"ამჟამინდელი ნიშნული დამღუპველია, მოსახლეობას უძვირდება პროდუქცია, ინფალაციაც გაექცევათ"
ირაკლი ლომიძე
31.03.2021

პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესს შორის შეხვედრამ შედეგი რეალურად ვერ გამოიღო. ბიზნესმენებმა ვერ მიიღეს ქვეყნის მეთაურისგან არგუმენტირებული  პირობა, რომ ლარს შეიძლება რამე ეშველოს. ყოველ შემთხვევაში, მთავრობამ ვერ შეძლო კერძო სექტორის დამშვიდება, რომ კურსი მოკლევადიან პერიოდში გამყარდება. ამის წინაპირობას ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები არ იძლევა. 

ბიზნესი პრემიერთან შეხვედრაზე გუშინ  10-პუნქტიანი მოთხოვნით მივიდა.  ისინი ითხოვენ, მინიმუმ ერთი კვირის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს ლარი, მაგრამ ესეც, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, შეიძლება სანატრელი გახდეს. ყველაზე ოპტიმისტური გათვლით კი, ლარი, 3,40-იან ნიშნულთან უნდა გაჩერდეს, ამაზე საიმედო პროგნოზს ჯერჯერობით ვერავინ აკეთებს.

მთავრობა ისევ გადაჭარბებულ მოლოდინს ინარჩუნებს და კვლავ ტურიზმზე აკეთებს სწორებას, რაც ეროვნული ვალუტის პერსპექტივას საკმაოდ უიმედოდ წარმოაჩენს.

პრივატიზაციის საკითხი და ტურიზმი 2 ფაქტორია, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა  ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა. 

„ერთ-ერთი ძალიან აქტუალური საკითხი ყოველთვის და დღესაც რა თქმა უნდა, ლარის კურსია. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რათა უცხოური ინვესტიციები და ზოგადად ინვესტიციები, რაც ეკონომიკის მდგრადობას განამტკიცებს, ასევე განამტკიცებს ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგრადობას. ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია. მეორე ნაბიჯი არის ტურიზმისთვის ჩვენი ქვეყნის და მიმოსვლის გახსნა. უკვე ვფიქრობთ, როგორც კი მოგვეცემა საშუალება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სახმელეთო საზღვრებსაც გავხსნით, რათა ტურისტი შემოვიდეს და აქ დახარჯოს რესურსი, უცხოური ვალუტა შემოვიდეს და გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა“, - განაცხადა  თურნავამ.

აშკარაა, რომ მწვავე ფონის მიუხედავად, ბიზნესმენების ნაწილი ცდილობს, პრესასთან საუბრისას ბიზნესის ნამდვილი განწყობა დამალოს. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს ბიზნესმენთა ასოციაციის დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის მიერ გაკეთებული განცხადებიდან, რომელმაც აღნიშნა, რომ პრემიერმა დაამშვიდა, მოთხოვნები კი ადეკვატურად მიიღო.

,,აუცილებლად სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები. პრემიერი შეგვპირდა, რომ თანდათანობით თითოეულს მიხედავს. გვექნება ერთობლივი შეხვედრები, ამით არ დამთავრდება. მოწადინებულნი ვართ, რომ ბევრი შეხვედრა გაიმართოს, იმისათვის, რომ ბიზნესი დადგეს ფეხზე რამეთუ ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ეს არის ქვეყნის წარმატების მთავარი საწინდარი. ერთად უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად“, - განაცხადა ფხაკაძემ.

კონკრეტული შეფასება არ მოსჩანს „თიბისი ბანკის“ გენერალური   დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის მიერ გაკეთებული განცხადებიდანაც, საიდანაც ლარის პერსპექტივის დანახვა და ბიზნესის რეალური წუხილი, ფაქტობრივად, არ იგრძნობა:

„ვისაუბრეთ მოკლევადიან საკითხებზე, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას. თუმცა, არის საკითხები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის გრძელვადიან გადაწყვეტილებებს მოითხოვს, მაგალითად, ვისაუბრეთ განათლების სფეროზე, იმ ბიუროკრატიაზე, რომელიც საელმწიფო სექტორში არსებობს და რა არის ბიზნესისთვის აუცილებელი ცვლილებები, რაც აუცილებლად ჩასატარებელია. ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობაზე, თუ რა არის საჭირო ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის. იყო საუბარი, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და იქნება მრავალჯერადი შეხვედრები“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

შედარებით დამაიმედებელი განცხადება გააკეტა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.

