ლარი გამყარდა და კიდევ გამყარდება, მოსახლეობას მაინც გაზრდილი გადასახადი აჰკიდეს და ახლა ყველამ ხელები დაიბანა
ირაკლი ლომიძე
07.06.2021

დედაქალაქში გაზის გაძვირების შემდეგ, ტარიფის სუბსიდირების იდეა, სავარაუდოდ, ვერ განხორციელდება. არც ცენტრალურ  მთავრობას, არც მერიას ამის შესახებ მზადყოფნა არ გამოუთქვამს. პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში გაძვირებული გადასახადი მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობას უკიდურესად დაამძიმებს, რასაც ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებაც მოჰყვება. საფრთხე ეკონომისტებს, ასევე, ენერგოომბუდმენსაც გაცნობიერებული აქვთ, მაგრამ, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება, რაც მდგომარეობას შეამსუბუქებს თუნდაც მომავალი ზამთრის განმავლობაში, როცა მოქალაქეებს საგადასახადო ტვირთი დაუმძიმდებათ. 

ჯერჯერობით ზაფხულია და გადასახადის სიმძიმეს მოსახლეობა ვერ იგრძნობს, მაგრამ უკვე გვიანი შემოდგომიდან, როგორც კი გაიზრდება მოხმარება, ყველას გაუჭირდება და სუბსიდიის აუცილებლობა დადგება, როგორც ეს ელექტროენერგიის შემთხვევაში მოხდა. 

თუმცა აშკარაა, რომ სუბსიდიაზე არავინ ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, თბილისის ბიუჯეტში ამ მიმართულებით არაფერი იგეგმება. როგორც მერიიდან „ბიზნეს-რეზონანსს“ აცნობეს, დედაქალაქის ბიუჯეტი სუბსიდიას ვერ განახორციელებს, ეს საკითხი ამ დრომდე არ დასმულა და მსგავსი ნაბიჯის გადადგმა არც სამომავლოდ არის მოსალოდნელი. შესაბამისად, თბილისის მოსახლეობა, მათ შორის მოწყვლადი ფენა, დახმარების გარეშე დარჩება. 

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი კი პირდაპირ ამბობს, რომ ლარის გამყარებით გაბათილდა არგუმენტი,  რის გამოც სემეკ-მა ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო და უკვე კონტრზომების მიღება, თუკი შემოდგომამდე გადასახადს ვერ შეამცირებენ, მინიმუმ, სუბსიდირება გახდება აუცილებელი.

„როგორც ვიცით,  სატარიფო ცვლილებისას მთავარი მოტივი იყო გაუფასურებული ლარი, რომელიც ყოველდღე მყარდება და ამიტომ ეს არგუმენტი აღარ გამოდგება. ახლა სახელმწიფომ რაღაც უნდა გააკეთოს. შესაძლებელია, ტარიფის ეს კომპონენტი პირდაპირ მიებას დოლარის კურსს და იყოს ცვალებადი იმ შემთხვევაში, თუ სუბსიდიას მთავრობა საკუთარ თავზე არ აიღებს. თანაც, დახმარება შეიძლება იყოს დროებითი, მუდმივად ამ პროცესს ვერ განახორციელებენ. ასე მოკლე პერიოდში  ტარიფის კორექტირებაზე არ იფიქრებენ და ამიტომ ახლა სუბსიდია აუცილებელია, რომ ხალხმა გადასახადის გადახდა შეძლოს“, - განაცხადა სიმონიშვილმა.

მისი აზრით, მოსალოდნელია სოციალური ფონის უკიდურესად დამძიმება და მთავრობამ უნდა მოიფიქროს ისეთი მექანიზმი, რაც ხალხს სოციალური პრობლემების დაძლევაში დაეხმარება.

„მოსახლეობას სჭირდება ისეთი განვითარება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების შემოსავლებზე, რომ რეინვესტირებას შეეწყოს ხელი. ამით სარგებელს ნახულობს მოსახლეობა.  დღევანდელი ხელისუფლება „აწარმოე საქართველოს“ გარდა ვერაფერს აკეთებს, ისიც _ მცირე ჯგუფისთვის და ხელშესახები შედეგი არ მოაქვს. ასეთ ფონზე მიმაჩნია, რომ  ენერგოპოლიტიკა სერიოზულად არის გადასახედი. 

