტიორი ქვეყნისთვის უფრო მარტივად გადასატანია, ვიდრე ჩვენთვის. როდესაც კრიზისს ცუდი ეკონომიკური სტრუქტურით შეხვდი და რესურსი კიდევ ამის შესანარჩუნებლად დახარჯე, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ეკონომიკა გაიზრდება. წელს ძალიან ძნელი იქნება 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა და საერთოდ, პლუსში თუ გავედით ეგეც ნორმალური მაჩვენებელი იქნება. არავინ იცის, შეზღუდვები როგორი სიმკაცრის იქნება და რამდენხანს გაგრძელდება”, - აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ჯანიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×