„სერიოზული პრობლემაა და მასთან გასამკლავებლად მთავრობას შესაძლოა, ძალა არ ეყოს“
ირაკლი ლომიძე
07.06.2021

საერთაშორისო ბაზრებზე ფასები კატასტროფულად მატულობს და ამ ტენდენციას საქართველო რეალურად ვერაფერს უპირისპირებს. უკვე აშკარად გამოიკვეთა  ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და საკვებით მომარაგების გლობალური პრობლემა. ჩვენთან ეს საკითხი განსაკუთრებით საშიშია, რადგან 80%-ით იმპორტზე ვართ დამოკიდებულნი და პროდუქტების ძვირად ყიდვა გვიწევს. ამას ვეღარც გაცვლითი კურსი აბალანსებს. მიუხედავად იმისა, რომ კურსი მყარდება და ცოტა შეღავათს მისცემს ბაზარს, საგრძნობ გავლენას უკვე ვერ მოახდენს, რადგან პროდუქტები საერთაშორისო ბირჟებზე ძვირდება. სპეციალისტები შიმშილობის მოსალოდნელ საფრთხეზეც კი საუბრობენ.

როგორც გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს (ფაო) მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, მარტო მაისში სურსათზე მსოფლიო ფასებმა ყველაზე სწრაფი თვიური ტემპით - 4,8%-ით მოიმატა, რაც 10 წელზე მეტია, არ მომხდარა. სურსათზე ყველაზე მაღალი გლობალური ფასები 2011 წლის სექტემბერში დაფიქსირდა. სააგენტოს სასურსათო ინდექსი მაისში, საშუალოდ, 127,1 პუნქტს შეადგენდა, რაც აპრილის 121,3 პუნქტზე მაღალია. 

გაერო საკუთარ კვლევებში სურსათის მოსალოდნელ საფრთხეზე ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად საუბრობს. ბოლო დროს ამ პრობლემას განსაკუთრებით გაესვა ხაზი პანდემიისა და მისგან გამოწვეული პრობლემის გამო.  ცხადია, ზომების მიღება მოუწევს მსოფლიოს ყველა ნორმალურ სახელმწიფოს, მათ შორის _ საქართველოს, სადაც, სპეციალისტების განმარტებით, დეფიციტზე მეტად, კვების რეჟიმი და სასურსათო პროდუქტის კალორიულობის მხრივ გველის პრობლემა. ამის შეასხებ „ბიზნეს-რეზონანსთან“  სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ ისაუბრა.

„განსაკუთრებული ყურადღება მიწასა და წყალს უნდა მიექცეს, ამისთვის კი აუცილებელია აგრარულ სექტორში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მრავალ პრობლემას მოხსნის. პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ მიწების დამცავი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიისა და ტექნიკის გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე გასარწყავებას. სადაც თვითდინება არ იქნება შესაძლებელი, ჭაბურღილი უნდა გაკეთდეს. ამ მიმართულებით ბოლო დროს მთავრობის მხრიდან გარკვეული ქმედითი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ მეტად უნდა გააქტიურდეს მუშაობა. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს წყალსაცავების გაკეთებას, რადგან სურსათის დეფიციტამდე შეიძლება, დადგეს წყლის პრობლემა. 

ფიზიოლოგიურ დონეზე შიმშილობის პრობლემა არ გვემუქრება, თუმცა პრობლემაა კვების რეჟიმი, რადგან ე.წ. „მაღალი კალორიები“ ხალხისთვის მიუწვდომელია, შესაბამისად, რაციონში პური დიდი რაოდენობით გამოიყენება. გლობალურ შიმშილობაზე ჯერ კიდევ 5 წლის წინ ლაპარაკობდა ამერიკის განსაკუთრებულ სიტუაციათა დეპარტამენტი. ამავე პერიოდში სოფლის მეურნეობის მოსალოდნელ პრობლემაზე ინგლისში ალაპარაკდნენ. ამას მთელი მსოფლიოდან მოჰყვა გამოძახილი, საქართველოს გარდა.  სერიოზული პრობლემაა და მასთან გასამკლავებლად მთავრობას შესაძლოა, ძალა არ ეყოს. გლობალური მასშტაბის პრობლემის წინაშეა კაცობრიობა და საქართველოს ტიპის პატარა ქვეყნებსაც ჩაითრევს", - განაცხადა კობა კობალაძემ.

