აუცილებელია ხარჯების დროული შემცირება, პროცესი თუ დაგვიანდა, შედეგიც უფრო მძიმე იქნება
ირაკლი ლომიძე
02.04.2021

 

ეკონომიკური ჩაკეტილობისა და ბიზნესის რეგრესის ფონზე აქტიურად დაიწყო საუბარი, რომ ბიუჯეტს შეკვეცა სჭირდება. მთავრობას საქმე ისე წაუვიდა, რომ შემოსავლებში ბიუჯეტს დეფიციტი ელის და დიდი ალბათობით, ამ მხრივ იგი ვერ  შესრულდება. გამოსავალი თითქმის არ არსებობს, გარდა იმისა, რომ საგარეო ვალის აღება მოხდეს ან ბიუჯეტი დაკორექტირდეს. ფინანსისტები უკანასკნელ მოსაზრებას უფრო იზიარებენ და აცხადებენ, რომ ცვლილება აუცილებელია, თუმცა ეს რეალურად წლის მეორე ნახევრიდან იქნება შესაძლებელი.

საყურადღებოა ,,საზოგადოება და ბანკების“ პოზიცია, სადა პირდაპირ ამბობენ, რომ  მნიშვნელოვანია 2021 წლის ბიუჯეტის კორექტირება მოხდეს: ,,ბიუჯეტის დეფიციტი თუკი 2021 წელსაც ისევ დაგეგმილ 7.5%-ზე მეტად გაიზრდება, მთავრობას დაფინანსება მოუწევს საგარეო ვალით. შემოვა უცხოური ვალუტის ნაკადი, რომელიც დარეზერვდება ეროვნულ ბანკში, ხოლო დაიხარჯება ლარში. ამ შემთხვევაში, გარდა მთავრობის საგარეო ვალის ზრდისა, დაწოლა მოხდება ლარი/დოლარის გაცვლით კურსზე, შესაბამისად, ისევე როგორც 2020 წელს, ეროვნული ბანკი იძულებული იქნება მუდმივი ინტერვენციებით ამოიღოს ლარის მასა და დოლარი მიაწოდოს ბაზარს. სხვა შემთხვევაში, გაუფასურებული კურსი აუცილებლად გადაითარგმნება მაღალ ინფლაციაში და პოსტ-კოვიდურ სიტუაციაში უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობას“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

,,საზოგადოება და ბანკების“  რეკომენდაციაა, რომ დამატებით არ გაიზარდოს ბიუჯეტის დეფიციტი, რადგან ის ისედაც საკმაოდ მაღალია. უმჯობესი იქნება გადაიხედოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, გამოიკვეთოს პრიორიტეტული მიმართულებები, ხოლო ხარჯები, რომლებსაც არანაირი კონტრიბუცია არ შეაქვთ კოვიდ სიტუაციის გაუმჯობესებაში ან ეკონომიკური გაჯანსაღების საკითხებში, შეიკვეცოს. 

ბიუჯეტის კორექტირების მომხრე არიან ეკონომისტებიც, თუმცა მათ განსხვავებული ხედვა აქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა თემურ ხომერიკმა ,,რეზონანსთან“ განაცხადა, ბიუჯეტი უნდა შესწორდეს 6 თვის შედეგების შეჯამებით, მანამდე ნაკლებ სავარაუდოა. მისი აზრით, დაუბალანსებელი ბიუჯეტი და ლარის კურსი არის 2 მთავარი ფაქტორი, რასაც ივანე მაჭავარიანის კარიერა შეეწირა.

 ,,ჩემი აზრით, ივანე მაჭავარიანი ლარის კურსსაც გადაჰყვა და დაუბალანსებლად შედგენილ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. იმთავითვე გამოვთქვი მოსაზრება, რომ ბიუჯეტის კორექტირება თუ არ მოხდებოდა, ბიზნესის, მოსახლეობის მოლოდინები ჩეკეტილი ეკონომიკის პირობებში სავალალო იქნებოდა. მისი ნეგატიური გავლენა დაეტყობოდა სწორედ სამომხმარებლო ბაზარს, სადაც დაგეგმილი ინფლაციური დარგები აუცილებლად შეიცვლებოდა და დაგეგმილი 3,30-იანი ნიშნული, რომელიც ჩადებულია ბიუჯეტის პარამეტრებში, ვერ იქნებოდა შენარჩუნებული. 

