პოზიციას, რომელსაც ფინანსისტები დიდი ხანია ემხრობიან, უკვე პარლამენტშიც იზიარებენ
ირაკლი ლომიძე
03.05.2021

ლარის გაუფასურების ტენდენცია არ იცვლება და არც მოლოდინი არსებობს, რომ კურსს მოკლე, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში რამე ეშველება. არც ერთი სტრუქტურა ამ დრომდე კურსთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას არ იღებს. ეროვნული ბანკი ინფლაციაზე აქცენტის გადატანით ცდილობს თავის დაძვრენას, მაგრამ რეალურად ვერც ფასების ზრდას აჩერებს. პროცესები კი ისე ვითარდება, რომ წლის ბოლომდე შესაძლოა, 3,60-იანი კურსიც სანატრელი გახდეს. ბოლო პერიოდში, პირველი შემთხვევაა, როცა ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი ლართან დაკავშირებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს და ხელს ეროვნული ბანკისკენ იშვერს.

ყოველ შემთხვევაში, ასეთია მოთხოვნა, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა დააყენა.

,,ლარის კურსის საკითხი ბევრი მიმართულებით აფერხებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ეს დიდ პრობლემებს უქმნის  მოქალაქეების და ბიზნესების საკმაოდ დიდ ნაწილს. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, ლარის კურსის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავება და კონკრეტული ნაბიჯების გაწერა, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით. ეს საკითხი, ვფიქრობ, უაღრესად პრიორიტეტული და საჩქაროა“, - გაანაცხადა  სონღულაშვილმა. 

სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სამუშაო ჯგუფების შექმნის შემთხვევაში მასში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი ამ საკითხზე ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

,,ძალიან დიდი გამოწვევებისა და ფინანსური შემოდინებების დანაკლისის გამო, შეუძლებელი იყო, რომ კურსის კორექტირება არ მომხდარიყო. თუ გეგმაზე ვისაუბრებთ და შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ამაზე იმუშავებს, ეროვნული ბანკი შეუერთდება ამ ჯგუფს. ჩვენ ისედაც გვაქვს ყოველდღიური თანამშრომლობა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან. ასე რომ, ეს მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა მან.

ეროვნული ბანკის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების აუცილებლობაზე ისაუბრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემაც, რომელმაც შეაფასა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებითა და ქვეყნის მთავარი ბანკის  მისამართით არც კრიტიკა დაიშურა.

,,ეროვნულ ბანკს, რომ მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ამას ვამბობდი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს. 1%-იანი ზრდა საკმაოდ დიდი ბიჯია, თუმცა საჭირო იყო. უფრო მეტიც, თავის დროზე რომ გაეზარდა, ასეთი ნახტომი დღეს არ მოუწევდა და მონეტარული ფონი (მათ შორის ინფლაცია) უფრო სტაბილური გვექნებოდა," - განაცხადა კოვზანაძემ.

ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ ეკონომისტები, ფინანსისტები და საბანკო სფეროს სპეციალისტებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სებ-ი უნდა იყოს ის ორგანო, რომელმაც გაცვლით კურსთან დაკავშირებით პროცესებზე სრული პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. ეს ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ეკონომისტმა გივი მომცელიძემ პირდაპირ განაცხადა.

,,სავალუტო ბაზარზე უაღრესად ნეგატიური პროცესებია, ლამის ყოველდღიურად უფასურდება ლარი და მასზე  პასუხისმგებლობა ეროვნულმა ბანკმა უნდა აიღოს. დღემდე ამ უწყებას მიაჩნია, რომ მხოლოდ ფასების სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი, მაგრამ რეალურად მას უნდა ეკისრებოდეს გაცვლით კურსზეც პასუხისმგებლობაც. მცურავი რეჟიმი არ ნიშნავს იმას, რომ  ლარი ერთ დღეში შეიძლება რამდენიმე პუნქტით დაეცეს და ამაზე პასუხი არავინ აგოს. ასეთი მიდგომით საბოლოოდ უფრო მეტი შავდება, რადგან  მსგავსი ჩაურევლობის პოლიტიკა ეროვნულ ვალუტას კრიტიკულ სიტუაციაში აყენებს. ამ დროს სებ-ი თუ რამეს აკეთებს, უცხოური ვალუტის რეზერვების შევსების კუთხით მიმართული ღონისძიებებია, რასაც ვერ გასცდა.  

ვერ ვიტყვი, რომ ეროვნულ ბანკს ლარის გამყარება არ აწყობს, მაგრამ ფაქტია, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები აქეთკენ არ არის მიმართული. ის უნდა იყოს მთავარი ორგანო, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, რომელიც კურსზე პასუხისმგებლობას აიღებს, არ შეიძლება, ეს პროცესები ასე ნებაზე მიუშვან“, - განაცხადა ეკონომისტმა.

