ამჯერად მარტო იმპორტირებული კი არა, ყველანაირი პროდუქცია გაძვირდება
გვანცა წულაია
01.04.2021

პროდუქტები გაძვირების მოლოდინშია. ეროვნული ვალუტის გაუფასურება და არასტაბილურობა ძალიან დიდ პრობლემებს იწვევს, რაც საბოლოო ჯამში, როგორც იმპორტირებულ, ისე ადგილობრივ პროდუქციას აძვირებს. იმპორტიორები და მეწარმეები კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფასების „დაჭერა“ ვერაფრით ვეღარ მოხდება. 

უკვე რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. ქართული ლარი არასტაბილურობით ყოველთვის გამოირჩეოდა და ახლაც ასეა. ეს გარემოება კი, პირველ რიგში, პროდუქციას აძვირებს, ამიტომ თუკი კურსი ძველ ნიშნულს (3.25-3.30)  არ დაუბრუნდება, ქვეყანას მორიგი გაძვირების ტალღა გადაუვლის. 

იმპორტიორები და ადგილობრივი მეწარმეები პრობლემეზე უკვე ერთხმად ალაპარაკდნენ. ასეთ არასტაბილურ გარემოში მათთვის ფასების შენარჩუნება რთულია. რადგანაც შემოტანილი პროდუქცია გაცვლით კურსზეა დამოკიდებული, იმპორტიორები იძულებული იქნებიან გააძვირონ, რადგან ასეთ არასტბილურ ვითარებაში, ფასების შენარჩუნება შეუძლებელია. 

იმპორტიორი, კომპანია „დუ“-ს ხელმძღვანელი დავით გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ ასეთ პირობებში, გაძვირდება არა მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნები, არამედ ყველა სახის პროდუქცია. 

„ფასების მატებას ყველა ვარიანტში უნდა ველოდოთ. 2 დღის წინ თუ დოლარი 3.47-ში გვაქვს ნაყიდი და ამ თანხაში შეძენილი საქონელი როდესაც ჩამოვა, მისი განბაჟებაც გაძვირდება და თვითღირებულებაც მოიმატებს. ზოგადად,  ყოველთვის, ვალუტის კურსის გაუფასურება შემდგომში იწვევს პროდუქციის გაძვირებას. არა მხოლოდ პირველადი მოხმარების პროდუქცია, არამედ ყველა ტიპის საქონელი გაძვირდება, რაც კი დოლარზე და ევროზე იყიდება“, - განუცხდა „რეზონანსს“ გოგიჩაიშვილმა. 

გარდა იმპორტისა, საფრთხის წინაშეა ადგილობრივი წარმოებაც. კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელი, რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ 3.50 არის კურსის ის ზღვარი, რის შემდეგაც მათი პროდუქციის გაძვირება გარდაუვალი იქნება. 

„მომხმარებლებს სულ უფრო ნაკლები ფული აქვს, რომ შეიძნოს ჩვენი ნაწარმი. მიუხედავად ამისა, ფასის ზრდას ალბათ, უნდა ველოდოთ, ოღონდ გააჩნია სადამდე გაუფასურდება ეროვნული ვალუტა. კურსის ზღვარი კი, რის შემდეგად ფასის კორექტირება მოხდება 3.50-ია. ამ ნიშნულამდე ლარს უკვე აღარაფერი აკლია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მსყიდველუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა რეალურად კლებულობს“, - უთხრა „რეზონანსს“ რევაზ ვაშაკიძემ. 

ბოლო დღეებში ქართული ფული განსაკუთრებული გაუფასურებით და არასტაბილურბით გამოირჩევა. დღეის მდგომარეობით, ერთი ამერიკული დოლარი 3.44 ლარი ღირს, ევრო კი - 4.04. სწორედ ამიტომ გაჩნდა მძიმე შედეგის მოლოდინი. 

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა და ეროვნული ბანკი სწრაფად არ გადადგამენ ნაბიჯებს და ლარის გაუფასურებას შესაბამისი ინსტრუმენტებით არ შეაჩერებენ, ბიზნესი ფასების დაჭერას ვერ შეძლებს.

“ახალი არავისთვისაა, რომ იმპორტირებული ეკონომიკა გვაქვს - ვყიდულობთ დოლარში და ვყიდით ლარში. თუ ასე გაგრძელდა, ყველაფერი გაძვირდება. კერძო სექტორსაც აქვს შესაძლებლობების ლიმიტი. მაშინ გვითხრან, როგორ მოვიქცეთ. მძიმე პრობლემების წინაშე არიან ადგილობრივი მწარმოებლებიც, რადგან ნედლეული იმპორტიორებულია და ლარის კურსი მათთვისაც მძიმე ტვირთია.

ვხედავთ, ეროვნული ვალუტა უკვე პანიკურად უფასურდება და არც ეროვნულო ბანკი და არც მთავრობა არაფერს აკეთებს, განცხადებებსაც არავინ აკეთებს, რომ დაამშვიდონ ბაზარი. 10-წლიანი განვითარების გეგმა კი არა, ხვალ რას ვაკეთებთ, ის არ ვიცით... 

პრობლემები ახლა არ დაწყებულა, ვერც პანდემიას დავაბრალებთ მთლიანად. წლებია, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დიდი გამოწვევაა და რამდენჯერაც დაგვისვამს კითხვები - რა გეგმა აქვს სებ-ს და მთავრობას, ვერც ერთხელ პასუხი ვერ მივიღეთ”, -  განაცხადა ჭყონიამ. 

იმპორტიორთა ნაწილს პრონოზის გაკეთა უჭირს, თუ რამდენად მოხდება პროდუქციის გაძვირება. სარეცხი და ჰიგიენის საშუალებების იმპორტიორ კომპანია შპს „ჯი ემ ბილდინგ“-ში აცხადებენ, რომ ვალუტის მნიშვნელოვანი გაუფასურების გამო ჰიგიენური ქაღალდი აუცილებლად გაძვირდება. 

„ზოგადად ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა, თუმცა ამას ახლა ლარის კურსი ემატება, შესაბამისად, ისედაც გაზრდილი პროდუქტის ფასი დამატებით მინიმუმ 20 პროცენტით გაიზრდება. ყოველთვის ვცდილობთ გარკვეული თანხა წინასწარ დავიმარაგოთ. ახალაც დოლარი, რომ არ მქონდეს ნაყიდი, ძალიან დიდი ზარალი მექნებოდა. ველოდებით, რომ გაუფასურებულ ლარს, მესამე ტალღა დაემატება და კიდევ უფრო რთულ მდგომრეობაში აღმოვჩნდებით“, - განუცხადა „კომერსანტს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, თემურ მინდორაშვილმა.

პროდუქციის ფასი რომ გაიზრდება ადასტურებს საქართველოში „ფერერო როშენის“ ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია. თუმცა „ბიდი კომპანის“ წილის მფლობელი, დიმიტრი მესხიშვილი ვერ აკონკრეტებს ამ ეტაპზე პროდუქციას რამდენით გააძვირებენ. 

„ჩვენ იმპორტიორები ვართ და რა თქმა უნდა ლარის კურსის გაუფასურება საქმიანობაზე ნებისმიერ შემთხვევაში ნეგატიურად აისახება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება ხომ არ გაჩერდება? გარკვეული პერიოდი ჩვენც დავაკვირდებით როგორ განვითარდება მოვლენები. 

პროდუქტის ფასზე მხოლოდ ლარის კურსი არ მოქმედებს, ამას ემატება საწვავის ხარჯი, იჯარის გადასახადი. საკითხს კომპლექსურად უნდა მიდგომა, ამიტომ ახლა ზუსტ თანხას თუ როგორ გაძვირდება პროდუქტი ვერ გეტყვით. ლარი რაღაც ნიშნულზე ცოტა ხნით მაინც უნდა დასტაბილურდეს, უნდა დაველოდოთ რა მოხდება საწვავის ბაზარზე და სხვა დანახარჯების კუთხით, გადაწყვეტილებას სწორედ ამის მიხედვით მივიღებთ“, - განაცხადა დიმიტრი მესხიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×