ცნობილია დაახლოებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე
ირაკლი ლომიძე
10.05.2021

ეკონომიკის ჩაკეტვის საკითხი მთავრობამ დღის წესრიგიდან მოხსნა. როგორც უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებიც აცხადებენ, უარეს შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვებს მცირე ვადით გაახანგძლივებს, მაქსიმუმ 17 მაისამდე. შეზღუდვების გამკაცრება ან ახალი ტიპის რეგულაციები არ იგეგმება. აშკარაა, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ეკონომიკურ საკითხებს მეტ ყურადრებას აქცევს და ძირითადად კრიზისის დაძლევისკენ არის ორიენტირებული. თუკი ეს ტენდენცია შეუფერხებლად გაგრძელდება, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, შეიძლება 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამართლდეს კიდეც. 

უქმე დღეების დასრულებასთან დაკავშირებით ოფიციალურ დონეზე გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. მანამდე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მიანიშნა, უკვე სერიოზული შეზღუდვების გარეშე ხერხდება, რომ  გაკონტროლდეს ვითარება და  პარალელურად  - ვაქცინაცია წახალისდეს.

,,გვექნება მორიგი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც კოვიდსა და მასთან ბრძოლას ეხება. დღემდე ჩვენ ვახერხებთ, რომ სერიოზული შეზღუდვების გარეშე ვაკონტროლოთ ვითარება. რა თქმა უნდა, მესამე ტალღაა და მას უფრო მაღალი დადებითობის მახასიათებელი და ინფიცირება ახასიათებს, მაგრამ პარალელურად მთავარია ვაქცინაცია წავახალისოთ. სამშაბათს ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ“, - განაცხადა თურნავამ.

სიფრთხილეს თავი არ სტკივა - ასე შეაფასა მთავრობის პოზიცია ,,ბიზნეს-რეზონანსთან“  დეპუტატმა ლადო კახაძემ. მისთვის საკოორდინაციო საბჭოს ზუსტი პოზიცია შეზღუდვებთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა წინასწარ შეუძლია დადასტურება, რომ რეგულაციები არ გამკაცრდება და მთავრობა ეკონომიკის ჩაკეტვას მოერიდება მომავალშიც, თუკი უკიდურესი აუცილებლობა არ შეიქმნება.

,,ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 5%-ს აჭარბებს, ეს დამაფიქრებელია, თუმცა გამკაცრებას არ ვაპირებთ. რეგულაციების მკაცრად დაცვას მოვითხოვთ, ეს არის დისტანცია, თავშეყრებისგან თავის შეკავება, რასაც დაემატა ძლიერი კომპონენტი - აცრა. 80 ათასია ადამიანია დარეგისტრირებული და ეს კარგი მაჩვენებელია. დღეში 10 000-მდე ადამიანი თუ აიცრება, საბოლოოდ კარგ შედეგს მივიღებთ. მთლიანობაში მოზრდილი მოსახლეობის 70% უნდა აიცრას. გარდა მოსახლეობის მზადყოფნისა,  მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ორგანიზაციული მხარე. 

რეგულაციებთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმეს თქმა გამიჭირდება. შეიძლება 1 კვირით გახანგძლივდეს, ვთქვათ, ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვა, ასევე სასწავლო პროცესის აღდგენა ცოტათი გადავადდეს. იქნებ ასე მოსახერხებელი იყოს, რომ პიკური პერიოდი შედარებით მარტივად გადავიტანოთ. 

