ვანო მთვრალაშვილი: უახლოეს პერიოდში გვექნება ინიციატივა საავტომობილო ზეთების ხარისხთან დაკავშირებული რეგულაციების მიმართულებით
ირაკლი ლომიძე
07.06.2021

2021 წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების, საავიაციო ნავთისა და სანავთობო ბიტუმის იმპორტი გაიზარდა. დადებითი ტენდენცია, ძირითადად, რეგულაციების გაუქმებითა და ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. ფაქტობრივად, იმპორტი დიდი ხნის განმავლობაში ნეგატიურ ტრენდს მიჰყვებოდა და მხოლოდ ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი, ამ მხრივ ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესებულიყო. 

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, საცხებ-საპოხი მასალების (ზეთების) იმპორტმა 2021 წლის მაისში 1,76 ათას ტონას მიაღწია.  მიმდინარე წლის აპრილში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 1,59 ათას ტონას, ზრდამ 0,17 ათასი ტონა, ანუ 10,7% შეადგინა. 

2020 წლის მაისთან შედარებით, იმპორტი 1,06 ათასი ტონაა, ზრდა ფიქსირდება  0,70 ათასი ტონით, ანუ 66%-ით. 2021 წლის იანვარ-მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 7,14 ათასი ტონაა, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოში 6,07 ათასი ტონა იყო, სხვაობამ 1,07 ათასი ტონა, ანუ 17,6% შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს ქვეყნების მიხედვით, რუსეთი ლიდერ პოზიციაზეა. კერძოდ, 2021 წლის მაისში იმპორტმა ამ მიმართულებით 0,39 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთელი იმპორტის 22,1%-ია; ირანიდან 0,30 ათასი ტონა პროდუქტი შემოვიდა, ანუ 17,0%; მესამე ადგილს იკავებს თურქეთი - 0,21 ათასი ტონით, რაც 11,9%-ს უტოლდება, ხოლო გერმანიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი  0,14 ათასი ტონაა, მთლიანი იმპორტის 7,9%.

2020 წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა  ირანიდან 0,26 ათასი ტონა, ანუ 24,5% შეადგინა. თურქეთიდან - 0,14 ათასი ტონა, ანუ 13,2%, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს მონაცემი განისაზღვრა 0,13 ათასი ტონით, რაც იმპორტში 12,3%-ია; რუსეთიდან საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა აღნიშნულ პერიოდში 0,12 ათასი ტონა, ანუ 11,3% იყო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემს, 2021 წლის იანვარ-მაისში რუსეთიდან 1,36 ათასი ტონა საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი იმპორტის 19,0%-ია; თურქეთიდან - 1,16 ათასი ტონა, ანუ 16,2%; ირანის შემთხვევაში იმპორტი 0,79 ათასი ტონაა - 11,1%, ხოლო გერმანიიდან იმპორტმა 0,75 ათასი ტონა, ანუ 10,5% შეადგინა. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდში სტატისტიკა ასე გამოიყურებოდა: თურქეთი - 1,11 ათასი ტონა, ანუ 18,3%; ირანი - 0,92 ათასი ტონა, ანუ 15,1%; რუსეთი - 0,80 ათასი ტონა, ანუ 13,2%; გერმანია - 0,60 ათასი ტონა, ანუ 9,9%.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი იმპორტის ზრდას ეკონომიკაში მიმდინარე დადებით პროცესებს უკავშირებს. რეგულაციების მოხსნა და ეკონომიკური ზრდა ამ მხრივ მთავარი ფაქტორია, რამაც ნავთობპროდუქტების ბაზარზე უაღრესად პოზიტიური გავლენა მოახდინა.

„საცხებ-საპოხი მასალების, ზეთების სეგმენტში იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად მატულობს, რაც პოზიტიური ფაქტორია ინდუსტრიის განვითარებისთვის. რასაკვირველია, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ეკონომიკის აღდგენის პროცესი დინამიკურად მიმდინარეობს. პირდაპირ და ცალსახად, ზეთების  იმპორტი და მოხმარება სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობასთანაა დაკავშირებული. ეს თავისთავად ეკონომიკაში არსებულმა მოვლენებმა გამოიწვია.  

ბოლო პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება, რაც ნავთობპროდუქტების ბაზარზეც დადებითად აისახა. ვფიქრობთ, მომავალი თვეებიც, ზაფხულის პერიოდი უფრო პროდუქტიული იქნება, გააქტიურდება სატრანსპორტო მოძრაობა და გაგრძელდება ასევე, ეკონომიკური ზრდის ტრენდი“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ ვანო მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება იმპორტს ქვეყნების მიხედვით, ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ირანი, საიდანაც შემოსული საავტომობილო ზეთების ხარისხი ძალიან დაბალია და ამ მხრივ ყურადღებას უკვე საკანონმდებლო დონეზეც საჭიროებს.  

„ქვეყნების ჩამონათვალში ვხედავთ, რომ ყველაზე დიდი მომწოდებელია რუსეთი, რომელსაც მოსდევს თურქეთი, ხოლო მესამე პოზიციაზე ირანია, შემდეგ - გერმანია. ისინი ტრადიციული ქვეყნებია, სადაც საცხებ-საპოხი მასალების წარმოება მაღალ დონეზეა. 

რაც შეეხება ირანიდან იმპორტირებულ პროდუქტს, არა მხოლოდ მიმდინარე პერიოდში, ბოლო წლების განმავლობაშიც, იგი სტაბილურად არის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი. ყოფილა პერიოდი, როცა ირანი პირველ ადგილს იკავებდა. აქვე უნდა დავაზუსტოთ, რომ ირანული პროდუქტის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს. ხშირ შემთხვევაში, მას არანაირი საერთო არ აქვს ზეთთან, მაგრამ აქტიურად იყიდება მისაღები ფასის გამო. ცხადია, დაბალფასიანი შეიძლება იყოს პროდუქტი, მაგრამ ამავე დროს _ ხარისხიანიც, რასაც ირანულ ზეთებთან დაკავშირებით ვერ ვიტყვით. 

ირანული საავტომობილო ზეთების დიდი მოცულობა უხარისხოა, ამიტომ უახლოეს პერიოდში ჩვენი მხრიდან გაჟღერდება ინიციატივა, რომ საავტომობილო ზეთების ხარისხობრივ მაჩვენებლებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები იქნას შემოღებული, რაც ვითარებას გააუმჯობესებს. სტატისტიკურად, საქართველოში 1,3 მილიონზე მეტი სატრანსპორტო საშუალებაა აღრიცხული. ამავე დროს, ხდება ავტოპარკის განახლება წლოვანების მიხედვით და ეს მოითხოვს ხარისხს, ხოლო ირანული ზეთი არ არის ის პროდუქტი, რომელიც ახალი სატრანსპორტო საშუალებების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ცხადია, იმპორტი უნდა ხდებოდეს, მაგრამ არა _ დაბალი ხარისხისა, რომელსაც მხოლოდ ზიანი მოაქვს“, - განაცხადა მთვრალაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

ვანო მთვრალაშვილი იმედოვნებს, რომ საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის დინამიკა უკეთესობისკენ წავა და მომავალ პერიოდში იმპორტი და მოხმარება გაიზრდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×