„არა მარტო მაკროეკონომიკურ საკითხებზე, არამედ იმ ძირითად პრობლემატიკაზე იყო საუბარი, რაც მაკრო დონეზე აწუხებს ბიზნესს. იყო დათქმა, რომ ქმედითი გადაწყვეტილებების მიღება უმოკლეს ვადებში მოხდეს, რაც ძალიან იმედისმომცემია. მაკროეკონომიკური ტიპის საკითხების მოგვარება მარტივი არ არის, მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, ლარის სტაბილურობა, ფასების სტაბილურობა, სასამართლოს კუთხით მეტად სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან პროცესები დროში იწელება ხოლმე. ასევე მნიშვნელოვანია საკითხები, რომლებიც ყველა ბიზნესს ეხება“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

,,რეზონანსი“ დაინტერესდა, რას ფიქრობს ბიზნესი სინამდვილეში, რაში ხედავს გამოსავალს და როგორია რეალობა, რაშიც მათ საქმიანობა უწევთ.

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილმა აღნიშნა, რომ ლარის ამჟამინდელი კურსი დამღუპველია. მან  ეროვნულ ბანკი რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.  

,,კურსი უკვე გაუსაძლისია და ლარი, მინიმუმ, 1 კვირის წინანდელ მაჩვენებელს უნდა დაუბრუნდეს, რომ კომპანიებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლონ. ამ დროს რეზერვები მაქსიმუმზეა, უნდა გაიყიდოს და რეგულაციები მოიხსნას, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ბიზნესმა სიცოცხლისუნარიანობა უნდა შეინარჩუნოს, რის პირობებიც დღეს არ არის.  კატასტროფულად დაეცა ლარი, ამიტომ უსწრაფესად უნდა გადაიდგას ნაბიჯები, სავალუტო რეზერვები ამის საშუალებას იძლევა. 

საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ეს ვალდებულება, რომ გადაარჩინოს ბიზნესი. საბანკო რეგულაციები მაქსიმალურად უნდა მოეშვას, დოლარში სესხის აღება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, იზრდება საპროცენტო განაკვეთები. ლარის მიმართ ნდობა არ არის და ესეც დამატებითი წნეხია. წლებია საჭირო, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ უარყოფითი განწყობა შეიცვალოს", - განაცხადა პაპაშვილმა ,,რეზონანსთან“. 

რაც შეეხება მოლოდინს, ანალიტიკოსი ნიკა შენგელიას გათვლით, მართალია, ლარი დაახლოებით ერთკვირიან პერიოდში დაკორექტირდება, მაგრამ 3,40-იან ნიშნულს ვერ ჩამოსცდება, რაც ნიშნავს, რომ გამყარების პროცესი შორეული პერსპექტივაა.

,,ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები დააგვიანა და ამიტომ მივედით ამ მდგომარეობამდე, რასაც ჯერჯერობით ვერ ვშველით.  ცხადია, სებ-ს  მოუწევს რეზერვების გაყიდვა,  სავარაუდოდ, დიდი მოცულობითაც, მაგრამ  საქმე ისე მიდის, რომ 3,40-იანი ნიშნული უნდა ვინატროთ. ჯერჯერობით კი გაუფასურების პროცესი გაგრძელება, უკვე ფსიქოლოგიური ფაქტორი ჩაერთო.   დრო კი არ ითმენს და ვალუტის გაუფასურება პირდაპირპროპორციულია საკვების ფასებსზე და მოსახლეობას უძვირდება პროდუქცია და ყიდვის საშუალება არ აქვს,  ინფალაციაც გაექცევათ. 

ვერც ამ ვალდებულებას გაართვა სებ-მა თავი, 2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი ვერ დაუბრუნდება მიზნობრივს, ამის მოლოდინი ნურავის ექნება. მაღალი ინფლაცია და  რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გვექნება. არ გამოვრიცხავთ, 9-10% გახადოს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი, რაც კიდევ უფრო გაუძვირებს სესხს ბიზნესს და გარკვეულწილად ესეც იმოქმედებს ფასებზე. ყველაფერი ეს მოუტრიალდება მოსახლეობას, გაჭირვებულ ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდება პროდუქტის შეძენა. ამ დროს მთავრობას არანაირი გეგმა არ აქვს და ვერაფერს გააკეთებს, გარდა იმისა, რომ შეკრებს ექსპერტებს და გრძელვადიან გეგმას შეიმუშავებს, მაგრამ ესეც დაპირებაა და ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა“, - განუცხადა შენგელიამ ,,რეზონანსს“.

გუშინვე, დღის ბოლო ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი გადადგა. სავარაუდოდ, ის ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისს გადაყვა, რაც აშკარა კრიზისის მანიშნებელია. 

რაც შეეხება წლევანდელ ინტერვენციებს, ბოლოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 22 მარტს გამართა და 40 მლნ დოლარი გაიყიდა.  შიდა სავალუტო ბაზარს სებ-მა წელს სულ 160 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×