ეროვნული ბანკის აპსუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხივს ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც, რომელიც ლართან დაკავშირებით საკმაოდ რთულ პროგნოზს აკეთებს და აღნიშნავს, რომ  მდგომარეობა მძიმდება, ამიტომ დროულად არის ზომები მისაღები, რაც რეალურ შედეგს მოიტანს.

,,პასუხისმგებლობა ოფიციალურად ეროვნულ ბანკს არ აკისრია, მაგრამ წესით, უნდა იტვირთოს ეს ფუნქციაც. ის მუდმივად თავს იმართლებს იმით, რომ  ინფლაციასთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი, მაგრამ უნდა ებაროს ეროვნული ვალუტაც. მთლიანობაში კი, ლარის კურსთან დაკავშირებით პასუხისმგებელი უნდა იყოს მთავრობაც და ეროვნული ბანკიც. 

ყველაფერი, რაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობას განსაზღვრავს, ახლა მძიმე მდგომარეობაშია. მშპ-ს ზრდა ეს არ ნიშნავს მოსახლეობის კეთილდღეობას, ეს ერთი მონაცემთაგანია, რაც ფურცელზეა, მაგრამ მეორეა ჩვენი ყოველდღიურობა, რასაც მოქალაქის და ოჯახის ბიუჯეტი განსაზღვრავს. ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაა ამ მხრივ და როგორ უჭირს ხალხს, დიდწილად სწორედ ლარის გაუფასურებისა და ინფლაციური პროცესების გამო“, - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" შენგელიამ. 

ანალიტიკოსის პროგნოზით, ,უქმე დღეების“ გავლენა ლარს სავარაუდოდ დადებიტად დაეტყობა, რადგან ეკონომიკური აქტივობა მცირდება, თუმცა უკვე 15-16 მაისიდან ეროვნული ვალუტა გაუფასურებას გააგრძელებს.

,,ლართან დაკავშირებით რაიმე საიმედო პროგნოზი არ გვაქვს, 10-15 დღე დაახლოებით არსებულ მაჩვენებლზე შენარჩუნდება. ეკონომიკაში არსებული შეზღუდვები ,,უქმე დღეების“ დაწესებასთან დაკავშირებით, დადებითად იმოქმედებს, მაგრამ განსაკუთრებთ 15-16 მაისიდან რყევები გაგრძელდება. ლარის წონანსწორობი ნიშნული, უახლოეს თვებში, შეიძლება იყოს 3,60-ის ფარგლებში,  წლის ბოლომდე ამ მაჩვენებლების გარშემო იტრიალებს.  ვერ ვიტყვი , რომ 4,0-იან ნიშნულს მიაღწევს, მაგრამ  რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.  

ასეთ დროს ეროვნულმა ბანმა, დიახაც, უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ის, რომ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, სწორად არ მიმაჩნია. მესმის, რომ ინფლაცია მაღალია, რადგან ლარი არის გაუფასურებული. ფაქტობრივად, ყველაფერზე მაღალი ფასია შენარჩუნებული, შემცირების მიმართულებით ტენდენცია არ დაძრულა. აქედან გამომდინარე, ფასები იქნება მაღალი, განსაკუთრებით საწვავი, რაც სხვა პროდუქტების ღირებულებასაც განსაზღვრავს. ასეთ პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ არის გამოსავალი. არსებულ გამოწვევებს სათანადოდ ვერ ართმევენ თავს, რაც საბოლოდ სერიოზულ პრობლემას გვიქმნის“, - დასძინა შენგელიამ.

ფინანსისტი დავით წიქარიძე კი მიიჩნევს, რომ ლარის პრობლემა არაადეკვატურ ხარჯებშია. თუკი შემოსავლითი და ხარჯვითი ნაწილი დაბალანსდება, ლარს გამყარების მეტი შანსი მიეცემა. 

,,ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შეამცირონ, ადრე ვამბობდი, რომ გასანახევრებელია, მაგრამ პროცესები ისე მიდის, მინიმუმ 3-ჯერ უნდა შემცირდეს. სხვა შემთხვევაში, რა ზომებსაც არ უნდა მიმართოს სებ-მა, ამას არ ექნება ეფექტი. უნდა დადგეს ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხიც, სხვანაირად ამ პროცესს არ ეშველება.  

უმუშევრობა კატასტროფულაგ გაიზრდება, რადგან კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემის გამო ბევრი კომპანია ვერ განაახლებს მუშაობას, გაკოტრდება და ხალხი კიდევ უფრო გაღარიბდება", - ასეთია წიქარიძის მოსაზრება.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, რომელიც 29 აპრილს დადგინდა და  ,,უქმე დღეებთან“ დაკავშირებით არ შეცვლილა, 1 ამერიკული დოლარი 3.4503 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 4.1818 ლარად არის შესაძლებელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )