„მაშინ, როდესაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნაა და ბანკები მას არ ყიდულობენ, თან კურსიც არ იცვლება, ეს დაეჭვების საბაბს იძლევა“
გვანცა წულაია
01.04.2021

ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ამიტომ, ეროვნულმა ბანკმა კურსის გასამყარებლად, გუშინ, გასაყიდად 40 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიტანა, თუმცა აქედან აუქციონზე მხოლოდ 27.5 მლნ გაიყიდა. ეს ნიშნავს, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა აღარ არის. მიუხედავად ამისა, კურსი უმნიშნვნელოდ გამყარდა და მხოლოდ 3.4250-მდე ჩამოვიდა, ისიც გვიან საღამოს.  „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რა უცნაური ტენდენციებია სავალუტო ბაზარზე.

ბოლო დღეებია, ქართუული ფული გაუფასურებით და არასტაბილურბით გამოირჩევა, თუმცა ეროვნულმა ბანკმა რეზერვები მხოლოდ გუშინ გამოიტანა. სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი 40 მლნ აშშ დოლარის ათვისება არ მომხდარა და აუქციონზე 27 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა. ასეთი ფაქტი ანალიტიკოს ზურაბ კუკულაძეს ეჭვს უჩენს. 

„ძალიან საინტერესოა, რომ უცხოური ვალუტის დეფიციტის პირობებში არ გაიყიდა დოლარი. იმ პერიოდში, რაც აქტიურად დავინტერესდი ეროვნული ვალუტის კურსით და მისი მერყეობით, არ მახსენდებ, მსგავსი შემთხვევა. ახლა ძალიან რთულია ეროვნული ვალუტის გაუფასურება რაიმე სპეკულაციებს დავაბრალოთ, გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად არსებობს იმის საფუძველი, რომ ლარი გაუფასურდეს და ეს არც არის გასაკვირი. აქედან გამომდინარე, ამ პროცესის სპეკულაციებზე გადაბრალება ძნელი იქნება, თუმცა ეს ფაქტი გარკვეულწილად ბადებს მართლაც ეჭვს. 

როდესაც ბაზარზე დეფიციტის პირობებში სებ-მა გარკვეული მოცულობის უცხოური ვალუტა გამოიტანა და მისი ათვისება არ ხდება, თან მაშინ როდესაც მასზე მოთხოვნაა, ეს დაეჭვების საბაბს იძლევა. მიუხედავად ამისა, ეროვნულ ვალუტას ყველა საფუძველი აქვს, რომ გაუფასურდეს. არც მაქვს მოლოდინი, რომ ეს ვითარება უახლოეს მომავალში პოზიტიურისკენ შეიცვლება“, - განუცხადა „რეზონანსს“ ზურაბ კუკულაძემ. 

ეროვნული ვალუტა მორიგი ანტირესორდისკენ მიიწევს. საინტერესოა, რამდენად მოხდება მისი დასტაბილურება ინტერნვენციების გაღების შემდეგ. ეროვნულმა ბანკმა ლარის მერყეობის შესარბილებლად სავალუტო რეზერვებიდან მიმდინარე წელს უკვე გაყიდა 187 მილიონი დოლარი.

სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ დევალვაციის მთავარ მიზეზს თურქული ლირის გაუფასურება წარმოადგენს, რამაც საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინი შექმნა. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სავარაუდოდ, გაცვლითი კურსის ეს მერყეობა გადაჭარბებულია, შესაბამისად პანიკური ვაჭრობის პირობებში მოქალაქეებმა და ბიზნესებმა, რომლებიც სავალუტო ოპერაციებს განახორციელებენ, შესაძლოა, იზარალონ.

“მინდა შევეხო გუშინ და დღეს კურსის გაუფასურების საკითხს. ის, რაც მოხდა ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში, თურქეთში, ამან სამწუხაროდ, შექმნა გარკვეული დაწოლა ლარის გაცვლით კურსზე. არის საუბარი იმაზე, თუ რატომ უნდა აისახებოდეს საერთოდ ეს კურსზე, მაგრამ სავაჭრო პარტნიორის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი ადრეც აისახებოდა და ახლაც აისახა კურსზე. არსებობს ძალიან მარტივი მექანიზმი. თუკი ხდება ერთი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის გაუფასურება და თუ ამ დროს ჩვენი ვალუტა არ უფასურდება, მაშინ ხდება გაიაფება ამ ქვეყნის პროდუქტის და შემდეგ სანამ ის პროდუქტი იქ არ გაძვირდება, მანამდე ეს მოქმედებს და ამას აქვს დაწოლა მიმდინარე ანგარიშზე. ანუ მიმდინარე ანგარიშზე დაწოლა, რაც ჩვენ ისედაც გვქონდა, ამით კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, რაც რა თქმა უნდა აისახება გაცვლით კურსზე.

მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ კურსის ცვალებადობა შეიძლება იყოს გადაჭარბებული და ჩვენ გვქონდა წარსულში ბევრი შემთხვევა, როდესაც ასეთი პანიკური საქციელის დროს კურსი გაუფასურებულა, შემდეგ ისევ უკან წამოსულა. ახლაც თუ მოხდება პანიკური გადაცვლები, ის კომპანიები თუ ადამიანები, რომლებიც ამას გააკეთებენ აუცილებლად დაზარალდებიან და ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება,”- განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა. 

ახლა, სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა, რადგან ეროვნული ვალუტა მორიგი ანტირეკორდისკენ მიიწევს. „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ არ არის დიდი პრობლება, თუკი გატანინილი რეზერვების გაყიდვა მთლიანად ვერ მოხეხრდა და შესაძლოა, მსგავსი შემთხვევა სხვა დროსაც ყოფილიყო. 

„მსგავსი შემთხვევა ალბათ სხვა დროსაც იქნებოდა. თავისუფალი ვაჭრობა მიმდინარეობს და ასეთ თავსუფალ ბაზარზე შესაძლოა, არ აღმოჩნდა მსურველი. სავარაუდოდ, არ აღმოჩნდა შესაბამისი მყიდველი. ეროვნული ბანკის მანდატი და მოტივაცია არ არის კურსის დაჭერა და სტაბილიზაცია. სებ-ის კანონით გაწერილი მიზანი არის ფასების სტაბილურობა, ინფლაციის კონტროლი და კურსზე ზემოქმედების მექანიზმს მხოლოდ ამ კონტექსტში იყენებს, რადგან გაუფასურებული ლარი ინფლაციაზე აისახება. 

ის, რომ ეროვნული ბანკი ლარს ძალით იჭერდეს, ეს ტექნიკურად და თეორიულად, ცხადია, შესაძლებელია, მაგრამ ამას არ აკეთებს და პრინციპში სწორად იქცევა. სებ-ი ერთადერთს რასაც აკეთებს არის ის, რომ შოკი და დარტყმა შეამციროს ეკონომიკაზე, რათა სწრაფი გაუფასურება არ მოხდეს, რისი განხორციელებისთვისაც სავალუტო ინტერვენციებს იყენებს“, - განუცხადა სოსო ბერიკაშვილმა „რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×