მეცნიერის განმარტებით, უნდა შედგეს სურსათის უსაფრთხოების გეგმა, უნდა იქნას გათვალისწინებული საქართველოს პირობები და საფრთხეები, რადგან ქვეყანა იმპორტზეა დამოკიდებული და მოწოდების გზები რომ მოულოდნელად გადაიკეტოს, 90-იანი წლები მონაგონი იქნება, იმდენად მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება ქვეყანა.

„საქართველოს სურსათის უდიდესი ნაწილი შემოაქვს უცხო ქვეყნებიდან და ბევრად მაღალია ფასი. ეს იწვევს ოჯახების გაკოტრებას, შიდა მიგრაციას, სახელმწიფოსთან დაპირისპირებას და ბევრ უარყოფით ტენდენციას. ხორბლის იმპორტს ვერანაირად ჩავანაცვლებთ, მაგრამ შეგვიძლია, 10%-ით შევამციროთ, ესეც მნიშვნელოვანია. პრიორიტეტი უნდა გახდეს გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი პროექტების განხორციელება. მუდმივად საშუალოვადიან პროგრამებზე ისმის საუბარი და ამ დროს, დამოუკიდებლობიდან დღემდე, 30 წელი უსარგებლოდ დავკარგეთ, მინიმალურადაც ვერ დავიკმაყოფილეთ საკუთარი მოთხოვნილება სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით.  ელემენტარულად, სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციაც არ გვაქვს სრულად განხორციელებული“, - აღნიშნა კობალაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“. 

გრძელვადიან სტრატეგიაზე გააკეთა აქცენტები სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტმა ბადრი რამიშვილმა. მნიშვნელოვანია ასევე, მეცნიერების როლის გაძლიერება და სწავლება, რაც სექტორს ტექნოლოგიურ განვითარებაში დაეხმარება.

„სასუსრათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია  სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, განსაკუთრებით _ სწავლების მიმართულებით, ასევე, სტრატეგიული დარგების მხარდაჭერა. სექტორი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს განვითარებას, რადგან, საბაზრო კანონებთან ერთად, ბუნების კანონზეც არის დამოკიდებული. არც დიდი რაოდენობით იდება ინვესტიციები, ამიტომ სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანია.  ბევრი რამ გაკეთდა და გრძელდება მთავრობის მხარდამჭერი ღონისძიებები, მაგრამ  ამან შედეგი ვერ მოგვცა. 

აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთ სტრატეგიულ დარგებზე, როგორებიცაა მემარცვლეობა, მაღალმთიან რეგიონებში ასეთად შეიძლება განვიხილოთ მეცხოველეობა და სხვა, რაც სურსათის წარმოებას გაზრდის. განსაკუთრებით ხორბლის წარმოების ზრდაზე უნდა ვიზრუნოთ. სოფლის მეურნეობის დაფინანსების ძირითადი ნაწილი სასურსათო თვითუზრუნველყოფის ზრდას უნდა მოხმარდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ასევე, რომ რესურსი ჩაიდოს განათლებაზეც, რაც დარგს ტექნოლოგიური წინსვლისა და მეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა მან.

პრინციპულად მნიშვნელოვანია ისეთი მეთოდების დანერგვა, რომლებიც შემოსავლიანობას გაზრდის, ეს კი მეცნიერების როლის წინ წამოწევით მიიღწევა.

„თაობიდან თაობაზე გადმოცემული ცოდნით ვითარდება აგრარული სფერო, როცა თანამედროვე ტექნოლოგიებია საჭირო. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიწოდებას ვერ უზრუნველვყოფთ, ეს არის მთავარი პრობლემა.  მეურნეობა დაყრდნობილია, ძირითადად, გლეხის გამოცდილებაზე, მაგრამ მეცნიერული უზრუნველყოფა ამ საქმეს დიდ დახმარებას გაუწევს. ამის საუკეთესო მაგალითია ისრაელი, რომელიც, იმის მიუხედავად, რომ უდაბნოა, ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში", _ განაცხადა ბადრი რამიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×