ადამიანები ურთიერთპატივისცემას თუ გამოავლენენ და ნიღბის ტარების საკითხი მოგვარდება, შესაძლებელია ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვა ხვალვე მოიხსნას. იმდენი კერძო ტრანსპორტია, საცობები მაინც არის, ადამიანები აქტიურად გადაადგილდებიან და შეიძლება საზოგადოებრივმა ტრანსპორტმაც იმუშავოს,  თუ მგზავრების რაოდენობა გაკონტროლდება. რაც შეეხება კომენდანტის საათს, მეც მორჩილად ველოდები საბჭოს გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ეკონომიკის გახსნის მოლოდინი აქვთ ეკონომისტებსაც. როგორც ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელმა რამაზ გერლიანმა განაცხადა, ბიზნესს, შეზღუდვების სრულად მოხსნის შემდეგ, დაახლოებით 4-5 თვე დასჭირდება, რომ თვითკმარობამდე მივიდეს, ხოლო 2019 წელს არსებულ მაჩვენებლებს, სავარაუდოდ, 2023 წლიდან მიაღწევს. ბიზნესისთვის მცირე შეზღუდვასაც კი დიდი ნეგატიური შედეგი მოაქვს, ამიტომ აუცილებელია, მოიხსნას კომენტანტის საათი და ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც კომპანიებს ნორმალურ, გამართულ საქმიანობაში ხელს უშლის.

,,აშკარად ჩანს, რომ ღარიბაშვილის მთავრობა ეკონომიკის ჩაკეტვის მომხრე არ არის. ეს მალე გამოჩნდება. ველოდები, რომ ეკონომიკაა სრულად გაიხსნება, თუმცა კომენადანტის საათთან დაკავშირებით ასეთი დარწმუნებული ვერ ვიქნები. 

როგორც არ უნდა შემსუბუქდეს შეზღუდვები, ტურიზმი დიდხანს ვერ აღიდგენს ძალებს, მაგრამ ამ დარგზე ბევრად არის დამოკიდებული ეკონომიკის მცირე და დიდი სექტორები - დაწყებული სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესიდან, მცირე ვაჭრობით დამთავრებული. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემთხვევაში, ბიზნესს დასჭირდება თვითკმარობამდე მისაღწევად, მინიმუმ, 4-5 თვე, ხოლო იმ მდგომარეობამდე დასაბრუნებლად, რაც ეპიდემიამდე იყო - დაახლოებით 2 წელი. 

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები მოიხსნას, კომპანიებისთვის დიდი დაბრკოლებაა კომენდანტის საათი, რა პირობებშიც სარესტორნო ბიზნესს საქმიანობა ძალიან უჭირს. ეკონომიკური სიტუაცია რომ გამოსწორდეს, მეტი თავისუფლება სჭირდება ბიზნესს", - განაცხადა გერლიანმა და დასძინა, რომ შეზღუდვების მოხსნა, თუკი მთავრობამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეკონომიკურ ზრდაზე უაღრესად პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

,,მარტში ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა წინა თვეებთან შედარებით.  ეს  მეტყველებს, რომ შეზღუდვების გაუზმებით შემდეგ თვეებში გაცილებით უკეთეს შედეგებს მივიღებთ. მიუხედავად იმისა, რომ იანვრის 11,5%-იანი ვარდნა საქმეს აფუჭებს, დანარჩენ თვეებში 3%-იანი ზრდა რომ დაფიქსირდეს, წლის ბოლოს 1-2%-იან ზრდაზე მაინც გავალთ, რაც პანდემიური კრიზისისგან გამოწვეული ზიანის ფონზე მაინც შეიძლება ჩაითვალოს დადებით ფაქტორად“, - დასძინა "ბიზნეს-რეზონანსთან" გერლიანმა.

სპეციალისტების მოსაზრებაა, ქვეყანამ, თუნდაც მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვირუსთან თანაცხოვრება ისწავლოს. შეზღუდვების მოხსნის ალბათობას ამყარებს ის არგუმენტიც,  რომ  კორონავისრუსის მესამე ტალღას ქვეყანა ფინანსური სახსრების გარეშე ხვდება და რეალურად არ არის ფული, რითაც შეიძლება მთავრობა ლოქდაუნის პერიოდში მოსახლეობასა და ბიზნესს დაეხმაროს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×