2020 წელს ეროვნულმა ბანკმა მრავალმილიონიანი ინტერვენციებით  მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა ლარის კურსი, მაგრამ იყო პერიოდები, როდესაც ძალიან სწრაფად იცვლებოდა სიტუაცია და ყველაზე მეტად ეს  მცირე შემოსავლების მქონე მოსახლეობას აზარალებდა. 

მეორეს მხრივ, მეოთხე კვარტალში, ,,თელასის" წილი გაყიდა საპარტნიორო ფონდმა და გამოაცხადა, თითქოს ინვესტიციური გამოცოცხლება მოხდა, მაგრამ ეს იყო კვაზი გამოცოცხლება, კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, გრძელვადიანი ტრენდი. რეალური აქტივობები, რითაც შესაძლებელი იქნებოდა ფინანსური ნაკადების ეფექტიანი რეგულირება, ვერ განხორციელდა, ეს იმ დროს, როდესაც მთავარი მხარჯველი სახელმწიფო იყო. ინვესტიციები არ გაზრდილა,  პირიქით, შემცირდა, შემოდინებები, გზავნილების სახით, უცხოეთიდან, მართალია, პერიოდულად იზრდებოდა, მაგრამ მაინც ვერ დააკომპენსირებდა ტურიზმიდან მიღებულ სავალუტო დანაკლისს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ბიუჯეტს დეფიციტის მხრივ დიდი პრობლემა ემუქრება და გამოსავალია მისი კორექტირება, თუმცა ამისთვის, მინიმუმ, 6 თვის შედეგი უნდა შეჯამდეს“ - განაცხადა ხომერიკმა. 

განსხვავებული მოსაზრებისაა ფინანსისტი ლევან ქისტაური, რომელიც ფიქრობს, რომ ბიუჯეტის კორექტირება უკვე აუცილებელია და რაც მალე მოხდება, უკეთესი ქვეყნისთვის. 

,,ბიუჯეტის დეფიციტი, ისევე როგორც სამთავრობო ვალი, ძალიან მაღალია, ამიტომ მიმაჩნია, რომ კორექციას უნდა დაექვემდებაროს. პროცესი თუკი დაგვიანდა, შედეგიც უფრო მძიმე იქნება, ამიტომ გადაწყვეტილება დროულად უნდა იქნას მიღებული, რათა ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და ბიუჯეტი შესწორდეს. მთლიანობაში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეფიციტის შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტი პრობლემა გველის, რადგან მონეტარული და ფისკალური თვალსაზრისით მძიმე პერიოდი გვაქვს და ქვეყნის სტაბილურობა ამ საკითხის მოგვარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული“, - განაცხადა „რეზონანსთან ქისტაურმა.

საბიუჯეტო პრობლემის, ასვე ლარის კურსის სტაბილურობის მიღწევის შესაძლებლობად ფინანსისტი დავით წიქარიძე ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებას მიიჩნევს.

,,ეკონომიკაში არსებულ პრობლემას არაფერი ეშველება, სანამ მთავრობა  ბიუროკრატიულ ხარჯს არ შეამცირებს. თუკი ადრე ვამბობდი, რომ ხარჯი გასანახევრებელია, ახლა მიმაჩნია, რომ 80%-ითაც უნდა შეამცირონ. სანამ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯი არ გადაიდგმევა, ქვეყანას არაფერი ეშველება. 

ვხედავთ, რომ ამის მიუხედავად, მთავრობა ხარჯებს ზრდის რიგი მიმართულებებით, რაც შექმნილ სიტუაციაში არასწორია. ასე არაფერი გამოვა, რადგან ბიუროკრატია არის შესამცირებელი, მაგრამ მთავრობისთვის ეს საარჩევნო კონტიგენტია და ხელს არავინ ანძრევს, რომ სფერო მოაწესრიგოს. სხვანაირად არაფერი გამოვა, მოსახლეობა ვალაუვალი გახდა, რაც არის როგორც ბიზნესის, ასევე ბიუჯეტის გამოუვალი მდგომარეობა ", - განაცხადა წიქარიძემ.

როგორც დოკუმენტშია მოცემული, 2021 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.3%-ია. ცხადია, საბიუჯეტო შემოსულობების და ხარჯების მოცულობა ეკონომიკური ზრდის ზომაზეა დამოკიდებული. როგორც ,,საზოგადოება და ბანკების“ ანალიტიკსოები განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდა საპროგნოზო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, ცხადია, საგადასახადო შემოსავლების საბიუჯეტო გეგმა ვერ შესრულდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×