პირველად ათეული წლის შემდეგ, ქვეყანა ექსპორტზე აკეთებს აქცენტს
გვანცა წულაია
08.06.2021

საქართველო ექსპორტის მაჩვენებელს მკვეთრად აუმჯობესებს. როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის გაუმჯობესებისთვის „მოიცალა“. ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავია, მოლოდინი - ბევრად უკეთესი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანას საკმარისი პოტენციალი გააჩნია, რომლის სწორად გამოყენება აუცილებელია. 

2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტი 5.4%-ით, 821 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ეს, თავის მხრივ, ეკონომიკურ ზრდაზე დადებით გავლენას იქონიებს. ცალკეული თვეების მიხედვით ექსპორტის მოცულობა ასეთი იყო: იანვარი - 224.4 მილიონი დოლარი (კლება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.2%), თებერვალი - 270.3 მილიონი დოლარი (მატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 3%); მარტი - 326.3 მილიონი დოლარი (მატება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით 30.8%).

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, „საქართველო იქნება ერთ-ერთი ჩემპიონი 2021 წლის ოთხი თვის ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით“. 

„რა თქმა უნდა, მოლოდინი დიდ როლს ასრულებს, მაგრამ ამ თვეებმა აჩვენა, რომ უფრო მნიშვნელოვანი ის რეალობაა, რაც ბიზნესშია, თავისი კონკურენტუნარიანობის მიმართულებით. რაც არ უნდა მოლოდინი გვქონდეს, ამის ხარჯზე ექსპორტს ვერ გავზრდით. ქვეყანაში, რომელიც სანდო ხდება საერთაშორისო პარტნიორებისთვის, უცხოელი ბიზნესმენებისა და ადგილობრივი მეწარმეებისათვის, ბიზნესი გრძნობს თავისუფლებას, იღებს უფრო თამამ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც რეალური შედეგი აქვს.

აპრილში ადგილობრივი წარმოების პროდუქტის ექსპორტი 60%-ით, ხოლო 4 თვის მაჩვენებლით 25%-ით გაიზარდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ველოდები გაეროს საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემების გამოქვეყნებას და ვფიქრობ, საქართველო იქნება ერთ-ერთი ჩემპიონი 2021 წლის ოთხ თვეში ექსპორტის ზრდის მაჩვენებლით. მიუხედავად პანდემიისა, ადგილობრივი წარმოების ექსპორტი 2020 წელსაც გაიზარდა. საქართველო თანდათან საექსპორტო ქვეყნად ყალიბდება“, - განაცხადა დუნდუამ.

საქართველომ პანდემიის პირობებში ექსპორტის მიმართულების საკამოდ კარგი შედეგი აჩვენა, ადგილობრივი წარმოება აშკარად გამოცოცხლდა. ახლა, მინიმუმ, მისი შენარჩუნება, მაქსიმუმ კი, გაუმჯობესებაა აუცილებელი. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელთა გამოც დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა. 

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ზრდა ნამდვილად არის, მაგრამ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წელს, განსაკუთებით საწყის პერიოდში, ეკონომიკა მაქსიმალურად იყო ჩაკეტილი. სიმართლე უნდა ითქვას, ეს დადებითი შედეგი განაპირობა ლიბერალიზმმა და შეზღუდვების შემსუბუქებამ, რომელიც განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში მოხერხდა. ეს დასაწყისისათვის უაღრესად კარგია, რათა ეკონომიკამ გამუდმებულ ვარდნას თავი დააღწიოს.

დარწმუნებული ვარ, რომ ვითარება უფრო მეტადაც გაუმჯობესდება, თუმცა ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს წინა წელთან შედარება, არამედ - პანდემიამდელი ნიშნულის მიღწევა. ეს ამოცანა გაცილებით რთულად დასაძლევი და შორეულ პერსპექტივასთანაა დაკავშირებული. როდესაც ამას მივაღწევთ, შემდეგ უკვე შეგვიძლია იმაზე საუბარი, რომ ჩვენს ეკონომიკაში მართლაც გარდამტეხი ცვლილებები მოხდა. იმედია, კარგ შედეგს მალე დავდებთ, მაგრამ მეეჭვება, კრიზისამდელი მდგომარეობის აღდგენა წელსვე მოხერხდეს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ავთო სილაგაძემ.

პანდემიამ გამოკვეთა გარემოება, რომ ქვეყანა მხოლოდ ერთ მიმართულებასა და კონკრეტული სფეროსგან მიღებულ შემოსავალზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. კრიზისამდე, საქართველო შემოსავლის დიდ ნაწილს ტურიზმიდან იღებდა, პანდემიამ სტუმარმასპინძლობის სექტორიდან შემოსავლები გაანულა. ეს საკმაოდ კარგი და, იმავე დროს, მწარე მაგალითი აღმოჩნდა, რომ ქვეყანამ სხვა მიმართულების განვითარებაზეც უნდა იზრუნოს.  

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ თუ გვინდა, ტურიზმიდან მართლაც დიდი სარგებელი მივიღოთ, აუცილებლად უნდა მოხდეს მასზე ადგილობრივი წარმოების მიბმა.

„თუ გვინდა, რომ საქართველო ექსპორტიორ ქვეყნად იქცეს და ამით ჩვენმა ეკონომიკამ სარგებელი მიიღოს, მაშინ აუცილებელია, ნახევარფაბრიკატები კი არ გავიტანოთ, არამედ - მზა პროდუქცია. დამატებითი ღირებულება აქ, საქართველოში უნდა შეიქმნეს.  

ტურიზმზე რომ ეკონომიკა ჩამოკიდებული იყო, ეს ჩვენი ხელისუფლების უჭკუობის ბრალია. არ მგონია სწორი, რომ აქტენცი ისევ ტურიზმზე გაკეთდეს. კარგი იქნება, თუ კრიზისულ პერიოდს ხელისუფლება გამოიყენებს იმისათვის, რომ მხოლოდ ტურიზმზე არ ვიყოთ ჩამოკიდებული. მას აუცილებლად უნდა მიებას ადგილობრივი წარმოება. როდესაც ტურისტი ჩამოდის და თანხას ხარჯავს, ის უნდა მოხმარდეს ადგილობრივ წარმოებას. თუ გვინდა, რომ ტურიზმიდან კარგი სარგებელი მივიღოთ, მას აუცილებლად ადგილობრივი წარმოება უნდა მივაბათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ მხოლოდ მინიმალურ შემოსავალს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ჯანიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×