სოციალურ საკითხებს ცალკე ვერ განვიხილავთ, მით უმეტეს, რომ თვითონ მოწყვლადი ჯგუფის  განსაზღვრაც არის არასწორი. უამრავი ადამიანია, ვისაც საერთოდ არ აქვთ შემოსავალი და დასახმარებელთა სიაში ვერ ხვდებიან. ვინც სამუშაო დაკარგა, ეხმარებიან, მაგრამ ვისაც არც მანამდე არ ჰქონდა შემოსავალი,  იმას ხომ უფრო გაუჭირდა, რასაც არავინ ითვალისწინებს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ სიმონიშვილმა. 

სუბსიდიის გარდაუვალ საჭიროებას ხედავს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე. გაძვირებული ტარიფი მძიმე ტვირთად დააწვება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და ხალხის კიდევ უფრო გაღარიბებას გამოიწვევს.

„გაზის  გადასახადის გაძვირების არანაირი პირობა არ არსებობდა. 8-თეთრიანი ზრდა უკიდურესად დიდი ნახტომია ჩვენისთანა ღარიბი ქვეყნისა და მისი გაჭირვებული მოქალაქეებისთვის.  ასეთი გადაწყვეტილება  ეკონომიკისთვის ამ მძიმე პერიოდში გამაოგნებელია, ფაქტობრივად, გაწირეს ხალხი. ,,დაუცველებისთვის" სუბსიდია უნდა განხორციელდეს, მაგრამ რა უნდა ქნან იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც ასევე ძალიან უჭირთ, მაგრამ სოციალური სტატუსი არ გააჩნიათ? მათი უმეტესობა მალე ღატაკების ფენას შეუერთდება, როგორც ვიცი, სტატუსის მიმღებთა რიგშიც ბევრი მოქალაქე დგას. 

მიმაჩნია, რომ უნდა გამოკვეთილიყო სახელმწიფო პოზიცია და არ მიეცათ კომპანიებისთვის ტარიფზე სპეკულირების საშუალება. მთავრობა ბევრჯერ წამოეგო მათ ანკესზე და გადასახადი გაზარდეს, ახლაც იგივე გაკეთდა", - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ თემურ ჭიჭინაძემ.

გაზის გადასახადის სუბსიდირების მომხრეა ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი. რამდენადაც ბუნებრივი აირის ტარიფის ზრდა მომხმარებლების ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება, მან თბილისის აბონენტებისთვის სოციალური პაკეტის შემუშავების საკითხი დააყენა. ვარდიაშვილმა არ იცის, რამდენად ექნება ამ ინიციატივას მხარდაჭერა მთავრობის მხრიდან.

„ოფიციალურ დონეზე სუბსიდიაზე საუბარი, ჯერჯერობით, ნაადრევია, თუმცა ამის საჭიროება რეალურად არის. ცივი სეზონის მოახლოებისთანავე, როცა ჩვენი მოქალაქეები გაზრდიან გაზის მოხმარებას, უკვე გადასახადის სუბსიდიის საჭიროება ნამდვილად დადგება, მით უფრო _ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. კარგი იქნება, ამაზე დროულად თუ ვიფიქრებთ და თადარიგს დავიჭერთ, მაგრამ საკითხს ჯერ მთავრობა არ განიხილავს. ვიცი, რომ არანაირი საუბარი არ არის და, აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით, რამდენად მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას. 

ცხადია, უნდა ვიფიქროთ ადამიანებზე, რომლებსაც ბუნებრივი აირის გაძვირება მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს და ასეთი ოჯახი უამრავია თბილისში. რეალურად მძიმე ზამთარი გველის და რაღაც მექანიზმი უნდა გამოინახოს, რომ გაზის ტარიფით შეჭირვებული მოქალაქეების დახმარება შეძლოს მთავრობამ, რაც მათ მდგომარეობას მცირედით მაინც შეამსუბუქებს“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ ენერგოომბუდსმენმა. 

თბილისის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი 8 თეთრით 1-ლი ივნისიდან გაძვირდა. ტარიფი 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. რაც შეეხება რეგიონებს, სემეკ-ში განმარტავენ, რომ „სოკარ ენერჯი“ გაზის ტარიფის გადახედვას ამ ეტაპზე არ ითხოვს. მთლიანობაში, 2013 წლიდან დღემდე, დედაქალაქში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 18.7%-ით გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×